საზოგადოება

რას წერდა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ზურაბ გუგუჩიას შესახებ და გახდება თუ არა ის ნობელის პრემიის მფლობელი

№37

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 21.09, 2022 წელი

ზურაბ გუგუჩია
დაკოპირებულია

ფიზიკოსი ზურაბ გუგუჩია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერია ძალიან შთამბეჭდავი ბიოგრაფიითა და ინოვაციური კვლევებით, რომელთა შედეგებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ კაცობრიობის ცხოვრებას.

ზურაბ გუგუჩია: 1987 წლის 27 სექტემბერს (შემდგომში სოხუმის დაცემის დღეს) დავიბადე სოხუმში. 1993 წელს, აფხაზეთის ომის გამო, იძულებით მოგვიწია სამეგრელოში საცხოვრებლად გადმოსვლა. პირველი კლასი დედულეთში, ხობის რაიონ სოფელ ხიბულის სკოლაში გავიარე. მეორე კლასიდან კი სწავლა მამისეულ, ძირძველ სოფელ კახათის N1 საშუალო სკოლაში გავაგრძელე. სკოლის ბოლო წელი ზუგდიდში გავატარე და დავამთავრე აფხაზეთის N1 საშუალო სკოლა.

ყოველთვის ტექნიკური საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება. განსაკუთრებულად მათემატიკა მიყვარდა. სკოლაში ხუთი წლის შემიყვანეს და ერთი წლით ადრე, 15 წლის ასაკში დავამთავრე. ბავშვობიდანვე დიდ დროს ვუთმობდი სწავლას, ამიტომ, მე და ჩემი და, დიანა, არდადეგების დიდი ნაწილი ამოცანების ამოხსნით ვიყავით დაკავებული. მამა (ოთარ გუგუჩია) ფიზიკა-მათემატიკოსი, დედა (მარინა კიტია) ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტი იყო და ჩემზე ამანაც იქონია გავლენა.

2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფიზიკის ფაკულტეტზე.

– დღეს ხართ პაულ შერერის უნივერსტეტის უფროსი მეცნიერი, ციურიხის უნივერსიტეტის ლექტორი და მიწვეული მეცნიერი პრინსტონის უნივერსიტეტში. ასევე, იყავით კოლუმბიის უნივერსიტეტის პოსტდოქტორი. საოცნებო უნივერსიტეტებია და შესაბამისად, შთამბეჭდავია თქვენი ბიოგრაფია. რა გზა გაიარეთ ამ შედეგებისთვის?

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული სამეცნიერო პროექტებში. ორი წელი ვიმუშავე გეოფიზიკის ინსტიტუტში პროფესორ გიორგი აბურჯანიას ჯგუფში, რამაც დიდი ცოდნა მომცა. მაგისტრატურაზე ჩავაბარე კონდენსირებული გარემოს ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. მაგისტრატურის თეზისზე ვმუშაობდი თსუ-ს სრული პროფესორის, ალექსანდრე შენგელაიას ჯგუფში. მაგისტრატურის პერიოდში, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, რამდენიმეჯერ ვიმყოფებოდი შვეიცარიაში. ყველაზე ხანგრძლივად სამთვიანი საზაფხულო პროგრამით ვიყავი პაულ-შერერის ინსტიტუტში, სადაც თეზისის ექსპერიმენტული ნაწილი განვახორციელე. ეს იყო ჩემი პირველი რეალური შეხება საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სფეროსთან საქართველოდან შორს, დამოუკიდებლად. მესამე თვის დასასრულს, მქონდა შემოთავაზება სადოქტორო პროგრამაზე პაულ-შერერის ინსტიტუტის ერთ-ერთი ჯგუფიდან და ასევე, ციურიხის უნივერსიტეტიდან. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ არჩევანი გავაკეთე პროფესორ ჰუგო კელერის ჯგუფზე ციურიხის უნივერსიტეტში. კარგად მახსოვს, როცა ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე სწავლა დავიწყე, ექვსთვიანი საცდელი პერიოდის შემდეგ, რამდენიმე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მომიწია და ჯგუფში ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე. შესაბამისად, პროფესორმა კელერმა 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. პარალელურად, ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც პროფესორის ასისტენტი. სამწელიწად-ნახევარში დისერტაცია დავიცავი და 25 წლის ვიყავი, როდესაც ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მივიღე. ხელმძღვანელმა იმავე ჯგუფში დარჩენა შემომთავაზა და იქ უფროსი პოსტდოქტორის პოზიციაზე ერთი წელი გავატარე. პარალელურად, პაულ შერერის ინსტიტუტში ვატარებდი ექსპერიმენტებს და იქ ერთ-ერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მათთან გადასვლა შემომთავაზა. დავთანხმდი, რადგან პაულ შერერის ინსტიტუტი არის შვეიცარიის ყველაზე დიდი ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ცენტრი მეცნიერებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ერთ-ერთ კონფერენციაზე, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს იასუტომო უემურას შევხვდი, რომელსაც მოეწონა ჩემი მოხსენება და ჩემი სურვილის შემთხვევაში, შემდეგი პოსტდოქტორის პოზიცია კოლუმბიის უნივერსიტეტში შემომთავაზა. კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩემი მიწვევის ინიციატორების, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ მაიკლ ტატსისა და პროფესორ იასუტომო უემურას, სარეკომენდაციო წერილში აღნიშნულია: ,,...ჩვენ ვიცით, რომ დოქტორი გუგუჩია არის ამომავალი ვარსკლავი” და ,,.... ზურაბის შემოერთება ჩვენს ჯგუფთან მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს კვლევით საქმიანობას“. პროფესორი, რომლისგანაც ეს შემოთავაზება მივიღე, ძალიან ცნობილია. შესაბამისად, მისი ყურადღების დამსახურება, მნიშვნელოვანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ პაულ შერერის ინსტიტუტში ძალიან კარგი პერსპექტივა მქონდა, იმ ეტაპზე ვარჩიე, ამერიკაში წავსულიყავი. მართალია არ იყო მარტივი მეუღლით (მაგდა ძნელაძე) და ორი მცირეწლოვანი შვილით (მარიამი და ანასტასია) სხვა კონტინენტზე გადასვლა, მაგრამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, უარი არ გვეთქვა ასეთ მომხიბლავ შემოთავაზებაზე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა ჩემი მეუღლის მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩემი კარიერული განვითარების სხვადასახვა ეტაპზე. პარალელურად, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრესტიჟული გრანტი მივიღე, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში წარმოებულ კვლევებში ძალიან დამეხმარა. იქ მოხვედრა და დამოუკიდებელი სამეცნიერო გრანტი იმ მომენტისთვის ჩემი ორი დიდი წარმატება იყო. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდი როგორც ჩემი მეცნიერული განვითარებისთვის, ასევე ოჯახისთვის. ორი წელი დავყავი კოლუმბიის უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული მაქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის ძირითადი ნაწილი დაბეჭდილია ამერიკის ფიზიკური საზოგადოების (APS), იაპონიის ფიზიკური საზოგადოების (JPSJ), ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის და ბრიტანული Nature-ს ჯგუფის მსოფლიოს წამყვან მაღალრეიტინგულ მეცნიერული ფიზიკის ჟურნალებში. არაერთი ნაშრომი დასახელდა ჟურნალების საუკეთესო სტატიად და წლის საუკეთესო ნაშრომად. სტატიის გამოქვეყნება ამ ჟურნალებში არის საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი. ასევე, სისტემატურად მიწვევენ კონფერენციებზე ამერიკისა და ევროპა-აზიის ქვეყნებში, სემინარებზე – უნივერსიტეტებსა და ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში და ვკითხულობ ლექციებს სპეცკურსში. გაკეთებული მაქვს 100-მდე მიწვეული მოხსენება-სემინარი. მიმდინარე წლის თებერვალში ერთ-ერთი ნაშრომი დავბეჭდე ჟურნალ Nature-ში, რომელიც ყველაზე რეიტინგული და პრესტიჟული სამეცნიერო ჟურნალია. შესაბამისად, ბევრი ხედავს, რას ვაკეთებ და ეს საერთო რეიტინგს ქმნის, რომლითაც გიცნობენ. კოლუმბიის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში, ერთ კონფერენციაზე, პრინსტონის უნივერსიტეტის ერთ-ერთ მეცნიერთან მქონდა აზრების გაცვლა. ამჯერად თავად დავინტერესდი, კოლუმბიის უნივერსიტეტთან ერთად, ხომ არ შემეძლო, ბედი პრინსტონშიც მეცადა. გავაგზავნე აპლიკაცია პრესტიჟულ, ეგრეთ წოდებულ, Dicke Fellowship-ზე და ორასი კაციდან არჩეულ სამ-ოთხ მეცნიერში მოვხვდი, რომელიც მოხსენების გასაკეთებლად პრინსტონში მიიწვიეს. ამ მოხსენებას ესწრებოდა პრინსტონის ფიზიკის ფაკულტეტის რამდენიმე პროფესორი. მოხსენების შემდეგ ერთ-ერთმა პროფესორმა, ზაჰიდ ჰასანმა, მის ჯგუფში უფროსი პოსტდოქტორის პოზიცია შემომთავაზა და მომავალშიც პერსპექტივებს დამპირდა. პირველ ეტაპზე, კოლუმბიისა და პრინსტონთან ერთდროულად ვმუშაობდი და შემდეგ პრინსტონში გადავედი სამუშაოდ. ამას ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, მნიშვნელოვანი სიახლეები მოჰყვა.

ცოტა ხნის წინ პაულ შერერის ინსტიტუტში არსებული პერსპექტივა ვახსენე – ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა და მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე ჩანასახშივე განვიხილებოდი, რამდენად ძლიერ კანდიდატადაც არ უნდა განიხილებოდე, მის დასაკავებლად მაინც ძალიან რთული კონკურსი უნდა გაიარო. მაღალ და თან მუდმივ პოზიციაზე იყო საუბარი, რაც მეცნიერებაში რთულად მოსაპოვებელია. მოკლედ, ამ პოზიციაზე სამასამდე აპლიკაცია განიხილებოდა. სამასიდან შერჩეულ ხუთ მეცნიერში მოვხვდი, მოხსენების შემდეგ კი მომწერეს, რომ ყველამ ერთხმად, არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ამაყად ვიტყვი, რომ ჩემთან ერთად, ხუთეულში ძალიან ძლიერი მეცნიერები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ ეს პოზიცია მე შემომთავაზეს. მოკლედ, ამერიკას შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი ვარჩიე. პაულ შერერის ინსტიტუტი არის ისეთი ადგილი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ლაბორატორიები. შესაბამისად, ყველა ლაბორატორიასთან მაქვს ადვილი წვდომა. პირადად მე საკმაოდ ძვირად ღირებული და უნიკალური ლაბორატორიის პასუხისმგებელი უფროსი მეცნიერი ვარ. პაულ შერერის ინსტიტუტი არის შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის დომეინის ნაწილი. ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულშია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობებია და მიუხედავად დიდი კონკურენციისა, აქ ყოფნა ჩემთვის დიდი ფუფუნებაა.

– მუშაობთ მაღალტემპერატურული ზეგამტარობის ფიზიკაში, რომელიც მეცნიერებაში „ფრონტის წინა ხაზად“ მიიჩნევა. რას ნიშნავს ეს, რაზე მუშაობთ და როგორ აისახება თქვენი მუშაობის შედეგები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე?

– მე ვირჩევ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებს და ამავე დროს ვახდენ ექსპერიმენტული დანადგარის დახვეწას და მასში ახალი ელემენტების შეტანას. ჩემი კვლევები ეხება ფუნდამენტური და გამოყენებითი თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენა, პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარებისა და მაგნიტების შესწავლა და ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა. ანუ, ასპარეზი საკმაოდ ფართოა. საქმე ისაა, რომ კვანტურ ნივთიერებებში არის ძალიან დიდი რაოდენობის ელექტრონების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან ძლიერად ურთიერთქმედებენ. ჩემი მიზანია ამ ელექტრონების კოლექტიური ურთიერთქმედებების შესწავლა და იმის დადგენა, თუ რა ახალ კვანტურ მდგომარეობას მივიღებთ ამ ურთიერთქმედების შედეგად. სამივე მიმართულებით მუშაობას მნიშვნელოვანი აღმოჩენები მოჰყვა. 2022 წელს ჩემი ნაშრომი გამოქვეყნდა მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ და პრესტიჟულ ჟურნალ Nature-ში.

სამივე აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ მკვეთრი ტექნოლოგიური ცვლილებები. მაგალითად, გადავიდეთ ჩვეულებრივი გამტარებიდან ზეგამტარებზე, ჩვეულებრივი ელექტრონიკიდან – სპინურ ელექტრონიკაზე და კლასიკური კომპიუტერებიდან გადავიდეთ კვანტურ კომპიუტერებზე. ზეგამტარი იმით არის უკეთესი, რომ მასში ერთხელ გატარებული ელექტრული დენის მილევა არ ხდება. სპილენძში გატარებული დენი მიილევა, ამიტომ მისი მუდმივად მიწოდებაა საჭირო. ზეგამტარში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ერთხელ რომ გაატარებ დენს, მილიონი წელიც რომ გავიდეს, ელექტრული დენი არ დაიკარგება. ანუ, ამ გზით ენერგიას ვზოგავთ – ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. ასევე, ამ გზით შესაძლებელია ელექტროენერგიის შენახვა. ზეგამტარები დღეს უკვე გამოიყენება მედიცინაში, მაგალითად, მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაში. ცუდი ის არის, რომ დღეს ზეგამტარს ოთახის ტემპერატურაზე ვერ გამოვიყენებთ. ამიტომ საჭიროა ზეგამტარული მაგნიტის გაციება ჰელიუმის ტემპერატურაზე, რაც ძვირად ღირებული ფუფუნებაა. ამიტომ, ჩვენი მიზანია დავადგინოთ მექანიზმი და კრიტიკული ტემპერატურა ოთახის ტემპერატურამდე ავწიოთ. ეს სიახლე განსაზღვრავს მის ღირებულებას. ნახევარგამტარების ახალი კლასი იძლევა უფრო ეფექტური და სწრაფი ელექტრონიკის შექმნის საშუალებას, რომელზედაც მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც კი ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი და ოთახის ტემპერატურის TMD მაგნიტური ნახევარგამტარი გვექნება, ყველა ტექნოლოგია მათით ჩანაცვლდება. ჩემი კვლევების მიზანიც სწორედ ეს არის.

– არის მოლოდინები, რომ თქვენს ბიოგრაფიაში ნობელის პრემიაც შეიძლება, ჩაეწეროს. ეს ამ კვლევას უკავშირდება?

– მეცნიერის მთავარი მიზანი უნდა იყოს ფუნდამენტური სამეცნიერო პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს კაცობრიობის განვითარებას. ჩემს სამეცნიერო ნაშრომებში გადმოცემულია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი შედეგები, რომელიც მთავარი ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ნობელის პრემიას რაც შეეხება, მისი წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

– „ნიუ-იორკ თაიმსის“ ყოველწლიურ გამოცემაშიც მოხვდით. ეს რომელ კვლევას უკავშირდებოდა?

– ეს იყო 2017 წელს და ეხებოდა მაღალტემპერატურულ და ვეილის ზეგამტარობას. მასში ახალი ტიპის მაგნიტურ ნახევარგამტარზეც იყო საუბარი, რომელიც მე აღმოვაჩინე. მაგნიტური ნახევარგამტარები იქამდეც არსებობდა, მაგრამ მინუსები ჰქონდა. ჩემ მიერ აღმოჩენილი ახალი მაგნიტური ნახევარგამტარების საშუალებით კი უფრო ეფექტურად მოხდება ინფორმაციის ჩაწერა, გადატანა და წაკითხვა. ეს გააუმჯობესებს კომპიუტერების სიჩქარეს და გაცილებით სწრაფად იქნება შესაძლებელი ინფორმაციის მიღება და გავრცელება.

მე, ასევე, ვახსენე ვეილის ზეგამტარი. დღეს ენერგიის ერთ-ერთი წყარო სინათლე გახლავთ. ახალი ნივთიერებების გამოყენებით, რომელზედაც მე ვმუშაობ, შესაძლებელი იქნება, მზის უფრო მეტი ენერგია გარდავქმნათ ელექტრულ ენერგიად. შედეგად, მზის ენერგიას მაქსიმალური ოდენობით გამოვიყენებთ, რისი დანერგვაც პრაქტიკაში მალე მოხდება და ჩვენს შესაძლებლობებს ძალიან გაზრდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი