რას შეეწირა ბერიას შვილის წარმატებული კარიერა და როდის აღიდგინა მან საკუთარი გვარი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 06.12, 2022 წელი
სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორი სერგო ლავრენტის ძე ბერია, იგივე სერგეი ალექსის ძე გეგეჭკორი, 1924 წლის 24 ნოემბერს დაიბადა თბილისში. მისი მამა პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ლავრენტი პავლეს ძე ბერია გახლდათ, დედა კი – ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი.
1938 წელს სერგო ბერიამ თბილისში დაამთავრა გერმანული და მუსიკალური სკოლების შვიდი კლასი და მამის სამსახურებრივი დაწინაურების გამო, მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.
მოსკოვის 175-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1941 წელს, მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის შინსახკომის ცენტრალურ რადიოტექნიკურ ლაბორატორიაში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, კომკავშირის რაიკომის რეკომენდაციით, დაზვერვის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც დაჩქარებულ სამთვიან კურსებზე რადიოტექნიკოსის სპეციალობა აითვისა და ლეიტენანტ-ტექნიკოსის წოდებით დაიწყო არმიაში სამსახური.
იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას.
1942 წლიდან ომსკში უმაღლეს განათლებას იღებდა, მაგრამ პერიოდულად იწვევდნენ საიდუმლო სამხედრო დავალებების შესასრულებლად. მონაწილეობდა თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში. სანიმუშო სამსახურისთვის მიღებული აქვს „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი და მედალი „კავკასიის დაცვისთვის“.
სერგო ბერიამ 1947 წელს დაამთავრა ლენინგრადის კავშირგაბმულობის სამხედრო-ელექტროტექნიკური აკადემია. 1948-1953 წლებში ის საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მესამე მთავარი სამმართველოს ¹1 საკონსტრუქტორო ბიუროში მოღვაწეობდა. მისი პროექტებით შეიქმნა რამდენიმე ტიპის სარაკეტო სისტემა, აგრეთვე, ხომალდსაწინააღმდეგო, „ჰაერი ჰაერისა“ და სხვა კლასის რაკეტები.
1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1950 წელს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით და მიენიჭა საბჭოთა კაშირის სახელმწიფო პრემია. 1952 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. წარდგენილი იყო სოციალისტური შრომის გმირობაზეც, მაგრამ მამის დაპატიმრების გამო ყველაფერი შეიცვალა.
1947 წელს სერგო ბერიამ იქორწინა მაქსიმ გორკის შვილიშვილზე, მარფა პეშკოვაზე. მათ სამი შვილი ეყოლათ – ნინა, ნადეჟდა და სერგეი. მარფა მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როცა მამამთილის დაკავებისა და დახვრეტის გამო მათი ცხოვრების პირობები შეიცვალა.
1953 წლის ზაფხულში სერგო და დედამისი დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ, 1954 წლის ნოემბერში, მისცეს ახალი პასპორტი დედის გვარზე, რათა არ გახმაურებულიყო, რომ ის ლავრენტი ბერიას შვილი იყო და გაუშვეს ადმინისტრაციულ გადასახლებაში. ჩამოართვეს ყველა წოდება და ჯილდო, მათ შორის ინჟინერ-პოლკოვნიკის ჩინი. თუმცა ნება დართეს, კვლავ სამხედრო სპეციალობით ემუშავა.
სერგო გეგეჭკორი, ოჯახთან ერთად, სვერდლოვსკში დასახლდა. აქ ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მთავარ ინჟინრად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ცოლს მალე გაშორდა. დედა კი ყოველთვის მასთან ერთად იყო.
1964 წელს, დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სერგო ბერიამ კიევში გადასვლა ითხოვა. მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილეს, ბინაც მისცეს და დასაქმებაშიც ხელი შეუწყვეს.
1988 წლამდე ის წამყვან კონსტრუქტორად მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „კვანტში“.
1990-1999 წლებში იყო უკრაინის მანქანათმშენებლობის კიევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – „კომეტის“ დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი.
სერგო ბერიამ პირველი შესაძლობისთანავე დაიბრუნა მამის გვარი.
1991 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ სპეციალისტებთან. 1999 წელს პენსიაზე გავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მემუარებზე მუშაობდა და გამოსცა წიგნი – მîé îòåö - ლჭâðåíòèé ბåðèÿ.
სერგო ბერია გარდაიცვალა 2000 წლის 11 ოქტომბერს, კიევში. დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაოზე.
სერგო ბერიას ვაჟი, სერგეი პეშკოვი, მამასთან ერთად ცხოვრობდა და ახლაც კიევშია. ის რადიოინჟინერია. უფროსი ქალიშვილი, ნინა, მხატვარია. ცოლად ფინელს გაჰყვა და საცხოვრებლად ფინეთში გადავიდა. მოსკოვში ცხოვრობს უმცროსი ქალიშვილი, ნადეჟდა, რომელიც პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა.
ცნობილია, რომ სერგო ბერიას ჰყავდა და, რომელიც ლავრენტი ბერიას სხვა ქალთან შეეძინა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლავრენტი ბერიამ შვილს – სერგოს, ერთხელ ეს ქალიშვილი აჩვენა და უთხრა, რომ ის მისი და იყო და ეს საიდუმლოდ უნდა შეენახა. სთხოვა, თუ შეძლებდა, დახმარებოდა მას და რაც მთავარია, ამის შესახებ დედისთვის არ ეთქვა. მართლაც, ნინა თეიმურაზოვნა ისე გარდაიცვალა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჭორები ლავრენტი ბერიას ქალებთან ურთიერთობებზე, ბუნებრივია, მის ყურამდეც მიდიოდა, მაგრამ ნინა ბოლომდე არ იჯერებდა იმას, რასაც მის ქმარზე ამბობდნენ.
„ლავრენტი დღე და ღამე დაკავებული იყო სამუშაოთი, როდისღა შეძლებდა, ჰქონოდა სასიყვარულო კავშირი ქალების ლეგიონთან? სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ომის დროს და მოგვიანებით ის ხელმძღვანელობდა დაზვერვას და კონტრდაზვერვას. ეს ქალები იყვნენ მისი თანამშრომლები, ინფორმატორები და მათთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. მაშინ, როდესაც მათ ჰკითხეს შეფთან ურთიერთობის შესახებ, ბუნებრივია, ყველამ განაცხადა, რომ ისინი მისი საყვარლები იყვნენ.“ – ეს ნაწყვეტია ინტერვიუდან, რომელიც ბერიას მეუღლემ მისცა. როგორც ჩანს, ნინო არც კი ეჭვობდა იმ ასობით ქალბატონზე, რომელთანაც მის მეუღლეს კავშირი ჰქონდა.
გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I. intermedia.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან