საზოგადოება

რას წერდნენ ელენე ჩერქეზიშვილზე პარიზულ პრესაში აღფრთოვანებით და რატომ თქვა მან უარი ინგლისიდან და ამერიკიდან მიღებულ შემოთავაზებებზე

№50

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:35 16.12, 2020 წელი

ელენე ჩერქეზიშვილი
დაკოპირებულია

„ქართველი დუნკანი“ - ეს ელი ჩეროვას ევროპული სახელია. ელი ორიგინალურ პლასტიკურ ცეკვებში არაჩვეულებრივად იყენებდა ქართულ მუსიკას და ყველას მოხიბვლას ახერხებდა. 

ელი კახეთის სოფელ თოხლიაურში, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ოჯახში დაიბადა. ძალიან პატარა, ექვსი წლისაც არ იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მალე გოგონა დედითაც დაობლდა. დარდმა და ჯაფამ, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალს დააწვა, დედის ჯანმრთელობაზე იმოქმედა და ქალი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაობლებულმა გოგონამ მშობლიური კუთხე დატოვა და უმცროს ძმასთან ერთად თბილსში ჩამოვიდა. ელენეს უკვე დედათა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული და დედაქალქში, ცნობილ ლისენკოს პანსიონში დაიწყო მუშაობა აღმზრდელად. მუშაობდა, აგრეთვე, ქალაქის მმართველობის კანცელარიაში. მისმა ძმამ – გოგიმ, მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, ოჯახის კუთვნილი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ დაურიგა. მისმა გადაწყვეტილებამ მემამულეები აღაშფოთა და სოფელში ეგზეკუცია ჩააყენეს. გლეხები იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ და-ძმას მიწების მიყიდვას ეხვეწებოდნენ და მართლაც, ჩერქეზიშვილებმა მამისეული მიწა და სახლ-კარი ძალიან იაფად მიჰყიდეს მათ.

1906 წლის 12 ოქტომბერს მშობლიურ სცენაზე ვანო სარაჯიშვილის დებიუტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელენე ჩერქეზიშვილზე და თეატრში მოღვაწეობაზე დააფიქრა. მით უმეტეს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, არტისტული ბუნება ჰქონდა და ცეკვაც ეხერხებოდა. გოგონას რამდენიმე საქველმოქმედო წარმოდგენაშიც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. იმ პერიოდში თბილისს ესტურმა ბალერინა აისედორა დუნკანი და მისი ჯადოსნური პლასტიკით გაოცებულმა ელენემ გადაწყვიტა, მასავით ცეკვა ესწავლა. დაგროვილი მცირე თანხით მოსკოვში გაემგზავრა და კნიპერ-რაბენეკის პლასტიკის სკოლაში მოეწყო, სადაც ორიგინალურობით მალე დაიმსახურა პედაგოგთა ყურადღება. ორი წლის შემდეგ ამ სკოლის აღზრდილმა ელენე მარიშევამ ჩამოაყალიბა ანტიკური საგუნდო ცეკვის დასი და ელენემ მათთან ერთად გასტროლით შემოიარა რუსეთის იმპერია. 1911 წლის მაისში თბილისსაც ეწვია.

კონცერტის შემდეგ გაზეთი „თემი“ წერდა:

„ჩერქეზიშვილის ასულმა ცეკვის ისეთი ნიჭი გამოიჩინა, რომ მას უკვე დაარქვეს „ქართველი დუნკანი“... გასაკვირი ის არის, რომ ჩერქეზიშვილის ქალმა მხოლოდ ეს ერთი წელიწადია, რაც დაიწყო სცენაზე ცეკვა და უკვე სახელი მოიხვეჭა“.

ელენემ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგელი ქართველების მიერ გაჭირვებულ სტუდენტთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაში, კოტე ფოცხვერაშვილის სიმფონიურ ესკიზში ჩართულმა მისმა ნომერმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მის შესახებ გაზეთებში საოცარი შეფასებები იწერებოდა.

პირველი აღტაცების შემდეგ ელენე ჩერქეზიშვილის მისამართით პრესაში საყვედურებიც გამოჩნდა, წერდნენ: მისი ცეკვა გრაციას არ არის მოკლებული, მაგრამ ქართული ხასიათი სრულებით არა აქვსო. ელენეზე ამას ცუდად არ უმოქმედია, პირიქით, მსგავსმა შენიშვნებმა განვითარებისკენ უბიძგა და ქალმა ქართული მითების, სიმღერების, რიტუალების დამუშავება დაიწყო და ძალიან მალე თავისი საცეკვაო რეპერტუარი ხალხის ზნე-ჩვეულებების, კულტურისა და ყოფა-ცხოვრების გამომსახველი სცენებით გაამდიდრა. მისი ცეკვა უკვე ერის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი პანტომიმა იყო. ქართული მუსიკის მელოდიიდან და რიტმებიდან აღმოცენებული მისი სახასიათო ცეკვების ეშხი და სილამაზე ყველას აჯადოებდა. მისი ამგვარი ცეკვები ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა არა მარტო რუსეთში, არამედ საფრანგეთსა და ინდოეთშიც კი. გამორჩეული მოცეკვავე ქართველ დედას „იავნანით“ განასახიერებდა, ახალგაზრდა კეკლუც ქალს – „ცანგალა და გოგონათი“, სამშობლოზე დარდსა და მონატრებას „გაფრინდი, შავო მერცხალოთი“ გამოხატავდა. მისი კონცერტის ზენიტს კი „საჭიდაოს“ რითმები წარმოადგენდა. ბიჭად გადაცმული და საჭიდაო ჩოხაში გამოწყობილი ქალი სცენაზე გასაოცარ ილეთებს ასრულებდა.

ელენემ გადაწყვიტა, რომ ბედი საზღვარგარეთ ეცადა და 1912 წელს ბელგიაში გაემგზავრა. იქ ასრულებდა აღმოსავლურ, სლავურ და კლასიკურ ცეკვებს. მონაწილეობდა სპექტაკლში „თავადის აღზრდა“ და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ჰანოვერის „თეატრ ვარიეტეს“ დირექტორს მოუნდომებია, რომ ელენე იქ მთელი სეზონით დაეტოვებინა, მაგრამ ელენემ უარი უთხრა, რადგან მისი გეგმები უკვე პარიზთან იყო დაკავშირებული. ქართველი ქალი პარიზში თეატრ „იმპერიალის“ დირექტორმა პოლ ფრანკმა მიიწვია. გახარებული ელენე თბილისელ მეგობარს ატყობინებდა: „პირველ რეპეტიციაზე „იმპერიალის“ დირექტორის წინ მე ისე კარგად ვითამაშე, რომ მაშინათვე იმან კონტრაქტზე ხელი მომაწერინა. ჯერჯეობით ჩემი საქმე მშვენივრად მიდის“.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა ელენეს პარიზში. მისი გამოსვლები ყველაზე პრესტიჟულ ელისეის თეატრ „ფემინეში“ იმართებოდა. „აღელვებული ვიდექი და რიგს ველოდებოდი... და ბოლოს შემომესმა კონფერანსიეს ხმა, რომელიც ჩემს ცეკვას კავკასიონის მთებზე ასვლას უკავშირებდა, სცენისკენ მიბიძგეს. ისე გამიტაცა ჩაიკოვსკის მუსიკაში ჩვენი „იავნანას“ მელოდიამ, რომ მეგონა, ხელში მართლა მეჭირა ბავშვი, რომელსაც ნანას ვუმღეროდი, ვეთამაშებოდი და გაღვიძების შიშით ფეხის თითებზე დავსრიალებდი. მქუხარე ტაში არ ცხრებოდა, მაყურებელს ბისზე გამუდმებით გავყავდი. სპექტაკლის შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფი „იავნანას“ უსტვენდა“ – იხსენებდა შემდეგ ელენე.

პარიზულ პრესაში ბევრს წერდნენ ელენე ჩერქეზიშვილის გამორჩეული ქორეოგრაფიის შესახებ.

ჟურნალი „ლა მონდ ილუსტრე“ ფრანგებს მოუწოდებდა:

„ყოველი მხატვარი, მოქანდაკე, ნამდვილი არტისტი უთუოდ წავა, ნახოს და ტაში დაუკრას დიდებულ მოცეკვავე ქალს – ელი ჩეროვას, ყველა, ვისაც უყვარს მიმიკა და პლასტიკური ხელოვნება”.

მისი სახელი საფრანგეთს გასცდა და ინგლისსა და ამერიკაშიც მიიწვიეს, მაგრამ იმ პერიოდში ელენემ ოჯახი შექმნა პეტერბურგელ მსხვილ კომერსანტთან, რის შემდეგად სცენა სამუდამოდ მიატოვა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი