საზოგადოება

რას სჩუქნიდა თემურ წიკლაური უცხო ადამიანებს ქორწილში და როგორ ამშობიარა მან მეზობლის მეუღლე

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 15.02, 2021 წელი

თემურ წიკლაური
დაკოპირებულია

მას შემდეგ, რაც შვილი ზეცაში გაუფრინდა, ამბობდა, სულ მის სულს დავეძებო და ახლა თვითონაც მასთან წავიდა. 
საქართველოს არწივმა დაგვტოვა. 
თავად საშინელ ტკივილს ატარებდა, მაგრამ სხვებისთვის დიდი ბედნიერება მოჰქონდა. უანგაროდ გასცემდა, სიყვარულით მღეროდა, საამაყო იყო ყველასთვის და ასეთადვე დარჩება თითოეული ქართველის გულში. 


ანდრო გოგიბედაშვილი (შვილიშვილი): ეს არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის, ქვეყნის დანაკლისია. თემური ყველას უყვარდა და უკვე ძალიან გვენატრება. საოცარი ადამიანი იყო და ამაში კიდევ ერთხელ ახლა დავრწმუნდი, როცა ხალხის უდიდესი სიყვარული დავინახე მის მიმართ და ძალიან დიდი განცდა მისი წასვლის გამო. მარტო სიმღერა კი არა, მისი თითოეული ნაბიჯი სიყვარულით იყო გაჟღენთილი და ის, რასაც აქამდე თესავდა, ახლა გაბრწყინდა და სამყაროში ცეკვავს.
ძალიან ძლიერი, ტიტანივით ადამიანი იყო. არასდროს გამოხატავდა სისუსტეს. აქ და ახლა ცხოვრობდა და ეს დიდ ძალას აძლევდა. მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავისი იდეალები ჰქონდა, განსაკუთრებით ქრისტიანული, რომელიც ცხოვრების წესად აქცია.
– ამ ასაკშიც კი სტიქაროსანი იყო, არა?
– დიახ, ლურჯ მონასტერში ერთად ვმსახურობდით. ამ მონასტერს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მე აქ მოვინათლე, ჩემმა მშობლებმაც აქ დაიწერეს ჯვარი და ბაბუაც აქ დავასვენეთ.
როგორც ბაბუა ამბობდა, სიმღერა უფლისკენ მიმავალი გზაა. როდესაც მღერი, ღმერთს უმღერი - ეს საოცარი პროცესია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექტს, თითოეულ სიტყვას – ეს საოცარი მედიტაციაა. ბაბუას ტექსტებიც ძალიან აზრიანი, ღრმა და მრავალშრიანია. ის ყველაფერს გააზრებულად აკეთებდა და არა ზედაპირულად.
– არ უნდოდა, მის გზას გაჰყოლოდით?
– ახლაც ამ გზაზე ვარ. მეც მუსიკოსი გახლავართ, მუსიკას ვწერ. მისი გზა ძალიან დიდია. მე ბედნიერი ვარ, რომ მისასაც ვიზიარებ და პირველ რიგში, ჩემს გზაზე დავდივარ. მე ელექტრონულ მუსიკას ვქმნი. სახლში რომ ვმუშაობდი, ოთახში შემოვიდოდა, წაიცეკვებდა ხოლმე და მეც შევუერთდებოდი.
– ბოლო პერიოდში როგორ იყო?
– ოპერაცია გაიკეთა, ცოტა რთული წელი ჰქონდა. ბოლო წლებში გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, მალე წასულიყო. თითქოს თვითონაც იმავეს გრძნობდა და ცდილობდა, ყველაფერი მოესწრო.
ნუგზარ კვაშალი: 50 წელი ერთ მანქანაში, სასტუმროს ერთ ნომერში, ერთ კუპეში, ერთ სცენაზე, ერთ სუფრასთან გავატარეთ. თემურის სიკვდილით მეც მოვკვდი. ჩვენს ანსამბლს საქართველოს სახელი ჰქვია – ეს დიდი პასუხისმგებლობაა. როცა სამშობლოს სახელს ატარებ, ყოველთვის გამარჯვებული უნდა იყო, არაფერი უნდა შეგეშალოს და ასეც მოხდა. „ივერია“ არსად დამარცხებულა და ამაში ლომის წილი თემურ წიკლაურს მიუძღვის.
იმის შემდეგ, რაც თემურს საყვარელი შვილის გარდაცვალებით ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, მისთვის ყველაფერი შეიცვალა. მე ვფიქრობ, რომ ამ უბედურების შემდეგ დაეწყო ორგანიზმის დაუძლურება. ძალიან სტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. არ იმჩნევდა, იმიტომ, რომ ის იყო სახალხო, ნამდვილი სახალხო არტისტი. რომელსაც ჰქონდა ამოცანა უფლისგან, რომ ხალხისთვის ემღერა.
– შვილის გარდაცვალებიდან ძალიან მალე მოუწია სცენაზე დადგომა...
– ორ-სამ დღეში. როგორი წარმოსადგენია, შვილმკვდარი მამა სცენაზე გამოხვიდე და სიმღერა გააგრძელო?! ამაში ძალიან დიდი როლი ილია მეორემ ითამაშა. მაშინ სპექტაკლები შეწყდა და როცა განახლდა, თემური სცენაზე გამოვიდა მეფე აიეტის როლში, ხელები ასწია და 2 500 სანთელი აინთო დარბაზში. სწორედ მაშინ მიენიჭა თემურ წიკლაურს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ასეთი დაჯილდოება მეორე არ არსებობს. მახსოვს, მე და ბასილაია კულისებში გამოვედით და ვტიროდით.
ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე თემურმა ერთი სიმღერა იმღერა. ეს სიმღერა თავიდან სამშობლოზე იყო, მაგრამ მაშინდელმა წყობამ არ დაუშვა და შვილზე გადაკეთდა. მედეას უმღეროდა თემური და ამ შემთხვევაში თავის შვილს გულისხმობდა. მისი შვილი ამ სიმღერის შემდეგ ცოტა ხანში გარდაიცვალა. რა დამთხვევა იყო, არ ვიცი, მაგრამ თემური ამბობდა ხოლმე, ალბათ, ეს რომ ვიმღერე ამით რაღაც ცუდი გავაკეთეო. თუმცა, არავინ იცის, რა მოხდა. დღეს თემური აღარ არის და ჩავთვალოთ, რომ ანსამბლი „ივერიაც“ აღარ არის. ჩემთვის ყველაფერი მორჩა. მთლიანად არა, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი ნაწილი მოკვდა.
ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ძალიან სტკიოდა, მაგრამ სხვებთან არ აჩენდა. მეც რომ შევიმჩნევდი, შემომიბღვერდა, არსად გაბედო ამის თქმაო.
– თავის ტრაგედიაზე საუბრობდა?
– თავიდან საერთოდ არ უნდოდა თავის ტრაგედიაზე საუბარი. მერე, როცა მისი გოგონა გათხოვდა, გადასარევი შვილიშვილი გაჩნდა, რომელიც პირველი ერთი წელი გიორგის ძალიან ჰგავდა და მიხვდა, რომ განსაკუთრებით საჭირო გახდა – ახლა ანდრო უნდა დაეყენებინა ფეხზე, აღეზარდა. ძველი ტკივილი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ უნდა ეცოცხლა, შვილიშვილისთვის მიეხედა, შვილის საფლავისთვის მოევლო, მეუღლე, მეგობრები, მსმენელი – ყველას წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. თუმცა, სუფრაზე რომ ვისხედით და ცოტას დავლევდით, ყველაფერი ამოტივტივდებოდა, 38 წლის წინანდელი დარდი არასდროს გახუნებია, ეს იყო საწყისი იმისა, რაც ბოლოს თემურის ორგანიზმს დაემართა.
ბოლო ორი წელი „ბლექ სი არენა“ „ჩხიკვთა ქორწილმა“ დაანგრია. დარბაზი გადაჭედილი იყო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ცუდად იყო მაშინ თემური, მაგრამ კაციშვილი ვერ მიხვდა ამას. როგორ შეიძლება არწივის ცუდად ყოფნა?! – ასეთი შემართება ჰქონდა – ცუდად არ უნდა ყოფილიყო. სცენაზე გამოვიდოდა და ყველაფერს ისე გააკეთებდა, რომ გაგვაგიჟებდა. ვუყურებდით გაოცებულები – ეს ის თემურია, ნახევარი საათის წინ, რომ ტკივილი კლავდა? ანგრევდა ყველაფერს. ორი წელი გრძელდებოდა ასე.
ბოლოს 23 ნოემბერს, გიორგობას ვნახე. ოპერაცია გაიკეთა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაისვენა გადასარევად. ვიმღერეთ, დალია კიდეც, ხასიათზეც მოვიდა, მაგრამ პირველი დეკემბრის შემდეგ ყველაფერი აირია. 23 დეკემბერს დამირეკა ჰოსპიტალიდან, მითხრა: დავიღალე ნუგზარ ამდენი აპარატიდან სუნთქვითო – ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.
ჯემალ ბაღაშვილი: მე და თემურს სამოცწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ოღონდ კი გაეგო, რომ ვინმეს რაღაცაში სჭირდებოდა, თხოვნაც არ უნდოდა, ისე დაუდგებოდა გვერდში. „ვეფხისტყაოსნების“ კოლექცია ჰქონდა. რომ გაიგებდა, ქორწილი იყო, შეიძლება, სულ არ ცნობოდა მექორწილეები, მაგრამ რაც უფრო გაჭირვებული იყო, რაც უფრო არ ჰქონდათ საშუალება, თავი მოეწონებინათ გამოჩენილი მომღერლის სტუმრობით, მით უფრო მივიდოდა დაუპატიჟებლად. საჩუქრად „ვეფხისტყაოსანს“ მიუტანდა, უმღერებდა და ისეთი ნასიამოვნები მოდიოდა, მეტი რომ არ შეიძლება.
ერთხელ, თელავში ვიყავით, სასტუმროში. ერთი კაცი, რომელიც თურმე; ქორწილში მეჯვარე იყო, სასტუმროს დირექტორს ეხვეწებოდა, შენი რესტორნის მუსიკოსები გამატანეო და ის პასუხობდა: ვერა, ძმაო, ბანკეტია და როგორო? თურმე, ქორწილში მოსასვლელ მუსიკოსებს დაუღალატებიათ. თემურმა ჰკითხა, როდის არის ქორწილიო? ორ საათში იწყებაო, უპასუხა მეჯვარემ. დამელოდე ხუთი წუთი და მოვდივარო. არადა, მეორე დღეს კონცერტი გვაქვს. „ივერიის“ ძირითადი დატვირთვა კი თემურზე გადადის და იმ დღეს დასვენებას აპირებდა. დასვენება კი არა, წავიდა და მთელი ღამე აქეიფა ხალხი. მანამდე სიძეს უთქვამს: ქორწილს ხომ არ ჩავშლი, მუსიკოსების გამო და ვისაც ემღერება, იმან იმღეროსო. მივიდა თემური, როგორ გითქვამს სიძეო? მე მემღერება და მოვედი შენს ქორწილშიო. დილამდე აქეიფა ხალხი. სადღეგრძელოები იცოდა, ღმერთმა მოგცეთ, სიმღერაზე აღარაფერს ვიტყვი და საოცარ განწყობას ქმნიდა. მეორე დღეს დაღლილი კი არა, ენერგიით აღსავსე დაბრუნდა იქიდან. აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა მის ცხოვრებაში. ამაში ჰპოვებდა დიდ შვებას, შეეძლო, ადამიანისთვის ჭეშმარიტი სიხარული მიენიჭებინა.
ბოლოს, უკვე იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდა და მღეროდა „გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ“. ისეთივე სილაღითა და თვითირონიით, როგორითაც ყოველთვის.
თემურს ძალიან უყვარდა ბავშვები და მათზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. რთულ წლებში, მისი დამსახურებით, პროფორიენტაციის ცენტრში ორიათასამდე ბავშვს უსასყიდლოდ მისცეს განათლება: უფასო სწავლა, კვება, ტრანსპორტი და გამორჩეულ მოწაფეებს სტიპენდიითაც კი აჯილდოებდა.
მაია კახიძე (ჟურნალისტი, მეგობარი): კოჯორში, მამაპაპისეულ ეზო-კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა: ვიღუპები, მიშველე, თემური ძიაო! – თან მანქანისკენ ექაჩებოდა აფორიაქებული. თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ახალგაზრდა, დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. თურმე, ცოლს მუცელი ასტკივდა და შინ კი უფროსებიდან არავინ იყო. ოთო ხომ ბალღი იყო და ცოლიც მთლად ბალღი ჰყავდა, ეს ორივე ბალღი კიდევ თავის ბალღს ელოდებოდა. მაშინვე ჩასვა მანქანაში და თბილისისკენ გამოაქანა. გოგო გაუჩერებლივ კიოდა, ბიჭი „ბანს“ აძლევდა, – გვიშველე, ძია თემურ, ჩქარა წადიო!
ქარივით მოჰქროდა თბილისისკენ თემურ წიკლაური. მაშინდელი ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა: გააჩერე, თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?! მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და შუაგულ სოლოლაკში მერცხალივით გოგო დაიბადა. ჰოდა, მაშინვე დასჭექა: მარიამი დაიბადაო! ამდენ ფაცი-ფუცში ნელ-ნელა ხალხიც მოგროვდა. როცა გაიგეს, რაშიც იყო საქმე და უბანში გოგო დაიბადა, შეიქნა ერთი ამბავი: გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ – წყალს... იმ უბნელმა ჟანამ კი თემურის მანქანის ძარაზე შამპანურები შემოდგა... თემურ წიკლაურმა ყური მოჰკრა, აქვე ახლოს გინეკოლოგების ოჯახი ცხოვრობსო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახალგაზრდა ქალბატონმა, ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა კარზე მომდგარი თემური რომ დაინახა.
– ჭიპლარს რა უყავითო? – ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ....
შემდეგ კი ყველა საგზაო წესის დარღვევით, როგორც იქნა, მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა დედა-შვილი მშვიდობით „ჩააბრა“ ექიმებს.
სამშობიარო სახლიდან კი ისევ სოლოლაკში დაბრუნდა, მთელი თუ არა, ნახევარი სოლოლაკი თემურს ელოდებოდა. დილამდე ისე იქეიფეს, ცა და ვარსკვლავები მიწაზე ჩამოიტანეს სადღეგრძელოებით, პატარა მარიამს თბილისი ლოცავდა...
რაც მისი შვილი – გიორგი ზეცაში გაუფრინდა, ამბობდა ხოლმე: მის სულს სულ დავეძებო. არც კი ვიცი, როგორ დავემშვიდობო, არ მინდა, ვერ ვიმეტებ... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა