საზოგადოება

რამაზ იოსელიანი: ნუ მაწყენინებენ და ნუ გამამწარებენ, რადგან დრო რომ გადის, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარდებიან

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:05 19.09

რამაზ იოსელიანი
დაკოპირებულია

რამაზ იოსელიანის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის რამაზ იოსელიანი?

რამაზ იოსელიანი: არავინ და არაფერი განსაკუთრებული. სიმართლე გითხრათ, რაც დავიბადე, მას შემდეგ ვცდილობ, გავიგო ვინ ვარ, მაგრამ ამაოდ. ვფიქრობ, რატომ მოვედი ამქვეყნად, რა მიზნით, მაგრამ პასუხები ვერ მიმიღია.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ვოცნებობ, ყოველთვის მქონდეს სამუშაო, ფორმაში ვიყო და სცენას არ ჩამოვშორდე.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– რა თქმა უნდა. როცა ვალდებული ხარ, აკეთო საქმე იმიტომ, რომ ასე სჭირდება შენს მატერიალურ მდგომარეობას, აკეთებ კიდეც. სიამოვნებისთვის საქმის კეთება სხვაა და ფინანსური საჭიროებისთვის – სხვა. არსებობა ხომ გჭირდება ადამიანს?! ჰოდა, ისეთი საქმეების კეთებაც გიწევს, რაც შეიძლება, სულ არ გსიამოვნებდეს.

– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?

– რაც ასაკი მომემატა, უფრო გულჩვილი გავხდი. მაგალითად, ჩვენები რომ იგებდნენ ჩემპიონატებზე და ოლიმპიადაზე, მე ვტიროდი. საერთოდ, ხშირად მომდის ცრემლები, ხანდახან მონატრების, ხანდახან წარსულების გამო. სპექტაკლშიც ხშირად ვტირი. არტისტი უნდა ცდილობდეს, რომ ნამდვილი იყოს, თუ უნდა, მაყურებელზე დადებითი ეფექტი მოახდინოს. ზღვარიც არსებობს, ეგრეთ წოდებული, „ბეწვის ხიდი“ და ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს, თორემ თუ როლი ბოლომდე გაითავისე, ეს ნიშნავს, რომ უკვე გიჟი ხარ.

– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს.

– ცრემლი არ არის სისუსტის ნიშანი. შესაბამისად, მამაკაცის ცრემლი მის სისუსტეზე სულაც არ მიუთითებს. ეს ნიშნავს, რომ ის უფრო გულჩვილია, ვიდრე სხვა. ვინც მალავს, მას რცხვენია, რადგან ფიქრობს, რომ ცრემლი მხოლოდ ქალის საქმეა, რაც მცდარია.

– ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ, რას გააკეთებდით?

– უამრავი მყავს საპატრონო და პირველ რიგში, მათ მივხედავდი. მოხუცთა თავშესაფარს, სკოლას და თეატრს დავაარსებდი. დღეს იქმნება თეატრ-სკოლები, მაგრამ ფასიანია. ვითომ კარგი საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იქ სწავლის შესაძლებლობა. ამიტომ მე უფასო სკოლას გავაკეთებდი. იმდენი გაჭირვებულია, მათ სწავლა არ სჭირდებათ? ფული თუ გაქვს, რად გინდა კერძო სკოლა, გააკეთე უფასო. ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს, მაგრამ მერე ვინ მოიპაროს და ვინ იცხოვროს ფუფუნებაში?! ამიტომ, სამწუხაროდ, არაფერი გვეშველება. მე ძალიან მიყვარს ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც ასე ასახლებენ ხოლმე ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მათთან ერთად, რატომ არ უნდა ვაფასებდეთ მსახიობებს. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ნაკლებს შრომობენ. პირიქით, მთელი ცხოვრება დაუღალავად შრომობენ, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. არადა, ამ დროს, ნორმალური ხელფასი კი არა, პენსიაც კი არ გვაქვს. არცერთ ხელოვანს არ აქვს პენსია. თუ პენსიას აიღებ, ხელფასი მოგეხსნება. ხელფასი პენსიაზე ცოტა მეტია და გიწევს არჩევანის გაკეთება. ეს სირცხვილი არ არის?! კი ბატონო, ფიზიკური ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ სულიერი საზრდოც ხომ მნიშვნელოვანია?!

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– გავლენიანი ვერ ვიქნები, მაგრამ არტისტი ვარ და ამხელა მასშტაბის ცნობადობა რატომ არ მინდა?! სულელი უნდა ვიყო, რომ უარი ვთქვა, მაგრამ იქამდე რომ მიხვიდე, ფანტასტიკური როლები უნდა ითამაშო. იმხელა ჰონორარებს რომ გვაძლევდნენ ქართველ მსახიობებს, რასაც ამერიკაში იღებენ, რომის პაპს უგრიმოდ ვითამაშებდი, ისე დავემსგავსებოდი (იცინის). ისედაც თავს ვიკლავთ და მერე, ხომ წარმოგიდგენიათ?!

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ძალიან ხისტი ვარ, ყველაფრის პირში თქმა მახასიათებს. სამწუხაროდ, დიპლომატია არ გამაჩნია. რასაც ვფიქრობ, იმას ვეუბნები ადამიანს და ამით ბევრ რამეს ვაგებ. რა ვქნა, სიყალბესა და ტყუილს ვერ ვიტან.

– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?

– როგორ არ მომიპარავს. მამიდაჩემთან რომ ჩავიდოდი, პატარა ბიჭები შევიკრიბებოდით, თოკზე კავს მოვაბამდით და იმით ვიპარავდით ხოლმე სხვისი ეზოდან ხილს. იგივე ხილი ჩვენს ეზოებშიც იყო, მაგრამ ეს პროცესი გვანიჭებდა მხიარულებასა და ბედნიერებას. თუ პატრონი გამოგვეკიდებოდა, მაშინ უფრო მეტად ვმხიარულობდით. თუ ვინმე შეიგინებოდა, მის ბაღში აუცილებლად მეორედაც მოვიპარავდით. ვბრაზდებოდით, როგორ გვაგინაო?! ახლა ჩემს სოფელში რომ მომპარონ ბავშვებმა ბაღში რამე, მეც გამიხარდება მათი სიხარული და რა თქმა უნდა, არაფერს ვიტყვი.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი არ ვარ, არც ვყოფილვარ. შეიძლება, მერე მინანია, თუ ვინმესთვის რამე გულსატკენი მითქვამს და ან რამე არასასიამოვნო გამიკეთებია, მაგრამ ისეთს არაფერს ვგულისხმობ, რასაც შეიძლება, სისასტიკე დაარქვა. შესაძლოა, შეუგნებლად გავაკეთე რამე ასეთი? – არ ვიცი. საერთოდ, სულ ვამბობ: ნუ მაწყენინებენ და ნუ გამამწარებენ, იმიტომ რომ დრო რომ გადის, ღმერთი უხდის სამაგიეროს ასეთ ადამიანებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან. პირადად მე სამაგიერო არავისთვის გადამიხდია, მაგრამ ცხოვრება ბუმერანგია და ღმერთი ყველას იმას უგზავნის, რასაც იმსახურებს.

– რა გსმენიათ თქვენს თავზე კარგი, რაც გესიამოვნათ და ცუდი, რამაც გული გატკინათ?

– გულსატკენი – ბევრი, კარგი – ცოტა. ამბობენ, ნიჭიერია, კარგი არტისტიაო, ბუნებრივია, ეს მსიამოვნებს. ცუდიც იმდენი მოსულა ჩემს ყურამდე... არ ვიცი, რატომ ჭორაობენ, მე ხომ მათზე არაფერს ვამბობ?! სხვის ცხოვრებაში ყველა ბრძენია, ამასობაში თავისი ავიწყდებათ. ადამიანი ვარ და მწყინს, თუ რამე არასასიამოვნოს გავიგებ, მაგრამ არ ღირს ეს ყურადღების ღირსად და ვცდილობ, მალე ამოვიგდო გონებიდან. ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. მოდი, კარგი საქმე აკეთე, თუ შეგიძლია, ადამიანს გვერდით დაუდექი, მოეფერე, გაამაგრე, გააძლიერე! სხვაზე რომ ცუდად საუბრობ, შენს თავსაც ხომ მიწასთან ასწორებ და ნაგავში გადასაგდები ხდები?!

– რისი გაკეთება გიყვართ სახლში ყოველდღიური რუტინული საქმეებიდან?

– სოფელში ვარ, ორი ძროხა მყავს, ერთმა უნდა იმშობიაროს და მალე პატარა ბოჩოლა შემოგვემატება. ცხოველების მოვლა და მიწაზე მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ვერთობი ამით. მალე ფილმში უნდა ვითამაშო და ამისთვისაც ვემზადები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა