რატომ „ახევენ სახეს“ აფხაზები რუსებს და რას სთხოვს რუსეთში მცხოვრები დათო გოგიშვილი ქართველებს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 22.03, 2022 წელი

დათო გოგიშვილი რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის მთელ მოსახლეობას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე, სწორედ ემიგრანტებისთვის აღმოჩნდა.
დათო გოგიშვილი: მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამ პერიოდში ქართველები რუსეთში ზეწოლას ვგრძნობთ. რუსულ საზოგადოებაში საკმაოდ თბილი დამოკიდებულება იგრძნობა ქართველების მიმართ, რაც დიდწილად ტურისტული ურთიერთობების დამსახურებაა. თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, აქ ქართველი ემიგრანტებისთვის კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა. რუბლი ძალიან გაუფასურდა. მთელი ქართული დიასპორებიდან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული, საქართველოში გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაცია იყო – წელიწადში 650 მილიონი დოლარის ოდენობით. ახლა კი ამ თანხის ათი პროცენტიც ვეღარ შემოედინება, რაც თავის მხრივ, ჩვენი ლარის სიმყარის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი იყო. მაგალითად, თუ რუსეთში შეფ-მზარეულის ხელფასი, ძველი კურსით, 2 000 დოლარს სცდებოდა, ახლა, საშუალოდ, სამასი დოლარია. აუტანელი სიტუაციაა, ბევრ ემიგრანტს საქართველოში ბანკის ვალები აქვს, ოჯახები ჰყავთ შესანახი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. ქართული ემიგრაციის რიცხვი რუსეთში 800 ათასზე მეტია და ეს აუცილებლად იმოქმედებს ისედაც ძალიან დუხჭირ მდგომარეობაში ჩავარდნილ საქართველოზე. მე ბევრ ემიგრანტთან მაქვს შეხება და ყველა ძალიან შეწუხებულია. გარდა ახლანდელი მატერიალური პრობლემებისა, ხალხს უფრო მეტად მომავლის ეშინია, რადგან არ იციან, რა იქნება მერე. ყველა ვარიანტში, ჩემი აზრით, საქართველო უნდა ელოდოს რუსეთში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების ტალღას.
– თქვენ სად მუშაობთ?
– მე ამჟამად ნიჟნი ნოვგოროდში, ქართულ რესტორანში ვმუშაობ. მანამდე სხვა ქალაქებში ვმუშაობდი, ხუთი წელია, აქ ვარ და ბოლო პერიოდში იმის მესამედი აღარ არის ჩემი გასამრჯელო, რაც რამდენიმე წლის წინ, აქ ჩამოსვლისას იყო.
– როგორია განწყობები? სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხალხი პანიკაშია, ყველაფერი ისმინება...
– როგორ ატყვევებენ რუს ჯარისკაცებს უკრაინაში, ანადგურებენ რუსულ კილომეტრიან კოლონებს და ასე შემდეგ, ამ ტიპის ვიდეოების გაზიარებაზე სახელმწიფომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააწესა. ზოგადად, რუსეთში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია. ახლახან, მიტინგზე ახალგაზრდა ქართველი ბიჭი დაუჭრიათ, საქართველოს დროშა ეჭირა და ფურცელზე ეწერა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოაო.
– ხშირად გვესმის რუსი ხალხის მისამართით მოწოდებები: გადით ქუჩაში, დაამხეთ პუტინის მთავრობა. რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ ეს?
– ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი აქეთ წავა. ნელ-ნელა იღვიძებს რუსული გონი. აქ ცოტა სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. საქართველოში გაცილებით ძლიერია პროტესტული ელექტორატი. რუსებს ეს განწყობა არ აქვთ, მათ მენტალობას ჯერ კიდევ მოჰყვება კომუნისტური მიდგომები. ნელ-ნელა იღვიძებენ, შექმნილმა სოციალურმა სიდუხჭირემ, უნდათ თუ არა, მათში გარკვეული გრძნობები გააღვიძა. როგორც მინიმუმ, რუსული საზოგადოება დაარწმუნა, რომ პუტინი ისეთი მაგარი არ ყოფილა, როგორიც ეგონათ. პროტესტი იზრდება, მაგრამ ნელი ნაბიჯებით.
განა ვინმეს ვამტყუნებ ქართული საზოგადოებიდან, როცა რუსეთის მიმართ პროტესტს გამოთქვამენ. ეს არის ქვეყანა, რომელმაც სამშობლო დაგვიბომბა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მათ ძალიან ბევრი ბოროტება გაგვიკეთეს, ამაში არავის ვედავები, მაგრამ საზოგადოებრივ დონეზე, რუსი ხალხი, პირიქით, უაღრესად პოზიტიურად არის ჩვენდამი განწყობილი. საქართველოში ამ რუსოფობიურმა გამოსვლებმა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რუსეთის მიმართ აგრესიის საფუძველი, თან საქართველო პატარა ქვეყანაა და ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ამ მასშტაბის მიგრაციას ვერ აიტანს, მაინც ყველას – ვინც საფუძვლიანად არის გაბრაზებული რუსეთზე, მოვუწოდებ, ქართველი ემიგრანტების დიდი თხოვნა იქნება, თუ შეძლებენ, ჩვენ ცოტათი მაინც გაგვითვალისწინონ. იფიქრონ იმაზე, რომ აქ ჩვენ მიმართ არ წამოვიდეს საპასუხო აგრესია. ეს ანტირუსული აგრესია პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენდამი მათ დამოკიდებულებაზე და ჩვენ აქ ვცხოვრობთ. სანამ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდებოდა, რუს ხალხს პეტიცია ჰქონდა მომზადებული ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ. სოციალურ ქსელებში დიდი ტალღა იყო აგორებული, აპროტესტებდნენ – ჩვენ ქართველები იქ თან გვყვებიან და მათ ფულის გადახდა არ უნდა უწევდეთ რუსეთში ჩამოსასვლელად, ეს დიდი უსამართლობააო. ჩვენს საპირწონედ, აფხაზეთში ძალიან ცუდი ვითარებაა, აფხაზები საშინელებებს უკეთებენ რუსებს. ნამდვილად არ ვიცი, რამ გამოიწვია აფხაზეთში ასეთი განწყობები, მაგრამ საშინელი აგრესია აქვთ რუსების მიმართ. რასაც ჰქვია „სახეს აძრობენ“ მათ და ამ ფონზე ჩვენგან რომ კეთილგანწყობა დაინახეს, ძალიან ბევრი რამის მიმართ შეეცვალათ წარმოდგენები და განწყობები.
ვიღაცები წერენ სოციალურ ქსელში, რა გინდათ აგრესორ ქვეყანაში, დაბრუნდით საკუთარ სამშობლოშიო. უფ, რა კარგია! არ დამხვდეს ღარიბაშვილი საზღვართან და უცებ, 2 000-ლარიანი სამსახური არ შემომაგებოს. ადამიანებო, ეს დილეტანტური მსჯელობაა, სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ჩემს სამშობლოზე უკეთეს ადგილას რომ ვერსად წავალ, მეც ვიცი, მაგრამ ეს ისე მარტივი არ არის, როგორც „ფეისბუქზე“ პოსტვა. სამშობლოში დაბრუნებისკენ რომ მოგვიწოდებენ, 800 ათასი ემიგრანტი რუსეთიდან და მილიონზე მეტი ევროპიდან, რომ დავბრუნდეთ და დავსხდეთ საქართველოში, ვინმეს უფიქრია, რა იქნება მერე?! მერწმუნეთ, ეს კატასტროფა იქნება.
აქამდეც არაერთი რუსი ბიზნესმენი ჩამოსულა საქართველოში ბიზნესის საკეთებლად, ბევრს აქვს აქ ბინები, ბინადრობის უფლება, რაც მოქალაქეობის წინა ეტაპია. აქამდე კაციშვილს ხმა არ ამოუღია და სანამ რუსეთი უკრაინაში ჯარს არ შეიყვანდა, მანამდე რა ხდებოდა, არ იყვნენ აგრესორები? თუ ჩვენ აგრესია გვქონდა და იმასაც ვაცნობიერებდით, რომ მათი ამ დოზით საქართველოში შემოსვლა გარკვეულ რისკებს შეიცავს, და გეთანხმებით, ბატონებო, ეს ასეა, აქამდე რას ვფიქრობდით, რატომ არ მოვიკითხავდით ამ ადამიანებს, რა სამაჩაბლოში და აფხაზეთში ომი არ იყო? იქ არ დაუღვრიათ სისხლი და ბოროტება არ ჩაუდენიათ რუსებს? ამის შემდეგ არ გაივსო ბათუმი და თბილისი რუსებით? რატომ არ კითხულობდნენ, კარგები იყვნენ თუ ცუდები, სამჯერ მეტ ფასად რომ აქირავებდნენ ბინებს ორი და სამი წლის წინ? ტურიზმის ბუმი რომ იყო ამ ქვეყნიდან, მაშინ სად იყვნენ?! ახლა უკრაინამ გამოგაფხიზლათ? კი ბატონო, ამაშიც მართლები ხართ, მაგრამ ამის კონტროლს საზოგადოება ვერ შეძლებს. ამ საკითხში კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.
– სანქციებმა რეალურად შეცვალა რუსეთში განწყობები?
– სანქციებმა რომ რეალური პოლიტიკური შედეგი გამოიწვიოს, ამას დრო დასჭირდება. 40-გრადუსიან ყინვაში რუსების გაყინული ტვინის გალღობას ძალიან დიდი დრო უნდა. მე ვერ გეტყვით, რომ ორ თვეში მთელი რუსეთი ამხედრდება და პუტინს მიადგება, ეს რა ქენიო. თავი არავინ მოიტყუოს, ეს სანქციები უდიდეს დარტყმას მიაყენებს რუსეთს, მაგრამ ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროპის ეკონომიკისთვისაც უდიდეს რისკებს შეიცავს, საჭიროა გაზის ალტერნატიული რეზერვების მოძიება. აი, ნავთობზე ემბარგო ნამდვილად ჩააგდებს რუსეთს ცუდ მდგომარეობაში, რომლიდან გამოსვლასაც ათეულობით წლები დასჭირდება. თუმცა, უკვე არსებული მდგომარეობიდან გამოსავლასაც დიდი დრო უნდა.
მე პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ცხრა წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსეთის ისტორიას, ამ ერის მენტალიტეტს და ფსიქოლოგიას ვსწავლობდი. თამამად ვიტყვი, რომ რუსეთოლოგიის დარგში ძალიან კომპეტენტური ვარ და ერთ რამეს გეტყვით – ჩვენ რუსეთის დაღუპვა ამოგვასუნთქებს და რაღაც მიმართულებებში ბენეფიტებს მოგვცემს, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც შესაძლოა, ვიმეორებ, შესაძლოა, ძვრები დაიწყოს. თუმცა, ეს არის უზარმაზარი მონსტრი 140-მილიონიანი მოსახლეობით და ამხელა ერის კატასტროფა მარტო საქართველოს კი არა, არც დანარჩენ მსოფლიოს მოუტანს კარგს. ჩვენ რუსეთს პასუხი უნდა მოვთხოვოთ, უნდა დავსაჯოთ, იმისთვის, რაც გააკეთა და პარალელურ რეჟიმში უნდა გადავარჩინოთ და შევცვალოთ. ამ სიტუაციაში ევროპა ყველაზე არასაიმედო პარტნიორია, რადგან მან შეიძლება, ვერ შეინარჩუნოს რუსეთის წინააღმდეგ პრინციპულობა, რადგან მათთვისაც წაგებიანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. თუმცა, ამის მიუხედავად, თუ ეს შეძლეს, უკაცრავად და თუ ერთი ადგილის თამაში არ დაიწყეს, ეს მოცემულობა, რომელიც უკრაინის გამო შეიქმნა, შეიცავს ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან გაშვებისა და რუსეთის შეცვლის რესურსს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან