საზოგადოება

რას ნიშნავს ქორწინებისთვის სილად ცოლქმრობის შემოკვრა და რატომ უთხრა ელდინო საღარაძემ მამას მადლობა საკუთარი გზის არევისთვის

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 09.08

ელდინო საღარაძე
დაკოპირებულია

მსახიობი, მეტყველების პედაგოგი, პოეტი ელდინო საღარაძე – ამ საოცრად დახვეწილ და გონიერ ქალბატონს, ალბათ, სხვადასხვა ამპლუით იცნობთ. თუმცა რეალურად, მისი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ღრმა შინაარსისაა.

ელდინო საღარაძე: თავდაპირველი პროფესიით ქიმიკოსი გახლავართ. ეს არჩევანი მშობლების აქტიურმა ჩარევამ და მათმა არგუმენტირებულმა მტკიცებულებებმა გამაკეთებინა. იმ დროს ქიმია მეტად პერსპექტიულ და საჭირო დისციპლინად ითვლებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ,,მოდურადაც“ კი. დღევანდელი ახალგაზრდობა სხვანაირად აზროვნებს. ისინი, ეგრეთ წოდებული, „თავისუფლების ხარისხისა“ და ძალზედ გაზრდილი „მეს“ როლის ,,წყალობით“, თავიანთ ცხოვრებაში მშობლების ასეთ აქტიურ ჩარევას სრულად გამორიცხავენ. ჩვენ ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევდით მშობლების რჩევას. ყველა ეპოქისთვის დამახასიათებელი „მამათა და შვილთა ბრძოლა“ მაშინაც მიდიოდა, მაგრამ ქართული ცნობიერებისთვის ასეთი დამანგრეველი არ იყო. ჩემი ღრმა რწმენით, ,,ნგრევის“ ეს მაღალი კოეფიციენტი ცნება ,,თავისუფლების“ გამრუდებულმა გაგებამ მოიტანა. მგონია, რომ ამ საკითხზე სერიოზული ჩაფიქრება გვმართებს ჩვენც და ჩვენს შვილებსაც. ჩვენ რომ ახალ თაობასთან სულიერი კომუნიკაცია შევძლოთ, შედეგი წარმოუდგენლად წარმატებული იქნება. ისინი ხომ ძალიან ნიჭიერები არიან?!

– რადგან ამ თემას შევეხეთ, განვმარტოთ, როგორია თავისუფლების თქვენეული აღქმა?

– ისე ვერ ვითავხედებ, საზოგადოებას მხოლოდ ჩემეული გააზრება მივაწოდო. ათ წელზე მეტია, ჯგუფ „იბერიონის“ წევრი ვარ. მე და ჩემმა მეგობრებმა დიდი შრომა გავწიეთ, რომ ქართული სააზროვნო სივრცისთვის რაღაც ღირებული და ქვეყნის დღევანდელი ძნელბედობისთვის საჭირო ცოდნა შეგვემატებინა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს შევძელით. საუბარია კოდების ენით წაკითხულ ბიბლიაზე, რომელმაც ჭეშმარიტების სიღრმეებში შეგვიყვანა. ასე წაკითხულმა წმიდა წერილმა ,,აგვიხსნა“, როგორ ამოვიდეთ იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელიც არა მხოლოდ ინდივიდს ან ერთ ერს, არამედ მთელ კაცობრიობას შეექმნა. მესმის, სერიოზული და თამამი განაცხადია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს განაცხადი ძალიან მყარ საფუძველზე დგას. ეს ფართო თემაა, მაგრამ შევეცდები, ის მაინც გითხრათ, რას ამბობს კოდების, ანუ ,,ფესვების“, ენაზე წაკითხული ბიბლია თავისუფლების ცნებასთან დაკავშირებით.

,,დასაბამითგან ღმერთმა შექმნა მიწა და ცა“ – ასე იწყება ეს ბრძენთაბრძენი წიგნი.

,,მიწა“ და ,,ცა“ კოდური სიტყვებია. ,,მიწა“ ეგოიზმია, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მ ი ღ ე ბ ი ს თვისება, ,,ცა“კი – ალტრუიზმი, უანგარო გ ა ც ე მ ი ს . ორივე თავის ქმნილება ადამიანში ,,მოათავსა“ არსთა განმრიგემ და მას ეგოიზმის ალტრუიზმში ტრანსფორმაცია ,,დაავალა“.

სამყაროს ეს ორად ორი თვისება – ეგოიზმი და ალტრუიზმი მართავს. ეგოიზმი ისეთი გაუმაძღარი სურვილების ჯამია, რომლის ,,მინდა-მინდა“ ვერაფრით ნაყრდება. მას წმიდა წერილში ე შ მ ა კ ი ჰქვია, მითებში – უ რ ჩ ხ უ ლ ი , ქართულ ზღაპრებში კი – დ ე ვ ი ან გ ვ ე ლ ე შ ა პ ი . ეგოისტური თვისებები უმწარებენ ადამიანს სიცოცხლეს, თავისივე ხელით ანგრევინებენ მომავალს. ქმნილების მიერ ამ ,,მინდათა“ გამოდევნებამ (ქმნილებები კი ჩვენ ვართ) მიგვიყვანა იქამდე, რასაც ვიწრო გაგებით, დღევანდელი საქართველო, ფართეთი კი თანამედროვე დედამიწური სამყარო ჰქვია. ჭ ე შ მ ა რ ი ტ ი თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ამ ,,მინდათაგან“, ანუ ეგოიზმის ბორკილებისგან, თავდახსნაა, რის შემდეგაც ,,მიწა“ (ეგოისტური სურვილები) აღარ ბატონობს შენზე. მხოლოდ ,,ცის“ (ალტრუიზმის ანუ უანგარო სიკეთის), უმაღლესი კანონზომიერების ,,კონსტიტუციას“ ემორჩილები, ღმერთის (უსასრულო შესაძლებლობის) ველში შედიხარ, სადაც შენთვის შეუძლებელი არაფერია, ყველაფერი ხელმისაწვდომია როგორც სულიერ, ისე მატერიალურ დონეზე, ოღონდ ფორმულის – ,,საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარი სურვილისამებრ“ გათვალისწინებით.

წმიდა წერილის ფასდაუდებელი სიკეთე ისაა, რომ არა მარტო გვიხსნის ჩვენი პრობლემების სათავესა და მიზეზს, არამედ მათგან თავის დაღწევასაც გვასწავლის. მეთოდს გვაძლევს – როგორ მოვახდინოთ ეს ტრანსფორმაცია (ეგოიზმის ალტრუიზმში გადაყვანა) ჩვენში, ,,შიგნით“. ეს ,,შინაგანი ეკლესიის“ აგების ტოლფასია, რაზედაც ქრისტემ არაორაზროვნად მიგვანიშნა: ,,თქვენ ხართ ტაძარნი ღმრთისანი!“ . თავისუფლების რა ხარისხზეა აქ საუბარი, გესმით? ამას თუ მივამატებთ ასეთსავე საოცარ შეგონებას, ისევ მაცხოვრისეულს: ,,შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ!“, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ თავისუფლების თანამედროვე გაგება სრულიად ეწინააღმდეგება ღვთაებრივ აზროვნებას და მისით დამოძღვრილები კარგს არაფერს გადავეყრებით.

ასე რომ, ადამიანს აკისრია ძალიან საპასუხისმგებლო მისია – შეცვალოს საკუთარი ეგოიზმი ალტრუიზმით. მართალია, სოციუმი ჯერ არ არის მზად ამისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი ინდივიდის მზაობა იგრძნობა. რაც ამაზე საუბარი საჯაროდ დავიწყეთ, არ წყდება ინტერესი საზოგადოების მხრიდან. უნდათ, მეტი იცოდნენ ამ აზროვნების შესახებ. სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება ეგოიზმის სივერაგეში.

– დავუბრუნდეთ თქვენს არჩევანს: როცა მშობლების რჩევით, არჩევანი ქიმიაზე შეაჩერეთ, სცენისადმი თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება უკვე ნათელი იყო?

– მთელი ჩემი მოწაფეობის პერიოდი სცენაზე გავატარე. მაშინ სკოლებში ძალიან დიდი ღონისძიებები იმართებოდა. მიმყავდა საღამოები, ვკითხულობდი ლექსებს, ვმღეროდი, ვცეკვავდი... რატომღაც მეგონა, სულ ასე იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მაშინ ამ ბედნიერების მიზეზს ვერ ვხვდებოდი. როცა ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ სცენის გარეშე დავრჩი და ძალიან შევწუხდი. მაშინ პირველად დავფიქრდი, რომ მე მის გარეშე არ შემეძლო. მაგრამ აქ უამრავი ფაქტორი ერთდროულად ამუშავდა: უკვე ვიყავი შეყვარებული ჩემს თანაკურსელზე და სწავლის მიტოვება რატომღაც მასთან განშორებასთან გავაიგივე, უნივერსიტეტიდან წამოსვლით ჩემს მშობლებსაც ტკივილს მივაყენებდი და ერთი ხელის მოსმით, ვერც გაწეულ შრომაზე ვიტყოდი უარს, მე ხომ უმაღლესი ქულებით ჩავირიცხე ქიმიის ფაკულტეტზე, უმკაცრეს კონკურსში გამარჯვებით. მახსოვს ერთხელ ისე გადამიყვანა ჭკუიდან ამ აზრთა ჭიდილმა, რომ ჩემს სამუშაო მაგიდაზე თავმოყრილ სინჯარებს, კოლბებსა და რეტორტებს ხელი დავავლე და ნიჟარაში ჩავამსხვრიე: ამათ უნდა ვემსახურო? რა უბედურებაა?! მე სცენა მინდა?!

მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო. მოგვიანებით, როცა მამამ ბოდიში მომიხადა იმისთვის, რომ ჩემი გზა „აურია“, მე გულწრფელად ვუთხარი: რას ამბობ, მამა, ეს არაჩვეულებრივი იყო, მე გავიარე ის გზა, რომელიც უნდა გამევლო, იმისთვის, რომ გამეაზრებინა ჩემი პიროვნული მისია.

– როგორ გახდით ქიმიის მასწავლებელი თეატრალური სამყაროს ნაწილი?

– გითხრათ სიმართლე, სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი და ამან „დამღუპა“. შემეძლო, იქ ჩამებარებინა, სადაც მოვისურვებდი. მას შემდეგ შემძულდა ხუთოსნობა. გარკვეულ ეტაპზე მეგონა, რომ ჩემს გზას სწორედ ხუთოსნობამ ამაცდინა (იცინის). ახლა, როცა ,,იბერიონში“ შუა ხაზში მუშაობის კატეგორია კარგად დავამუშავეთ, ჩემთვის ცხადზე უცხადესი გახდა, რომ არც განურჩევლად ყველაფრის სწავლა ვარგა, რასაც წინ ,,დაგიდებენ“ და არც ყველაფრის უსწავლელობა. უნდა აირჩიო ის, რაც შენს სულსა და გულს სიხარულით ავსებს. ამისთვის კი საჭიროა, საკუთარი სული და გული შეიცნო, სიხარულის ჭეშმარიტი (და არა ეგოისტური) ბუნება გაიაზრო.

ქიმიის მასწავლებელი ვიყავი, როდესაც სკოლაში ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოიტანა ამბავი, რომ ტარდებოდა მხატვრული კითხვის რესპუბლიკური კონკურსი „კითხულობს მასწავლებელი“. ელდინო, შენ ხომ კარგად კითხულობ და მიიღე მონაწილეობაო. ვერ ვიტყოდი, შემომთავაზა-მეთქი, უფრო ძალით გამიშვა ამ კონკურსზე (იცინის). ადგილზე რომ მივედი, კონკურსი უკვე მთავრდებოდა, საპრიზო ადგილებიც კი განაწილებული იყო. გადაღლილმა ჟიურიმ სიბრალულით შემომხედა. ძალიან დაიგვიანეო, მითხრეს. მაგრამ ეტყობა, ისეთი წუხილი გამომეხატა სახეზე, გადაწყვიტეს, შანსი მოეცათ. სცენაზე ავედი და წასაკითხი მასალა გამოვაცხადე: ნაწყვეტი კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან „დიდოსტატის მარჯვენა“. ქიმიის მასწავლებლისგან გაუკვირდათ. დავიწყე თუ არა კითხვა, მივხვდი, რომ უკვე „ჩემები“ იყვნენ. გარდაიქმნენ, სახიდან დაღლილობა გაუქრათ. კიდევ რას წაიკითხავთო, მკითხეს. გალაკტიონი წავიკითხე. კიდევ, კიდევ?.. დასრულება აღარ სურდათ. ბოლოს თქვეს: არ შეიძლება, ეს გოგონა ქიმიაში დარჩეს! იქ გადაწყდა, რომ მე საესტრადო სასწავლებელში უნდა მესწავლა. სცენა – ჩემი ბედნიერების წყარო, დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში.

საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, როცა გადავშალე ბიბლია და შევედი საღმრთო აზროვნებაში, მივხვდი, როგორი ძალით მოქმედებს სამყაროში სახარებისეული – „ითხოვდე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგეღება“. ერთ ჩემს ლექსში ვთქვი კიდეც: ,,ლექსის ბჭე-კარზე რახარუხით დამტყდა მაჯები“. როგორც ჩანს, უზარმაზარი ძალითა და სურვილით ვაკაკუნე ჯერ სცენის, შემდეგ კი ლექსის კარიბჭეებზე. ლექსის მობრძანება ხომ... ეს საერთოდ შოკი იყო. როგორ მინდოდა, ვყოფილიყავი პოეტი, მეწერა ლექსები, მაგრამ არ შემეძლო. ახლა ღრმად ვარ დარწმუნებული, საითაც მიდიხარ დიდი სიყვარულითა და ძალისხმევით, ის კარი აუცილებლად გაგეღება.

– მივადექით ოჯახს. ოთხი წელი გრძელდებოდა ჩვენი სიყვარული ქორწინებამდე და ნათქვამი გაქვთ: ქორწინებამ, თითქოს დაგვაშორა ერთმანეთსო. რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?

– საინტერესო და საჭირო შეკითხვაა. თუ მკითხველი გამომყვება მსჯელობაში და ჩემეული გააზრება რაიმეს შემატებს მის ოჯახურ გამოცდილებას, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ჩვენი სიყვარული ისე დაიწყო, როგორც ყველა წყვილის სიყვარული იწყება.

„შენ როგორც გინდა, ისე იყოს, ჩემო ძვირფასო! – ეს შეყვარებულების საყვარელი ფრაზაა... ქორწინებამდე. შემდეგ კი მოდის ურთულესი ხანა – ოჯახური ცხოვრება.

ჩემს ერთ ლექსში მეუღლისადმი ვთქვი: „... და შემოვკარით ჩვენს სიყვარულს სილად ცოლქმრობა“. მართლა გამიჩნდა თავის დროზე ასეთი განცდა: ეს რა ვქენით?! ამ ქორწინებით ყველაფერი დავანგრიეთ! უბრალოდ, პოეტურ ენაზე მაშინ დავაფიქსირე, როცა ლექსის სამყაროში შევედი. ამის მიზეზშიც კოდებით წაკითხულმა ბიბლიამ ჩამახედა: დაოჯახების შემდეგ, როცა სასიყვარულო თრთოლა-ჟრუანტელმა ჩაიარა, გაუცნობიერებლად ჩვენ-ჩვენი ეგოისტური ბუნების გამოაშკარავება დავიწყეთ (ადამიანი რომ საკუთარ ეგობუნებას აცნობიერებდეს, რაღა უჭირდა!). დამთავრდა „შენ როგორც გინდა, საყვარელოს“ ხანა და წამოყო თავი იმ ურჩხულმა, რომელსაც ეგოიზმი ჰქვია, რომელიც ანგრევს ყველაფერს, რაც წყვილს მანამდე აბედნიერებდა. დაიწყო _ „რას ჰქვია, არ ფიქრობ, მე რა მინდა და ისე არ აკეთებ, როგორც მე მინდა?!“ ღვთაებრივი ნაცვალსახელები ,,შენ“ და ,,ჩვენ“ მეასე პლანზე გადაისროლა ეშმაკურ-ეგოისტურმა „მე-მ“. კიდევ კარგი, ჩემმა პურიტანულმა აღზრდამ გაიმარჯვა: დაშორება და ოჯახის დანგრევა, როცა ორი არაჩვეულებრივი გოგონა გვყავს? რა თქმა უნდა, არა!

მერე, როცა სულიერში ინდივიდუალური მუშაობის მეთოდი ვისწავლე, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. ჩვენ ხომ სხვის თვალში დირეს ვხედავთ, საკუთარში კი – ბეწვსაც არა. ,,სარკეების“ შესახებ სწავლებამ, სხვაში ეგოიზმის დანახვით, საკუთარი ეგოიზმი აღმომაჩენინა. დავიწყე მუშაობა ჩემს იმ ეგოისტური თვისებებზე, რომლებსაც სხვებში ვხედავდი. ამის შემდეგ გაცილებით იოლი გახდა ურთიერთობა ოჯახის წევრებთანაც და ზოგადად, სოციუმთანაც. საკუთარ თავზე ასეთი მუშაობის წყალობით, შენ წინ სრულიად სხვა სივრცე იშლება, სრულყოფილებისკენ იცვლება შენი გარემოცვა. „ცხონდი შენ და ათასები ცხონდებიან შენ ირგვლივ“, მთელი ძალით იწყებს „მუშაობას“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი