საზოგადოება

რატომ ამაყობენ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვალერიან ჯიქიას ქანდაკებებით და როგორ იზიდავს თავისი იდუმალებით მისი ნამუშევრები მნახველებს

№33

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 22.08, 2023 წელი

ვალერიან ჯიქია
დაკოპირებულია

ქართველი მოქანდაკის, ვალერიან ჯიქიას ქანდაკებებს არა მარტო საქართველოში, სხვა ბევრ ქვეყანაშიც შეხვდებით, სადაც მისი ნამუშევრებით ამაყობენ კიდეც.

ვალერიან ჯიქია: დედის მხრიდან თითქმის ყველას მხატვრობის ნიჭი აქვს. ერთ ძმა მოქანდაკე მყავს, მეორე – დიზაინერი. მე მათი გაზრდილი ვარ და აღზრდასთან ერთად გენმაც იქონია გავლენა. მხატვრობაში ნიჭის გარეშე ვერ გაჩერდები და მე ერთი წუთით არ მიმიტოვებია ჩემი საქმე. ბავშვობაში ასფალტზე ვხატავდი და უამრავი ადამიანი მგულშემატკივრობდა ხოლმე. ჩემი ძმა მეუბნება, სხვანაირი ტვინი გქონდაო. ხუთმეტრიან დევებს ვხატავდი პროპორციულად. არ ვიცი, როგორ მუშაობდა ჩემი ტვინი. დიდი ხნის შემდეგ, ჩემმა პედაგოგმა, გოგი ოჩიაურმა ნახა, როგორ ვხატავდი კედლებზე ცალი ხაზით და მაშინ ძალიან ცნობილ ევროპელ მხატვრებს შემადარა. ისეთებს, რომ ვერც ვიტყვი და მითხრა, ისინი შენთან შედარებით არაფერი არიან, მაგრამ ამას შენ კი არა, შენი გენი ხატავს. ქართულმა გენმა შენში მოიყარა თავიო. საერთოდ, ქართველებს ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, ვისაც გენი ახატინებს და აწერინებს. ბავშვობაში პლასტელინს რომ მოვკიდე ხელი, მაშინვე შემიყვარდა, დავუმეგობრდი და მერე თავი ვეღარ დავანებე. პატარა ვიყავი და მახსოვს, ერთხელ მეზობელსაც კი მოვპარე პლასტილინი, ჯარისკაცებს ვაკეთებდი და მაკლდებოდა (იცინის). პირველად ჩემმა ძმამ გამომაძერწინა ვაჟა-ფშაველას ნიღაბი. ერთი ერთში გავაკეთე. გაგიჟდნენ, რომ ნახეს. შემდეგ ბერძნული ტორსი გავაკეთე ისიც აბსოლუტური სიზუსტით. 16 წელი ვასწავლიდი აკადემიაში და ვიცი, რომ ეს ეტაპები ასე მალე არავის დაუძლევია. ეტყობა, კარგი თვალი მქონდა და ხელიც მემორჩილებოდა. ვსწავლობდი ნიკოლაძეში და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში. სტუდენტურ კონკურსებში სულ პირველ პრემიებს ვიღებდი. რეალისტურ ნამუშევრებს ვაკეთებდი, მაგრამ მესამე კურსიდან აბსტრაქტული ქანდაკების გაკეთების სურვილი გამიჩნდა. ჩემს გონებაში ახალი კონცეფციები იბადებოდა. ამას ხედავდნენ ჩემი მასწავლებლები და მიფასებდნენ.

– მასშტაბური აღიარება როდის მოიპოვეთ?

– მერე ასპირანტურაში ჩავაბარე. სიმპოზიუმზე გამიშვეს სომხეთში. რთული თემა ავიღე და ერთ-ერთმა ცნობილმა მოქანდაკემ ყველას უთხრა, ამის სახელი დაიმახოვრეთო და გამიკვირდა. ალბათ, სიმტკიცე დაინახა ჩემში. ისეთი ქანდაკება გავაკეთე, რომ ყველას ძალიან მოეწონა. დიდი ძალა ვიგრძენი. მერე მოსკოვმა დამიძახა. გამოფენაზე ძალიან მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და მათგან ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ცხრა აპრილის ამბები იყო ახალი მომხდარი და უარი ვთქვი. მერე ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთული პერიოდი დაიწყო. არ ვიცოდი, რა მექნა, მიმეტოვებინა მხატვრობა? მაშინ დავიწყე ექსპერიმენტების კეთება. ბავშვობას დავუბრუნდი, ახალ მიდგომებსა და გამოხატვის ფორმებს ვეძებდი. ჯერ სამხატვრო სკოლაში ვმუშაობდი, შემდეგ აკადემიაში. ბოლოს ასოცირებული პროფესორი ვიყავი, მაგრამ მე და ჩემი ძმა აკადემიიდან წამოვედით. 90-იან წლებში რამდენიმე საერთაშორისო სიმპოზიუმზეც ვიყავი. რაღაც კონკურსებზე გავიმარჯვე და გამოადგა ოჯახს ჩემი პრემიები. დაახლოებით, ოც ქვეყანაში ვარ ნამყოფი.

– უბრალოდ ნამყოფი კი არა, თქვენი ნამუშევრები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას ამშვენებს.

– ესეც კონკურსების დამსახურებაა. კონკურსი ცხადდება და შენ შენს ნამუშევარს აგზავნი. სერიოზული პროცესია, ბევრი ნაბიჯია გასავლელი. სწავლის დროს ადამიანი სხვადასხვა სავარჯიშოს აკეთებ, კედლების დასანგრევად ახალ გზებს ეძებ, მაგრამ სწავლა სწავლის დასრულებით არ მთავრდება. მუშაობის პროცესშიც ბევრს სწავლობ. მაგალითად, ჩემთვის ზუსტი ესკიზი არასდროს მოუთხოვიათ. მაძლევდნენ თავისუფლებას იმისთვის, რომ ქანდაკება იქაური გარემოს შესაბამისი გამეკეთებინა, სადაც უნდა განთავსებულიყო. მაგალითად, ისრაელი ავიღოთ, მგონი, იქ 18-ზე მეტი ქანდაკება მაქვს გაკეთებული.

იქ ისეთი ღრუბლები იცის, რომ მუშაობის პროცესში როლში შედიხარ. ამიტომ თავისუფლება გჭირდება, ადგილზე უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. თუ ქანდაკება ერთი ერთში უნდა გადავიტანო ესკიზიდან, ინტერესი მეკარგება. მუშაობა მუდმივი ძიების პროცესია. როცა თავისუფლება გაქვს, შინაგანი სამყაროს გამოვლენა შეგიძლია თუ არადა, ბორკილები გადევს. თუმცა, ძალიან მონდომებული უნდა იყო. ერთმა ებრაელმა თქვა: ვფიქრობ და ვერ გამიგია, ვალერი ჯიქია რატომ აკეთებს ასე სწრაფად ქანდაკებასო?! ებრაელმა, რომელსაც თავად იტალიური სკოლა აქვს გავლილი, ასეთი დასკვნა გააკეთა – მე რვა საათიდან ოთხი საათი ვფიქრობ, ოთხი ვმუშაობ. ვალერის კი შეუძლია, რვა საათიდან რიტმში იფიქროს და თან იმუშაოს, ამიტომაც გამოსდის მალეო (იცინის). მუშაობის პროცესში შიგნით სულ სხვა ვინმე იღვიძებს. მეც მივყვები ჩემს ინტუიციას და ჯერჯერობით მიმართლებს.

– კიდევ რომელ ქვეყნებშია თქვენი ნამუშევრები?

– სომხეთში, რუსეთში, ბაშკირეთში, საბერძნეთში, თურქეთში, სადაც ძალიან ბევრი ქანდაკებაა, ალბათ, 20 ქვეყანაში. ეგვიპტეში 6-7 ქანდაკებაა, ჩინეთში – 6, შტატებში – 1. კანადაში ორჯერ ვიყავი მიწვეული, მაგრამ ვერ წავედი. მაროკოშიც დგას ჩემი ქანდაკება. საუდის არაბეთში, ჩეხეთში, რუმინეთში და ასე შემდეგ. თუმცა, მარტო მე კი არ მივდივარ, ისინიც ჩამოგვყავს. საქართველომ რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსთავში საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩავატარეთ. ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, კუბა, გერმანია – ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა. ეს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება იყო. მაშინ გურამ შარაძე მოვიდა და თქვა: რა ბედნიერებაა, მოქანდაკეებმა ისე გააკეთეთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ამდენმა ქვეყანამ აღიარაო.

– რუსთავისთვისაც ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ შესრულებული.

– მაგალითად, კოსტავასა და გამსახურდიას ქანდაკებები. ავღანეთსა და ერაყში დაღუპულების და ცხრა აპრილის მემორიალი მაქვს გაკეთებული... კიდევ გამხმარი ხეების პროექტი გავაკეთე მათთვის ახალი სიცოცხლის შესაძენად. ყოფილ სტუდენტებთან და ჩემს შვილთან ერთად ვმოსავდი ხეებს. მინდოდა, ისეთი გარემო მომეწყო, სადაც საღამოობით ბავშვები სიამოვნებით შეიკრიბებოდნენ. 16-მეტრიანი შურდულის ფორმის ხე გავაკეთე და ქვაში ორი გულის ფორმა გამოვკვეთე, ფრთებით. შურდული რომ გავარდება რამეს კი არ მოკლავს, სიყვარული იფრენს ცაში. ლიტერატურის ტყე გავაკეთე, კიდევ ჩიტის ხე, სიყვარულის ხე და ასე შემდეგ. მოსწონთ ბავშვებს ამ გარემოში ყოფნა და ეს ძალიან მიხარია. რუსთავი ადრე ცოტა მუქი ქალაქი იყო, ახლა ძალიან ევროპული ქალაქი გახდა და ეს ყველაფერი უხდება ახალ გარემოს. სიმწვანეში ფერადი ხეც ძალიან ლამაზია. ასევე, გავაკეთეთ პარკი, სადაც ჩვენი სიმპოზიუმის ნამუშევრებია. საერთო ჯამში, ეს ქანდაკებები დადებით ენერგიას გაძლევს. სურვილი მაქვს, რომ რუსთავმა ქანდაკების ნიშა აიღოს. მე მყავს მეგობრები, მსოფლიო დონის მოქანდაკეები, შემიძლია, ყველა მოვიწვიო და ბევრი კარგი ქანდაკება გაკეთდეს.

– თქვენი ნამუშევრები ბათუმშიცაა.

– დიახ, ბათუმში ჩემი რამდენიმე ქანდაკებაა. ერთ-ერთია „მზის ჩასვლა“. ეს ქანდაკება ეგვიპტისთვის გავაკეთე – ერთი მხრიდან მზის ჩასვლაა და მეორე მხრიდან მზის ამოსვლა. მას შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მთხოვეს მისი გაკეთება. ეს ქანდაკება კუს ტბაზეცაა. ყველგან ამის გაკეთებას მთხოვდნენ და სიმართლე გითხრათ, კონცეფციებს სულ ვცვლი, იმიტომ რომ ერთი და იმავეს გაკეთება ძალიან დამღლელია, თუმცა შეიძლება, დამკვეთმა ისევ ძველი ვარიანტი აირჩიოს. ზოგს ჰგონია, რომ ბათუმში, გალოგრეს სახლზე სამი ქანდაკება – წმინდა გიორგი, წმინდა მარიამი და მთავარანგელოზი გაბრიელი ფრანგების გაკეთებულია. არადა, პირველი ორი ჩემი, მესამე კი ჩემი ძმის ნამუშევარია. ფოთში ალექსანდრე დიუმას ქანდაკებაც ფრანგების გაკეთებული ეგონათ. სხვათა შორის, შემდეგ პატარა ზომის დიუმას ქანდაკება პრეზიდენტ ჟაკ შირაკისთვისაც შემიკვეთეს.

– თქვენს ნიჭს ჰყავს გამგრძელებელი?

– ჩემმა უფროსმა შვილმა გრაფიკა დაამთავრა და მაგისტრატურაში ქანდაკებას სწავლობს. თურქეთში ასისტენტად მყავდა წაყვანილი გახმაურებული ქანდაკების დასამზადებლად, ვგულისხმობ „გოგონა და ზღვას“, რომელიც ეგეოსის ზღვაში უნდა განთავსდეს. ჩემი შვილი ხან ჩემთან ერთად მუშაობს, ხან - მარტო.

– მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, სულ ახალ გზებს ეძებთ...

– სულ ვცდილობ, ცოტა მაინც წავიწიო წინ და ქანდაკებას ახალი დეტალი შევმატო. თუ თავს დაღლას ვატყობ, რუტინულ საქმეზე გადავდივარ. ამ პროცესში ენერგიის გადანაწილება მნიშვნელოვანია. ჩემთვის ქვის სკოლა არავის უსწავლებია, მე მძერწავი ვარ, მაგრამ სამებაში ვმუშაობდი ქვაზე და ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღე. საერთოდ, ეს პროცესი ძალიან ემოციურია. მასში ინოვაციაც უნდა ჩადო და ამისთვის მუდმივად უნდა იბრძოლო, მუდმივად ახალი გზები უნდა ეძებო. როცა ადამიანი მოვა და ისე გელაპარაკება, რომ ხვდები, ზუსტად ისე აღიქვამს ქანდაკებას, როგორი აზრიც მასში ჩადე, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ქანდაკებას ძალიან იდუმალი და მისტიკური ძალა აქვს, განსაკუთრებულ ენერგიას ასხივებს და მასთან გაჩერების სურვილი ყველას უჩნდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა