საზოგადოება

რას წერდა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ალექსანდრე სევერსკიზე და რა საოცარი მიღწევები ჰქონდა მას

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 12:18 11.10

ალექსანდრე სევერსკი
დაკოპირებულია

ალექსანდრე სევერსკის ბიოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია – მფრინავი, გამომგონებელი, თვითმფრინავის დიზაინერი და სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო გამოყენების გამოჩენილი თეორეტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო საჰაერო ძალების ერთ-ერთი დამაარსებელი. წარმოშობით ქართველი იყო, გედევანიშვილთა თავადური გვარის წარმომადგენელი. მისი წინაპრები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. მხოლოდ მამამ, ნიკოლოზ სევერსკიმ უღალატა ტრადიციას და გახდა ცნობილი მომღერალი, რეჟისორი და თეატრის მფლობელი პეტერბურგში. სევერსკი – მისი სასცენო ფსევდონიმი შვილებისთვის გვარად იქცა. ნიკოლოზ სევერსკის გადაწყვეტილებით, მისმა ვაჟებმა სამხედრო განათლება მიიღეს.

ახალგაზრდა ოფიცერი ალექსანდრე პროკოფიევ-სევერსკი საჭირო თეორიული სწავლების მისაღებად საავიაციო და აერონავტიკის კურსებზე პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიგზავნა. კურსების დასრულების შემდეგ ის სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სკოლაში მიავლინეს. 1915 წლის 2 ივლისს ალექსანდრემ გამოცდა ჩააბარა და საზღვაო მფრინავის წოდება მიიღო. 1915 წლის 6 ივლისს საბრძოლო მისიიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის დაჯდომის დროს ბომბი აფეთქდა და შტურვალთან მჯდომი სევერსკი მძიმედ დაიჭრა. განგრენისგან დაზღვევის მიზნით, ექიმებს უნდოდათ, მისთვის ფეხი თითქმის მთლიანად მოეკვეთათ; მაგრამ ალექსანდრეს თხოვნით, რისკზე წავიდნენ და მარჯვენა ფეხის ამპუტაცია მხოლოდ მუხლს ქვემოთ გაუკეთეს.

ოპერაციის შემდეგ ალექსანდრემ გაძლიერებული ვარჯიში დაიწყო. ისწავლა სიარული, ჯერ ყავარჯნებით, შემდეგ პროთეზით. დროთა განმავლობაში კი არა მარტო ფრენას დაუბრუნდა, გოლფსაც თამაშობდა, ციგურებით სრიალებდა და ცეკვავდა კიდეც.

1916 წლის დასაწყისში ალექსანდრე სევერსკიმ მუშაობა დაიწყო რუსეთის პირველი აერონავტიკის ასოციაციის სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში, როგორც ბალტიის ფლოტის ავიაციისთვის განკუთვნილი საზღვაო თვითმფრინავების მშენებლობისა და ტესტირების დამკვირვებელმა. ამ პერიოდში გაიღვიძა მასში კონსტრუქტორის ნიჭმა. დაიწყო დიზაინის კუთხით მუშაობა. შექმნა სქემა და შეიმუშავა ტექნოლოგია მფრინავი აპარატების თხილამურებზე გადასვლისთვის, რამაც ფლოტის ავიაციას ზამთარში მუშაობის საშუალება მისცა.

მიუხედავად ახალი საქმიანობისა ალექსანდრე კვლავ მფრინავობაზე ოცნებობდა. იმის დასამტკიცებლად, რომ ფრენა შეუძლია, ერთხელ, სადემონსტრაციო ფრენების დროს, შეცვალა დაკარგული მფრინავი, რისი უფლებაც არ ჰქონდა. დისციპლინის დარღვევისთვის დააპატიმრეს. მხოლოდ იმპერატორის ჩარევამ უშველა. ამ საქმის შესწავლის შემდეგ, ნიკოლოზ მეორემ აპატია მას ეს თვითნებობა და ნება დართო, საფრენოსნო სამსახურს დაბრუნებოდა.

1917 წლის 1 ოქტომბერს საბრძოლო ფრენის შესრულებიის დროს, ძრავის დაზიანების გამო, ალექსანდრე იძულებული გახდა, გერმანიის ზურგში დაშვებულიყო. თავის გადარჩენის მიზნით თვითმფრინავი დაწვა და რუსულ პოზიციამდე 30 მილი ფეხით იარა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დროს ლეიტენანტი პროკოფიევ-სევერსკი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მფრინავი რუსეთში: იფრინა 1 600 საათი, მონაწილეობა მიიღო 57 საჰაერო ბრძოლაში, გაიმარჯვა 13-ში. მას მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის: სპეციალური ჯილდო ღირებული გამოგონებისთვის საზღვაო ავიაციის სფეროში, საპატიო ოქროს იარაღი და მე-4 ხარისხის წმიდა გიორგის ორდენი, რომელიც პირადად გადასცა დროებითი მთავრობის მეთაურმა კერენსკიმ.

ალექსანდრე სევერსკი მსახურობდა ბალტიის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის მეთაურად, საადმირალოში კი ეკავა ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობა.

რუსეთში ბოლშევიკების სათავეში მოსვლის გამო, 1918 წლის დასაწყისში ალექსანდრე სევერსკი ვლადივოსტოკის გავლით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მუშაობა დაიწყო ვაშინგტონში მდებარე ჯერ კიდევ მოქმედ რუსეთის საელჩოში, სამხედრო-საზღვაო ატაშეს თანაშემწედ. მისი დიპლომატიური სამსახური დიდხანს არ გაგრძელებულა, რუსეთსა და გერმანიას შორის სეპარატული ზავის დადების შემდეგ საელჩო დაიხურა.

ალექსანდრე სევერსკი მალე შეხვდა ამერიკის საჰაერო ძალების მომავალ „ნათლიას”, ცნობილ გენერალ ბილი მიტჩელს, რომელიც ბომბდამშენი ავიაციის განვითარების მტკიცე მომხრე გახლდათ. გენერალი დაინტერესდა ახალგაზრდა, „რუსი“ მფრინავის იდეებით თვითმფრინავების ტექნიკური გაუმჯობესების შესახებ და ვაშინგტონის სამხედრო დეპარტამენტში ინჟინერ-კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზა.

ამერიკის სამხედრო ძალებში მუშაობა ალექსანდრე სევერსკიმ 1918 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 1927 წელს მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, მიენიჭა მაიორის წოდება შეერთებული შტატების საჰაერო ძალების რეზერვში.

1931 წლის თებერვალში სევერსკიმ დააარსა ახალი ფირმა Seversky Aircraft Corp. ის იყო ფირმის პრეზიდენტი, დიზაინერი და პილოტი-გამომცდელი. იქვე მთავარ ინჟინრად მუშაობდა მისი თანამემამულე, ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ერთობლივი მუშაობით ქართველიშვილმა და სევერსკიმ რამდენიმე ინოვაციური თვითმფრინავი შექმნეს, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის დროს – Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა.

თავისი საჯარო გამოსვლებისა და ორატორული ნიჭის წყალობით, ალექსანდრე სევერსკი ცნობილი ადამიანი გახდა. ის მუდმივად იყო პრესის ყურადღების ცენტრში. New York Times-ში 1942 წელს მის ახალ ბინაში გადასვლაზეც კი დაიბეჭდა ინფორმაცია. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა 1942 წელს გამოქვეყნებული წიგნით – Victory Through Air Power (გამარჯვება საჰაერო ძალის საშუალებით), რომელიც სწრაფად გახდა ბესტსელერი. ამ წიგნში ის არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა გახდეს წამყვანი ძალა ჰაერში, რითაც აიღებს სამხედრო ლიდერობას მსოფლიოში. ამ წიგნის საფუძველზე უოლტ დისნეის კომპანიამ გადაიღო პროპაგანდისტული ფილმი, რომელშიც ანიმაციურ სცენებს შორის ინტერვალებში თავად ალექსანდრე სევერსკი გამოდის განმარტებებით. ეს ფილმი რუზველტმა და ჩერჩილმა ერთად ნახეს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს თბილისელი ავიაკონსტრუქტორი სამხედრო სტრატეგიის აღიარებული ავტორიტეტი იყო და იკავებდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სამხედრო მრჩევლის თანამდებობას

გამოყენებული მასალების წყარო:www.nplg.gov.ge; wikipedia.org; mematiane.ge;

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა