საზოგადოება

რატომ არ მოსწონდა ლიანა ასათიანს ელიზაბეტ ტეილორი და ალენ დელონი

№14

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 15.04

ლიანა ასათიანი
დაკოპირებულია

„არ მიყვარს, როცა სხვები წუწუნებენ ამაზე. ამ დროს მე ვუყურებ თვალებში და ვფიქრობ, მიხვდი ახლა, მარტო შენ ხომ არ ხარ, სხვებიც არიან ასე. მე ჩემს ახლობლებთანც არ მითქვამს ეს, ჩემს თავთანაც არ მითქვამს, არამც თუ ერთს ვამბობ და მეორეს ვფიქრობ. მაღიზაინებს ეს გაუთავებელი პრეტენზიები, როგორ თუ არ მიღებენ… შენ კი არა, ნატო ვაჩნაძე იყო გულდაწყვეტილი, არ გაუკეთეს იმდენი, რამდენიც შეიძლებოდა. ვის გაუკეთეს, ანდა? საერთოდ ვინ იხარჯება იმდენს, რაც აქვს პოტენციალში. ეს პრეტენზიულობა მაინც პროვინციალიზმია. პროვინციალიზმი კი რასაც დაჰყვება, საშინელებაა“. წუხდა, როცა კინოში აღარ იღებდნენ, თუმცა, ვფიქრობ, ლიანა ასათიანი რომც არ ყოფილიყო მსახობი, მასზე აუცილებლად მოჰყვებოდნენ ზღაპრულ ამბებს, როგორც ერთ არისტკრატული სილამაზის, ბუნებისა და საოცარი ოჯახის, დიდი ისტორიის მქონე ქალბატონზე.

ნიჰილისტი ვარ!

ლიანა ასათიანი სულ 14 ფილმშია გადაღებული. მისთვის მხოლოდ ერთხელ გაიმეტა ქართულმა კინომ მთავარი როლი… „თითქმის არც ერთი ჩემი ფილმი არ მომწონდა. მართალი გითხრათ, არც ვუყურებდი. ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თითქოს არა უშავს… ჩემს შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული როლი თავადის ქალი მაიაა, უფრო მეტიც პირველად ვითამაშე, როლი რასაც ჰქვია… მე მიმაჩნია, რომ ლანა ღოღობერიძის ყველაზე კარგი სურათიც „თავადის ქალი მაიაა“. თავიდან რომ გადაგვეღო – სხვანაირად ვითამაშებდი. მე უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს…”

ლიანა ასათიანი 16 წლის იყო, თეკლას როლზე რომ აიყვანეს „გიორგი სააკაძეში“. მას შემდეგ თითქმის 70 წელი ისე გაილია, რომ ის პირისპირ არასოდეს შეხვედრია მაყურებელს, ეს მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა იგი უკვე 85 წლის იყო და კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ის ეთაყვანებოდა გრეტა გარბოს, გარბოს, რომელიც გაურბოდა მაყურებელს… „როდესაც „გიორგი სააკაძე“ ეკრანზე გამოვიდა, სამედიცინო ინსტიტუტში მეორე კურსზე გადავდიოდი. ხალხს რომ ხშირად არ შევჩეხებოდი აკადემიური ავიღე. სულ ვფიქრობდი, აი, სახურავებით სიარული რომ შეიძლებოდეს, აკადემიურს არ ავიღებდი და წელს არ დავკარგავდი-მეთქი. ახლა აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ; მაშინ ნიშა ძაღლივით ყველა გვცნობდა. ჯერ ამდენი არ მესმოდა, მაგრამ ქვეშეცნეულად ვგრძნობდი, რომ ცხოვრებაში სულ არენაზე ვიყავი და გამუდმებით ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, ასაკის მიუხედავად, ეს პასუხისმგებლობა უკვე მქონდა. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ გარეგნობის თვალსაზრისით, იმ სახელის ღირსად არ ვთვლიდი თავს, რაც კინომ მომცა და არ მინდოდა, პირისპირ შევჩეხებოდი მაყურებელს… არადა, მე ვიცი მსახიობები, ფილმი რომ გამოვიდოდა, ფეხბურთის დღეებში კინოსტუდიის წინ დგებოდნენ და სტადიონიდან წამოსულ ხალხს ელოდნენ. მე – არასოდეს. ის კი არა, ზედმეტად, უსაქმოდ, სტუდიაში არც მივსულვარ.“ – ამბობდა ლიანა ასათიანი და მას თავისი კერპის – გარბოს დარად, არც ერთი ფანის წერილზე არ უპასუხია: „არანაირ წერილზე პასუხი არ გამიცია. ქება ერთ ყურში რომ შედის, მეორეში გადის. ქება და კომპლიმენტი არასოდეს დამიფიქსირებია და სერიოზულად არ ჩამითვლია. ამას ყოველთვის თავაზიანობად და ზრდილობის ერთ-ერთ ატრიბუტად აღვიქვამდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, აღფრთოვანებული, აღტაცების პიროვნება არ ვარ, პირიქით, უფრო ნიჰილისტი ვარ. თვითკრიტიკა საოცრად ჭარბობს ჩემში. ლექსოსაც ჩავუდე ეს და სულ მეუბნება, რატომ ჩამიდე ეს, რატომ, არტისტი უფრო ლაღი უნდა იყოს. უნდა დაიჯეროსო. არა, ვეუბნები, ნახევარი კი არა, რასაც ამბობენ, 90% სიცრუეა. ჩემში კრიტიკული აზრი, შეფასება უფრო იბუდებს. როგორი ქებაც არ უნდა მოვისმინო, და როგორი რეცენზიაც არ უნდა წავიკითხო, მე მარტო ჩემი ორი ყურისა და ორი თვალის მჯერა. იშვიათია თანხვედრა რეცენზიებისა ჩემს აზრთან. ჩემი აზრი – გათავდა და მორჩა! ლექსოც ჩემსავითაა, როცა კი მიმიტანია რეცენზიები, არ მართმევს – არ დამანახვო, არც მაინტერესებსო. იმან უკეთესად იცის, როგორ დაუკრა. ლექსო რომ გამოდის კონცერტებზე – მე მიყურებს. ლექსოს შეფასებაშიც არ ვცდები. არ ვპატიობ არაფერს. ის უსაზღვრო სიყვარულიც ვერ მაბრმავებს. შვილისადმი სიყვარული ფიზიოლოგიური გრძნობაა, პატივისცემა სხვა განძია ადამიანის. შენ შეიძლება, შენი უნიჭო, ავადმყოფი შვილი მეტად გიყვარდეს, მაგრამ ისე არ უნდა დაბრმავდე, ვერ გაარჩიო, არის ის თუ არა პიანისტი, მხატვარი და ასე შემდეგ.“

გადამიღეთ, მშია!

ექვსი წლისას ბიძა ოპერაში წაიყვანს და სამთავრობო ლოჟაში წამოასკუპებს. მას შემდეგ კვირას არ გამოტოვებს. შინ კი, მარტო დარჩება თუ არა, ბალიშს აბრეშუმის გადასაფარებელს ახდის, თავზე წაიკრავს, თან აცეკვდება, თან ამღერდება… მეზობლად ოლღა ბახუტაშვილი ცხოვრობს, ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი, ოპერის მომღერლები მას ხშირად სტუმრობენ და პატარა ლიანაც გაფაციცებით აკვირდება. „უკვე იმ დროიდან მსურდა მსახიობობა, მე რა მეცვა, არ მახსოვს, იმ მსახიობების კი დღესაც მახსოვს დეტალურად: მახსოვს, როგორი ქურქი ეცვა მერი ნაკაშიძეს, როგორი – ნადია ცომაიას…“ ნატვრა მალე აუხდა და თანაც როგორ – ბედმა პირდაპირ ვერიკო ანჯაფარიძეს, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, ჟორა შავგულიძეს, სპარტაკ ბაღაშვილს ამოუყენა გვერდში გადასაღებ მოედანზე – „გიორგი სააკაძეში“ თეკლას როლზე აიყვანეს. ვისზეც გუშინ აბოდებდა, დღეს მის გვერდით იყო. „ეტყობა ადამიანი სწრაფად ეჩევა ყველაფერს, ამ პატარა, კურკა გოგომ ისე მივიღე ეს ყველაფერი, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო“. იქ, გადასაღებ მოედანზე ლიანა ასათიანი კიდევ ბევრ სხვა მსახიობს ნახავს, ვის სურათებსაც რუდუნებით აგროვებდა და ეთაყვანებოდა, მაგრამ ნახავს ცუდ მდგომარეობაში – მიხეილ ჭიაურელთან მისულებს თხოვნით – „გადამიღეთ, მშია…“ იცის ლიანამ რომ ამას ვერასოდეს შეძლებს და… გრანდიოზული სტარტის მიუხედავად, სამედიცინო ინსტიტუტს მიაშურებს, მაგრამ კინო მაინც დარჩება მისი სულისა და ცხოვრების ნაწილად. თვალის ექიმი იყო – მკურნალობდა საკუთარი მაყურებლის თვალებს… არ უყვარს და გულზე ეკლად ესობა, როცა მის სამედიცინო განათლებას უსვამენ ხაზს კინოსთან დაკავშირებით. „არ ღირს ჩამოთვლა – თუნდაც ჯულიეტა მაზინა, მარჩელო მასტროიანი და აუარებელი, მსოფლიო კინოს სხვა ვარსკვლავები პროფესიონალებად იქცნენ დიდ საინტერესო რეჟისორებთან მუშაობაში. ისე, რამდენი სტუდია და თეატრალური ინსტიტუტიც დაამთავრე და თავი პროფესიონალად ჩათვალე, მაშინ როცა ელემენტარულად არ გიმუშავია, კამერას არ გადაუღიხარ“.

თუ სიყვარულს თან არ ახლავს გონიერება...

„გიორგი სააკაძის“ შემდეგ ლიანა ასათიანს „ჭირვეულ მეზობლებში“ იღებენ. სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნობს თავის მომავალ მეუღლეს – კომპოზიტორ დავით თორაძეს. ლიანა 20 წლისაა, პოპულარობის მწვერვალზე, 23 წლის დავით თორაძისთვის კი ეს პირველი ფილმია. თუმცა, ის 21 წლის უკვე კინოსტუდიის დოკუმენტური ფილმების საესტრადო ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 25 წლის იყო, მისი ოპერა „მთების ძახილი“ რომ დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 27 წლის იყო, მისი ბალეტი „გორდა“ რომ დაიდგა. და სახელმწიფო პრემიაც მიიღო. ლიანა ასათიანი: „ჩემს მეუღლესთან შეუღლება რომ გადავწყვიტე, ის თავის ტოლებში გამორჩეული, ცნობილი, დაფასებული და უკვე ძლიერი პერსონა გახლდათ. ქალს, გინდა, არ გინდა, ხიბლავს ნიჭიერი, ძლიერი მამაკაცი… წუწუნი გვძულდა და ხალხს ეგონა, რძეში და კარაქში ვცურავდით. არადა, გვიჭირდა, მაგრამ არანაირი წუწუნი. არანაირი თავის მოსაწყლება. შინაურ პრობლემებს შინ, ჩვენთვის ვიტოვებდით, გარეთ კი, გამოვდიოდით, როგორც წესი იყო. შემოგვნატროდნენ და არც თუ უსაფუძვლოდ – ჩვენს სიყვარულს გონიერება, მყარი მდგომარეობა და თუნდაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრაგმატულობა უმაგრებდა ზურგს. მთელი ცხოვრება უჭირდა ჩემს ოჯახს, როდესაც მე და გუგულიმ (ასე უწოდებდნენ დავით თორაძეს ახლობლები) ოჯახი შევქმენით, ჩვენი დამხმარე არავინ იყო. ჩვენს მშობლებს ჩვენთვის არ ეცალათ. დედაჩემი მეორედ იყო გათხოვილი და რაკი გავთხოვდი, ჩემდამი ყურადღება აღარ გამოუჩენია. როდესაც ოჯახში ფინანსურად გიჭირს, პრობლემებიც მაშინ იწყება. შვილები ისე გავზარდე, არავინ დამხმარებია, გადაღებებიდან პირდაპირ სახლში გავრბოდი, რომ ოჯახისთვის მიმეხედა. დროს გასატარებლად არასოდეს მეცალა, ოჯახი დიდ ენერგიას მართმევდა. ბავშვებს რომ დავაწვენდი, მაშინღა მოვიკითხავდი ხოლმე ნათესავებსა და მეგობრებს ტელეფონით, რადგან მათთან მისვლის დრო არ მქონდა. ვერც გუგულის მივყვებოდი წვეულებებზე, ბავშვების დამტოვებელი არ მყავდა“, – ამბობდა ლიანა ასათიანი და, საერთოდ, სწამდა, „სიყვარულს თუ თან არ ახლავს გონიერება, თუ გნებავთ, პრაგმატულობა დაარქვით, ის დღემოკლეა“. სწამდა და იხსენებდა იმ გატაცებას, რომელიც მას 16 წლის ასაკში ჰქონდა და მერე, როცა იმ პიროვნებას უყურებდა, რომელიც ადრე უყვარდა, უკვირდა – როგორ შეიძლებოდა, ეს მომწონებოდაო?.. ლიანა ასათიანმა და დავით თორაძემ ერთად 38 წელი იცხოვრეს. უკვე მხცოვანი ლიანა ასათიანი იხსენებდა, თუ როგორ ეჭვიანობდა დავით თორაძე მეუღლის სილამაზის გამო, ყოველგვარი საბაბის გარეშე ისეთ ვინმეზე, ვისთვისაც ლიანას ხელიც არ ჰქონდა ჩამორთმეული. იხსენებდა იმასაც, თუ როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდა თავად ასეთი ეჭვიანობისას. თანაცხოვრების განმავლობაში არაერთხელ უკამათიათ, მაგრამ დედის შეცდომის განმეორება არც უფიქრია, ყოველთვის ოჯახის, შვილების ინტერესს აყენებდა წინ. „ოჯახში უთანხმოებისას ყველაფერზე წინ მაინც ოჯახი და შვილების ინტერესი უნდა დააყენო და კაცის სისულელეებს არ უნდა აჰყვე. შვილების ინტერესი კი მშობლების ერთად ცხოვრებაა. კარიერისთვის, შენი საქმისთვის, შვილებისთვის, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბევრ რაღაცაზე უნდა წახვიდე, ცხოვრება უკომპრომისოდ არ არის, ახლა თუ თავზე ლაფი დაგასხეს, შენ კი მოიწმინდე და თქვი, ეს ცის ნამიაო, სისულელეა, ეს ჩემს ხასიათში არ ზის. რამდენადაც შეიძლება, წინ უნდა გაიხედო. შეიძლება, სულ წინ იყურო, გინდოდეს სწორი ანალიზის გაკეთება და მაინც შეცდე, მაგრამ ვინც არ იყურება, ის ხომ მთლად განწირულია კისრის მოსატეხად?“ თავის უმთავრეს დანიშნულებად შვილების აღზრდა მიაჩნდა. დავით თორაძე და ლიანა ასათიანი ერთად შეჰხაროდნენ ლექსო თორაძეს, როცა პატარა ლექსომ ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა და თავისთვის პატარ-პატარა მუსიკასაც თხზავდა. მამა მომავალ კომპოზიტორს ხედავდა შვილში, დედა არ ჩქარობდა და მიაჩნდა, რომ ჯერ დაკვრა უნდა ესწავლა კარგად. ექვსი წლის იყო ლექსო, დედამ გოფილექტის ბაღში ვან კლიბერნის კონცერტზე რომ წაიყვანა და როცა ყველა აღტაცებული, გარინდული უსმენდა ვირტუოზს, ლიანა ასათიანი თავის ვაჟს „დააპროგრამებს“: „აი, ლექსო, შენ გახდები ასეთი მუსიკოსი, შენ მოივლი მსოფლიოს“. ასეც მოხდება.

დედა შავი თმითა და კარდინალის იერით

ლექსო სახელგანთქმული პიანისტი გახდება. „...რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ლექსო უკვე კონცერტებს მართავდა, დარბაზში ყოველთვის იყო ერთი თავისუფალი სკამი, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა. კონცერტის ბოლოს კი ყვავილებს სცენიდან მიგზავნიდა. მე კი აქ ცრემლად ვიღვრებოდი.“

1983 წელს გარდაიცვალა საზღვარგარეთ გაქცეული პიანისტის მამა: „ჩემს მეუღლეს სუსტი გული ჰქონდა, დიაბეტიც, ამ ყველაფერს ლექსოს ამბავიც დაემატა, ძალიან განიცადა და გარდაიცვალა. გუგულიმ ლექსოს სპეციალურად დაუწერა კონცერტი, რომელიც ლექსოს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 7 ნოემბერს უნდა შეესრულებინა, მაგრამ… გაზეთში სამგლოვიარო განცხადებას რომ ვაქვეყნებდი, ლექსოს ხსენების უფლება არ მომცეს. დავწერე: „იუწყება ლიანა ასათიანი, შვილებით“.

ლიანა ასათიანი 1988 წელს ჩავიდა ამერიკაში ლექსოსთან. „მე ვიყავი პირველი დედა, რომელსაც საკავშირო „კაგებემ“ ნება დართო, ჩასულიყო ამერიკაში და შეხვედროდა შინდაუბრუნებელ შვილს. ეს გადაწყდა უმაღლეს დონეზე, შულცის თბილისში ყოფნის დროს.

1988 წელს ჩავედი ამერიკაში და ვნახე 5 წლის უნახავი შვილი…“ ფაქტმა, რომ საბჭოეთიდან ცნობილ პიანისტს დედა ჩამოსდიოდა, პრესის ინტერესი გააცხოველა და დედა-შვილს ფოტორეპორტიორების, ტელეკამერების ალყაში მოუწიათ შეხვედრა – იძულებული გახდნენ შეეკავებინათ ემოციები, რამაც ერთგვარად გაუადვილა ლექსოს დაქვრივებულ დედასთან შეხვედრა. შემდეგ „ფიფლ მაგაზინი“ დაწერს – „გამოვიდა ლექსოს დედა შავი თმით, კარდინალის იერით“...

როცა ეს „არკეთება“ კარგადაა დამონტაჟებული

ლიანა ასათიანს არ მოსწონდა ელიზაბეთ ტეილორი და ალენ დელონი: „ჩემთვის კაპიკის ფასი აქვს ელიზაბეტ ტეილორს, მე მას გამოვაკრავდი საპარიკმახეროს რეკლამაში, მაგასაც და ალენ დელონსაც“. ეთაყვანებოდაა: გრეტა გარბოს, ჩარლზ ლოუტონს და ჟერარ ფილიპს: „მამაკაცებიდან ყველაზე ძალიან მხიბლავს ჟერარ ფილიპი… ქალში მომწონს სექსი რომ იგრძნობა, მაგრამ თავშეკავებული, არა ისეთი ახლა რომ არიან ბარბებივით, ქალში იმდენად არა, რამდენადაც მამაკაცში სისუფთავეს ვეთაყვანები. ეს ყველაფერი უნდა იყოს შიგნით. როცა გარეგნობაში გადადის, ასეთი არც ფილმები და არც ადამიანები არ მომწონს. ჟერარ ფილიპი, მაშინაც კი, როცა დანიელ დარიესთან ლოგინში წვებოდა („წითელი და შავი“), იქაც სუფთა რჩებოდა – თითქოს არაფერი მომხდარაო…“ ჩემი დღევანდელი გემოვნებით, ეკრანზე თითქოს რომ არაფერს არ აკეთებ, ის უკეთ იცქირება. იგივე ჟან გაბენი, ლოუტონი – თითქოს არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ როცა ეს „არკეთება“ კარგადაა დამონტაჟებული, რაც დრო გადის მით უფრო ჯდება და უფრო იცქირება. ეს ახლა, თორემ ადრე კატეგორიულად არ მომწონდა და სხვები მომწონდნენ. დღეს კი უკვე მაღიზიანებს კეკლუცური რაღაცები და ის ფილმები შეურაცხმყოფენ. ეტყობა, ახლა უფრო ვკითხულობ შინაგან ფასეულობებს ადამიანისას და გადმომდინარეს ეკრანზე… ნახავ სპექტაკლს, არც ერთი ცოცხალი ადგილი არაა, ვერც გრძნობენ, რომ არ გამოუვიდათ, ხალხი ულოცავს, ისინიც ყველაფერს იჯერებენ – ბედნიერებაა ისე, „ვსემ გლუპიმ სჩასტიე ატბუდით ბეზუმია, ა უმნიმ გორია ატ უმა…“

რაღაც, ისე გელაპარაკებით, აღსარებასავით...

„იცით რა, მე საერთოდ აღფრთოვანებული პიროვნება არა ვარ, ცხოვრების ყველა ვარიანტიდან ყველაზე ცუდს წარმოვიდგენ ხოლმე. რაც არ უნდა გამომეცალოს ხელიდან და რაც გინდა, ის მოხდეს – ერთი ჩემი შვილები იყვნენ კარგად – ესაა მთავარი, სხვა რა არის? ღმერთმა კარგად მიმყოფოს ლექსოც და ნინოც, მაგრამ დიდხანს ვერც ერთთან ვერ ვჩერდები. ისინი თავისი ცხოვრებით არიან დაკავებული, მე ან მათი შვილების ძიძად უნდა ვიქცე, ან სამზარეულოში გამოვიკეტო. მე არ შემიძლია, გამოვემშვიდობო ყველაფერს ჩემს, თორემ მაგათ ცქერას რა მირჩევნია. ერთი რამ არ მომწონს ჩემი შვილების: მე, მაგალითად, ძალიან ფრთხილი, ფაქიზი ვარ მათთან ურთიერთობაში, მაგრამ მოვითხოვ, რომ ისინიც ასევე იყვნენ ჩემდამი. თუ რაიმე შეცდომა დაუშვეს, ვპატიობ, მაგრამ არ მავიწყდება და თუ ამაზე მიდგა საქმე, შეიძლება, დადგეს დრო, რომ ყველაფერი გადმოვულაგო. რა საოცარი პიროვნება ვარ, არა? რაღაც, ისე გელაპარაკებით, აღსარებასავით. ეს ჩემს ხასიათშია, მე ან არ ვიტყვი, ან თუ ვიტყვი, სიმართლეს ვიტყვი. გულახდილობაც ესაა და არა ის, დააღო პირი და ყველაფერი თქვა…“

სიცოცხლის ბოლოს კი… ლიანა ასათიანს მაინც დასცდა საყვედური, რომ ის მარტოა, რომ მისთვის არ სცალიათ შვილებს… თუმცა, იყო კი ეს საყვედური? მან იცოდა, რომ ასე ხდება ამ ცხოვრებაში და არც ამტყუნებდა. იცოდა, რომ მათ თავისი ცხოვრება ჰქონდათ, თან დიდი, ტევადი, დაძაბული…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა