საზოგადოება

რატომ აღმოჩნდა მარიამ ხაჭვანის მეორე შვილის დაბადება ბევრისთვის სიურპრიზი და რა არის მისთვის მისტიკური ამბების საბადო

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

მარიამ ხაჭვანი
დაკოპირებულია

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი მეორე შვილის დედა გახდა. მატილდა ჩხვიმიანი სამყაროს მაისში მოევლინა. მიუხედავად ორი შვილის დედობისა, მარიამი კვლავ აქტიურად აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და არც შვილებს აკლებს ყურადღებას.

მარიამ ხაჭვანი: ჩემი უფროსი შვილი - მართა იმდენად ცელქია, რომ ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდით მეორე შვილის გაჩენაზე. საბედნიეროდ, მეორე ისეთი რთული არ აღმოჩნდა, როგორიც პირველი, შესაბამისად, ჯერჯერობით ძალიან მარტივად ვუმკლავდებით ყველაფერს (იცინის). ახლახან ნორვეგიაში გვყავდა წაყვანილი. აქტიურ რეჟიმს უნდა მივაჩვიოთ. ვცდილობ, შვილები ჩემს კარიერას არ შევწირო და ის დრო რაც მათ მშობლისგან ეკუთვნით, ჰქონდეთ. ჩემი პროფესიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს ცოტა რთულია, მაგრამ თემო ყველაფერში ხელს მიწყობს, ჩემ გვერდითაა და ერთად ვახერხებთ, რომ კარიერაც განვაგრძოთ და ბავშვებსაც ყველაფერი მივცეთ. ჯერჯერობით გამოგვდის და იმედია, შემდეგშიც გამოგვივა.

– როგორ შეურჩიეთ სახელი?

– მატილდა ჩხვიმიანი გახლავთ. სახელი ჩემმა მეუღლემ შეარჩია. დიდხანს ვფიქროდით, რა დაგვერქმია და რადგან თემოს ძალიან მოსწონდა ეს სახელი, საბოლოო ჯამში მატილდაზე შევჯერდით. თან, მატილდა ბრძოლაში ძლიერს ნიშნავს და 9 მაისს გამარჯვების დღეს რომ დაიბადა, ძალიან გაგვიხარდა.

პირველი შვილი რომ გაჩნდება, ყველაფერი ძნელია. ძალიან ბევრ სირთულეს აწყდები და არ იცი, როგორ გაუმკლავდე, არ გაქვს გამოცდილება და ყველაფერზე ძალიან ნერვიულობ. მეორე შვილზე უკვე ბევრი რამ იცი და უფრო თავისუფლად ზრდი. ძალიან კომფორტულად ვარ, არ მეგონა, რომ მეორე შვილის გაზრდა ასე გამიმარტივდებოდა. ამიტომ, ვისაც ერთი შვილი ჰყავს და მეორე შვილის გაჩენაზე ჩემსავით ბევრს ფიქრობს, ვეტყვი, რომ ჯობ,ს ამდენი არ იფიქრონ (იცინის). ახლაც რომ ვიხსენებ, მართა რომ დაიბადა რამდენს ვნერვიულობდი, ყველაფერს განვიცდიდი. მატილდაზე – აღარ, ყველაფერს მშვიდად ვიღებ, ზედმეტ დისკომფორტს არც ბავშვს ვუქმნი და არც საკუთარ თავს.

– მართა როგორ შეხვდა პატარა დაიკოს?

– მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბევრს ვფიქრობდით და ვკითხულობდით ამასთან დაკავშირებით. ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომ მართა ოჯახის ახალ წევრს უმტკივნეულოდ შეგუებოდა. როცა მატილდა პირველად მოვიყვანეთ სახლში, მართამ ძალიან მკაცრად მითხრა, ბავშვი მომეციო. მივეცი და იმდენი აბურთავა, ცივმა ოფლმა დამასხა. არ ვიცი, რაები არ უყო და ძალიან ვინერვიულე. ვფიქრობდი, თუ ეს გველოდება წინ, წარმომიდგენია, რა დღეში ვიქნებით-მეთქი. მაგრამ, მაინც ყველაფრის ნება დავრთე. ვიცოდი, უარი რომ მეთქვა, მერე უარესს გააკეთებდა. ეს იყო და ეს, მას შემდეგ საერთოდ სხვა განწყობითაა, არც ეჭვიანობს, არც ბრაზობს. პირიქით, ძალიან კარგად ექცევა. მართა გრძნობს, რომ პატარას დიდი დოზით სჭირდება ჩემი ყურადღება და თითქოს, ცდილობს, ძალიან არ შემაწუხოს, ამიტომ უფრო მამასთანაა.

– ამ პროცესში როგორია მეუღლის როლი?

– მეუღლეს ძალიან დიდი როლი აქვს ამ პროცესში და განსაკუთრებით გოგო შვილებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი მამის ჩართულობა, რომ შვილები ძლიერები და ბედნიერები გაიზარდონ. ჩემი მეუღლე ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამაა, ჩემზე მეტადაც კი ეფერება და ხანდახან, მგონია, რომ ჩემზე მეტად უყვარს ბავშვები. ის რომ ასეთი არ იყოს, ალბათ, მე გასამმაგებული მოფერება მომიწევდა, რადგან მიმაჩნია, როცა შვილს აჩენ, მინიმუმ, 17 წლამდე გაქვს პასუხისმგებლობა, რომ მოეფერო და ნორმალური ცხოვრება მისცე. მატერიალურად უზრუნველყოფასა და სწავლა-განათლებაზე არ არის აქ საუბარი, ამაზე თავისთავად უნდა იზრუნო, შეძლებისდაგვარად, მაგრამ არა სხვა რამის ხარჯზე, ბავშვებს ფინანსებზე მეტად სიყვარული, მოფერება და თანადგომა სჭირდებათ და რაც არ უნდა გადატვირთული რეჟიმი ჰქონდეს მშობელს, ამისთვის დრო ყოველთვის უნდა დაიტოვოს.

რადგან ყველაზე მეტად ბავშვების მომავალს ბედნიერება განსაზღვრავს. საბედნიეროდ, ეს ჩვენს შვილებს აქვთ. ძალიან ძნელია ბავშვებთან ერთად მოგზაურობა, მით უმეტეს, როდესაც ფესტივალებზე მივდივართ და უამრავი საქმიანი შეხვედრა გვაქვს. კი, ძალიან ვწვალობთ მეც და ჩემი მეუღლეც, მაგრამ ამასაც მივეჩვიეთ და მარტივად ვუყურებთ.

– ისე გამოვიდა, რომ მეორე შვილის დაბადება ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა – საჯაროდ არ გითქვამს, რომ პატარას ელოდი.

– ჰო, არ მითქვამს და თან, ყველაზე მეტად იმან შემიწყო ხელი, რომ მუცელიც არ მეტყობოდა. ბევრმა კი არა, ოჯახი წევრების გარდა, თითქმის არავინ იცოდა. მეცინება ხოლმე, ხან ვინ მაძლევს შენიშვნას ამასთან დაკავშირებით, ხან – ვინ. ბავშვთან ერთად რომ მხედავენ, ისე გაიკვირვებენ ხოლმე, როდის გეყოლაო?! (იცინის).

ორსულობის პერიოდში მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე, ასევე, ვმუშაობდი ფილმების მონტაჟზე. ამიტომ, არ მინდოდა დამატებითი დისკომფორტი შემექმნა ჩემი თავისთვის. როცა იგებენ, რომ ფეხმძიმედ ხარ, ზედმეტად გიფრთხილდებიან, ჭკუას გარიგებენ, უამრავ კითხვას გისვამენ და რადგან მუცელი არ მეტყობოდა, ეს ყველაფერი სიამოვნებით ავირიდე თავიდან – გადავწყვიტე, არ მეთქვა (იცინის).

– ესე იგი, ფეხმძიმობის პერიოდი ძალიან აქტიურად გაატარე.

– ნამდვილად. გადაღებები მქონდა დაგეგმილი და ვერაფრით გადავდებდი. ორსულობა არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე. თან, მგონია, რომ როცა მოტივირებული ხარ, მერე ყველაფერი გამოგდის. ამიტომ დისკომფორტი არ შემიქმნია. ჩემს თავს თვითონ ვაძლევდი სტიმულს.

– ალბათ, ფეხმძიმობაც არ გქონია რთული.

– ორსულობა მაინც ორსულობაა და ძალიან მარტივი, ალბათ, არავისთვისაა, მაგრამ გააჩნია, როგორ შეხვდები ამას. როცა ბავშვი გავაჩინე, ერთ თვეში ნორვეგიაში მივდიოდი ფესტივალზე. ექიმს ვკითხე, შეიძლება, წავიყვანო-მეთქი?! ძალიან კარგი ექიმი მყავს – სოფო თამაზაშვილი, რომელმაც მითხრა, შენ უპრობლემოდ წაიყვანო. მერე თვითმფრინავში ან ბავშვი რომ გადაიღლებოდა, ან – მე, სოფოს სიტყვები მახსენდებოდა „შენ შეძლებ“ და მეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ერთი თვის იყო, ძალიან მარტივად და მგზავრობამ უპრობლემოდ ჩაიარა.

მე ვფიქრობ, რომ როდესაც მოტივირებული და ფოკუსირებული ხარ შენს მიზანზე და იცი, რა გინდა და რატომ, მერე უკვე ყველაფერი შედარებით მარტივად მიდის. ზედმეტად არ უნდა დაისტრესო თავი, მაგრამ ამ მდგომარეობამდე მისვლა მარტივი არ არის. ბევრი ფიქრი და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ მეორეხარისხოვანი პრობლემები მთავარ პრობლემად არ აქციო და მათზე დიდი დრო არ დახარჯო. ასევე, მნიშვნელოვანია დადებითი ენერგიებით დაიმუხტო, რომ პრობლემებთან ჭიდილი გაგიმარტივდეს. მე ამაზე ბევრს ვმუშაობდი. როგორც განაწყობ საკუთარ თავს, ისე განვითარდება შენი ცხოვრება. თუ თავს დაისტრესავ, სულ სტრესში მოგიწევს ცხოვრება, თუ დადებით ენერგიებს მოიზიდავ, უარყოფითი აღარ მოგეკარება.

– ალბათ, არც ახლა აპირებ გაჩერებას...

– რა თქმა უნდა, არა. აგვისტოში ბოსნიაში, სარაევოს კინოფესტივალზე გვიწევს წასვლა. ჩემი ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს. პარალელურ რეჟიმში სცენარზე კი ვმუშაობ. დავიწყე სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის სცენარის წერა ქალღმერთ დალიზე. პარალელურად, ვაგრძელებ საფესტივალო მოგზაურობასა და შეხვედრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის. თან გამიმართლა და ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კაცების მიწა“ A კლასის კინოფესტივალზე მოხვდა და ამის შემდეგ 12 კინოფესტივალიდან მივიღე მოწვევა. თვეში რამდენიმე ფესტივალზე გვეპატიჟებიან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მივდივართ.

სადმე წასვლაც რომ არ გვიწევდეს, რეჟისურა ისეთი პროფესიაა, შეიძლება, სვანეთში, საკუთარ სახლში ვიჯდე და ვმუშაობდე. დილაა, საღამოა, ღამე, შაბათი თუ კვირა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, გონება სულ სამუშაო პროცესშია. ამ პროფესიას დრო და ადგილი არ აქვს, თუმცა, ბოლო პერიოდში ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, რომ დასვენებაც შევძლო – ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიის აღსადგენად.

– სადაც არ უნდა წახვიდე და საზღვრებს გარეთ რა წარმატებაც არ უნდა მოიპოვო, სვანეთს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში...

– აპრილში ორი კვირით ვიყავი შვეიცარიაში. მოგეხსენებათ, შვეიცარია როგორი განვითარებული ქვეყანაა, საოცრად დაცულად გრძნობ თავს და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ალბათ, ყველა იოცნებებს ასეთ გარემოში ცხოვრებაზე. ყოველ ჩასვლაზე აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნით, მაგრამ ათი დღე რომ გავიდა, მივხვდი, რომ როცა ყველაფერი მოწესრიგებულია, ესეც სწყინდება ადამიანს. რატომ მინდა სვანეთში ყოფნა? სვანეთში საოცარ ენერგიებს ვიღებ. სხვანეთში ცხოვრება იმდენად განსხვავებულია, იმდენად დაუგეგმავი და მოულოდნელობებით სავსე, რომ ეს არაპროგნოზირებადი გარემო ადამიანს ემოციებით გმუხტავს. იქ, სადაც ყველაფერი ძალიან „დავარცხნილია“, თითქოს დუნდები და უემოციო ხდები. დასვენებული და მოდუნებული გონება კი ვერ ქმნის ისეთ საინტერესო პროდუქტს. მაგალითისთვის, ირანელი რეჟისორები ძალიან საინტერესო კინოს აკეთებენ, ამაში ყოველ ფესტივალზე ვრწმუნდები. საქმე ისაა, რომ როცა ვითარება დაძაბულია, როცა გარემო არაპროგნოზირებადია, შეიძლება, ცხოვრების კუთხით ცოტა რთულია, თუმცა, შემოქმედებითი თვალსაზირისით, ეს ბევრის მომცემია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ სვანეთში შეიძლება, თვეში ორჯერაც ჩამოვიდე, თუ გარემო პირობები ხელს მიწყობს. აქაური ქაოსი ძალიან მხიბლავს. თან, სვანეთი მისტიკური ამბების საბადოა, რაც ჩემთვის შთაგონების წყაროა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა