საზოგადოება

რატომ აღნიშნავს გეგე სულხანიშვილი დაბადების დღეს ყოველთვის ყველაფრის მიუხედავად და როგორ დაიბადა ის ქალების საჩუქრად

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 17.01

გეგე სულხანიშვილი
დაკოპირებულია

გეგე სულხანიშვილი ამ ქვეყანას განსაკუთრებულ დღეს – 8 მარტს მოევლინა. საკუთარი დაბადების დღე ძალიან უყვარს და მის აღნიშვნაზე უარს არასდროს ამბობს.

გეგე სულხანიშვილი: ბევრი ამბობს, საკუთარი დაბადების დღე არ მიყვარსო, მე მათ ვერ დავეთანხმები, ეს დღე ნამდვილად მიყვარს. სანამ ბავშვი ვიყავი, არ მესმოდა, რომ 8 მარტს, განსაკუთრებულ დღეს ვარ დაბადებული. ცოტა აზრზე რომ მოვედი, მერე მივხვდი, რომ ქალბატონების დღესასწაულზე დავიბადე. დღეს იმდენად აღარ, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში ამ დღეს განსაკუთრებულად დღესასწაულობდნენ. ოჯახებში ზღაპრული სუფრები იშლებოდა და ძალიან მიხაროდა, რომ ასეთ ლამაზ დღესასწაულზე გავჩნდი.

ვამბობ ხოლმე, ღმერთო, ალბათ, 8 მარტს იმიტომ გამაჩინე, რომ ქალბატონებისთვის საჩუქარი გაგეკეთებინა ჩემი სახით-მეთქი. საჩუქარი ვარ ქალებისთვის (იცინის). სინამდვილეში, ყველას უნდა უყვარდეს საკუთარი დაბადების დღე, მნიშვნელობა არ აქვს, რა რიცხვს ან დღესასწაულს ემთხვევა ის. წარმოიდგინეთ, რამდენი ჩემზე ბევრად ლამაზი და ნიჭიერი ვერ გაჩნდა ამქვეყნად და მე რომ დავიბადე, ეს უკვე გამართლებაა. თუ იმას გააცნობიერებ, რომ უფალმა მაინცდამაინც შენ მოგავლინა ამქვეყნად, თუ ამ ფაქტს კარგად ჩაუფიქრდები, მაშინ უფლის და სიკეთის გზით უნდა იარო. უფალმა გაგიმართლა და შენც უნდა გაუმართლო უფალს.

– ესე იგი, ბავშვობაში დაბადების დღეს ქალბატონების სადღესასწაულო სუფრებზე აღნიშნავდით.

– ასეა. თუ ჩვენს სახლში არ იკრიბებოდნენ, დედაჩემი თან წამიყვანდა ხოლმე. ხან ერთის ოჯახში იყო შეკრება, ხან – მეორის. რომელ ოჯახშიც არ უნდა ვყოფილიყავით, მამაკაცები სუფრასთან არ სხდებოდნენ, გარეთ ტრიალებდნენ. სულ ვფიქრობ, რატომ იყო ასე-მეთქი. ალბათ, უფრო ვაჟკაცური მამაკაცები იყვნენ და ფიქრობდნენ, ქალბატონების დღე მხოლოდ მათთვის დაეთმოთ და არ ერეოდნენ, შორიდან ეფერებოდნენ. მწვადი იწვებოდა ეზოში თუ სხვა რამ მზადდებოდა, მას აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ სუფრასთან არ მოდიოდნენ. სუფრა მხოლოდ ქალების და ბავშვების იყო. ასეთი ტრადიცია იყო მაშინ. იყო ამაში თავისებური სილამაზე. მეუღლე რომ გიზის გვერდით ისე თავისუფლად ვეღარ ერთობი. ამას სჯობს, ქალებმა თავისუფლად ატარონ დრო. არ მოერიდოთნ საკუთარი ან მეგობრის მეუღლეების.

– საკუთარი თავისთვის გაგიკეთებიათ საჩუქარი დაბადების დღეზე?

– ყველაზე კარგი საჩუქარი იმ ადამიანების ჩემ გვერდით ყოფნაა, ვისაც პატივს ვცემ და მიყვარს. თუმცა, ისიც ტრადიციაა, რომ საჩუქარი აუცილებლად უნდა მოეტანათ. გარკვეულ ასაკამდე ეს ძალიან მახარებდა.

ჩვენ დროს, მშობლები სუფრას თანაკლასელებისთვის აკეთებდნენ, მერე – მასწავლებლებისთვის. მაგ დროს მასწავლებელი რომ მომეფერებოდა, ისეთიც კი, რომელზეც ვფიქრობდი, რომ თვალში არ მოვუდიოდი, ძალიან მიხაროდა. ლექსებს მიძღვნიდნენ, მანებივრებდნენ. სხვათა შორის, შენახული მაქვს 70 წლის წინ დაწერილი ლექსები, რომლებიც ჩემმა მასწავლებლებმა დაბადების დღეზე მომიძღვნეს. ამაში ვერავინ შემედავება, ადრე სულ სხვანაირად სუფთა ურთიერთობები იყო. ლექსებს იმიტომ არ მიძღვნიდნენ, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. არც მშობლების თანამდებობის გამო, უბრალოდ, ყველა ბავშვის გახარებას ცდილობდნენ. ეს ყველაფერი ძალიან სუფთა იყო. მერე და მერე სიყალბე შევიდა მასწავლებლების დამოკიდებულებაშიც, მე ამას ვაკვირდები. ჩემს ბავშვობაში ასე არ იყო.

– ყველაზე გამორჩეულად რომელი დაბადების დღე დაგამახსოვრდათ?

– ალბათ, 16-17 წლის ვიყავი. კალათბურთს ვთამაშობდი საქართველოს ნაკრებში და შეჯიბრებაზე წავედი. მაშინ პირველად დავტოვე საქართველო და სხვა ქვეყანაში მომიწია დაბადების დღის აღნიშვნა. თუ არ ვცდები, მოსკოვში ვიყავით და მაშინ პირველად აღვნიშნეთ რესტორანში ჩემი დაბადების დღე. ჩემპიონები გავხდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით. ერთი ჭიქის დალევის უფლებაც მივეცით საკუთარ თავს. სხვა დრო იყო, სახლის გარემოში აღნიშვნას ვიყავი მიჩვეული და რესტორანში დაბადების დღის გადახდა ჩემთვის ძალიან უცხო იყო. მერე ვიღაცამ მიკროფონში მომილოცა და ჩემთვის ეს საერთოდ ახალი იყო. მას შემდეგ იმაზე კარგიც ბევრი იყო, მაგრამ ის განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. იმდენად, რომ იქ მყოფი ადამიანების სახეები და სიტყვებიც კი მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 63 წელი გავიდა.

– ამ დღეს უცნაურ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

– რადგან სპორტულ ცხოვრებას ვეწეოდი, ბევრს ვმოგზაურობდი და ზოგჯერ მატარებელშიც აღმინიშნავს დაბადების დღე, თვითმფრინავშიც... ეს ყველაფერი ძალიან ორიგინალური და დასამახსოვრებელი იყო. სამ დღეს რომ მატარებელში ვატარებდით, წარმოიდგინეთ, როგორი მხიარულება იქნებოდა. თან გოგონებისა და ბიჭების გუნდები ერთად მივდიოდით.

საერთოდ, მარტი რომ დადგება, უკვე ვფიქრობ, ვინ ვიყოლიო გვერდით ამ დღეს, ვინ გამილამაზებს დაბადების დღეს თავისი ლექსით, სიმღერითა და ცეკვით. ასეთ დღეს, ადამიანი ცდილობ, ისეთი ადამიანები შემოიკრიბო, ვისთან ერთადაც სიამოვნებით გაატარებ დროს. შეიძლება, წინა დღეებში რაღაც ცუდიც მოხდეს და არ გქონდეს განსაკუთრებულად აღნიშვნის ხალისი, მაგრამ ვიწრო წრეში მაინც უნდა აღნიშნო, სულ ისე არ უნდა ჩაიაროს ამ დღემ.

– ასაკის მატება ხომ არ გაშინებთ?

– აბსოლუტურად არა. ვინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ ცხოვრებას ძალიან ვაფასებ. წარსულიც მიყვარს, დღევანდელობაც და ხვალინდელ დღეს ოპტიმისტურად ვუყურებ. ეს მეხმარება სულ კარგ განწყობაზე ვიყო. უფლის მადლით გამომდის კიდეც. არანაირი სიბერე! შეიძლება, ჩემს ასაკში ხალხი გარეთაც აღარ გამოდის, კონტაქტში აღარ შემოდიან. შეიძლება, მეზარება, შეიძლება, ამინდი არ მიწყობს ხელს, მაგრამ ვინმეს დაბადების დღე თუა, აუცილებლად უნდა წავიდე და მივულოცო. ჯერ ერთი, რომ მასაც გაუხარდება ჩემი მისვლა და მილოცვა და მეორეც, ამით ჩემს თავს ვაიძულებ, რომ არ გავზარმაცდე. სიბერის პირველი ნიშანი სიზარმაცეა. ტელეფონითაც შემიძლია მილოცვა და „ფეისბუქითაც“, მაგრამ არა, უნდა ავდგე, წავიდე და პირადად ვნახო იუბილარი. მე აქტიურად ვცხოვრობ და მგონია, რომ თუ ასე ცხოვრობ, უფალი შენ გვერდითაა და გეხმარება. სხვა ახსნა არ გამაჩნია. ყველას უკვირს, ამხელა კაცი, მივდივარ, ვქეიფობ, ვმღერი... სიმღერა, იუმორი... არაფერს ვაკლებ. მე სულ მგონია, რომ ყველა ასე უნდა იყოს. ბევრი ასე არ არის. რამე რომ წამოსტკივდება, ნებდება. ხან წელი მტკივა, ხან ფეხი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები, ამ ასაკისა ხარ, უკვე 81-ე წელში, ახალგაზრდებს აწუხებს ბევრი რამ და შენ 80 წლისასაც აღარ გინდა რამე გეტკინოს? სად არის ასე? არა უშავს, ადექი და წადი-მეთქი. ასეა, შენი თავი ხელში უნდა აიყვანო. მე ჩემი ფილოსოფია მაქვს და ყველას ვეუბნები, ასე მოიქცეს. ვინც მომისმენს, არ წააგებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა