რამ დააწყებინა მანანა მენაბდეს არაკების წერა და ვინ უყვარდა მას უპირობოდ
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:28
„...მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავისი ხასიათით იბადება. დაახლოებით, წლინახევრის ასაკში ის უკვე მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს, თუ როგორ ადამიანად შეიძლება, შედგეს. ჩემთვის, მაგალითად, არავის უთქვამს, წადი, იმღერე და მომღერალი გამოდიო. ზოგიერთ ოჯახსა და მშობელს სიგიჟემდე სურს, მათი ბავშვი სცენაზე იდგეს და მღეროდეს. მსგავსი დაძალება ჩემთან არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის ასაკში უკვე მამას დაწერილ სოლფეჯიოებს ვმღეროდი, ოთხი წლისამ ბებიების – დები იშხნელების მთელი რეპერტუარი ვიცოდი, ამას ხაზს არავინ უსვამდა. არავის დავუყენებივარ სკამზე და უთქვამს, სტუმრებისთვის იმღერე ან ლექსი წაიკითხეო. ეს ბუნებრივად ხდებოდა.“ - მანანა მენაბდე. ქალი გიტარით ხელში 80-იან წლების ბოჰემური თბილსიდან, დები იშხნელების შთამომავალი, განსხვავებული შესრულების მანერით, რაღაც განსხვავებული ვოკალითა თუ ხმის ტემბრით, რომლის დავიწყებაც რთულია, გამეორება კი – შეუძლებელი. მრავალი წელი ცხოვრობდა ბერლინში, ატარებდა ძალიან საინტერესო საღამოებს, მართავდა თავისი ნახატების გამოფენებს, მონაწილეობდა სხვადასხვა შემოქმედებით პროექტში, ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურული სახლის საღამოებშიც. 1992 წელს ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა მას ლიტერატურული სტიპენდიაც კი დაუნიშნა. პარალელურად, გამოსცა იგავ-არაკების კრებულები გერმანულ ენაზე. იმავე პერიოდში შეიქმნა ავტობიოგრაფიული რომანი „ფრენის დღე – ოთხშაბათი“. დაიბეჭდა მისი მოთხრობებიც. სხვადასხვა უცხოელი ავტორის წიგნების თარგმნა სკოლის ასაკიდან დაიწყო. შემდეგ წერა თავადაც დაიწყო, როგორც თავად ამბობდა, წერა სიმარტოვემ დამაწყებინაო. მანანა მენაბდე, სამწუხაროდ, სულ ახლახან გარდაიცვალა, ამჯერად მისი ცხოვრების დღიურებს გთავაზობთ.
შეხება მწერლობასთან
„ალბათ, დანიილ ხარმსმა გააჩინა. ალბათ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ცხადად ეს მომენტი არ მახსოვს. ჩემს იგავ-არაკებსა და პროზაში ხარმსის კვალი ჩანს. ყველაზე კომფორტულად ამ ჟანრში ვგრძნობ თავს. ბერლინში ჩასვლიდან მეორე წელს, ანუ 92 წლის გაზაფხულზე, დავიწყე წერა, ის დღე ძალიან კარგად მახსოვს. უცებ წერა მომინდა, არანაირი წინასწარი გეგმა ან თემა არ მქონია. აი, ასე, ავიღე ფანქარი და რაღაც ქაღალდის ნაგლეჯი, თითქოს ვიღაცამ დამიძახაო და წერა დავიწყე ერთ კაცზე… რომელსაც არც სახელი ჰქონდა, არც გვარი და არც პროფესია. ახლაც მახსოვს შეგრძნება, რომელიც ზუსტად იმ შეგრძნებას ჰგავდა, როდესაც ხატვა დავიწყე. ხატვასაც გვიან მივყავი ხელი. საერთოდ, ყველაფერს გვიან ვიწყებ. ალბათ, იმიტომ, რომ გვიანი შვილი ვარ... წერა მარტოობამ დამაწყებინა. ბერლინში მეგობრების შეძენას დრო სჭირდებოდა და წერამ ერთხანს მეგობრები ჩაანაცვლა. რომ მეხატა, ტილოსა და საღებავების ყიდვის საშუალება არ მქონდა, ამიტომ ქაღალდზე გადავედი და კოლაჟების კეთება დავიწყე. გავიხსენებ, როგორ დავწერე პატარა არაკი. საქართველოში ვიყავი ჩამოსული და მეგობარს ვესტუმრე. მის სახლთან რომ მივედი, ვიფიქრე, მაღაზიაში შევალ და რამეს ვუყიდი-მეთქი. შევედი, ვიყიდე და გამოვედი. უცებ სირბილით მეწევა გამყიდველი, ქალბატონო მანანა, ხურდა დაიბრუნეთო! რატომღაც ვიფიქრე, მე რომ მანანა მენაბდე არ ვყოფილიყავი, ხურდას დამიბრუნებდა-მეთქი? და იმწამსვე დაიბადა ასეთი იგავი: „კაცს ისეთ პატივს სცემდნენ, რომ ხურდასაც კი უბრუნებდნენ”... ნაწერი მხოლოდ იმით ხომ არ არის საინტერესო, რა შინაარსი აქვს, მას თავისებური სტილი სჭირდება. აი, სეზანს ხომ ხატვის თავისებული მანერა აქვს ან გალაკტიონის პოეზია ხომ არავისში აგერევა? ჩემს წიგნსაც რომ წაიკითხავ, უნდა მიხვდე, რომ მანანა მენაბდემ დაწერა. არ იფიქროთ, გალაკტიონს ვედრები, უბრალოდ, მინდა აგიხსნათ, რასაც ვგულისხმობ. ახლა რომ ვუფიქრდები, მგონია, რომ ჩემი პირველი შეხება „მწერლობასთან“ მაშინ მოხდა, როდესაც მეხუთე კლასში კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის“ თარგმნა გადავწყვიტე. რატომ დამებადა ასეთი სურვილი?! ალბათ, ძალიან გატაცებული ვიყავი კონან დოილით. ფაქტი ისაა, რომ ვთარგმნე. რა თქმა უნდა, ორიგინალიდან არ მითარგმნია. ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო, რომ მრავალი წლის მერე უფრო თამამად შემებიჯებინა ლიტერატურაში… გამომცემლობა „სეზანმა” თავად შემომთავაზა ავტობიოგრაფიული რომანის გამოცემა. მე კი მასში მხატვრული ხაზის შეტანა გადავწყვიტე. ასე უფრო საინტერესოდ მეჩვენება. მინდა, ამ ავტობიოგრაფიულ რომანს ლიტერატურული ღირებულება ჰქონდეს, მაგრამ რა გამომივა, არ ვიცი...
უპირობო სიყვარული
...გამუდმებით ვუბრუნდები და შემიძლია, განუწყვეტლივ ვიკითხო: მიხეილ ჯავახიშვილი, ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“, „გრაფ მონტე კრისტო“, მიხაილ ზოშჩენკო, ხარმსი, სელინჯერის მოთხრობები, აკუტაგავას მოთხრობები, ბორხესის „შვიდი საღამო“, შნიცლერი, ნაბოკოვი. ბოლო ცხრა წელია, დავით წერედიანის ლექსები, მისი შეუდარებელი პოეტური თარგმანები, ესეისტიკა და კრიტიკული წერილები ჩემი სამაგიდო წიგნებია. ყველა იმ ნაწარმოებებსა და ავტორს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული მაგია აქვს. მიუხედავად ასეთი გრძელი სიისა, ჩემი უპირობო სიყვარული მაინც ვალოდია მაიაკოვსკია. ასე ვეძახი, რადგან ბებია თამარი ეძახდა ასე. ქუთაისიდან იცნობდა და მეგობრობდა მასთან. ვალოდია მაიაკოვსკი სულით ხორცამდე ქართველი იყო, უყვარდა საქართველო, ბრწყინვალედ იცოდა ქართული. ამერიკაში სტუმრობისას დადგებოდა, თურმე, ცათამბჯენების წინ, ხელებს აღაპყრობდა მათკენ და თავისი გრუხუნა ხმით შესძახებდა: „მე ქართვეეეელი ვაააარ!“
...თბილისი. ჩემი ოთახის კარს ვაღებ. 16 წლის მაიაკოვსკი ფოტოდან წარბებს ქვემოდან შემომცქერის. უზარმაზარ თვალებში სითბო ჩაღვრია. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღვიძებ, მის მკაცრ და ამავე დროს კეთილ მზერას ვაწყდები. ეს მზერა ერთდროულად მაღელვებს და მაფხიზლებს. ამ მზერამ მასწავლა, უფრო ზუსტად და ღრმად შემეგრძნო სამყარო.
ლამაზი და სასარგებლო
ეს ამბავი გერმანიაში ჩემი ჩასვლისთანავე მოხდა. 1991 წელს საცხოვრებლად ბერლინში გადავედი… სიმართლე გითხრათ, ორი თვეში უკან დაბრუნებაზე ვოცნებობდი… უსაშველოდ მოვიწყინე… წარმოიდგინეთ, მარტო ხართ გამოკეტილი სამოთახიან, უზარმაზარ, ცარიელ ბინაში, სულ რამდენიმე ადამიანს იცნობთ ქალაქში, არაფერი საქმე არ გაქვთ და ყველაფერთან ერთად, გერმანულის ინჩი-ბინჩი არ გაგეგებათ. უკვე თბილისში ვფიქრობდი დაბრუნებას, აპრილის მიწურულს, ეკეჰარტ მაასი რომ გამოჩნდა შონჰაუზერშტრასეს მეხუთე სართულის ბინის ზღურბლზე, კეთილად გამიღიმა და მითხრა: მანანიკ, ასე ვფიქრობ, რომ შენ რაღაც ლამაზი უნდა ნახო გერმანიაში და თან, ცოტა ფულიც გააკეთოო! როგორ-მეთქი, დავინტერესდი… როგორ და წავიდეთ ტიურინგენში კონცერტებით, მე მოვაგვარებ ყველაფერსო. გადაწყდა, პირველ განყოფილებაში ეკეს უნდა ემღერა გერმანულად მის მიერ ნათარგმნი ბულატ ოკუჯავას სიმღერები, მეორე განყოფილებაში კი, რა თქმა უნდა, მე. ეკემ გერმანული სიზუსტით დაგეგმა ყველაფერი და აპრილის ერთ მშვენიერ დილას ლურჯასავით მოვაჯექით ეკეს მდოგვისფერ „ვოლვოს“ და ბერლინიდან დავიძარით… მშვენივრად მოვიარეთ ტიურინგენი, ბოლოს ვაიმარში შილერის, გოეთესა და ლისტის მუზეუმები მოვინახულეთ.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





