საზოგადოება

რატომ აძლევდნენ გიული ჭოხონელიძეს უარყოფით როლებს და რომელი ფილმის გადაღების დროს გარდაიცვალა 13 მსახიობი

№49

ავტორი: ეკატერინე პატარაია 15:40

გიული ჭოხონელიძე
დაკოპირებულია

„არცერთ სურათში კარგად ჩაცმული არა ვარ. სულ ღარიბებს, მონებს, ქურდებსა და ყაჩაღებს ვთამაშობ“, – ამბობდა მსახიობი და რეჟისორი გიული ჭოხონელიძე, რომელიც ამ სიტყვებით უთუოდ მოგაგონებთ ინდური ფილმის „ბატონი 420-ის“ მთავარი როლის შემსრულებლის, რაჯ კაპურის გმირს – რაჯს. ქურდის როლი, ფილმში – „დღე პირველი, დღე უკანანსკნელი“ – მართლაც რაჯის გმირთან ასოცირდება. გიული ჭოხონელიძემ უხმაუროდ იცხოვრა. მუშაობდა და იღვწოდა მაყურებლისთვის. ქართული კინოს ისტორიაში კი დატოვა ძალზედ საინტერესო სახეები და ფილმები. სულ რომ არაფერი ვთქვათ მის შემოქმედებაზე, ერთი „ანთიმოზ ივერიელიც“ საკმარისი იქნებოდა. საქართველოდან მოტაცებული და მონათა ბაზარზე გაყიდული პატარა ბიჭი რუმინეთის მიტროპოლიტად და რუმინელი ხალხის სულიერ მამად იქცა. 1992 წელს კი ანთიმოზ ივერიელი ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. რამდენს ნიშნავს გადაიღო ამ დიდ პიროვნებაზე არცთუ ისეთი მარტივი, ისტორიული ფილმი, მთავარი როლი ითამაშო რეჟისორმა და სრულიად უსახსროდ დაითანხმო ისეთი დიდი მსახიობები ამ ფილმზე, როგორებიც იყვნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, ოთარ კობერიძე, ლია ელიავა, მურმან ჯინორია, გიორგი გეგეჭკორი, ნოდარ მგალობლიშვილი, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ ფირცხალავა, გუჯა ბურდული და სხვანი. როგორც ბატონი გიული ამბობდა, ეს იყო მისი ერთადერთი სურათი, რომელიც დიდ ეკრანებზე ვერ გამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმს უსახსრობის გამო იგი 9 წელი იღებდა და ამ ფილმზე მუშაობის პერიოდში 13 მსახიობი გარდაიცვალა. ახლა კი, მისი კინო და ცხოვრებისეული ამბები, რომელიც ვფიქრობ, ყველას ერთნაირად დაგაინტერესებთ.

კინოს სიყვარულით...

„ვხატავდი. ხატვა ძალიან მაინტერესებდა. მხატვარი მეგობრებიც მყავდა – გურამ გელოვანი, ზურაბ ნიჟარაძე. სულ ერთად ვიყავით და ერთად ვხატავდით, მაგრამ უცბად, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე ჩაბარება გადავწყვიტე, რაც ჩემთვის ძალიან საიტერესო და იღბლიანი აღმოჩნდა. ჩემს კურსზე იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე, ლეილა აბაშიძე, გურამ საღარაძე. ვგიჟდებოდი კინოზე და მინდოდა, მეც მეთამაშა. კინო უშუალო შინაგანი განცდა, გული და თვალია. ინსტუტუტი რომ დავამთავრე, სხვებთან ერთად რუსთაველის თეატრში გამანაწილეს. მერე მოსკოვში „ვგიკში“ სწავლა მომინდა. წავედი კიდეც დთ როგორც თეატრალურ ინსტიტუტდამთავრებული, მესამე კურსზე დამსვეს. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი სერგო ფარაჯანოვის მოლდოვური ზღაპარი „ანდრიაში“ იყო, სადაც მთავარ როლს მე თვითონ ვთამაშობდი. მალე ფარაჯანოვმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი და იქაც მთავარი როლი ვითამაშე. საკავშირო მასშტაბით სულ 60 კინო- როლი მაქვს შესრულებული. არ დარჩა რესპუბლიკის კინო, სადაც ერთი, ორი მთავარი როლი არ მეთამაშოს. მერე რეჟისურას მოვკიდე ხელი. ჩემი პირველი სურათი „ქოჩორა“ იყო. მას მოჰყვა „წინაპართა მიწა“, რომლის რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც მე ვიყავი. 1985 წელს „მოსფილმში“ გადავიღე დიდი, ორსერიიანი სურათი „ბაგრატიონი“. ერთადერთი ქართველი რეჟისორი ვარ, რომელიც „მოსფილმში“ იყო მოწვეული ფილმის გადასაღებად. ასევე „მოსფილმში“, რუსეთის დაფინანსებით, გადავიღე „სპირალი“.

ანთიმოზ ივერიელი

ამ ფილმისათვის ბუქარესტს ვესტუმრე, სადაც შვიდი ქვეყნის პატრიარქი იყო ჩასული. ეს იყო ძალიან რთული სურათი, რომლის ქრონომეტრაჟი სამსაათ-ნახევარია. ფაქტობრივად, ანთიმოზ ივერიელის გარშემო მასალა არ გაგვაჩნია, მისი გვარიც კი არ ვიცით. რომ დამჭირდა, გვარი ვერ მოვიპოვე, მაგრამ რუმინეთს მდიდარი მასალა აქვს ამ პიროვნებაზე, რაც ძალიან დამეხმარა. ეს არის ჩემი ერთადერთი სურათი, რომელსაც დიდი ეკრანი არ ეღირსა. კინოს მხრივ საქართველო დაღუპული ქვეყანაა. კინოდარბაზები აღარ არის. გაიყიდა. ადრე ფილმებს რომ ვიღებდი, 50 ასლს ვაკეთებდით, რუსულ და სხვა ენებზე ვთარგმნიდით. არ ვიცი, რისთვის გადავიღე ეს სურათი. ფილმი იმისთვის არსებობს, რომ მაყურებელმა ნახოს, მაგრამ ჩვენთან ამის საშუალება აღარ არის... მაშინ შევარდნაძემ წამიყვანა რუმინეთში და რუმინეთის პრეზიდენტს, ილიესკუს შემახვედრა. მოვილაპარაკეთ, რომ ნახევარს ისინი დააფინანსებდნენ, ნახევარს – ჩვენ. მათ ამ სურათში 2,5 მილიონი უნდა გადაეხადათ, ჩვენ, როგორც ღატაკ ქვეყანას – 400 000 ლარი. ვერცერთმა მხარემ ვერ შევძელით ამ თანხის გადახდა, ამიტომ 9 წელი ვიღებდი ამ ფილმს. მაშინ დიდი არეულობა იყო რუმინეთში. სურათზე მუშაობის პერიოდში 13 მსახიობი გარდაიცვალა. ისეთი პერიოდი იყო, ხალხი შიმშილით იხოცებოდა. მსახიობებს ფულს ვერ ვუხდიდი და ასე, წამებით გადავიღე სურათი. ხან ვის ვთხოვდი დახმარებას და ხან – ვის. გვირაბმშენის უფროსი ჩალაძე დაგვეხმარა. ტურიზმის დეპარტამენტის მმართველი ომანიძე, რუმინეთში ტურბაზას დაუკავშირდა და 60 კაცი უფასოდ მიგვიღეს. რუმინეთის პატრიარქმა რამდენჯერმე თავის სასტუმროში გვაცხოვრა უფასოდ. ჯარი დამჭირდა და პოლიციამ მომცა. როცა დავით გარეჯი დამჭირდა, ისევ ომანიძე დაგვეხმარა, დაგვაფინანსა. ამჟამად ვმუშაობ ახალ ფილმზე – „განდეგილი“, რომელიც ასევე უფინანსობის გამო ვერ დავამთავრე. რუმინეთის პატრიარქ თეოკტისტეს „ანთიმოზ ივერიელი“ ძალიან მოეწონა. ანთიმოზ ივერიელი რუმინელი ხალხისთვის ისეთივეა, როგორც ჩვენთვის შოთა რუსთაველი. ივერიელი 12 ენას ფლობდა, პოლოგლოტი იყო, საოცრად განათლებული და ორატორი. ფილმისთვის ტაძარში წირვის სცენის გადაღება დამჭირდა. პატრიარქის სამოსით ვიყავი და ტაძარში შემოსული ხალხი, კურთხევას მე მთხოვდა. ეგონათ, უცხო ქვეყნის პატრიარქი იყო ჩასული. ყველა მათგანს ხომ ვერ ავუხსნიდი, რომ მსახიობი ვარ და ფილმს ვიღებ-მეთქი. მეც, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც იყო საჭირო. ერთი მონაზონი დაეჭვდა და სადაც წავიდოდი, სულ თან დამყვებოდა. ბოლოს, გადაღებები რომ დავამთავრეთ, ტაძრიდან გამოვედი და წვერი ავიგლიჯე. მოვიხედე და ის ქალი გაოცებული დგას და მიყურებს. ხელში ჯვარი ეჭირა და სატანა, სატანაო, გაიძახოდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი