საზოგადოება

რას უწერდა გარდაცვლილებს რეზო გაბრიაძე და რომელ წლებში ცხოვრობდა ის ანონიმურად

№24

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 21.06, 2021 წელი

რეზო გაბრიაძე
დაკოპირებულია

საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის, ასევე პრემიების – „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“, „ოქროს სოფიტის“, და „ცარსკოე სელოს“ – ლაურეატი... ეს რეზო გაბრიაძეა, კაცი – ნამდვილი გენია.

რეზო გაბრიაძე მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.
მისი მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული;
იგი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორია.

გვთავაზობთ მის დიალოგს, რუს მულტიპლიკატორთან და რეჟისორთან, იური ნორშტეინთან, რაც ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

ნორშტეინი:

...ოდესღაც მე და რეზო ერთად ვსვამდით, ვსაუზმობდით და ვსაუბრობდით, მაგრამ მაშინ დიქტოფონზე არ იწერდნენ.

გაბრიაძე (ერთი ბეწო მათარას იღებს): გინდა?

ნორშტეინი: ეს რა გაქვს? ჯიბის არაყია თუ თვალის წვეთები?

გაბრიაძე: კონიაკი – გულისთვის. ერთხელ მსახიობებთან ერთად თეატრალურ კაფეში ვიჯექი, ტექსტს ვასწორებდი. სპაზმი დამეწყო და ნიტროგლიცერინი ამოვიღე. მეზობელ მაგიდასთან მოხუცი ექიმი იჯდა, მან შემაჩერა, ბარიდან კონიაკი მომიტანა და მაიძულა, სულ ცოტა, დაახლოებით ერთი კოვზი დამელია. მას შემდეგ მათარა თან დამაქვს. მაგრამ მხოლოდ კონიაკი, სასურველია ფრანგული! წელიწადში 50 გრამი მყოფნის.

ნორშტეინი: ჩეხოვიც, ალბათ, მაგასვე გეტყოდა.

გაბრიაძე: შეიძლება. სხვათა შორის, იცი, ჩეხოვი რამ შეაშინა, რატომ წავიდა ლიტერატურაში? პროფესორმა გამოსაშვებზე უთხრა: „მარტო არასწორი დიაგნოზისგან 20 ადამიანი დაგეღუპებათ”.

ნორშტეინი: იცი, აქ რომ მოვდიოდი, სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გაგიმართლა, ასეთი ბავშვობა რომ გქონდა.

გაბრიაძე: მე ქუთაისში ვცხოვრობდი, ეს ხმელთაშუა ქალაქია, კოლხეთის სამკუთხედის მწვერვალი, მისი კიდე. როცა ძალიან გვიან, ბოლოს და ბოლოს, იტალიაში მოვხვდი, იქ ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი იყო – ქვების წყობა, ტროტუარებიც, კიპარისებიც და ყველა ის მხვიარა მცენარე, რომელთა სახელები მხოლოდ ქართულად ვიცი, კედლებზე ვაზი და წვრილი ვარდები და კიდევ უფრო პატარები – ღილებივით. ეს ყველაფერი ბავშვობაში იყო. ომის შემდეგ კი კვერები იყო, რომლებსაც კამეჩები ტოვებდნენ. კამეჩებიც არა, პატარა არსებები იყვნენ, დოგზე ცოტა დიდები. სინაზით მხოლოდ პაპიროსის ქაღალდს თუ შეიძლება, შეადარო. ძალიან ჭკვიანები იყვნენ, თან ერთი ბეწო, მთრთოლარე, ზუსტად შუმერებისნაირ ურემს ეწეოდნენ. კვერები, რომლებსაც მილიციის უფროსის, კაკაურიძის ცხენი ტოვებდა და გლეხი, რომელიც ქალაქის ქუჩებში სულ თავდახრილი დადიოდა და სიგარეტის ნამწვის პოვნაზე ოცნებობდა და პოულობდა ორი მოქაჩვის ოდენას და მთელი დარჩენილი ცხოვრების მოსაგონებლად. ტონანახევრიანი სატვირთო მანქანის სუნი. და… შემდეგ „სტუდებეკერის“ გამარჯვებული, საინტერესო პროფილი, რომელიც იმისთვის გვამზადებდა, რა მოხდება – რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანი რაკეტა გახდა. შემდეგ კი კვერები გაქრა, გაქრა ტონანახევრიანი სატვირთო მანქანები. უკანასკნელი, მგონი, სტუდენტობისას ვნახე. შიგ სახანძრო რაზმი იჯდა – ორი ადამიანი ერთ, ორი – მეორე მხარეს. სათამაშოს ჰგავდა, რომელიც ახლა ანტიკვარებთან ერთად იყიდება.

ნორშტეინი: სულ ამას ვფიქრობ: აი, დღეს ადამიანი ბინაში შესახლდება. გლამურულ, გადატკეცილ, სრიალა,

„პალირებულ“, სუფთა სამყაროში, რომელშიც მიკრობები არ ჩნდებიან. თან რეკლამა გადის ტელევიზიით – იყიდეთ საპონი, რომელიც მიკრობების 93 პროცენტს კლავს.

გაბრიაძე: მკვლელები.

ნორშტეინი: კაცს ნიჭიც რომ ჰქონდეს, ეს საბოლოოდ მოკლავს. ხიჭვიც კი ვერაფერიდან შეერჭობა. როგორ მოჰკიდებს ხელს შემოქმედებას?

გაბრიაძე: ძალიან კარგი თემა იპოვე – ადამიანი და უხილავი არსებები. მიკრობები, ვირუსები და სხვა ყმაწვილები. გიასა (დანელიას) და მე იდეაც კი გვქონდა – მათზე რამე გაგვეკეთებინა. როგორ ცხოვრობენ რომელიღაც რკინიგზის სადგურზე, ქაშაყის ყუთში და დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის სამოთხე. მათ თავიანთი მითები და ლეგენდები აქვთ; მათი პაპის პაპის პაპის პაპა სამი სადგურის რაიონში ცხოვრობდა, საშინელ პირობებში – ზამთარი, გაზაფხული, ხანგრძლივი წვიმები... და ყუთის ფიცარი, რომლის ქვეშაც იმალებოდა, ვიღაცამ გადააგდო. მაგრამ გადარჩა და ანაპით სამხრეთში წავიდა, მილიარდამდე გამრავლებული. კლასიკოსი გახდა.

ნორშტეინი: მათ თავისი ჰომეროსი ჰყავთ, რომელიც ყველაფერს იწერს.

გაბრიაძე: ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ იქ ძალიან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდი და ვხედავდი, დილიდან ორი ჯანმრთელი მამაკაცი როგორ იღებდა გიგანტურ ბალონებს, უზარმაზარ ჰოლში გადიოდნენ და ფშშ-შ-შ... – მთელ სიცოცხლეს ანადგურებდნენ! მერე კი ჩაის დასალევად მიდიოდნენ.

ნორშტეინი: მაინც მომიყევი შენი ახალი სპექტაკლის შესახებ. ვიცი, რომ სცენარს ყოველთვის ჯერ კონკრეტული მსახიობისთვის წერ და მერე იმის მიხედვით იწყებ რეპეტიციას.

გაბრიაძე: დიდი ხნის გარდაცვლილი მსახიობებისთვისაც ხშირად ვწერდი. ეს მეხმარებოდა, წარმომედგინა, ამის თამაში როგორ შეიძლებოდა. მერე კი რეჟისორის პრობლემა იყო, თავი დაეღწია და ეპოვა მსახიობი, რომელიც შეძლებდა ჟან გაბენის დუმილის თამაშს. რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა... ოჰ, იურა ჩვენ იმდენი ხანია არ შევხვედრივართ და იმდენი რამის გახსენება შეგვიძლია. მე არ მიყვარს ისინი, ვინც დინების წინააღმდეგ მიცურავს და ვინც უკან, ქართან ერთად, მის კვალდაკვალ მოცურავს. ყველაფერი, რაც იყო, სადღაც, ღრუბლებში წყდებოდა. ეტყობა, ამ დროს და ამ ადგილზე უნდა დავბადებულიყავი. სამოთხეც იყო და ჯოჯოხეთიც. რასაკვირველია, მეც, ისევე, როგორც სხვები, ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გაქცევას ვცდილობდი.

ნორშტეინი: ერთხელ, ანდრეი ბიტოვმა შენზე დაწერა: მე დავინახე ადამიანი, რომელსაც იღლიაში ორი წიგნი ჰქონდა ამოდებული, ერთი – „დონ კიხოტი“, მეორე კი – ვან გოგის „წერილებიო“.

გაბრიაძე: დიახ, განცვიფრებული ვიყავი ვან გოგით. სხვათა შორის, ამ წერილებს შესანიშნავ ფრანგულ ლიტერატურად ვთვლი – როცა ფრანგული ლიტერატურის კანონში შესვლა კი არა, უბრალოდ, კართან დგომაც ძალიან ძნელია. რაც შეეხება „დონ კიხოტს“, ჩემო საყვარელო, ეს საუკეთესო რომანია, რაც კი ადამიანს ოდესმე დაუწერია. ეს ჩემი აზრი არ არის. დოსტოევსკი წერდა. როცა ღმერთი ადამიანს ჰკითხავს: „შენ რას აკეთებდი?“ – შეგიძლია, სერვანტესის წიგნი გაუწოდო. ის, ასევე, წერდა, რომ ლიტერატურას წმინდანები არ მოუცია, გარდა მხოლოდ ერთის – დონ კიხოტისაო. ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ თეატრს არც ერთი წმინდანი არ მოუცია, მოწამე კი – უამრავი.

ნორშტეინი: ჩვენ რას გავაკეთებდით მოწამეების გარეშე? რას – საკუთარი ტანჯვის გარეშე?

გაბრიაძე: არაფერს. აივანზე ვისხდებოდით. მურაბას მოვხარშავდით და ჯანმრთელები, იდიოტები ვიქნებოდით.

ნორშტეინი: იცი, ტრეტიაკოვის გალერეაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრობრივი ნაწარმოებია ვლადიმერ მაკოვსკის „მურაბას ხარშავენ“. იმიტომ კი არა, რომ არაჩვეულებრივია ფერწერულად, უბრალოდ, მე და ჩემი ძმა ბავშვობაში დედას დავყავდით ქალაქ კლინცში – თითქმის ბელორუსიის საზღვარზე მდებარეობს. ეს პატარა ქალაქია. აგვისტოში საოცარ სუნს აფრქვევდა – ყველგან, ღობეებს მიღმა, სახლებში, უბრალოდ, ქუჩებში – ვაშლის, ქლიავის მურაბას ხარშავდნენ. ახლა იქ წასვლის მეშინია, იმიტომ, რომ ვიცი, სხვა ქალაქს ვნახავ.

გაბრიაძე: მადლობა ღმერთს, რუსეთში მურაბას ჯერჯერობით ისევ ხარშავენ.

ნორშტეინი: მაკოვსკის ეს სურათი რომ დავინახე, რომელზეც ორი მოხუცია გამოსახული – ცოლი და ქმარი, და ქალაქი კლინცი, ის სპილენძის თასი გამახსენდა, ამ ფერწერამ, უბრალოდ, ნესტოებში დამარტყა.

გაბრიაძე: ამბობენ, სამოთხეში კარგ ადამიანებს მურაბიან სპილენძის თასს აძლევენ გასალოკად და მათ ყურები სულ მურაბიანი აქვთ.

ნორშტეინი: შენ სამოთხე ახსენე... დიდი ხნის წინ, ოლიმპიადა-80-მდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდენტს დაავალეს – ფეხით გაევლო გზა ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე. მერე, პერიოდულად, გაზეთს თავის სტატიებს უგზავნიდა. მას ბევრი სხვადასხვანაირი თავგადასავალი ჰქონდა, მაგრამ ერთი ისტორია დამამახსოვრდა. მიდის, უკვე დაღამებულია, სიჩუმეა, ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებს. ზამთარია, ყინვა 30 გრადუსს აღწევს. მას ესმის, რომ თუ ახლა საცხოვრებელს არ იპოვის, უბრალოდ, დაიღუპება. უცებ სადღაც წინ სინათლე დაინახა. მიუახლოვდა – „სასტუმრო“ აწერია, ირგვლივ სხვა საცხოვრებელი არ ჩანს. სასტუმროში შევიდა, იქ ვიღაც ბებია ზის. ჩაიდანი თუხთუხებს, მოხუცი ქსოვს. მიხვდა, რომ გადარჩა. მოხუცს ეკითხება: „აქ მარტო როგორ ხართ, არ გეშინიათ?“ – „რისი უნდა მეშინოდეს, შვილო? რას წამართმევენ?“ „ჩაიდანი მაინც დუღს?“ ბებია პასუხობს: „დიახ, დუღს, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მოვა. აი, ხომ მოხვედი“. მერე მან დაწერა: „ახლა მე ზუსტად ვიცი, რა არის სამოთხე“.

გაბრიაძე: შესანიშნავი ისტორიაა. შეიძლება, მისი დედის ლოცვამ იმუშავა ან მან ოდესღაც ვიღაც მოჩქარე დროზე გაატარა საავადმყოფოს კარში. და აი, სამაგიერო მიეზღო. საერთოდ, ადამიანი ცხოვრებაში ისეთ სასწაულებს ხედავს. იქაც, მერეც, და შუაშიც... რაღა არ მომხდარა... ტექტონიკური ძვრები, ფილები ერთმანეთს ეჯახება – შენ კი მათ შორის ქაღალდის ნავით მიცურავ. მთელი ამ ისტორიული ცვლილებების ეპოქაში იურა ჩემთვის ერთ-ერთ იმ პატარა ნავსაყუდლად რჩებოდა, სადაც ყოველთვის შეიძლება დასვენება, ჩაის დალევა.

ნორშტეინი: ახლა მოგიყვებით, ეს როგორ იყო. ფილმ „მელია და კურდღლის“ გადაღება დავიწყეთ. სტუდია გვქონდა ეკლესიაში, რომელიც პოლენოვმა თავის ცნობილ პეიზაჟში – „მოსკოვური ეზო“ დახატა. არბატზე, იქვე ახლოს, ოკუჯავა ცხოვრობდა. ეს ეზო განსაკუთრებული ადგილი იყო: ბედნიერებით პირამდე სავსე. იქ ბალბები ყვაოდა, ყვავილებს კრაზანები ეხვეოდა. ვგიჟდებოდი ყურებაზე, იქ როგორ წრიალებდნენ, მერე იქიდან როგორ ძვრებოდნენ – მტვერშეყრილი დრუნჩებით, ფეხებზე პროდუქტით სავსე „ჩანთებით“ – სერიოზული ხალხი. ერთხელაც რეზო მოდის, მაგიდას უახლოვდება, სადაც პერსონაჟები აწყვია და ამბობს: „იურა, მისმინე, კურდღელი მაჩუქე“. მე ვეუბნები: „გაგიჟდი? ეს ხომ პერსონაჟია, რომელიც ფილმში თამაშობს!“ „ააა... მაშინ მელია!“ (იცინიან). მერე ეზოში გავედით და რეზომ პირველად მაშინ მითხრა, რომ მარიონეტების თეატრის გაკეთება უნდა. მერე პავილიონში ვიჯექი და ვფიქრობდი: შეიძლება მართალიცაა თავის სიგიჟეში. მაგრამ როგორ? ის ხომ ასეთ სცენარებს წერს.

გაბრიაძე: მე უკვე ჩიხში შევედი და იქ, კინოში, საქმე აღარ მქონდა. მხოლოდ გია დანელიასთან დიდი მეგობრობა მაკავებდა. ნელ-ნელა მოვდიოდი.

ნორშტეინი: რა ვქნათ. ამაში არაბუნებრივი არაფერია.

გაბრიაძე: არა, რა თქმა უნდა, სიბერესაც აქვს რაღაც. საეჭვო უპირატესობები. სიბერე ცუდია. იურა, ჩემო ოქრო... ჩვენ რაღაც გავაკეთეთ, არა? პირველ რიგში, ჩვენ მოვახერხეთ 10, 15 და 25 მანეთის სესხებაც კი. (ავტ. ალექსეი მუნიპოვი)

ნორშტეინი: მიცემას ვახერხებდით. რაც, ასევე, მნიშვნელოვანია.

გაბრიაძე: ცხოვრება ეს არის. მეტი რა შეგვეძლო? ერთი ხელი შარვალი გვქონდა...

ნორშტეინი: ახლა პატარა ეპიზოდს მოგიყვებით. 1995 წელს ჩვენთან, უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე, ახალი შევსება იყო და რეზოს ვთხოვე, მოსულიყო, რომ სტუდენტებს უბრალოდ დაენახათ. ისე მოხდა, რომ მას გამოსვლისთვის მაშინვე ჰონორარი მისცეს. პირველი, რაც რეზომ გააკეთა, – ფული ამოიღო და სტუდენტებს ჰკითხა: „თქვენ შორის რომელია ყველაზე ახალგაზრდა? წადით, ღვინო, სულგუნი, პური მოიტანეთ...“ წავიდნენ. მერე ლაპარაკი დაიწყო. რეზოს პირველი სიტყვები იყო: „თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, აქ თქვენ შეესწარით სოციალიზმის უკანასკნელ ოაზისს, ცხელი ბატარეები გაქვთ და სინათლე ანთია“.

გაბრიაძე: ეს სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ რომ მეთქვა, აუცილებლად ასე გავაგრძელებდი: „თქვენ გაქვთ საშუალება, მოყვეთ წინააღმდეგობათა უაზრობაზე, ქუჩაში გონების დაკარგვაზე, ცრემლებზე სასამართლოს უკანა ეზოში და გაფრენილი შავი ყვავის ბოლზე“. მე საერთოდ ძალიან გაუფრთხილებელი ვიყავი და ხშირად ვამბობდი ასეთ ფრაზებს, რომ საბჭოთა ხელისუფლებისგან თავი შორს მჭეროდა. პარალელური ცხოვრებით ვცხოვრობდი. როგორღაც მოვახერხე რაღაც საშინელის, ძლიერის პარალელურად ცხოვრება. ასეთი ცხოვრება გაუთავებელი განცდებია და ხშირად ინფარქტებით მთავრდება. მაგრამ ვინმემ საქმე ხომ უნდა აკეთოს, პური გამოაცხოს. ვიმედოვნებ, რომ შეიძლება, მე ვაცხობდი.

ნორშტეინი: კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსები დამდგარიყვნენ ღუმლებთან, სადაც პურს აცხობენ. ცეცხლთან, რაც შეიძლება, ახლოს, სადაც კვერებს უტყაპუნებენ, იმიტომ რომ ისინი პარალელურ სამყაროშიც კი არ ცხოვრობენ. საერთოდ, არანაირ სამყაროში არ ცხოვრობენ. სინამდვილეში სამყარო სრულიად სხვანაირია, ის შედგება ღუმლის სუნის, მიწის, ვაშლის სუნისაგან, კარგი მეგობრული სიტყვისგან, პოეტური სტრიქონისა და მოულოდნელად გამსჭვალავი აზრისგან... აი, ამისგან იქმნება ნაზავი, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.

გაბრიაძე: იურა, წარსულს კიდევ იმიტომ ვიხსენებ, რომ დედაჩემმა მამა იქ გაიცნო, მათაც იქ დავემშვიდობე, ისინი იქ წვანან. ასეთი ცხოვრება ჩემთვის მე არ შემიქმნია. უბრალოდ, გამიმართლა, რომ შემეძლო, ჩემი საქმით ვყოფილიყავი დაკავებული. განსაკუთრებით არც მდომებია გამორჩეული ვყოფილიყავი. იმ წლებში ანონიმური ცხოვრება ჩემთვის სასიამოვნო იყო. თეატრის გამო მომიხდა ავანსცენაზე გამოსვლა. ამის გარეშე მშვიდად ვიყავი, ვერც კი წარმოიდგენთ, რა კარგად... იურა, შეიძლება ყველა ანალიზი, რაც კი არსებობს, სწორია, და არც ამის შემდგომები იქნება მცდარი, უბრალოდ, იმდენია, რომ წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი მოიცვა. ეს ცხოვრებასავითაა, ალმასივით – ერთ წახნაგს მეორე მოსდევს, კიდევ, და ეს ყველაფერი ტრიალებს, ტრიალებს, სპირალივით. აქ ჩვენი საცოდავი შესაძლებლობები უკან იხევს, მხოლოდ ლოცვა რჩება, რომელიც ყველაფრის გაგებას მოიცავს, მაგრამ ის უფრო და უფრო რთულად გამოდის – ყველას არც გამოსდის. საჩუქარია, მაგრამ საერთოდ, საქმე არც ისე ცუდადაა. თქვენ ახალგაზრდები ხართ, ლამაზები და დიდხანს ლამაზები იქნებით. მერე კი ლამაზად მოხუცდებით. მაგრამ გთხოვთ, ჭკუა არავის ასწავლოთ. თვითონ ისწავლიან. ჭკუის გარდა, არც გონება აკლიათ – ეს შეიძლება, ცნობადის ხის ანათალია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა