საზოგადოება

რატომ არის აბასთუმანში დასვენება ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რითია უნიკალური „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“

№41

ავტორი: ნონა დათეშიძე 12:00

აბასთუმანი
დაკოპირებულია

„იყავი ჯანმრთელი, შეისუნთქე ბედნიერება"

დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტია. ზღვის დონიდან 1 300 მეტრ სიმაღლეზე, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, ეგზოტიკური ბუნება და საოცარი სიმშვიდის შეგრძნება ზღაპრულ გარემოში გითრევს ადამიანს.

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, რომელსაც წელს გახსნიდან 6 წელი შეუსრულდა ადამიანებისთვის, ნამდვილი „სამოთხეა“ დედამიწაზე. აქ მოხვედრილი ადამიანი, გარდა იმისა, რომ კვალიფიციური მედპერსონალის დაკვირვებით, მთელი რიგი დაავადებების მკურნალობას შედეგიანად გადის, ასევე, ფსიქოლოგიურად ისვენებს და მშვიდ და სასიამოვნო გარემოში მეგობრებსაც იძენს. აღსანიშნავია ისიც, რომ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი, ბატონი რევაზ ჟღენტი და ცენტრის ექიმი თამაზ ჯიჯეიშვილი ადიგენის საპატიო მოქალაქეები არიან და მინიჭებულ სტატუსს თავიანთი მოღვაწეობით ნამდვილად იმსახურებენ. თავად „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ კი გამარჯვებული და დაჯილდოებულია არაერთ ნომინაციაში, მათ შორის, 2021 წელს – „ქართული ბრენდის“ ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა“.

ცენტრი 2019 წელს დაარსდა და დღეს ფილტვების ქრონიკული დაავადებების სტაციონარული ტიპის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სარეაბილიტაციო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში. ცენტრი 100 ბენეფიციარზეა გათვლილი და დაფუძნებულია „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ. სამკურნალო ცენტრი წარმატებით თანამშრომლობს ქვეყნის სხვადასხვა პროფილის მოწინავე სამედიცინო დაწესებულებებთან და მომიჯნავე დარგების წამყვან სპეციალისტებთან. ამერიკულმა მხარემ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრს“ 70 000 დოლარამდე ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის: მაგნიტური თერაპიის აპარატი, ხელ-ფეხისა და სხეულის ზედა ნაწილის ერთობლივი სავარჯიშო მოწყობილობა, სარეაბილიტაციო წოლითი ველოსიპედი, სარეაბილიტაციო ბილიკი შშმ პირებისთვის, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ანალიზატორი, ჟანგბადის კონცენტრატორი ინჰალატორით და სხეულის ტემპერატურის ინფრაწითელი თერმული გასასვლელი. იქ მოსახვედრად კი საკმაოდ მარტივი პროცედურების გავლაა საჭირო – ბენეფიციარმა კომისიას უნდა წარუდგინოს განსაზღვრული სამედიცინო კვლევების მონაცემები და დოკუმენტაცია. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ თავს იყრიან ბენეფიციარები როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან, ასევე, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც. ცენტრს ჰყავს მოწვეული სპეციალისტები ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან და ასევე, მუდმივი კვალიფიციური კადრი ადგილზე.

იზა ჯიქია (ფტიზიო-პულმონოლოგი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმი, „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ მოწვეული ექიმი): „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ რეაბილიტაციის კურსს სრულიად უფასოდ გადის სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით მოავადე პირები, რომლებიც ხუთ კატეგორიას მიეკუთვნებიან – დევნილები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ვეტერანები და მავნე სამუშაოზე მომუშავენი. აქ დაგხვდებათ უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კაბინეტები, ლაბორატორია, ფიტნეს-დარბაზი, შესანიშნავი სამზარეულო და სასადილო და მუშაობს მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც დიდი სიყვარულით, ყურადღებით, მზრუნველობითა და სითბოთი ემსახურება ბენეფიციარებს. ზოგადად, წიწვოვანი ტყით დაფარული მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარე, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის – აბასთუმანის, კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, მართლაც რომ, უნიკალური დაწესებულებაა. ცენტრს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს და აქ ჩატარებული პროცედურების შემდგომ, რეაბილიტაციისა და მკურნალობის შედეგად, ახალი სუნთქვით, ჯანსაღი ორგანიზმითა და ფსიქოლოგიურად მდგრადები ბრუნდებიან შინ. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის შევქმნათ გარემო, სადაც ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, სრული ფსიქოლოგიური რელაქსის საშუალებაც ექნებათ. მათ უნიკალურ ბუნებასთან და ჟანგბადთან ერთად, საუკეთესო და არაჩვეულებრივი გარემო აძლევთ საშუალებას, შეიძინონ მეგობრები და მათთან ერთად გაატარონ დაუვიწყარი დღეები.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა გაჯანსაღებასა და პერსონალის ხარისხიან მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრის საფინანსო და სამეურნეო განყოფილებების ხელმძღვანელთა გარჯა, რისთვისაც დიდ მადლობას იმსახურებენ.

აბასთუმნის ჰაერი წელიწადის ყველა დროს შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ, იმავდროულად რეაბილიტაციისთვის. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას – ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას; ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი, დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები, სწორედ, კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა