საზოგადოება

რაში უწევს კონკურენციას მეუღლეს გიორგი მოსიძე და როგორ აქცია ემილია ხალილოვამ საყვარელი საქმე ბიზნესად

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 11.02

ხალილოვა
დაკოპირებულია

ემილია ხალილოვა „ბატონი წამყვანის“, გიორგი მოსიძის მეუღლე გახლავთ. ქალბატონ ემილიას ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს, რომლის შესახებაც ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

ემილია ხალილოვა: ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი მოგზაურობას უჭირავს. საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მიყვარს ხანგრძლივი და საინტერესო მოგზაურობა. როგორც წესი, 10-15 დღით მივდივარ სამოგზაუროდ. რომელიმე ქვეყანაში რომ ჩავდივარ, ვცდილობ, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანი და ლამაზია, კარგად შევისწავლო, რასაც 2-3 დღე არ ყოფნის. მხოლოდ ევროპით არ შემოვიფარგლები და ჩემთვის საინტერესო ქვეყნებს ვირჩევ. მაგალითად, აზია და აფრიკა განსაკუთრებით მხიბლავს. ჩემი ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობა მადაგასკარზე იყო.

– როგორც სოციალური ქსელიდან მივხვდი, ძალიან შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო.

– ეს არის უზარმაზარი კუნძული, აბსოლუტურად განსხვავებული ფლორითა და ფაუნით. რომ მივდიოდი, რატომღაც, მეგონა, რომ იქ ბევრად უკეთესი მდგომარეობა დამხვდებოდა. რეალურად, კუნძულის უზარმაზარი ნაწილი გადამწვარია მოსახლეობის მიერ. ადამიანები შიმშილის პირას არიან, ხის მასივებს წვავენ, რომ გადარჩნენ. სხვა გზა არ აქვთ, ან შიმშილით უნდა დაიხოცონ, ან თავიანთი გარემო უნდა გაანადგურონ. ამის ნახვამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ ასეთია მათი რეალობა. თუმცა, დაცულ ტერიტორიებზე ყველაფერი შემონახულია და იქაურობის მონახულება ძალიან საინტერესოა.

– გველის წელს, პირდაპირი გაგებით, გველთან ერთად შეხვდით, არა?

– კი (იცინის). საინტერესო ისაა, რომ მადაგასკარზე გველის ასამდე სახეობა არსებობს და არცერთი მათგანი არ არის შხამიანი. შესაბამისად, ძალიან უწყინარი ქვეწარმავლები არიან. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც გველსაც უპრობლემოდ შეგიძლია მოეფერო (იცინის).

გარდა ამისა, აფრიკაში ზანზიბარისა და ტანზანიის მხარე მოვინახულეთ, უკვე მეორედ ვიყავი ამ მხარეში. პირველად მოგზაურობისას გავიგე, რომ არსებობს ნაკრძალი, სადაც შეგიძლია, შეხვიდე და ცხოველებს მოეფერო, აჭამო და მთელი დღე მათთან ერთად გაატარო. მაშინვე დავგეგმე იქ ხელმეორედ მოგზაურობა, თორემ, როგორც წესი, ვცდილობ, ერთ ქვეყანაში მეორედ არ ჩავიდე. როცა სამი შვილი გყავს, ოჯახი გაქვს და გარდა ამისა, ბიზნესიც, მოგზაურობა კი შენი ჰობია, ცდილობ, დრო, რომელსაც წლის განმავლობაში მოგზაურობისთვის გამოყოფ, აუცილებლად ახალი ქვეყნის მოსანახულებლად გამოიყენო. ასეც ვიქცევი, მაგრამ აფრიკაში ამ ნაკრძალმა მეორედ ჩასვლის მიზეზი მომცა და იქ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიმოგზაურე. ძალიან შთამბეჭდავი იყო და განსაკუთრებული ემოციებით დავბრუნდით.

– ბატონ გიორგისთან ერთად მოგზაურობთ ხოლმე, თუ მეგობრებთან ერთად?

– გიორგისთან და ბავშვებთან ერთად ხშირად ვმოგზაურობ. ჩვენს უმცროს შვილს ძალიან მოსწონს კრუიზი და ასე ბევრ ქვეყანას ერთდროულად მოვინახულებთ ხოლმე. გიორგი უფრო ევროპული მოგზაურობების მოყვარულია. აფრიკაში მოგზაურობა, რაღაც თვალსაზრისით, არაკომფორტულია, განსხვავებით ევროპისგან. ასეთ მოგზაურობაში პირველად წამოვიდა ჩემთან ერთად და ძალიან მოეწონა.

– ხშირად ახერხებთ სამოგზაუროდ წასვლას?

– ვცდილობთ, წელიწადში ერთხელ მაინც მთელმა ოჯახმა, ყველამ ერთად დავისვენოთ და წელიწადში ორჯერ თუ მოვახერხე, ასეთ საინტერესო და ხანგრძლივ მოგზაურობას ვგეგმავ. ადრე უფრო ხშირად ვახერხებდი, ერთ წელიწადში ოთხი და ხუთი ქვეყანაც მომინახულებია, მაგრამ ესეც რაღაცის ხარჯზე, რაც ყოველთვის არ გამოდის.

– ბიზნესი ახსენეთ, ხელოვნებისადმი სიყვარული ბიზნესად აქციეთ...

– ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც ხელოვნებას ეხება. როცა თავისუფალი დრო მაქვს, თვითონაც ვცდილობ, რამე შევქმნა. რამდენიმე კურსიც გავიარე, მაგალითად, კერამიკაზე და ხეზე მუშაობა ვისწავლე, ასევე, თოჯინების დამზადება. ეს ძალიან საინტერესოა და ჩემს საქმედ იქცა. მაქვს საჩუქრების მაღაზია და ყველა ნივთი, რასაც იქ ნახავთ, ჩემი ხელოვნებისადმი სიყვარულის გამოხატულებაა, საბოლოო ჯამში კი, მომხმარებელი აფასებს. ჩემს მაღაზიას „ფანჯარა“ ჰქვია, რომელიც ჩემთვის ყველაფერ კარგთან ასოცირდება. ამ მაღაზიაში შეგხვდებათ ლამაზი ნივთები, ფუნქციურიც, მაგრამ აუცილებლად ლამაზი, საყვარელი და განსხვავებული უნდა იყოს.

– მათ შორის, თქვენი ხელნაკეთი ნივთებიც?

– კი, ასეა. რამდენიმე წლის წინ, პირველი, რასაც ამ კუთხით შევეხე თოჯინების კეთება იყო. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბევრ ადამიანს უნდება, რომ რაღაც საკუთარი ხელით შექმნას. მეც დავიწყე ამ საქმის შესწავლა. საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა და ძალიან შრომატევადიც, მაგრამ როცა ძალიან საყვარელ შედეგს ხედავ, ხვდები, რომ ამად ღირს (იცინის). ჩემთვის ძალიან საყვარელია ის, რასაც ვქმნი, თუმცა შესაძლოა, სხვას საერთოდ არ მოსწონს. საბედნიეროდ, რაც აქამდე შემიქმნია – თოჯინები, კერამიკული ნივთები თუ სხვა, ყველაფერი გაიყიდა. ძალიან ხშირად კითხულობენ, რატომ არ გაქვთ თქვენი გაკეთებული ნივთებიო. საქმე ისაა, რომ ხელსაქმეს ძალიან ბევრი დრო მიაქვს და ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ არის. მინდა, გითხრათ, რომ მოგზაურობის დროს ძალიან ბევრი იდეა მომდის. რომ ვბრუნდები, აუცილებლად ვჯდები და რაღაცას ვქმნი. ყოველი მოგზაურობის შემდეგ ასე ხდება. საახალწლო კოლექციებსაც ვაკეთებ და ძალიან მომწონს. რამეს რომ ვქმნი, ერთ ცალს ჩემთვისაც ვიტოვებ და სახლში ვინახავ, ასევე, მეგობრებს ვჩუქნი, დანარჩენი კი მაღაზიაში მიმაქვს.

მოგზაურობასაც დიდი დრო მიაქვს, ამ საქმესაც და ალბათ, ყველაზე მეტი – ოჯახს. როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როგორი მეოჯახე ხართ?

– ალბათ, ჯობს ეს გიორგის ჰკითხოთ, მაგრამ რადგან ამდენი წელი ერთად ვცხოვრობთ, სამი შვილი გვყავს და დღემდე მეგობრებად ვრჩებით, მგონი, კმაყოფილია (იცინის). იმედია, შევდექი კარგ მეუღლედ. ადამიანთან ამდენი წელი რომ გაკავშირებს, ის უკვე შენი ნაწილია, ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით და უსიტყვოდვე თანხმდებით.

– ახლახან ურთიერთობის 25 წლის იუბილე გქონდათ. როგორ აღნიშნეთ?

– ოჯახურ გარემოში, მშობლებთან და ბავშვებთან ერთად. ხშირად, ჩვენს იუბილეს ისეთ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ ხოლმე, რომლებთანაც წლები გვაკავშირებს.

– როგორ მოახერხეთ ამდენი წლის განმავლობაში მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება?

– მე ვფიქრობ, ცოლსაც და ქმარსაც პირადი სივრცე უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა იყვნენ 24 საათი ერთად. მთელი დღე ერთად ყოფნა განსაკუთრებულ სიყვარულს არ ნიშნავს. მას თავის საქმე აქვს, შენ – შენი და უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს წინსვლაც, მარცხიც... წარმატებისა თუ წარუმატებლობის გზა ერთად უნდა გაიაროთ, მაგრამ ეს 24-საათიან რეჟიმში ერთად ყოფნას არ ნიშნავს. მაგალითად, მოგზაურობა ავიღოთ, მას თავისუფლად შეუძლია, უჩემოდ იმოგზაუროს, როგორც მე – უმისოდ და ასევე – ორივეს ერთად. იმედია, სწორად გამიგებთ. სიყვარული თავისუფლებას ნიშნავს, ყველა თვითონ უნდა შედგეს თავისუფალ ადამიანად, საკუთარი საქმიანობითა და ცხოვრებით. ეს გააძლიერებს სიყვარულს, რომელიც ორ ადამიანს შორის არსებობს. ცოლი ან ქმარი, ერთ-ერთი მაინც თუ მხოლოდ მეორე ნახევრის ცხოვრებით ცხოვრობს, ეს სწორი არ არის, ჩემი აზრი ასეთია. ორივეს თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს და ამ შემთხვევაში, წყვილები 25 კი რა, 50 წელიც ისიამოვნებენ ერთად.

– ბატონი გიორგი, მისი ამპლუიდან გამომდინარე, ეკრანიდან საკმაოდ მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და როგორია ოჯახში?

– ძალიან დაკავებულია და როცა ოჯახში ვართ, რბილია. იმდენად იშვიათად აქვს თავისუფალი დრო – სულ საქმე, შეხვედრები, მასაც, მეც და როცა ორივეს თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, ჩხუბისთვის არ გვცალია (იცინის). კარგი მეუღლეა. როცა ერთნაირი ფასეულობები გაქვთ, ერთი მიმართულებით მიდიხართ და მეგობრობა გაკავშირებთ, გამორიცხულია, რამე ცუდი მოხდეს.

– რამდენადაც ვიცი, კარგი კულინარი ხართ და ტრადიციული აზერბაიჯანული სამზარეულოსთვის მახასიათებელი კერძები ძალიან კარგად გამოგდით. ქართულ კერძებზე რას იტყვით?

– არა მარტო, ქართულიც კარგად გამომდის (იცინის). აზერბაიჯანულ ოჯახში დავიბადე, გავიზარდე და ჩვენს ოჯახში ასე იყო მიღებული – გოგოს ბავშვობიდანვე ყველაფრის მომზადება უნდა სცოდნოდა. შესაბამისად, ოჯახიდან პატარა კულინარი გამოდიხარ, თუმცა, ქართული კერძების მომზადებაც ვისწავლე. მაგალითად, გიოს უყვარდა ლობიო, რომელსაც მისი ბებია განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებდა. წავედი, ვისწავლე, ზუსტად როგორ აკეთებდა და ვუმზადებდი გიორგის. მსიამოვნებდა იმის მომზადება, რაც მას უყვარდა. დედამისიც ძალიან კარგი კულინარია და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ რამდენიმე წელია, მგონი, გიორგიმ მაჯობა. ძალიან კარგი კულინარი გახდა, ისეთ კარგ ყაურმას აკეთებს, მე რომ ცხოვრებაში არ გამომსვლია (იცინის). ასე რომ, ოჯახში კონკურენტი მყავს (იცინის).

– სამი შვილის მშობლები ხართ და მათ ინტერესებზეც მინდა, ვისაუბროთ...

– უფროსი ვაჟი – გიორგი წელს კავკასიის უნივერსიტეტს ამთავრებს, კომპიუტერული ინჟინერია აირჩია. ძალიან ბევრს სწავლობს. სწავლის უცხოეთში გაგრძელება არ მოინდომა და ვნახოთ, მომავალში რას გადაწყვეტს. გოგომ ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა, სადირიჟორო მიმართულებით. პატარა ჯერ სკოლის მოსწავლეა. სწავლა უყვარს და არ მიკვირს. ასევე, სპორტით არის გატაცებული. საერთო ჯამში, სამივე აქტიური ბავშვია, განსხვავებული ინტერესებით. თავისუფლები არიან და არაფერს ვაძალებთ. მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი, რაც მშობელმა შეიძლება, ბავშვს მისცეს უპირობო სიყვარული და შინაგანი თავისუფლებაა, იმედია, ორივე მივეცით ჩვენს შვილებს და დანარჩენს თვითონაც შეძლებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა