საზოგადოება

რატომ არ დებდა ბალიშზე თავს ვანო სარაჯიშვილი და სად ინახება მისი გადაპარსული თმის ნაწილი

№38

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 27.09, 2022 წელი

ვანო სარაჯიშვილი
დაკოპირებულია

ის ტიტა რუფოს, მაზინის, შალიაპინსა ჯირალდონის დაუახლოვდა. ეს უკანასკნელნი მას პირველხარისხოვან მომღერლად აღიარებდნენ. მილანის „ლა სკალაში“ მოპოვებული წარმატების შემდეგ ანტრეპრენიორთა ყურადღება მიიქცია. ჯერ პარმაში, შემდეგ კი ტრიესტასა და ნიცაში მიიწვიეს. შალიაპინმა, „ბორის გოდუნოვში“ მონაწილეობის მიზნით, პარიზში წასვლა შესთავაზა. ერთხელ, ცნობილმა მრეწველმა, დავით სარაჯიშვილმა ძმისშვილის მოსასმენად ილია ჭავჭავაძე და ქართული ინტელექტუალური ელიტის სხვა წარმომადგენლები მიიწვია. შედეგად თავადაზნაურობის კომისიამ სტიპენდია დაუნიშნა და სასწავლებლად რუსეთში გაგზავნა, მალე მომღერალი რუსეთიდან იტალიაში მიემგზავრება და იწყება მისი ბრწყინვალე კარიერაც. ეს განუმეორებელი ვანო სარაჯიშვილის დღიურებია.

ვანოს დალაქი და უცნაური საათი

„...1912 წელს ვანოს შეხვდა დაავადება – ესპანური. ავადმყოფობა გადაიტანა, მაგრამ როგორც ჩანს, კვალი მაინც დარჩა, რომელმაც რამდენიმე წლის მერე იჩინა თავი. 1923 წელს მომღერალი დაუდგენელი სენით გახდა ავად და სისხლს აღებინებდა. ზოგი ექიმი ვარაუდობდა, რომ გულის ბრალი იყო, ზოგი ფილტვებს აბრალებდა, ზოგიც – თირკმელებს. მისი ავადმყოფობის დასადგენად არაერთხელ გაუმართავთ კონსილიუმი, მაგრამ ვანო სარაჯიშვილი ისე გარდაიცვალა, ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ვანო საავადმყოფოში იწვა და როგორც ჩანს, ეგონა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა. ერთხელ დალაქი დაუბარებია და თავი გადაუპარსინებია – ბალიში თმას გამიფუჭებს და მომავალში, კონცერტზე როცა წარვსდგები, ცუდი თმა მექნებაო. გადაპარსვის შემდეგ ახალი ამომივა და კვლავ ლამაზი ვიქნებიო. ვანოს გარდაცვალების შემდეგ, დალაქის მეშვეობით, გადაპარსული თმის გარკვეული ნაწილი ვანოს ოჯახში, შემდგომ კი მუზეუმში მოხვედრილა. მუზეუმში ასევე ინახება ვანოს ნაქონი საათი, რომელიც მისი გარდაცვალების დროს თავისით გაჩერებულა. მასზე დაფიქსირებულია 5 საათი 30 წუთი, ანუ მომღერლის გარდაცვალების დრო. ვანო სარაჯიშვილი 1924 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის მერე ვანოს მეუღლემ საათი კვლავ აამუშავებინა, მაგრამ ოცი წლის შემდეგ, საათი მაინც იმავე დროს გაჩერებულა. წლების წინ, ვანოს მუზეუმში გაჩნდა ხანძარი. ნივთები რომ გადაერჩინათ, ფანჯრიდან გადაყარეს. ამ საათს ისრები მაშინ მოსწყდა. ექსპოზიციონერები მას მალე დაუბრუნებენ პირვანდელ სახეს.

მეთერთმეტე შვილი

ვანო სარაჯიშვილი 1879 წლის პირველ მაისს სიღნაღში დაიბადა. მამამისი ინჟინერ-ტექნოლოგი იყო, სასწავლებელი პეტერბურგში დაამთავრა. მან სიღნაღში სამსახური ვერ იშოვა და იძულებული გახდა, კერძო პანსიონი დაეარსებინა, სადაც მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ სანოტარო კანტორა გააკეთა და სიკვდილის ბოლომდე სიღნაღში ცხოვრობდა. ვანოს მამის პირველი მეუღლე – ნინო ვაჩნაძე, მალე გარდაიცვალა და მისგან 8 შვილი დარჩა. 53 წლის ასაკში მეორედ მოიყვანა ცოლი – ეფემია რუსიშვილი-ყორჩიბაშისა და მასთან კიდევ 5 შვილი შეეძინა. ვანო მე-11 შვილი იყო. სხვათა შორის, ვანოს და-ძმებიც კარგად მღეროდნენ, ამიტომ ოჯახს შექმნილი ჰქონდა საოჯახო ანსამბლი. პურმარილიანი, მომლხენი ოჯახი იყო. ისინი მღეროდნენ საეკლესიო გუნდშიც. როცა ვანოს მამა გარდაიცვალა, ვანო თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. სიღნაღში კი მისი ძმა, ანდრო დარჩა. გარდაცვალების წინ ვანომ თავგატეხილას წყაროს წყალი მოითხოვა. თავგატეხილას წყარო სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩაზეა. მუზეუმში ინახება დიდი, ლურჯი ფერის სასმისი – დოქი, რომლითაც ძმამ ავადმყოფ ვანოს თავგატეხილას წყაროს ნანატრი წყალი მიუტანა.

ილიას მეოხებით...

ვანო სიღნაღის გუნდში ბანს მღეროდა, მაგრამ როცა სამუსიკო სასწავლებელში მივიდა, აღმოჩნდა, რომ ტენორი იყო. ერთხელ მეგობარმა ვანო წვეულებაზე იმ მიზნით წაიყვანა, რომ მისთვის გზა გაეკაფა. როდესაც მიხაილოვმა მოუსმინა, ჰკითხა, თქვენი ბიძა, დავით სარაჯიშვილი რატომ არ გეხმარებათო? დავითი ვანოს მამის ბიძაშვილი იყო. მეორე დღესვე მიხაილოვი თავად მივიდა დავით სარაჯიშვილთან და უთხრა, ცუდად იქცევით, ამ ყმაწვილს რომ არ უწვდით დახმარების ხელსო. ამის მერე შეიკრიბა საზოგადოება, სადაც ასევე მიიწვიეს ილია ჭავჭავაძე და მოასმენინეს ვანოს ნამღერი. ილია აღფრთოვანდა და განაცხადა, ეს ახალგაზრდა ხვალვე უნდა გაიგზავნოს პეტერბურგში სასწავლებლადო და მისი სწავლა ჭავჭავაძემ თავადვე დააფინანსა. ასე წავიდა 24 წლის ვანო სარაჯიშვილი პეტერბურგში, სასწავლებლად. იმ დროს პეტერბურგში იყო სახელგანთქმული პედაგოგი პრიანიჩნიკოვი. მას ბევრი მოსწავლე ჰყავდა და ვანოს თავის კლასში არ იღებდა. ვანოს იქაც ერთმა ახლობელმა გაუმართა ხელი. მან სთხოვა პედაგოგს, ახალგაზრდა ქართველი მოსწავლისთვის მხოლოდ მოესმინა. პრიანიჩნიკოვი დაითანხმეს, რომ პატარა ნაპერწკალს მაინც თუ დაინახავდა სიმღერის დასაწყისში, მოსმენას გააგრძელებდა, მაგრამ ნაპერწკალი კი არა, ვანომ პირდაპირ ცეცხლი დაანთო მასწავლებლის წინ. როცა ვანომ ფაუსტის ნაწარმოები დაასრულა, გაოცებულმა პრიანიჩნიკოვმა ჰკითხა: ყმაწვილო, სად ისწავლეთო? ყველაფერი ჩემით ვისწავლეო, მიუგო ვანომ. პედაგოგმა თავის კლასში აიყვანა და უთხრა, არანაირი ანაზღაურება არ მინდა, როცა გსურს, მოდი და იმეცადინეო.

ვანოს ხმით მონუსხული კლაკერები

იტალიაში ვანოს „ლა სკალას“ სცენაზე უნდა ემღერა. ამ პერიოდში იქ არსებობდა კლაკერების ჯგუფი, რომლებიც იყვნენ მოსყიდული შემფასებლები. მომღერლები წინასწარ უხდიდნენ ფულს, რომ გამოსვლის შემდეგ ისინი მხურვალე ტაშით დაეჯილდოებინათ, რაც ნიშნავდა, რომ კარგი მომღერალი იყო და ხალხს მოსწონდა. ვანოსთანაც სცადეს ამგვარი მოლაპარაკებების დაწყება და ფულის სანაცვლოდ მხურვალე აპლოდისმენტები შესთავაზეს, მაგრამ ვანომ უარი უთხრა. როცა სარაჯიშვილი სცენაზე გასულა, კლაკერებს მისთვის სტვენა და ყიჟინა აუტეხავთ, ხელი რომ შეეშალათ, მაგრამ რამდენიმე ნოტის აღების მერე ეს ჯგუფიც ისე მონუსხულა ვანოს ნამღერით, ფულის გარეშეც დაუკრავთ მხურვალე ტაში.

ვანოს სიყვარულის „ტიტანიკი“

ვანო ფიზიკურად ძალიან მომხიბვლელი მამაკაცი იყო, ამიტომ, თბილისში, ქართული გიმნაზიის გოგონებიდან ის ბევრს უყვარდა. ასეთები სასწავლებლის ფორმაზე ვანოს ფოტოს იკეთებდნენ, ამიტომ მათ გიმნაზისტკების ნაცვლად, სარაჯისტკებს ეძახდნენ. ერთ-ერთ სარაჯისტკას ვანო გულში ჩავარდნია და ვანოსაც მოსწონებია ულამაზესი ნინო მეტრეველი, მაგრამ მათ შორის ისეთი დიდი ასაკობრივი სხვაობა ყოფილა, გოგოს მამას სერიოზურად არ მიუღია შვილის არჩევანი. იტალიაში ვანოს მეგობარი იყო ულამაზესი სოპრანო – ნინა კავალიერი და ისინი ხშირად დასეირნობდნენ ერთად. საქართველოში ვიღაცას ჭორად ჩამოუტანია, ვანომ ცოლად კაცვალიერი მოიყვანაო. ამ ამბით გამწარებული ნინო მეტრეველი ცოლად გაჰყოლია „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილ ილუსტრატორს, პატრიკ უოლდის, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან იყო ჩამოსული. შემდეგ ვანოც ჩამოსულა იტალიიდან. როცა ნინო მეტრეველს გაუგია, რომ ის დაქორწინებული არ იყო, ჭკუაზე შეშლილა. უილდი თავის ქვეყანაში რომ ბრუნდებოდა, ბავშვებიც თან მიჰყავდა. ისინი გემ „ტიტანიკზე“ აღმოჩნდნენ, რომელიც ჩაიძირა. მამამ მოახერხა და ბავშვები ნავში ჩასხა. ისინი გადარჩნენ, უილდი კი დაიღუპა.

მომღერალს თოფი გაუვარდა და...

ვანო კარგი მონადირე იყო. მას საყვარელი ძაღლიც ჰყავდა. ერთხელ, ნადირობის, დროს მომღერალს თოფი გაუვარდა და საფანტი ვანოს მეგობარს წარბში მოხვდა. ექიმებს უნდოდათ, მისთვის წარბიდან საფანტი ამოეღოთ, მაგრამ დაშავებულმა ამის უფლება არ მისცა. მან საფანტი დაიტოვა და ,,ვანოს საჩუქარი“ მისი სიყვარულის გამო სიცოცხლის ბოლომდე თან ატარა (მაია გელაშვილი – ვანო სარაჯიშვილის მუზეუმის მენეჯერი).

რესტორანი „ფანტაზია“ და ვანოს „ურმული“

ამჟამად სიღნაღში არის რესტორანი „კაბადონი“, რომელსაც წინათ ,,ფანტაზია“ ერქვა. იქ ხშირად ქეიფობდნენ თბილისიდან ჩამოსული მომღერლები, მსახიობები – ნატო ვაჩნაძე, სარაჯიშვილი... ნატო თავის მოგონებებში იხსენებდა, რომ ვანო გათენებისას წამოდგებოდა, გაიჭრებოდა გარეთ, ხის კენწეროზე ავიდოდა და იქიდან, ხელგაშლილი შემოსძახებდა „ურმულსო“.

ვანო სარაჯიშვილი 31 წლის დაოჯახდა და ცოლად მოიყვანა მეგარდირობე, ნინო ქიქოძე. მათ შვილი არ შესძენიათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი