საზოგადოება

რატომ არ აქვს მაკა ბასილიას ორი ერთნაირი ნამუშევარი და რომელ ქვეყნებში ინახება მისი შექმნილი სილამაზეები

№29

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:47 30.07

მაკა ბასილია
დაკოპირებულია

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი მაკა ბასილია მხატვრების ოჯახიდანაა და მისი გზა ამ სამყაროს ჯერ კიდევ ბავშვობაში ბუნებრივად დაუკავშირდა.

მაკა ბასილია: ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა და ასეა დღესაც. დავიბადე და გავიზარდე მხატვრების ოჯახში. ბაბუაჩემი იყო კოტე კიკნაძე – მხატვარი, ფერმწერი, რომელმაც ამ საქმეს ბავშვობის ასაკიდან მაზიარა. მხატვარია დეიდა, დეიდაშვილი და მხატვარი გახლავართ მეც.

დავამთავრე სამხატვრო სკოლა, ვსწალობდი ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე, შემდეგ – აკადემიაში დიზაინის მიმართულებით.

აკადემიის დამთავრების შემდეგ „მოდელების სახლში“ დავიწყე მუშაობა. ეს იყო მოდის საერთაშორისო ცენტრი, სადაც 25 წელი ვიმუშავე და ძალიან ბევრ ქვეყანაში მაქვს გაკეთებული კერძო კოლექცია. მათ შორისაა: ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ამერიკა, ყოფილი სოციალისტური ქვეყნები. გარდა ამისა, ბევრი პერსონალური გამოფენა მქონდა თბილისში.

– ძალიან მრავალმხრივი შემოქმედი ხართ.

– დიახ, ჩემი ხელოვნება მრავაფეროვანია. 80-იან წლებში დავიწყე თექაზე მუშაობა. ბევრი ნამუშევარი შევქმენი და ეს ნამუშევრები ძალიან პროდუქტიულად გაიყიდა. ჩემი თექის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთშიც ჩატარდა და იქაც წარმატებით გაიყიდა.

შემდეგ დავიწყე მინანქარზე მუშაობა. ჩემი შესრულებული ნამუშევრები გაიყიდა სტრასბურგსა და ნიუ-იორკში. მყავდა მოწაფეებიც.

კინოთეატრ „ამირანში“ გავხსენი ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, სადაც ძალიან ბევრი მხატვრის ნამუშევარი გავაერთიანე, საინტერესო ნივთები გამოვფინე, ყველაზე მეტი აქტუალობით მინანქარი სარგებლობდა.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი სამოდელო სააგენტო „ნატალიში“. ვკითხულობდი ლექციებს მოდელებისთვის ხელოვნებასა და თავის მოწესრიგებაზე.

გავხსენი სალონი-მაღაზია „არტ ენდ ვაინ“, სადაც ძალიან ბევრი მხატვარი გვსტუმრობდა და ასევე, იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები.

ამასთან ერთად, ვმუშაობ ბატიკაში, ანუ დაკავებული ვარ აბრეშუმის მოხატვით.

საერთო ჯამში, ჩემი ნამუშევრები საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია, ასევე, არაერთ კატალოგში.

– რას უჭირავს წამყვანი ადგილი თქვენს ხელოვნებაში?

– გამოყენებით ხელოვნებას. ბაბუა ფერმწერი იყო და მეც ვსწავლობდი ფერწერის კურსებზე ნიკოლაძეში, მაგრამ უფრო გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნებისკენ წავედი. ასევე, ვქმნი აქსესუარებს, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს. ფერწერაშიც ვმუშაობ, მაგრამ მეტი აქცენტი გამოყენებითი ხელოვნებისკენ მაქვს.

– როგორია მუშაობის პროცესი?

– მუშაობა მუსიკის გარეშე არ შემიძლია. მაქვს ძალიან დიდი კოლექცია ჯაზისა და გამორიცხულია, ვიმუშავო მისი ჩართვის გარეშე. ვმუშაობ გვიან, როცა ყველას სძინავს და გარშემო სრული სიმშვიდეა... და ისე მათენდება ხოლმე, ვერც ვიგებ.

ჩემი შთაგონების წყარო განწყობაა, რაზეც განსაკუთრებულ გავლენას ამინდი ახდენს. როცა კარგი ამინდია, სხვა თემატიკას ვირჩევ, ცუდ ამინდში – სხვას. ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავ, ყველაფერი განწყობის მიხედვით წყდება.

დასაწყისშივე ვიცი, რა ტონალობაში უნდა გადავწყვიტო ნამუშევარი, ჯერ გონებაში ფერთა გამა ლაგდება, ფორმები კი ნელ-ნელა მოდის. შეიძლება, დავიწყო მუშაობა და არ გავჩერდე, სანამ ნამუშევარს საბოლოო სახეს არ მივცემ ან შეიძლება, გავწყვიტო და რამდენიმე დღის შემდეგ გავაგრძელო. ყოველთვის ერთნაირად არ ხდება. საერთოდ, ძალიან სწრაფი ხელი მაქვს, მაგრამ წინასწარ დროის განსაზღვრა ყოველთვის მიჭირს.

– შეკვეთებზეც მუშაობთ?

– არანაირი შეკვეთები. მხოლოდ მინანქარზე მუშაობისას მქონდა შეკვეთები. რაც შეეხება ხატვასა და ხელოვნების სხვა მიმართულებებს, შეკვეთებს არ ვიღებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მე ორ ერთნაირ ნამუშევარს არასდროს ვქმნი. ჩემი ყველა ნამუშევარი ერთი და უნიკალურია.

ამ ეტაპზე ძალიან მინდა, კერამიკაში მოვსინჯო ჩემი შესაძლებლობები. მე აბაჟურებსაც ვაკეთებ და მინდა, მისი სადგამი ფეხი თვითონ მოვხატო.

– ბავშვობის წლები გავიხსენოთ, როგორ ყალიბდებოდა თქვენში ხელოვანი?

– ბაბუა 35 წელი ნიკოლაძის სასაწავლებლის დირექტორი იყო. ძალიან ხშირად დადიოდნენ პრაქტიკებზე რაიონებში და სულ თან დავყავდი. ჩანახატებს რომ აკეთებდა, მეუბნებოდა ხოლმე: რაც მე დავხატე, იქნებ შენც გაიმეოროო. პატარა ვიყავი, როგორც შემეძლო, მონახაზებს ვაკეთებდი და ძალიან ვხალისობდი ამ პროცესით. აქედან წამოვიდა ჩემი სიყვარული ხელოვნებისადმი.

ბაბუა ფერწერის ოსტატი და არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო. მის მოწაფეთაგან ძალიან ბევრი ცნობილი მხატვარი გახდა. საოცარი ადამიანი იყო ისიც, ბებიაც და მთლიანობაში, ის გარემო, რომელიც ჩვენს ოჯახში ტრიალებდა.

ბაბუა იმდენად ერთგული იყო საკუთარი საქმის, რომ სტუდენტებისთვის, რომლებიც ნიკოლაძეში სასწავლებლად რაიონიდან ჩამოდიოდნენ და საცხოვრებელი არ ჰქონდათ, სახელოსნოებში პატარა ოთახები გააკეთა და საწოლები უყიდა, რომ დასარჩენი ჰქონოდათ. ბებია კი საჭმელს უმზადებდა მათ. ეს სითბო და სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე დავიბადე, საოცარი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე და ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ამას დაემატა ისიც, რომ აკადემიაშიც ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. შემიძლია, ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ.

– მკაცრია ხოლმე საზოგადოების შეფასები, როცა შვილი თუ შვილიშვილი წინაპრის გზას ირჩევს.

– საერთოდ, მე თვითონ ვარ ძალიან მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. მე არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი ნამუშევრით, მუდმივად მჭირდება სიახლე, უკეთესი შედეგი, მეტი მცდელობა. ერთადერთი, ის მეხმარება, რომ ხალხს მოსწონს, თორემ მე ჩემი თავით ვერასდროს ვკმაყოფილდები. ზუსტად იმიტომ, რომ ამ ოჯახიდან ვარ, მაქსიმალისტი და ბევრს ვთხოვ ჩემს თავს.

– განსაკუთრებით ძვირფასი შეფასება ვისგან მიგიღიათ?

– ერთხელ, დილით ავდექი და იმერეთის ჩახატვა დავიწყე. დამთავრება ვერ მოვასწარი, ისე წავედი აკადემიაში. რომ მოვედი, ვხედავ, რომ ჩემი ნამუშევარი დამთავრებულია. ბაბუა ამდგარა და დაუმთავრებია. ეს ნამუშევარი ჩემთვის სამაგალითოა. იმდენად მოეწონა ჩემი დაწყებული საქმე, მოუნდა, რომ დაესრულებინა. რომ მოვედი, შემაქო, მითხრა, როგორი ხელი გაქვს, უცებ ისეთი რამ მოგიხატავს, ვერ მოვითმინე და მე დავამთავრეო. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი შეფასება იყო და არასდროს დამავიწყდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი