საზოგადოება

რატომ არ ხატავს თამარ კაკაბაძე სხვისი თანდასწრებით და რისი დამარცხება შეძლო მან ხატვის მეშვეობით

№13

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 18:00 02.04

თამარ კაკაბაძე
დაკოპირებულია

თამარ კაკაბაძე თვითნასწავლი მხატვარია. სამი წლის წინ, სწორედ ხატვის დამსახურებით, მან მთლიანად შეცვალა საკუთარი ცხოვრება. ხატვა მისთვის ერთგვარი თერაპიაა, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა.

თამარ კაკაბაძე: 51 წლის ვარ. ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. თბილისში საცხოვრებლად 25 წლის წინ გადმოვედი. მანამდე, მცირე ხნით, პედაგოგად ვმუშაობდი, თუმცა, ოჯახური მდგომარეობის გამო სკოლიდან წამოვედი და თავიდან ბოლომდე ჩემი შვილების აღზრდით დავკავდი. მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს.

– რა შეიცვალა სამი წლის წინ?

– როგორც მხატვარს, არანაირი განათლება არ გამაჩნია, უფრო მეტიც, არასდროს არაფერი დამიხატავს, ბავშვობაშიც კი. ხატვის მასწავლებელი ყოველთვის მეუჩხუბებოდა, კაკაბაძე, მომიტანე რამე, რომ ნიშანი დაგიწეროო (იცინის). სპორტული და აქტიური ბავშვი ვიყავი, ველოსიპედი მიყვარდა, წყალი, ვარჯიში და სხვა აქტივობები, მაგრამ ხატვა ჩემგან შორს იყო. ოთხი წლის წინ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა. ამ მდგომარეობამ დეპრესიაში ჩამაგდო, შინაგანი შფოთვები დამეწყო, აფორიაქებული ვიყავი. ამას დაემთხვა პანდემიაც და ყველაფერი გაჩერდა. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, დღის განმავლობაში უამრავ საქმეს ვაკეთებდი და წარმოიდგინეთ, უცებ ყველაფერი შეიცვალა, არაფრის კეთება აღარ მინდოდა, საშინელი დეპრესია დამეწყო. ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. მინდოდა, ავმდგარიყავი და რამე გამეკეთებინა, მაგრამ ან საერთოდ ვერ ვაკეთებდი ან ცუდად გამომდიოდა. მინდოდა, ჩემს თავს დავბრუნებოდი, მაგრამ დეპრესია არ მაძლევდა ამის საშუალებას. ჩემს თავს გვერდიდან ვუყურებდი და ვფიქრობდი, რით დავხმარებოდი, რაზე გადამეტანა ყურადღება...

ერთ დილით ავდექი და გადავწყვიტე, სამხატვრო ინვენტარი შემეძინა. არ ვიცი, რატომ და არც ის, საიდან მომაფიქრდა ეს. მეუღლეს რომ ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, მითხრა, შენ ოღონდ კარგად იგრძენი თავი და რაც გაგიხარდება, ის გააკეთეო. ოჯახში ყველა ხედავდა, რომ სულ სხვა ადამიანად ვიქეცი და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა.

პანდემიის გამო, ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ მაინც ვიპოვე ერთი შესაბამისი მაღაზია. გამყიდველს ვუთხარი, რომ ხატვა არ ვიცოდი და დახმარება მჭირდებოდა, რომ ყველაფერი შემეძინა, რაც დამჭირდებოდა. ამ ბიჭმაც, რაც საჭირო იყო და რაც არა, ყველაფერი მაყიდინა (იცინის). ყველაფერი ნაირ-ნაირი ვიყიდე და მაღაზიიდან ისეთი ბედნიერი გამოვედი, ვერ აღგიწერთ. მოვედი სახლში, გავშალე ჩემი შენაძენი, დავჯექი და დავიწყე ფიქრი, საიდან დამეწყო.

– არც ინტერნეტში მოგიძებნიათ საჭირო ინფორმაცია?

– არაფერი მსგავსი არ მიფიქრია. შემიძლია, ვთქვა, რომ თავიდან თამაშით დავიწყე. პირველი ნახატი რომ დავხატე და დავხედე, გაგვიჟდი, რაღაც გამოვიდა და ამან ისეთი ბედნიერება მომიტანა, რომ ყველა ჩემს ახლობელს დავურეკე (იცინის). მეორე დღეს ისევ გავშალე სახატავი მასალა და ორ დღეში უკვე ათი პატარა ტილო მქონდა გამოყენებული. ორი-სამი დღის შემდეგ მეუღლემ მითხრა, მგონი, შენ ამ ნახატებს ვიღაცას ახატვინებ და მერე ჩვენ შენად გვაჩვენებო (იცინის).

– ესე იგი, მოსწონდათ ნახატები.

– როცა ცხოვრებაში არაფერი დაგიხატავს და ტილოზე ნახატს ხედავენ, რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაოცარი იყო. თუმცა, მე არ მიყვარს, როცა ვხატავ და ვინმე მიყურებს. გონება მეფანტება, ტილოზე კონცენტრაციას ვერ ვაკეთებ. მირჩევნია, ოთახში მარტო ვიყო. ამ პროცესში ვითიშები, ყველაფერი მავიწყდება. როცა ტილოსთან ვდგები, ყველა ტკივილი ქრება და რამდენიმე საათის შემდეგ ვაფიქსირებ, რომ ღიმილიანი სახით ვხატავ, ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.

– ეს თქვენთვის თერაპია აღმოჩნდა, შეცვალა თქვენი მდგომარეობა?

– ზუსტად ეს ვუთხარი ჩემს თავს, როცა ტილოსთან პირველად დავდექი და არ ვიცოდი, რა მექნა – მოდი, ეს იყოს თერაპია, ამ გზით ჩემს თავს როგორღაც დავეხმარები-მეთქი. ერთი თვის შემდეგ, ტილოდან და საღებავებიდან თავი რომ ამოვყავი, მივხვდი, რომ გათენება მიხაროდა, რადგან ერთი სული მქონდა, ხატვა დამეწყო. იმ რთული პერიოდის შემდეგ ეს პირველად მოხდა, სიხარული და სტიმული პირველად ვიგრძენი, მანამდე გაუცნობიერებლად ვმოქმედებდი. მერე დავიწყე სიამოვნების მიღება ამ თერაპიისგან.

– რა ბედი ეწია დეპრესიას?

– ერთი თვის შემდეგ აღარ მახსოვდა ცუდად ყოფნა, ნელ-ნელა ქრებოდა ჩემი შფოთვები. სიცოცხლის სიხარული დამიბრუნდა. დიდ ტილოებზე გადავედი, მეტი და მეტი მინდოდა. სიამოვნება იზრდებოდა და ხატვის დროს პრობლემები საერთოდ არ მახსოვდა. სულ ხატვაზე ვფიქრობდი, ტექნიკებს ვსწავლობდი, ღამე ვდგებოდი, ჩემს ნამუშევარს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, შემეცვალა – ჩემი გონება მთლიანად ამ თემით იყო მოცული და ცუდად ყოფნაზე ფიქრის დრო აღარ მქონდა. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ჩემი ძველი თავი დავიბრუნე.

– ერთი წლის თავზე უკვე 90 ნამუშევარი მქონდა. ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის ყველაფრის გაზიარება და გამოფენაზე ფიქრიც ამიტომ დავიწყე. თუმცა ამ აზრმა ცოტა შემაშინა, ვფიქრობდი, ძალიან ადრე ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ ამასაც როგორც თერაპიას, ისე მივუდექი. გადავწყვიტე, ჩემი ახლობლების თუ მეგობრებისთვის, ნაცნობისთვის თუ უცნობისთვის მომეყოლა, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორი პრობლემა მქონდა, როგორ გამილამაზა ხატვამ ცხოვრება და სულ სხვა ეტაპზე გადამიყვანა. გამოფენაზე ეს რომ მოვყევი, დაახლოებით, ნახევარი საათი ხალხი ვატირე (იცინის). ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმში მქონდა გამოფენა და საბედნიეროდ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი – გავხდი მხატვართა ლიგის წევრი, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და ძალიან გამიხარდა. ეს საშუალებას მაძლევს, წელიწადში ოთხჯერ მონაწილეობა მივიღო პროფესიონალ და არაპროფესიონალ მხატვართა გამოფენებში.

– შეკვეთებზე მუშაობთ?

– როცა მეუბნებიან, დამიხატეო, ვერაფრით ვერ ვხატავ. დ

– ერთი წლის თავზე გამოფენაც გქონდათ...

დაახლოებით, ორმოცი ნახატი მაქვს გაყიდული, ერთ-ერთ გალერეასთან ვთანამშრომლობ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე არსებული ნახატებიდან ირჩევენ. ვინმემ მსგავსის შესრულება ან რამე კონკრეტული რომ მთხოვოს, არაფრით არ გამომივა.

– როგორია ხატვის პროცესი?

– მინდა, გითხრათ, რომ ყოველთვის ვერ ვხატავ. არის დღეები, როცა საკუთარ ნახატებს ვუყურებ და ჩემს თავს ვეკითხები, ეს როგორ დავხატე-მეთქი? თუ ხატვის ხასიათზე არ ვარ, გამორიცხულია, რამე გამომივიდეს. მერე უცებ მოვა მუზა და ხატვას ვიწყებ. შიგნით უნდა ვიგრძნო რაღაც, რომ ტილოზე გადმოტანა შევძლო. ცოტა რთულად ასახსნელი და მისტიკური პროცესია. ბევრ ჟანრში ვცადე ჩემი თავი, დაახლოებით, ერთი წელია, რაც აბსტრაქციებში ვიგრძენი განსაკუთრებული სილაღე. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა ადგილისგან მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები, რომელიც ჩემშია დალექილი, აბსტრაქციებში აისახება ხოლმე. დღეს მთელი ჩემი ცხოვრება ხატვით არის მოცული. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ხუთი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა, სიცილით მოვკვდებოდი, თუმცა, თურმე, მართალი ყოფილა „არასოდეს თქვა არასოდეს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული