საზოგადოება

რატომ არ აქვს „ქართლის ცხოვრებას“ მესამე ტომი და ვინ გადაუნახა წიგნი ზვიად გამსახურდიას

№32

ავტორი: „თბილისელები“ 12:59

ქაქუცა
დაკოპირებულია

ბუკინისტ ტიმოთე მახაურისგან გაგონილი ამბები: ერთხელ კონსტანტინე გამსახურდია შემოვიდა ჩემთან, ბიჭი შემოჰყვაო. თქვენი შვილია-მეთქი? ვკითხე, დიახო, ზვიადი, ორ რუსსა სცემს ერთადო. ამ რუსზე ხაზი რატომ გაუსვა, იციო? არ ვიცი-მეთქი. იცოდა, რომ მე რუსები მეჯავრებაო. მე ვერ გავუბედე მეკითხა, თუ რატომ ეზიზღებოდა რუსები. დავიმახსოვრე. ერთხელ მეუბნება: მე ხომ იცი, ჩეჩნური სისხლი მაქვსო. დავიბენი... ქართველი ვარ, არ იფიქრო, რომ არ ვარ ქართველი, ჩვენ ერთნი ვართო. რუსებმა შეუქმნეს ჩემს ოჯახს ისეთი პირობები, რომ მთიდან წამოვსულიყავიო.

ერთხელ წიგნი ვნახე - „1924 წლის აჯანყება”. თხელ ყდაში. პარიზში გამოცემული წიგნი პირველად ვნახე. ავიღე და შემომხედა. გადავშალე და დავიწყე კითხვა. მოდი აქ, დამეხმარეო. რაღაც წიგნები დამალაგებინა თაროზე. მოვბრუნდი და წიგნი აღარ დევს. შევხედე - რა არისო? - მკითხა, აქ რომ წიგნი იყო-მეთქი? რა წიგნიო? ქართულ ენაზე პარიზში გამოცემული-მეთქი. არ ყოფილა ასეთი არაფერიო. აზრზე ვერ მოვედი, რა მოხდა. „დავიკიდე“. ყურადღება არ მიმიქცევია. ერთადერთი, რაც დარჩა თავში ამ წიგნიდან: უცნაური სახელი - ქაქუცა. მე სწრაფი კითხვა ვიცი, ფურცელს რომ დავხედავ, რაიმე კორექტურა თვალში მხვდება. ქაქუცა თვალში მომხვდა და ერთიც: წიგნი უცნაურად იყო აკინძული, შინაარსი ვერც წავიკითხე. ტექსტში დამამახსოვრდა უცნაური სახელი მარტო - ქაქუცა. შრიფტიც უცნაური ჰქონდა. მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, მიტინგები რომ დაიწყო, შინდისფერ დროშაზე ჩოხაახალუხიანი კაცის პორტრეტი მოჰქონდათ პლაკატივით ხეზე ჩამოკიდებული. ეს იყო ტელევიზიასთან, ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად ვიდექი. ირაკლი ბათიაშვილი გამოდიოდა სიტყვით, თუ გინდათ კითხვის დასმა, კითხვა ფურცელზე დაწერეთ და გამოაგზავნეთო. ჩემმა მეგობარმა მითხრა: ჩვენც გავაგზავნოთ რამეო, მეც ამოვიღე ჯიბიდან ფურცელი, დავწერე: ვინ არის თქვენს გვერდით დროშაზე გამოსახული-მეთქი. გადავაწოდე, უცბად ირაკლი ბათიაშვილი ამბობს: აქ, ჩვენს გვერდით პროვოკატორი დგას, შეხედეთ, კითხვას სვამს, ვინ არის ქაქუცა ჩოლოყაშვილიო, ვითომ არ იცისო. ბევრი თვლის ამ კაცს ბანდიტად, არადა ეროვნული გმირიაო. შემომხედა მეგობარმა და სიცილი აგვივარდა. მე სახლში დაბრუნებისას ტიმოთეს წიგნი გამახსენდა. მაშინ ტიმოთე უკვე პენსიაზე იყო გასული. დავურეკე, მოვიკითხე, კვირას მშრალ ხიდთან სკვერში დავთქვით შეხვედრა. იქ, სტალინის ნაძეგლართან, კიბეებია და იქ იჯდა ხოლმე.

მივედი, რაღაც წიგნები მოიტანა, სიმბოლურად ვიყიდე და მოველაპარაკე, სახლში ენახებინა თავისი ბიბლიოთეკა, არაფერი მაქვს ისეთი, შენ რომ მოგეწონებაო. ასეც აღმოჩნდა, მე კი მეგონა, ექნებოდა. დეფექტური წიგნები, რამდენიმე ავტოგრაფიანი. ერთი იაკობ გოგებაშვილის ავტოგრაფით, მეორე კი „პეპო”ავტორის გაბრიელ სუნდუკიანცის მიძღვნითი წარწერით ქართულ ენაზე.

თავი არ გამიგიჟებია. ფულზე ვერ დავევაჭრებოდი, გულს ვატკენდი. შესაბამისი თანხა კი არ მქონდა. ამის მერე ერთხელ შევხვდი. მეტი არ მინახავს. ამ შეხვედრაზე გავახსენე 1924 წლის წიგნის გაქრობის ამბავი. სულხანიშვილის წიგნი იყო, ზვიად გამსახურდიასთვის მქონდა გადანახული. შენ კი დაავლე ხელიო. პირველი: სადღაც იტყოდი, თან დამიწყებდი, ყიდვა მინდაო, ფულზე არ იყო. დაპირებული ვიყავი და ვერ მოგცემდი, თან შენ შარში ჩაგაგდებდიო. რა შარში-მეთქი? პაატა გუგუშვილმა ჩამომიტანა, მე ქაქუცა ჩოლოყაშვილი მახსოვს. ჩემები მისი მხარდამჭერნი იყვნენ. რუსები აქედან წავლენ, ზვიადი და მერაბი მაგარი ბიჭები არიან. ქაქუცას გვერდით ჰყავდა ვაჟკაცები - ბიძინა პირველიო. მაშინ პირველად გავიგე ეს გვარი. ლუარსაბ პირველივით აჟღერდა. ბიძინა ჩაბარდა რუსებს, სიტყვა გატეხეს და დახვრიტეს უბალნოებმაო (რუსები). მივხვდი, რომ ტიმოთე საინტერესო ამბების მცოდნე იყო. ერთიც მახსოვს: ისტორიის ინსტიტუტში 1954 წელს ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის მეხუთე ტომი ეზოში დაწვესო (მე მგონია, რომ 1956 წელს იქნებოდა. წიგნს 1953 წელი აწერია), ორი შეკვრა ჩუმად გამოვიტანე და გავავრცელე. ყაუხჩიშვილმა გამოაცემინა და რუსეთის მზაკვრული პოლიტიკაა ამ ტომში მოთხრობილი ერეკლეს დროს. აღა-მაჰმად-ხანს შეგვატოვაო. სიმონ ყაუხჩიშვილს ქართლის ცხოვრების ოთხტომეულის გამოცემის დროს მესამე ტომის მომზადებაში ერთი ისტორიკოსი მონაწილეობდა. მიუტანია ტომი ყაუხჩიშვილს სტამბაში. მერე რომ მისულა, უკითხიათ: ნაწილი აკლიაო? მოვიტანეო. არააო. უნახავს და აკლია ის ნაწილი, რომელიც იმ ისტორიკოსის მომზადებული ყოფილა. მხოლოდ ის. ჩემთან აქვს ნათქვამი სიმონსო: იმის აღებულია, სანამ მე ცოცხალი ვარ, ვერ გამოსცემსო. კარგა ხანს ოცოცხლა და 3 წელია გარდაიცვალაო. ამიტომ არ აქვს „ქართლის ცხოვრებას“ მესამე ტომიო. რამდენი ასეთი ისტორია ვიცი მისგან. აქ ამდენს რა დაწერს, მწერლების პირადი ცხოვრების კურიოზები, არ ვწერ, ატეხავენ ამბებს... ნეტავ ახლა შემახვედრა ტიმოთესთან, გაიხარებდა, რომ მისი მოსწავლე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობს. ეჰ, ბატონო ტიმოთე, დიდი მადლობა წიგნის სიყვარულის გაღვივებისათვის. არასოდეს დაგივიწყებთ.

P.S. მინდა კარგ ხასიათზე დავასრულო, იყო ერთი მისი კლიენტი, ბერძნული გვარი ჰქონდა, ქართულიც მისი მშობლიური იყო. კარგად იხდიდა. გემოვნებაც კარგი ჰქონდა. ერთხელ მე შევედი და ის გავიდა. გასვლისას მივესალმე. ისიც მომესალმა. ხელში არაფერი ეჭირა. ვხედავ, მაღაზიაში წინა დღეს ნანახი ჟურნალ „კავკასიონის“ ორი წლიური კომპლექტი გაყიდულია. ოჰ, როგორ დამწყდა გული! მთელი წინა ღამე ბებიას ვთხოვდი, 20 მანეთი მოეცა. ვერ მოვუსწარი. არადა გუშინ დახურვის დროს იყო. დღეს გაიყიდა-მეთქი? ამან იყიდა 10 წუთის წინო, ბერძენზე მიმითითა. ხელში რომ არ ეჭირა-მეთქი? აბა, ეს კაცია და მაკედონელიცო? რატომ-მეთქი? მეგონა, რაღაც არასწორი გზით იყიდა ეს წიგნები. სპეციალური პალტო შეაკერინა, ორი დიდი ჯიბით შიგნიდან, მუხლების ქვემოთ, იქ ილაგებს წიგნებს, ცოლმა რომ არ უნახოსო, სახლში ხელცარიელი შედის, პალტოს კიდებს. ცოლი მიეგებება, რომ წავა ქალი, წიგნებს ამოალაგებს და თაროზე დებსო.

ლევან თაქთაქიშვილი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა