რას ასწავლიდა მერაბ ბერძენიშვილიგიორგი კიკაძეს და როგორ ინახება მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 15.10

მხატვარი და მოქანდაკე გიორგი კიკაძე, როგორც თავად ამბობს, ხელოვანად დაიბადა. ჯერ კიდევ ძალიან პატარამ დამოუკიდებლად დაიწყო ძერწვა და ხატვა. ფაქტობრივად, მთელი მისი ცხოვრება ხელოვნების სამსახურს ეძღვნება. მის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მერაბ ბერძენიშვილს მიუძღვის.
გიორგი კიკაძე: ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში დავიბადე. რვა წლის ვიყავი, როდესაც ძერწვა დავიწყე, 11 წლიდან კი უკვე ხატვაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. 14 წლამდე დამოუკიდებლად ვძერწავდი და ვხატავდი.
თავდაპირველად წიგნებიდან ვიხატავდი ქართველი მწერლებისა თუ პოეტების პორტრეტებს, ვძერწავდი თოჯინებს და სხვადასხვა ტექნიკას. პატარა ასაკშივე იგრძნობოდა, რომ ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. მე ხელოვან ადამიანად დავიბადე.
12 წლის ასაკიდან ხაშურში, მოქანდაკე ილია გოგოლაძესთან ვემზადებოდი. 14 წლის ვიყავი, როცა კარგი ადამიანების ხელშეწყობით, სამხატვრო აკადემიაში დამსწრედ სწავლის შესაძლებლობა მომეცა.
15 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა – მამა გარდამეცვალა. ის 2009 წელს მატარებელმა იმსხვერპლა.
იმ პერიოდში ჩვენმა ახლობელმა ექიმმა ნახა ჩემი ნამუშევრები. ეს ადამიანი დიდი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის ახლობელი იყო. მან ჩემი ნამუშევრები ბატონ მერაბს აჩვენა. ეს ბიჭი ჩამომიყვანეთ და მე მივხედავო, უთქვამს ბერძენიშვილს ჩემზე. მერაბ ბერძენიშვილმა ჩამიხუტა. მითხრა, თუ ქანდაკებას და მხატვრობას აირჩევ, ამ საქმეს არ უნდა უღალატო, თორემ ძალიან გაწვალდები. შენ შეგიძლია კი ან არა თქვა, მაგრამ თუ კის იტყვი, ყველანაირად დაგეხმარებიო. მე ხელოვნება ავირჩიე. მაშინ 15 წლის ვიყავი. 20 წლამდე მასთან ვსწავლობდი, მისი სამხატვრო სტუდია დავამთავრე, თუმცა, ამის მერეც გვქონდა კავშირი.
– როგორ აფასებდა თქვენს შემოქმედებას?
– გამორჩეულად მოვწონდი. ბევრი მოსწავლე ჰყავდა, მაგრამ მე გამომარჩია და ბოლომდე მომყვა. ძალიან თბილი და კომუნიკაბელური იყო. მეუბნებოდა, შენგან კარგი ხელოვანი გამოვაო. მერაბ ბერძენიშვილთან ერთად მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე მასწავლიდა.
მართლაც, მოქანდაკედ და მხატვრად ვიქეცი. თუმცა, წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. დღეს 31 წლის ვარ, 20 წლის ვიყავი, როდესაც სწავლა დავამთავრე და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვვითარდები. ამ დროისთვის ვარ საქართველოს, იმერეთისა და აჭარის მხატვართა კავშირის წევრი.
– მხატვრობაში რომელი მიმართულებაა თქვენთვის უფრო საინტერესო?
– თავდაპირველად კლასიკა იყო. 2012 წელს გამეხსნა ფანტაზია და კომპოზიციური აზროვნება მაშინ დავიწყე. ბატონ მერაბთან ასლებსაც ვაკეთებდი, ბერძნულ ქანდაკებებს ვხატავდი, ნატურმორტებს და ასე შემდეგ. აკადემიური მხატვრობა ძალიან მაღალ დონეზე შევისწავლე. ვქმნი რეალისტურ ნამუშევრებს, აბსტრაქციებს, სიურეალიზმს, კუბიზმს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი გზა უფრო აბსტრაქტულ და სიურიალისტურ სტილში ვნახე. ისე, ამბობენ, რომ ყველა მიმართულებაში მაქვს ჩემი ხაზი. საერთოდ, მრავალფეროვნება მიყვარს და ყველა მიმდინარეობაში ვმუშაობ.
– თქვენთვის განსაკუთრებული შეფასებები გავიხსენოთ...
– საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები და მომღერლები მაფასებენ, საქართველოში თითქმის ყველა მიცნობს და ხალხის დადებითი შეფასება, ჩემთვის დიდი სტიმულია. ხაშურში საკუთარი სახელოსნო მაქვს, სადაც დაახლოებით, 400 ნახატი და 50 ქანდაკება ინახება. ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ვქმნიდი. ძალიან აქტიურად ვმუშაობ და ვცდილობ, წინ წავიდე. კვირა არ გავა, რომ ახალი ნახატი არ შევქმნა. ყოველ შემდეგ ნამუშევარზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. შემოქმედებითად განვითარებისთვის კი ხშირად მივმართავ ექსპერიმენტებს.
– ყველაზე მეტად რომელ ნამუშევრებზეა მოთხოვნა?
– საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ჩემი ნახატები საკმაოდ მოთხოვნადია. ნამუშევრებს ყველა ქვეყანაში ვაგზავნი. უფრო კლასიკური ნახატები მეყიდება, მაგრამ მე, როგორც ხელოვანი, აბსტრაქტულ და სიურეალისტურ ნამუშევრებში უფრო ვვლინდები. ამასაც თავის დრო აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიმართულებაც აქტიურად გაიყიდება, თუმცა, ეს არ არის მთავარი, ჩემთვის პირველ ადგილზე განვითარება და შემოქმედებითი წინსვლა დგას. ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ჩემი ნამუშევარი, მათ შორის, მარკუს მეტრეველს, დათო არჩვაძეს, ანრი ჯოხაძეს, გია ჯაჯანიძეს, გურამ ჯაშს, თემურ თათარაშვილს და ასე შემდეგ. ვამაყობ, რომ ჩემი ნამუშევრები საქართველოს თუ მსოფლიოს ყველა კუთხეში ინახება. ემიგრანტებიც ძალიან აქტიურად მიკვეთავენ ნახატებს.
– დაახლოებით რამდენი ნახატი გაქვთ შექმნილი?
– გარდა იმისა, რაც სახელოსნოშია, დაახლოებით 3 000 ნახატამდე მაქვს გაჩუქებული, 1 000 – გაყიდული. სახლში 2 000 მექნება. ასე რომ, ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს შექმნილი.
შარშან ამ დროს გამოფენები მქონდა რომში, ფლორენციაში, ვატიკანში, შვეიცარიაში, ახლა პარიზში წასასვლელად ვეზადები, სადაც ასევე, გამოფენას ვგეგმავ. უცხოელებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და ქართველებსაც. იმისთვის ვარ დაბადებული, რომ ღვთისგან ბოძებული ნიჭით ვასახელო საქართველო.
– მამის გარდაცვალებამ როგორ იმოქმედა თქვენს შემოქმედებაზე?
– წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა. ღვთის წყალობით, ყველაფერს გავუმკლავდი და რთულ პერიოდს თავი დავაღწიე. მამა ორჯერ დავხატე, როდესაც ცოცხალი იყო. გარდაცვალების შემდეგაც დავხატე, ბოლო ნახატი შარშან, მის დაბადების დღეზე შევასრულე, იმ დღეს 60 წლის გახდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.
მამა 20 წელი მუშაობდა თბილისი-მოსკოვის მთავარ სარკინიგზო ხაზზე, გამცილებელი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბათუმი-თბილისის ხაზზე გადმოვიდა. ეს უბედური შემთხვევა ხაშურში მოხდა – ჩვენ სადგურთან ახლოს ვცხოვრობთ და მამას ლიანდაგებზე გადასვლის დროს მატარებელმა გაკრა და იმსხვერპლა.
– რა შინაარსს გადმოსცემენ თქვენი ნახატები?
– ჩემი ნახატები კაცობრიობის განვითარების გზას, ადამიანების ცხოვრებას, წარსულს, მომავალს და აწმყოს გადმოცემს. ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებში ადამიანების შინაგანი განწყობები ავსახო. უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის ნახატები მაქვს. მათში სიყვარულსაც ნახავთ, ტკივილსაც, გამარჯვებასაც და მარცხსაც. მე სულ ვმუშაობ, კარგად ვგრძნობ თავს თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ფიზკურად გაჩერებულიც რომ ვარ, მაშინაც ვმუშაობ – ჩემს გონებაში მუდმივად ახალ-ახალი იდეები განიხილება. ხატვის დროს ჩემში არსებული სიყვარული გადადის ნახატზე. მუშაობისას, ვინმემ რომ დამიძახოს, შეიძლება, ვერ გავიგო, რადგან ამ დროს სხვა სამყაროში გადავდივარ. ეს არის ძალიან მისტიკური, სიყვარულითა და სიხარულით სავსე სამყარო. როცა ნამუშევარს ვამთავრებ, ყველაზე ბედნიერი ვარ და თავს საკუთარი თავის მეფედ ვგრძნობ. ეს გამარჯვების შეგრძნებას მანიჭებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან