საზოგადოება

რაში დაეხმარა გვანცა აფხაიძეს არტთერაპია და როგორ აოცებს ყველას მისი განკურნების ისტორია

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 26.10, 2022 წელი

გვანცა აფხაიძე
დაკოპირებულია

20 წლის ასაკში უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ მიზნად დაისახა, დაავადება დაემარცხებინა და ცხოვრება თავიდან დაეწყო. ასეც მოხდა. გვანცამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა და ახალი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა.

გვანცა აფხაიძე: 20 წლის ვიყავი, როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ეს იყო 2012 წელს და მაშინ ამდენი ინფორმაცია არ იყო სიმსივნის შესახებ ქართულ რეალობაში. უცხოურ საიტებზე გადარჩენილი ადამიანების ისტორიებს ვეცნობოდი, ადამიანების, ვინც სიმსივნის დამარცხების შემდეგ პროფესია და საქმიანობა შეიცვალა და ცხოვრება თავიდან დაიწყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ის ქართველი, ვინც გადარჩებოდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. მაშინაც იყვნენ ქართველები, ვინც ეს დაავადება დაამარცხა, მაგრამ მათი ისტორიები არ იყო ცნობილი. იმ დროიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა. რომ იგებენ, მე ათი წლის წინ საქართველოში ვიმკურნალე და მეოთხე სტადიის სიმსივნე დავამარცხე, ექიმებიც კი გაოცებულები რჩებიან.

– რისი სიმსივნე გქონდათ?

– მე მქონდა ლიმფომა – სისხლის სიმსივნე. ბოლოს ლუი ანდერსონის როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა ლიმფომით. როცა მისი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ყველა შეშფოთებული იყო, განიცდიდნენ, კვდებაო. ვნახე, რომ მეორე სტადიის ლიმფომა ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ გადარჩებოდა. მით უმეტეს, რომ ამერიკაში მკურნალობდა. ყველას ვუმტკიცებდი, ნუ გლოვობთ, გადარჩება-მეთქი. რომ გარდაიცვალა, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მეჩხუბა, რატომ მომატყუეო. თვითონაც შოკში ვიყავი. არ მჯერა და არ ვუშვებ, რომ რომელიმე ონკოლოგიურ პაციენტს რამე ცუდი დაემართება. მგონია, რომ ყველა გადარჩება.

– ამის კარგი მაგალითი თვითონ ხართ – ათი წლის წინ საქართველოში მეოთხე სტადია დაამარცხეთ. როცა ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ დღესაც კი, პირველ რიგში, საზღვარგარეთ იწყებენ ხოლმე კლინიკის ძებნას.

– მესმის ამ დამოკიდებულების. საქართველოში დღემდე არის დიაგნოზის სწორად დასმის პრობლემა. ბევრი სიმსივნის დიაგნოზით წავიდა სხვა ქვეყანაში, ამ პროგნოზით გადარჩენის შანსი რომ არ ჰქონდა, მაგრამ იქ აღმოაჩინეს, რომ სრულიად ჯანმრთელები იყვნენ. ამიტომ მესმის, რომ ნდობა არ აქვთ. მე დღემდე მეუბნებიან: თუ საქართველოში დაგისვეს დიაგნოზი, შეიძლება, არც არაფერი გჭირდა და გგონია, რომ გამოჯანმრთელდი, კიბო თუ გქონდა, ვერ გადაგარჩენდნენო. რეალურად, მე თურქეთში დამისვეს დიაგნოზი, მერე ჩემი გამოკვლევების პასუხები გერმანიაშიც გადაიგზავნა და მოკლედ, ჩემი დიაგნოზი საქართველოში არ დასმულა, მაგრამ საქართველოში განვიკურნე.

– 20 წლის ასაკში, ოცნებებით სავსე, როგორ გაუმკლავდით ასეთ რთულ დიაგნოზს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?

– იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ ჩემ გარშემო ადამიანები კარგად ყოფილიყვნენ. მინდოდა, პოზიტიურად ყოფილიყვნენ განწყობილი და ეფიქრათ, რომ მე აუცილებლად გადავრჩებოდი. დედაჩემი და მამაჩემი ძალიან დასტრესილები იყვნენ და მე მათთვის იმედი უნდა მიმეცა. ისედაც ცუდად იყვნენ და კიდევ რომ სისუსტე გამომეჩინა, ამის უფლება არ მქონდა. მამაჩემის განცდებს და დედაჩემის ცრემლებს რომ ვხედავდი, სისუსტის უფლება აღარ მქონდა. გავძლიერდი, თუმცა მკურნალობის პერიოდს შიშიც ახლდა, გამოკვლევების შედეგებზე ძალიან ვნერვიულობდი. ოთხი გადასხმის შემდეგ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სიმსივნის 25 პროცენტი გამქრალი იყო. არადა, მანამდე ლიმფური ჯირკვლები გულის გარდა ყველა ორგანოზე მქონდა მოდებული. ამ მდგომარეობის სიმძიმეს 20 წლის ასაკში საერთოდ ვერ ვიაზრებდი. მერე თურქეთში გავიცანი გოგონა იმავე დიაგნოზით. ჩემზე უფროსი იყო, ძალიან დათრგუნული, რადგან რეციდივი ჰქონდა, ანუ უკვე მეორედ ებრძოდა ამ დიაგნოზს. მითხრა, ვიცი, რომ ვერ გადავრჩებიო. ვუმტკიცებდი, რომ აუცილებლად გადავრჩებოდით და აუცილებლად გავაკეთებდით კლუბს, რომელშიც სიმსივნეგადატანილი ადამიანები შევიკრიბებოდით და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გავუზიარებდით. როდესაც ქიმიოთერაპია დავამთავრე და ბოლო გადასხმის შემდეგ სახლში გამოვედი, ამ გოგონას მივწერე: მე ბოლო გადასხმა გავიკეთე და ახლა შენ გელოდები, რომ მერე ერთად აღვნიშნოთ ჩვენი გადარჩენა-მეთქი. როცა რამდენიმე დღე პასუხი არ მომწერა, სოციალურ ქსელში მის გვერდზე შევედი და გავიგე, რომ გარდაიცვალა. მე იმ მომენტამდე ერთხელაც კი არ დამიშვია, რომ ან მე ან მას რამე შეიძლებოდა დაგვმართნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ პირველად გავიაზრე, რომ თურმე, მართლა არსებობდა გარდაცვალების საშიშროება. მანამდე მეგონა, რომ ცოტა რთული პერიოდი უნდა გამევლო და მერე ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი უკვე აღარაფრის მჯეროდა. ზოგჯერ ჩემს თავს ვადანაშაულებდი, ალბათ, კარგად ვერ დავაჯერე ის ადამიანი, რომ გადარჩებოდა, თორემ არ გარდაიცვლებოდა-მეთქი. ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების დახმარება დამჭირდა იმ მდგომარეობასთან გამკლავებაში, რომლის გახსენება დღესაც ძალიან მიჭირს. 4-5 წელი სრულ აგონიაში ვიყავი, სიმსივნის გაგონება არ მინდოდა.

– ანუ, რეალობა მაშინ გააცნობიერეთ და არა იმ დროს, როცა დიაგნოზი დაგისვეს?

– კი, წლების შემდეგ, როცა მკურნალობა დამთავრებული მქონდა და საფრთხე აღარ არსებობდა. მე რეალურად მაშინ გავაცნობიერე ჩემი დიაგნოზის სიმძიმე. თავიდან აჟიტირებულად პოზიტიური ვიყავი. მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ მე არ ვკვდებოდი, კარგად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არც თმა მქონდა, არც წამწამი და არც წარბი. ყველა ხვდებოდა, რომ ქიმიოთერაპიას ვიკეთებდი, მაგრამ ვამტკიცებდი, რომ ძალიან კარგად ვიყავი. წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დიდი სტრესი მივიღე, რომელსაც ვერ ვუმკლავდებოდი. არადა, მეგონა, ყველაფერი ჩავლილი იყო. ზუსტად მაშინ დავიწყე ხატვა.

– ეს იყო ხელჩასაჭიდი?

– ყურადღების გადასატანად ახალი მიზანი მჭირდებოდა. ხატვა იყო ის, რაზედაც ბავშვობიდან ვოცნებობდი. რვეულის უკანა ფურცლებზე ვხატავდი ხოლმე. მამაჩემი მხატვარია და რომ ვხედავდი, რამდენად იდეალურად ხატავდა, მერიდებოდა ჩემი ნაჯღაბნის გამოჩენა. მერე ჩემი ნახატები ერთმა ძალიან კარგმა მხატვარმა ნახა და მოეწონა. მამას რომ ვაჩვენე, არაფერი უთქვამს. ცოტა ხანში, შემთხვევით გავიგონე, რომ დედას, რომელიც ემიგრანტია, ტელეფონზე ესაუბრებოდა და უთხრა: დახატა, თურმე, მართლა შესძლებიაო. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ, სულ ვხატავ. მამაც სულ მხარს მიჭერს.

– როგორ დაგეხმარათ ხატვა ემოციური მდგომარეობის მოწესრიგებაში, რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არტთერაპია?

– როცა ვხატავ, ჩემს ემოციებს ვაკვირდები და ვხვდები, რამდენად მეხმარება ის ტრაგედიებთან გამკლავებაში, საკუთარი ემოციების გადმოცემაში. ზოგს ჭამა სიამოვნებს ყველაზე მეტად, ზოგს – ძილი, ჩემთვის ხატვა ყველაფერია. როცა ძალიან მეძინება, მაგრამ თან ხატვაც მინდა და მაინც ვიძინებ, სიზმარში ვხედავ, რომ ვხატავ ან დასამთავრებელი თუ დამრჩა ნახატი, სიზმარში ვხედავ, როგორ ვასრულებ მას. მხატვრობამ ბევრი ადამიანი გამაცნო. მხატვარი, ონკოპაციენტი, გულშემატკივარი, ყველა აღფრთოვანებულია ჩემი ნახატებით, რაც ალბათ, ჩემი ნახატების მხიარული და ნათელი ფერების დამსახურებაა. ჩემი მიზანი იყო, ჩემს ნახატებს ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭება შესძლებოდა, ამიტომ ვაკეთებ აქცენტს ნათელ ფერებზე. სახლი სავსე მაქვს ნახატებით, აღარსად მეტევა. ჩემი ნახატები გამოფენას ელოდებიან (იცინის). ხატვა იმდენად დამეხმარა, იმდენად გამაბედნიერა და მდგომარეობიდან გამომიყვანა, გამიჩნდა იდეა, ონკოპაციენტებისთვის არტთერაპია შემექმნა. როგორც თერაპევტს, არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, არტთერაპია შემესწავლა. ერთ წელიწადში დავასრულებ სწავლას და აუცილებლად გავაკეთებ ჯგუფური ართერაპიის დღეებს, რომელიც აუცილებლად იქნება უფასო და არა მხოლოდ ონკოპაციენტებისთვის, რადგან მათი ოჯახის წევრებსაც ძალიან სჭირდებათ დახმარება.

– მეუბნებიან, რომ მაგარი გოგო ვარ, მე მაშინ მივხვდი, რომ მაგარი ვარ, როცა რემისიის შიში დავამარცხეო – თქვენი სიტყვებია. ეს როდის შეძელით?

– ყველას ეგონა, რომ რადგან კიბო დავამარცხე, ძალიან მაგარი ვიყავი. მე ასე არ მიმაჩნდა, რადგან განკურნებიდან 3-4 წელი ძალიან მეშინოდა, რომ კიდევ დამემართებოდა. სიკვდილზე არ მიფიქრია, ამის არ მეშინოდა, მაგრამ იმ გზის კიდევ ერთხელ გავლა ემოციურად რამდენად შემეძლო, არ ვიცოდი. როცა ხატვა დავიწყე, ძალიან ბევრი ონკოპაციენტი გავიცანი, რომლებიც მკურნალობდნენ და გავიგე, რომ რამდენიმე მათგანი მეორედ გადიოდა ამ გზას. ზოგი მესამედ ამარცხებდა სიმსივნეს. ვიფიქრე, მე ყველას ძლიერი ვგონივარ, არადა, რა სუსტი ვარ, როცა კანკალით მივდივარ გამოკვლევაზე, მეშინია, არ მითხრან, რომ ისევ თავიდან მომიწევს ამ გზის გავლა-მეთქი. ეს რომ გავიაზრე, მივხვდი იმასაც, რომ საშიში აღარაფერი იყო. თუ პირველად, როცა არაფერი ვიცოდი მკურნალობისა და საჭიროებების შესახებ, მერე, როცა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვებს ვარიგებდი და ვამხნევებდი, მით უმეტეს, მე აღარ უნდა მშინებოდა ამ დაავადებასთან განმეორებით ბრძოლის. ეს კარგად გავიაზრე და მერე და მერე ექიმთან კანკალით აღარ მივდიოდი. მივხვდი, რომ შიში დავამარცხე და რომ მეუბნებოდნენ, რა მაგარი ხარო, აღარ მეუხერხულებოდა, მივხვდი, რომ მართლა მაგარი ვარ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა