რას შეეწირა ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლე და როგორ გახდა მისი შვილიშვილი და რუსეთის საიმპერატორო ოჯახის შთამომავალი ამერიკის დაზვერვის თანამშრომელი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 13.07, 2022 წელი

რუსეთისა და საქართველოს არმიების გენერალ-მაიორი ალექსანდრე ჭავჭავაძე 1870 წელს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. ზაქარიას მეუღლე გახლდათ მარიამ ჭავჭავაძე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ქალიშვილი. ზაქარიას და მარიამს ექვსი შვილი შეეძინათ, სამი ვაჟი და სამი გოგონა: ალექსანდრე, ელისაბედი, მაქსიმილიანი, დავითი, ანა და სოფიო.
ალექსანდრე ზაქარიას ძემ დაამთავრა თფილისის კადეტთა კორპუსი და სანქტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1890 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში, 1898-1900 და1900-1905 წლებში – მთავარ შტაბში. 1905–1914 წლებში კი კავკასიის მეფისნაცვლისა და კავკასიის ოლქის ჯარების მთავარსარდლის ადიუტანტი გახლდათ.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ალექსანდრე ჭავჭავაძე პოდპოლკოვნიკი გახლდათ. 1914-1917 წლებში ის მეთაურობდა ჩერქეზთა ცხენოსან პოლკს. 1915 წელს ალექსანდრეს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წელს კი დაინიშნა კავკასიის ცხენოსანი, „ველური დივიზიის“ მესამე ბრიგადის მეთაურად, მალე კი – იმავე დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად.
საბრძოლო დამსახურებისათვის ალექსანდრე ჭავჭავაძეს მიღებული აქვს იმპერიის არაერთი ჯილდო: წმიდა სტანისლავის მეორე და მესამე ხარისხის, წმიდა ანას მესამე და მეორე ხარისხის, წმიდა ვლადიმირის მეოთხე და მესამე ხარისხის ორდენები; ლომისა და მზის მესამე ხარისხის სპარსული ორდენი და სხვა.
1896 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ კავკასიაში, კისლოვოდსკში გაიცნო იმპერატრიცას ფრეილინა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, მიხეილ როძიანკოს ძმისშვილი, მარია პავლეს ასული როძიანკო. მალე ისინი დაქორწინდნენ და რუსეთში დასახლდნენ. რუსეთში დაიბადა მათი სამივე შვილი – პავლე, გიორგი და მარინა. მარიასა და ალექსანდრეს ოჯახური ცხოვრება დიდხნს არ გაგარძელებულა. ისინი 1915 წელს დაშორდნენ.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ ალექსანდრე ჭავჭავაძეს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. ამ დროისთვის „ველური დივიზია“ იმ იშვიათ საბრძოლო შენაერთებში შედიოდა, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო საბრძოლო სული, თავდადება და დისციპლინა. 1917 წლის ზაფხულში დროებითი მთავრობის ბრძანებით, საცხენოსნო დივიზია ისევ კავკასიაში დააბრუნეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ალექსანდრე ჭავჭავაძე ეროვნულ არმიაში მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, ის სამხედრო სამსახურიდან გადადგა. მალე მან მეორედ იქორწინა. 1922 წელს ალექსანდრემ ცოლად შეირთო ოლღა სუხომლინა და თბილისში დასახლდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოში არალეგალურად მოქმედ „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთ ჯგუფს და არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ. 1930 წლის 13 თებერვალს ის დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური მიზნებით შეიარაღებული აჯანყებისა“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით და მალევე დახვრიტეს.
რაც შეეხება მის პირველ ოჯახს, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მარია როძიანკო შვილებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ის იმ დროისთვის უკვე მეორედ იყო დაქორწინებული და თავად ტრუბეცკოის მეუღლე გახლდათ. ოჯახი ინგლისში ცხოვრობდა, როცა შეტყობინება მიიღეს, რომ შეეძლოთ ალექსანდრე ჭავჭავაძე ციხიდან დაეხსნათ. გამოსასყიდის ფასი 100 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც დაახლოებით 10.000 ამერიკულ დოლარს უდრის. ოჯახს ეს თანხა არ ჰქონდა, მაგრამ მარინა ჭავჭავაძემ, ლონდონში გამართულ ერთ-ერთ მდიდრულ მეჯლისზე მამამისის ისტორია თავის პარტნიორს მოუყვა. ამ ჯენტლმენმა ჟილეტის ჯიბიდან დაუყოვნებლივ ამოიღო საჭირო თანხა და ქალს გადასცა. თუმცა, სამწუხაროდ; ქრთამმა არ იმოქმედა და ალექსანდრე მხოლოდ და მხოლოდ ცოტა ხნით გაათავისუფლეს. მალე ის ისევ დააპატიმრეს და 1931 წელს სიკვდილით დასაჯეს.
ალექსანდრეს შვილებიდან მხოლოდ პავლე იყო საქართველოში ნამყოფი. ის ბოლოს 1918 წელს ესტუმრა წინანდალს მამასთან ერთად. მისი სამივე შვილის ცხოვრება წარმატებით წარიმართა. პავლე ამერიკაში ცნობილი და წარმატებული მწერალი გახდა, მარინა ლონდონში დასახლდა და ისიც მწერლობით იყო დაკავებული. მათი შუათანა ძმა, გიორგი, საფრანგეთში ცხოვრობდა და ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი პიანისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი.
პავლე ჭავჭავაძე 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის მეფეთა დინასტიის რომანოვების შთამომავალზე ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე. ნინას ბაბუა, მიხეილი, კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა აღმაშენებლის გამზირს – „მიხეილის პროსპექტი“ და თბილისის საავადმყოფოს – „მიხეილის საავადმყოფო“, რომელსაც „მიხაილოვს“ ეძახიან.
პავლე ჭავჭავაძეს ჰქონდა თარგმნილი ინგლისურ ენაზე სვეტლანა ალილუევას წიგნი – „მხოლოდ ერთი წელიწადი“. მისი რომანი – „საოჯახო ალბომი“ – ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ეხება მის ცხოვრებას წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „მთები ალაშისა“, სადაც აღწერილია ლეკების მიერ დავით ჭავჭავაძის ოჯახის წევრების გატაცება.
1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში – „მამა ვიკენტი“, მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუ-იორკელ მრევლზე. 1966 წელს გამოიცა მისი წიგნი – „რამეთუ იდგა შავბნელი ღამე“.
პავლეს და ნინას ვაჟი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიცერი და ისტორიკოსი დავით ჭავჭავაძე გახლდათ. დავითი იქ 25 წელი მუშაობდა. ის იყო ერთადერთი რუსეთის საიმპერატორო ოჯახის შთამომავალთაგან, ვინც ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად საქმიანობდა.
დავითის ქალიშვილი მარიამ (მარუსა) ჭავჭავაძე ამერიკაში დაარსებული „საქართველოს მეგობართა“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.
გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; გოგიტიძე, მამუკა. ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, თავადი: გენერალ-მაიორი; ვიკიპედია;
სიახლეები ამავე კატეგორიიდან