საზოგადოება

რატომ არ ეტყვის მასპინძლობაზე უარს ასმათ ტყაბლაძე მასთან მისულ რუსებს და როგორ გადაარჩინა დედამისმა მტერი

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 05.04, 2022 წელი

ასმათ ტყაბლაძე
დაკოპირებულია

„ჩემს კაფეს არ დავაწერ „რუსკი კარაბლ იდი ...“, პუტინის მაგინებელ რუსს კი სახლშიც ვაჭმევ საჭმელს“ – ეს პოზიცია ასმათ ტყაბლაძემ ბოლო დღეებში საქართველოში დიდი რაოდენობით რუსების ჩამოსვლასთან დაკავშირებით დააფიქსირა.

ასმათ ტყაბლაძე: მთელი გულით თანავუგრძნობ უკრაინას. ახალგაზრდა რომ ვიყო, აუცილებლად წავიდოდი იქ და მორალურის გარდა, ფიზიკურ მხარდაჭერასაც გამოვუცხადებდი. ძალიან მეშინია, ჩვენთანაც რამე არ მოხდეს. ისეთი არანორმალური კაცი მართავს ამ პროცესებს, პუტინის სახით, რომ მისგან გამორიცხული არაფერია. ახლა პირადი ამბიციები ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ. ყველანაირი დაპირისპირება და ვიღაცისტობა, თანამდებობებზე ფიქრი უნდა დავივიწყოთ და გადარჩენაზე ვიფიქროთ.

საერთოდ არ მინდა „ნატო“, თუ მის გამო ჩემი სამშობლო მიწასთან უნდა გაასწორონ. იმ „ნატომ“, უკაცრავად და, „ფეხებზე დაიკიდა“ უკრაინა. ამიტომ არც ჩვენ გვჭირდება ეს ორგანიზაცია. აღარ გვინდა ომი და უბედურება. ჩემს ქვეყანას აღარ აქვს ომის რესურსი. ნახევარი საქართველო წასულია, ახალგაზრდები გათიშულები დადიან, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „პლანის“ მოხმარების ნება დართო და ვის იმედად ვართ?! თუ რამის უფლება და შნო ჰქონდათ, ამერიკაც, „ნატოც“ და გაეროც აქამდე უნდა ჩარეულიყვნენ უკრაინის სასარგებლოდ. ახლა რა დღეშია უკრაინა, ამას ელოდნენ? აქამდე სად იყვნენ?

– საქართველოში ჩამოსულ რუსებზე რას ფიქრობთ?

– მე ამ რუსებს სულ ველაპარაკები. ალა პუგაჩოვა რომ ჩამოვიდეს, ვუთხრა, რუსი ხარ და წადი აქედან-მეთქი? ის წინააღმდეგია პუტინის პოლიტიკის და ასე რატომ უნდა ვუთხრა?! პუტინის მომხრე თუ მოინდომებს ჩამოსვლას, იმას არ მივიღებ. ვინც სწორ მხარესაა და ომი არ უნდა, მას რატომ ვუთხრა უარი? მე ნათესავები მყავს ნახევრად რუსები და ვუთხრა, თქვენ არ ვარგიხართ, რადგან რუსული სისხლი გირევიათ-მეთქი? ის ადამიანები ძალიან ბევრ სუფთა სისხლის ქართველს ჯობიან საქართველოს სიყვარულში. პუტინის გამო ამხელა სახელმწიფოს ვუთხრათ, მთლიანად ამოსახოცები ხართო? მაშინ ჩვენც ფაშისტები გამოვდივართ. როგორ, რუს ბავშვს ვუთხრა, საჭმელს არ გაჭმევ-მეთქი? და მერე მე ვინ ვიქნები? ბებიაჩემი გერმანელ ტყვეებს აჭმევდა საჭმელს, როცა მისი შვილი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. იმ ტყვეს შეიძლება, ტყვია ჰქონდა ნასროლი ჩვენთვის. გერმანელებთან ომს უამრავი ქართველი შეეწირა, მაგრამ ახლა ამ ერთან გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. იმიტომ, რომ ერს კი არა, ჩვენ ფაშისტებს ვებრძოდით, ჰიტლერის თამადობით.

– ვიღაც შეიძლება, მართლა წინააღმდეგია პუტინის პოლიტიკის, ვიღაც უბრალოდ შეზღუდვებს გამოექცა – როგორ ახდენთ დიფერენცირებას?

– მე ველაპარაკები მათ. ერთი მსახიობი წერდა, სადაც კი შემხვდა რუსი, ყველა ცუდად მოიქცაო და რა ვიცი, ჩემთან ყველა კარგად იქცევა. ჩემთან შემოდიან ბარში და ვეკითხები, საიდან არიან, რატომ წამოვიდნენ და მათგან ვისმენ, რომ აბსოლუტურად ეწინააღმდეგებიან ამ უბედურებას. ამბობენ, არ ვიცოდით, იქ რა გველოდა და ამიტომ წამოვედითო. ჩვენ უარეს დღეში აღმოვჩნდებით, თუ ეს კაცი ვინმემ არ მოკლაო. პუტინის ამალა თუ არ მოშორდა რუსეთს, მისი მომხრეებიც უბედურ დღეში ჩავარდებიან და მოწინააღმდეგეებზე აღარაფერს ვამბობთო. ამას ამბობენ ნორმალური ადამიანები და რა ვუთხრა, შენ კი ასე ლაპარაკობ, მაგრამ რუსი ხარ და გაეთრიე აქედან-მეთქი? მე არ ვარ ასე გაზრდილი. მე არავისტი არ ვარ. მე ჩემი ქვეყნისა და ადამიანების მოსიყვარულე ვარ. კარგი ყველა მიყვარს და ვფიქრობ, რომ ცუდს ღმერთი აუცილებლად მიუზღავს საკადრისს. ღმერთს ვთხოვ, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, პუტინის სიკვდილი არ ვნახო. მაგრამ „რუსს არ მივიღებ, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს“ – ეს გამოხდომა მგონია. ჩემი ქვეყანა რომ მიყვარს, ამიტომ ვიღებ ყველა ეროვნებას, მაგრამ ერთმანეთისგან მშვენივრად ვარჩევ კარგისა და ცუდის გამკეთებელს. აბა, რა უნდა ვქნა – ადამიანს ჯერ ეროვნება ვკითხო და მერე ვაჭამო ან არ ვაჭამო? მე მშიერს ყველას ვაჭმევ. ის შენთან საშველად მოვიდა, იქ არ ედგომება და იმიტომ.

– ნაკლებ პოპულარულია ახლა ის, რასაც თქვენ ამბობთ, როგორი რეაქცია მოჰყვა ამას საზოგადოების მხრიდან?

– უამრავი ადამიანი მწერს, რომ ჩემს აზრზე არიან. პოპულისტები, რომლებსაც თავის გამოჩენა უნდათ, სხვაა. თუმცა, ჩემთვის არავის მოუწერია, რა ცუდი ქალი ხარ, ეგ როგორ თქვიო. ზოგმა მითხრა, რომ რუსების წინააღმდეგია, მაგრამ ძალიან კორექტულად. ყველამ იცის, რომ მე არცერთი მთავრობის „მომღერალი“ არ ვყოფილვარ. არავის სასიამოვნოდ არ ვლაპარაკობ ასე. ჩემთვის მთავარია, ჩემი ქვეყანა და ხალხი არ დაზიანდეს, თორემ ჩემი ერთი შვილით და შვილიშვილით მეც წავალ სადმე და თავს ვუშველი, მაგრამ მე მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. ქართველზე და არაქართველზე, რომელიც აქ ცხოვრობს, თუნდაც რუსზეც, ვისაც ჩემი ქვეყანა უყვარს, ყველაზე ვფიქრობ. თუ იმას ვამბობთ, ადამიანები კანის ფერის მიხედვით არ უნდა დავყოთო, ეროვნებით როგორღა უნდა დავყოთ? რუსეთში თუ 80 პროცენტი არასწორად აზროვნებს, დანარჩენი 20 ხომ კარგი ადამიანია და ისინიც მათ მივაყოლოთ? ეს ციფრები სიტყვაზე დავასახელე, თუნდაც ასი კაცი იყოს კარგი, ყველას ერთ ქვაბში რატომ ვხარშავთ?

მე ძალიან მახარებს ევროპაში წარმატებული ქართველების არსებობა. ისიც ვიცი, იქ მაღაზიებში ქართულად რომ არის წარწერები გამოკრული: არ მოიპაროთო, მაგრამ ამიტომ ჩვენი ერი არ ვარგა?! ერთი შემთხვევა ვიცი, რომელიც ბარსელონაში მოხდა: ქართველები ჩავიდნენ სამუშაოდ. ერთ-ერთი პედაგოგი იყო და ვერ იშოვა სამსახური. ვიღაცებმა უთხრეს, თუ არ მოიპარავ, მშიერი დარჩებიო. ასწავლეს როგორ უნდა მოეპარა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა, მართლა აიღო რაღაც მოსაპარად და იქვე გაუსკდა გული და მოკვდა. ეს ნამდვილი ამბავია. მე ასეთი ქართველი მიყვარს, ის, ვისაც ცუდის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ისეთებიც არსებობენ, ვისაც ყველაფერი შეუძლია. კარგი და ცუდი ყველგანაა.

– ეროვნებით რუსი მეგობრებიც ბევრი გეყოლებათ, როგორია მათი პოზიცია?

– ძალიან ბევრი ახლო მეგობარი მყავს რუსი. ნაწილი ინდოეთში გაიქცა, ნაწილი აქ. ჩვენთან უვიზო რეჟიმის გამო მოდიან და ვინ დაუშვა ეს? მე? მათ ამის ნება მისცეს და ახლა მე ვუთხრა, რატომ მოხვედი, შე საზიზღარო, მე საჭმელს არ გაჭმევ-მეთქი? მე, ასმათმა, ბებიაჩემის გაზრდილმა, რომელიც საჭმელს ყველას აჭმევდა და მეუბნებოდა, სახლიდან მშიერი არავინ გაუშვა, საუკეთესო რაც გაქვს, ის მიართვი, თორემ გადასაყრელი გაგიხდებაო?! ერთხელ ხიზილალა არ გამოვიტანე სტუმართან, არ ვიცი, რატომ. ასეთები არ მჩვევია, მაგრამ ასე მოხდა. მერე გამიფუჭდა და გადავყარე. მე ასე ვარ გაზრდილი და სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ბებია ამბობდა, სახლში ორი თავი ხახვი მქონდა, ერთი საწოლის ქვეშ გაგორდა და ვეღარ ვიპოვე, როცა გერმანელი ტყვე მოვიდა ჩემს კართან და ხელი გამომიშვირა ლუკმის სათხოვნელად. ერთი ხახვი და პური დავუდე, მეტი არც მე მქონდაო და ამ დროს, ჩემს პატარა დას ის მეორე ხახვიც დაუნახავს საწოლის ქვეშ, გამოუტანია და გერმანელისთვის მიუცია. ეს მაშინ, როცა ბიძაჩემი ქერჩში იბრძოდა, ის ოფიცერი იყო და გერმანელებისგან დაჭრილი ჩამოვიდა. ბებიას არ უთქვამს, იმ ტყვისთვის, ახლა ჩემს შვილს გერმანელები ესვრიანო. ბებიას სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ბრძენი ქალი იყო. პუტინი და მისი ამალა ყველა ჩასახოცია, მაგრამ ეს ზიზღი უბრალო ადამიანების დონეზე არ უნდა დავიყვანოთ. რესტორანში სტუმრად ოჯახი მყავდა, ცოლი – რუსი და ქმარი – უკრაინელი და რა ქნან ახლა მათ, ერთმანეთი უნდა შეიზიზღონ?! ის ქალი ცრემლებით იხრჩობოდა, ლუკმას ვერ ყლაპავდა. რუსებიც იმავენაირად არიან, ახლა იქ რომ ჩავიდეთ, დაბრუნება რომ ვცადოთ, დაგვიჭერენო. აქ საშველად მოვიდა, ეშინია, რომ იქ არ მოკლან და მე ქართველი არ ვიქნები, თუ დახმარების ხელს არ გავუწოდებ.

ჩვენ სახლში სულ ვიღაც იზრდებოდა. ბებია მოიყვანდა ხოლმე გაჭირვებულ ნათესავს, ხელს უწყობდა, პატრონობდა. დედაჩემს ხომ, საერთოდ, ყველა იცნობს, როგორც გადასარევ ქალს. მან ყველაზე დიდ მტერს, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფს, გაუმართა ხელი. როცა გაუჭირდა, მან სთხოვა, მიშველე რამე, თორემ მიჭერენო. დედა წავიდა, ყველასთან ჩამოიარა, ფული უშოვა და გადაარჩინა. რომ ჰკითხეს, მტერს ეს რატომ გაუკეთეო? დედამ უპასუხა: იმისთვის იმ დღეს მე ღმერთი ვიყავი და როგორ მეთქვა უარიო? ასეთი ადამიანის გაზრდილი ვარ და ჩემგან ნურაფერი გაუკვირდებათ. ბევრ უკრაინელს უფასოდ ვაჭმევ, რუსს უფასოდ – ნამდვილად არა, მაგრამ საჭმელზე უარს არ ვეტყვი. მე ასე მიმაჩნია სწორად და ასე ვიქცევი, ამით არ ვკეკლუცობ. კაცი რომ მომწონებია, იმასთან არ მიკეკლუცია თავის დროზე, თუ ვინმეს მოვწონდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მართალი და ალალი ადამიანი ვარ. ახლა ამის გამო რომ ვინმეს არ მოვწონვარ, სულ არ მაინტერესებს. არ ვცდილობ, ვინმეს თავი მოვაწონო. ეგ რომ მნდომებოდა, მე მთავრობაში ვიქნებოდი, ასეთი შემოთავაზება აბსოლუტურად ყველა მთავრობისგან მქონდა. ამას რომ დათანხმდები, მერე ვიღაცას რომ მოეწონება, ისე უნდა ილაპარაკო, რაც მე არ შემიძლია. მე ჩემი აზრი მაქვს და შესაბამისად ვმოქმედებ. თუ ვინმეს არ მოვწონვარ, კი ბატონო, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ვისაც უნდა, ჩხუბი დაუწყოს რუსს, მე ვერ დავუშლი. თუ რუსი ცუდად მოიქცევა, გგონიათ, მე არ გავცემ საკადრის პასუხს?! ამის იმედი ნურავის ექნება, ჩემს ერს თუ ვინმე აუგად მოიხსენიებს, ის ჩემგან საკადრის პასუხს აუცილებლად მიიღებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა