საზოგადოება

რატომ არის ნათია ლაზაშვილი მუდმივად მშენებლობის პროცესში და რისი წყალობით არ აკლია მის გარემონტებულ სახლს ტურისტები

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 22.11, 2021 წელი

ნათია ლაზაშვილი
დაკოპირებულია

ტელეწამყვან ნათია ლაზაშვილისთვის ჟურნალისტიკა არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ინტერიერის დიზაინერის ამპლუა ჯერ კიდევ ბავშვობაში შეითავსა და მას შემდეგ არაერთი სახლი მოაწყო საკუთარი გემოვნებით. მის მიერ განახლებული რამდენიმე სახლის ფოტოებმა მნახველებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

ნათია ლაზაშვილი: ეს არ არის ჩემი პირველი სახლი და არც მეორე, სადაც რემონტს საკუთარი დიზაინით ვაკეთებ. ყველაფერი ბავშვობაში საკუთარი ოთახით დაიწყო, შემდეგ იყო უკვე ყველა ის სახლი, სადაც წლების განმავლობაში მომიწია ცხოვრება. არასოდეს მიცხოვრია ბინაში, რომელიც მე არ მოვაწყვე, გადავაკეთე ან საკუთარი დიზაინით არ შევქმენი. ასე რომ, ჩემს შემთხვევაში არც კი განიხილება, რომ რომელიმე სახლი სხვას ვანდო. ყოველთვის ვიცი, რისგან რისი გაკეთება მინდა.

ახლა სადაც ვცხოვრობთ, ვერაზე, ეს უკვე ჩემი გაკეთებული მეხუთე თუ მეექვსე სახლია. მთაწმინდის სახლი ორჯერ გადავაკეთე და ორჯერვე ფუნდამენტურად. როცა შევიძინეთ, ორი ოთახი და ერთი ნახევარსარდაფი იყო. ახლა იქ სამი დამოუკიდებელი სართულია. ცოტა ხნის წინ დავასრულე კახეთში იმ უძველესი სახლის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწვა და იმაზე პირვანდელი სახე დავუბრუნე, ვიდრე ის ბოლოს იყო. ახლა რაჭაში ჩემი მეუღლის სახლს მივადექი, სადაც ასევე, სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. მასაც მინდა, შევუნარჩუნო ავთენტიკური სახე, თან, ისე, რომ საცხოვრებლად სასიამოვნო და კომფორტული იყოს. უკვე ყველაფერი განვაახლე უძველესი მატყლის საბნებიც და სიძველისგან დახეული ფარდაგებიც. ჩემი ძმის სახლიც მთაწმინდაზე, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ორივეს დიზაინერული ნამუშევარია. სრულიად დავანგრიეთ და გადავაკეთეთ.

ყველა სახლს თითქმის თავიდან ვიწყებ ხოლმე. მდგომარეობა ყველგან ასეთია: ან ძველი რემონტი, სადაც ყველაფერი დასანგრევი და გამოსაცვლელია, ან ცარიელი კედლები, ეგრეთ წოდებული, „შავი კარკასი“.

თვითნასწავლი ვარ, გამოცდილება ნელ-ნელა მოვიდა, თუმცა რაღაცის გადაკეთების, აშენების ან სხვანაირად მოწყობის სურვილი ყოველთვის მქონდა. ახლაც ასე ვარ, როდესაც ინტერნეტში ბინებს ვათვალიერებ ან ვინმეს სახლში შევდივარ, თავისთავად მეფიქრება იმაზე, რას როგორ გადავაკეთებდი და მოვაწყობდი.

– თბილისის სახლზე ბევრი წერდა, ხელოვნების ნიმუშიაო და მართლა საოცრად ლამაზია, როგორ შეარჩიეთ სტილი?

– მე არ მიყვარს ერთი სტილი. ყველაზე მეტად არ მიყვარს კლასიკური სახლები ან ძველი ტრადიციული ავეჯით ან, ეგრეთ წოდებული, „ევრორემონტები“ – ასეთი ბინები ყველა ერთმანეთს ჰგავს. ძველ სახლებს ყველაფერს ვუნარჩუნებ, რისი შენარჩუნებაც შეიძლება და რაც ავთენტურია, თუმცა მიყვარს ერთმანეთთან სხვადასხვა სტილის შერწყმა. მაგალითად, თანამედროვე ლოფტში ძველი კლასიკური დივანი ან უძველესი ჭაღი, ძალიან მიყვარს არტ ნუვოს – მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის – არქიტექტურაც და დიზაინიც. ან, თუნდაც, ძველ ქართულ აგურთან შერწყმული, ცივი ბეტონის კედელი. ასევე მომწონს ინტერიერში რკინის ელემენტების გამოყენება. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. სახლი კომფორტული უნდა იყოს იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და არა ანტიკვარიატის მაღაზია.

– სარემონტო მასალები, ავეჯი, აქსესუარები, დეტალები – ყველაფერს დამოუკიდებლად არჩევთ?

– დიახ. ამ სიამოვნებას სხვას ვერ მივანიჭებ (იცინის). ყველა ძველმანების მაღაზია ვიცი და არა მხოლოდ თბილისში, ასევე, ვიცნობ ძალიან ნიჭიერ ხელოსნებს, რომლებიც ჩემს იდეებს რეალობად აქცევენ. არა ერთი ნივთი მაქვს ნაყიდი საიტის მეშვეობით იმ ადამიანებისგან, რომლებიც სახლიდან ყიდიან. ბევრი რამე სხვა ქვეყნიდანაც გამომიწერია.

– არადა, ქალებს, ძირითადად, რემონტის გაგონება არ უნდათ ხოლმე.

– ჩემთან რემონტი პირიქით მუშაობს. თუ არ ვარ ჩართული დიზაინის, ბინის რემონტის ან სახლის შენების პროცესში, დეპრესია მეწყება. ამიტომ სულ ახალ წამოწყებებზე ვფიქრობ. ახლა ვმუშაობ საგურამოს სახლზე, ისეთზე, რომელიც არცერთ სხვა სახლს არ ჰგავს. იქ არ იქნება სიძველისა და ტრადიციული ელემენტების ნასახი. ყველაფერში მინიმალიზმი – თანამედროვე ექსტერიერიც და ინტერიერიც. ეს სრულიად განსხვავებული იქნება.

– ფიზიკურადაც მონაწილეობთ პროცესში?

– კედლებს არ ვლესავ, რა თქმა უნდა, თუმცა თუ კედელს მხატვრული დამუშავება სჭირდება, ესეც გამიკეთებია. მაგალითად, ძველი ნაქარგი ფარდა ჩავაყოლე ბეტონში და ჩემი შვილის სახლში საინტერესო ფაქტურის კედელი გამოვიდა. რაც შეეხება დიზაინს, რა თქმა უნდა, მე ვაკეთებ, რადგან პროცესი უფრო მანიჭებს სიამოვნებას.

– როგორც მივხვდი, თბილისისა და კახეთის სახლები, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი. პანდემიური კრიზისის დროს არ გაგიჭირდათ ფინანსების საკმაოდ სარისკო საქმისთვის გაღება?

– ტურისტებისთვის რამდენიმე სახლი მაქვს გაკეთებული, მათ შორის, ჩემი და ჩემი ძმის და პანდემიის დროს არცერთი არ ყოფილა ცარიელი. მდებარეობის გარდა, ალბათ, ეს იმ სტილის დამსახურებაა, რომელიც ასეთი ბინებისთვის ავარჩიე. კომფორტის გარდა სტუმრებს ის თბილისური სულიც უნდა დაახვედრო, რომლითაც ეს ქალაქი ყველას ხიბლავს. ფინანსებს რაც შეეხება, ზუსტად ვიცოდი, რომ არანაირ რისკზე არ მივდიოდი და ყველა პროექტი გაამართლებდა.

– აქტიური კარიერის პარალელურად, როდის ახერხებდით რემონტზე ზრუნვას?

– ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი და გატაცება არაა. უკვე მეორე პროფესიაა, რომელიც ისევე მიყვარს. მაგალითად, თავისუფალ დროს თანამედროვე არქიტექტურის მიღწევები უფრო მაინტერესებს, ვიდრე იმის კითხვა, ვინ არის წარდგენილი პულიცერის პრემიაზე. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მსიამოვნებს ეს საქმე და ალბათ, რომ არა ჟურნალისტიკა, არქიტექტორი თუ არა, ინტერიერის დიზაინერი მაინც ვიქნებოდი. თუმცა, ვფიქრობ, რომ შესაბამისი პროფესიული ცოდნა რომ მქონდეს, თანამედროვე არქიტექტურულ ნახაზებზე ახლაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. სამწუხაროდ, ჩემი წარმოსახვის ნახაზზე გადატანა მიჭირს.

– რა შეგრძნებაა, როცა ასეთ ლამაზ შედეგს ხედავ და შენს აღფრთოვანებას ყველა იზიარებს?

– რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, თუმცა ჩემთვის კეთების პროცესი უფრო საინტერესოა. როდესაც ვასრულებ ბინას ან სახლს, იმ დღიდან ვიწყებ ფიქრს ახალზე. შეფასებების გარდა შეთავაზებებიც ბევრი მაქვს ხოლმე, მაგრამ როდესაც საქმე სხვის ობიექტს ეხება, ეს თემას ართულებს. ბოლომდე თუ მანდობენ და არ ჩამერევიან, მაშინ – დიდი სიამოვნებით. პროფესიონალების რჩევები მიყვარს, სხვისი სურვილების გათვალისწინება – არა (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი