რატომ არის ბარსელონაში ტაქსები შავ-ყვითელი
ავტორი: რევაზ ტომარაძე 19:00 15.08, 2023 წელი

ამის მიზეზი ერთი ტრაგიკული შემთხვევა გახდა, რომელმაც ესპანეთის სიამაყე შეიწირა.
საქმე ასე იყო. 1926 წლის 7 ივლისს ბარსელონაში პირველად გამოჩნდა ტრამვაი და იმავე დღეს უცნობ მამაკაცს დაეჯახა. არავინ მოისურვა გონდაკარგული კაცის საავადმყოფოში წაყვანა – არც გამვლელი მანქანების მძღოლებმა და არც მეეტლეებმა, ვინაიდან ამ „აშკარად ღატაკ“ მოხუცს არც დოკუმენტები ჰქონდა ჯიბეში და არც ფული – ანუ მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდიდა. არადა, ეს ვიღაც უპოვარი კი არა, უდიდესი არქიტექტორი ანტონიო გაუდი გახლდათ. უბრალოდ, სამუშაო სამოსი ეცვა და ამიტომაც მიიღეს ღატაკად.
საბოლოოდ ის ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა წაიყვანეს ღარიბთა საავადმყოფოში, სადაც მხოლოდ პრიმიტიული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ლამის მთელი ქალაქი ეძებდა იმ დღეს ანტონიო გაუდის, რომელიც დილით სან-ფელიპ-ნერის ტაძარში წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ყველგან მოიკითხეს, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, 73 წლის ცნობილი არქიტექტორი ღარიბთა საავადმყოფოში მოეძებნათ.
ის ფაქტი, რომ დიდი ხელოვანი უცნობთა საერთო სასაფლაოზე დამარხვას გადაურჩა, საგრადა ფამილიას ტაძრის კაპელანის დამსახურებაა, რომელმაც გაუჩინარებიდან მეორე დღეს იპოვა და ამოიცნო გაუდი. თუმცა იმ დროისთვის მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საუკეთესო მოვლა-მკურნალობაც ვეღარ უშველიდა.
შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, 10 ივლისს, ანტონიო გაუდი გარდაიცვალა.
სწორედ მაშინ დაუწესა ბარსელონის მერიამ მეეტლეებსა და ტაქსისტებს: ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე ეტარებინათ გლოვისა და სირცხვილის ფერები – შავი და ყვითელი.
ანტონიო გაუდი დაიღუპა ქალაქში, რომელიც თავად ააგო. რომ არ ყოფილიყო გაუდი, არ იქნებოდა ბარსელონა.
დიდი არქიტექტორი საგრადა ფამილიას ტაძრის ტერიტორიაზეა დაკრძალული, რომლის მშენებლობასაც თავისი სიცოცხლის 40 წელი მიუძღვნა.
მოამზადა რევაზ ტომარაძემ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან