საზოგადოება

რა ვერსიები გავრცელდა დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზე და რა ბედი ეწია მის ოჯახს

№43

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

დიმიტრი ყიფიანი
დაკოპირებულია

ამაყი გვარის ტრაგედია – შეიძლება, ასე ვუწოდოთ რუსეთში ვერაგულად მოკლული, თავ-პირ გაჩეხილი და ტვინგასხმული დიმიტრი ყიფიანის ოჯახურ ტრაგედიას, რომელსაც ასევე უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ ძალიან მძიმეა. მანამდე ორი სიტყვით დიმიტრი ყიფიანზე, რომლის ხსოვნასაც აკაკიმ „განთიადი“ უძღვნა.

იგი ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, სათავადაზნაურო ბანკის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცლებელი საზოგადოების, ქართული დრამატული საზოგადოების და საბიბლიოთეკო საქმის ფუძემდებელი იყო. სწორედ მისი დაარსებულია თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა, რომლის პირველი დირექტორიც თავად გახლდათ და სწორედ, დიმიტრი ყიფიანი იყო ბატონყობის გაუქმების გეგმის მომზადების ყველაზე აქტიური წევრი. გვესაუბრება დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი, თამარ მიქაძე:

ტრაგიკული ოჯახი

„ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამომავალი წერტილი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე.

ლიტერატურული მოღვაწეობა დიმიტრი ყიფიანმა თარგმანებით დაიწყო. თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, გიორგი ერისთავის „გაყრა“ და ასე შემდეგ. 1882 წელს პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რის გამოცემასაც ქართული სკოლების დევნის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 1886 წელს, როგორც უკვე იცით, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა ქართელი ერი დასწყევლა. ეს ყიფიანმა ვერ აიტანა და მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს... გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა გაძარცვის მიზნით მოხდა, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერებოდა. როდესაც ილია მოკლეს, მასზეც ასეთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ ხალხში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ვალერიან გუნიას გადმოცემით, ილია იმ პერიოდში პირმოკუმული და წარბშეკრული დადიოდა. ქვემო ტუჩმა დაუწყო თრთოლვა. ვანო მაჩაბელს კი ნერვული ტირილი ავარდნია, ისე, რომ ვერ აჩერებდნენ. პოლიციამ მაშინ პასუხისგებაში მისაცემად შეადგინდა ურჩ პირთა სია, რომელშიც შეყვანილნი იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ანტონ ფურცელაძე, ვალერიან გუნია... 1887 წელს, დიმიტი ყიფიანის დაკრძალვისას, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მეთაურობით ხალხმრავალი ყრილობა გაიმართა, რომელიც რუსიფიკატორული მთავრობის წინააღმდეგ მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მე გახლავართ პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ხმამაღლა შეუძლია თქვას, რომ დიმიტი ყიფიანის შთამომავალია, რისი თქმის უფლებაც არ ჰქონდა დედას, ლალი პატარაიას. იგი დღემდე განიცდის იმას, თუ როგორ მალავდა ამ ფაქტს მაშინ, როდესაც მაგალითად, მასწავლებელი უხსნიდა „განთიადს“ და ვერ ამბობდა, რომ დიმიტრი ყიფიანი მისი ბაბუა იყო, მაგრამ კომუნისტების ეპოქაში იძულებული იყო ამაზე გაჩუმებულიყო. ბებიების თაობას უფრო მძიმე ხვედრი ხვდა წილად. იყო რეპრესიები, მიწის ჩამორთმევა და დიდი პიროვნული ტრაგედიები ბოლშევიკური აგრესიის შედეგად. დიმიტი ყიფიანის შვილიშვილს, ვეტას (ელისაბედს), თავის შვილებთან ერთად, ქვიშხეთში შეუფარებია თავი, მაგრამ იქაც მიაგნეს. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას უპირებდნენ, ვეტას გადასახლება უნდოდათ, რასაც მთელი სოფლის აღშფოთება მოჰყოლია. ქუდზე კაცი გამოსულა და ვეტა ქვიშხეთელების წყალობით გადარჩენილა. ვეტას დისშვილი; თამარი, იგივე ჯოია ბაგრატიონი, რომელსაც ბებია ელისაბედი ზრდიდა, ძონძებში გამოაწყვეს და სამშობლოდან გადახვეწეს. ეს რვა წლის ულამაზესი გოგონა უსამართლოდ დაისაჯა იმის გამო, რომ დედის მხრიდან დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი იყო. მამამისი კი მეფურ გვარს ატარებდა. მას წლების განმავლობაში ელოდნენ ჩემი ბებიები. ელისაბედი ექვთიმე თაყაიშვილთანაც მისულა. მას ბიძაჩემი, კინორეჟისორი გურამ პატარაიაც ეძებდა უცხოეთში გადაღებების დროს. საბოლოოდ თამარს ერთ-ერთი გაზეთის საშუალებით მივაკვლიეთ. ამ დროისთვის თამარი უკვე 88 წლის იყო. შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. თავისი სახლი გაუყიდია და მოხუცთა პანსიონატში ძალიან კარგ პირობებში იმყოფებოდა. ცოლად ფრანგს, ვინმე ოროს გაჰყოლია, მაგრამ შვილი არ გასჩენია. სამწუხაროდ; ქართული სულ დავიწყებია. ამბობდა, რუსულიც სპეციალურად დავივიწყეო. ეს სიძულვილი, ცხადია, მასში, იმდროინდელმა წეს-წყობილებამ გამოიწვია. ჩვენ მას ტელეფონით დაახლოებით ერთ საათს ვესაუბრეთ ინგლისურად. ძალიან ემოციური საუბარი იყო. მეხსიერებასაც უჩიოდა. ერთადერთი, რაც გაიხსენა, ეს იყო ბებია ელისაბედი და თავის დეიდაშვილები. ბუნდოვნად ახსოვდა, როგორ გააყოლეს ძონძებში გახვეული რვა წლის ბავშვი ნათლიას, როგორ ცხოვრობდნენ ინგლისში დედოფლის კარზე. დიდი სურვილი ჰქონდა, ენახა ქვიშხეთი, სადაც თავისი ბავშვობის უბედნიერესი წლები გაატარა. მოიკითხა დედის საფლავი, რომელიც ქვიშხეთში ყიფიანების კარის ეკლესიასთან მდებარეობს. საუბრის დროს ჩვენც ავტირდით და ისიც. განსაკუთრებით გულთან მიიტანა, როცა ვუსხენეთ სახელი ჯოია. ასე მხოლოდ ოჯახის წევრები მიმართავდნენ. თავის ბავშვობის ერთადერთი სურათი აღმოაჩნდა. მერე ჩვენ გავუგზავნეთ მისი და მისი ოჯახის წევრების სურათები.

„ის, რაც ოჯახმა იცის“

სამწუხაროდ, ერთ სუფრასთან არასასიამოვნო ფაქტს შევესწარი. ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი ვარო. რომ ვიშლებოდით, მერე ვუთხარი: მადლობა მითხარით, რომ ხალხში არ შეგარცხვინეთ-მეთქი. დიმიტრი ყიფიანს კონსტანტინესა და ელენესგან შთამომავალი არ დარჩენია. ჩვენ მისი უფროსი ვაჟის, ნიკოლოზის, შთამომავლები ვართ. სხვათა შორის, ბევრი იჩემებს მის შთამომავლობას... დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავლები დღეს, სამი ოჯახია: დედაჩემის – ლალი პატარაიას ოჯახი, აწ განსვენებული გურამ პატარაიას ოჯახი და სავანელების ოჯახი. აგრეთვე, შვეიცარიაში მცხოვრები თამარ ბაგრატიონი, რომელსაც როგორც უკვე გითხარით, შთამომავალი არ დარჩენია.

მეორე კლასში ვიყავი, როცა ბებიამ სკივრიდან ამოიღო გადამალული, სათუთად გახვეული დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი, მის სიცოცხლეშივე შესრუებული უცნობი მხატვრის მიერ და დედას უთხრა: ეს სურათი თამარს გადაეცი, თუ ოდესმე ნახავო. როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ბებიამ არა მარტო ეს უნიკალური მხატვრული ტილო გადმოგვცა, არამედ ოჯახური ტრადიციების გაგრძელების ესტაფეტა, რათა შემდგომ თაობას ეს ღირებულებები გადავცეთ. უახლოეს ხანში ვაპირებ წიგნის გამოცემას, სათაურით – „ის, რაც ოჯახმა იცის“. დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა არსებობს. ქვიშხეთში ყიფიანების ერთი გამორჩეული სალოცავი ადგილია და დიმიტრი ყიფიანის სულიც, ალბათ, იქ ტრიალებს, სადაც შთამომავლების საფლავები და ასევე; მისი სახლ-მუზეუმია. ჩვენი საგვარეულოს შემორჩენილ ერთ პატარა მიწაზე ხის სახლი დგას, რომელიც ძალიან ძვირფასია ქვიშხეთელებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი ლამაზი სახლი აშენდა.

წერილები

1880 წელს „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ყიფიანის წერილი, სადაც წერს: „ჩვენს დიდებულ თამარ მეფეს თამარ დედოფლად იხსენიებენ, აქაო და სხვა ენაზე მამრის წოდება მდედრს არ ეკუთვნისო და ჩვენი ერის თვისებას კი არას დასდევენ და ამას გარდა, იმასაც ივიწყებენ, რომ თამარს მეფე იმიტომ ეწოდება, რომ თვითონ იყო ასე – მეფედ ნაკურთხი. ცოლი რომ ყოფილიყო მეფისა, მაშინ დედოფალი იქნებოდა. მთელ კავკასიაში და ყოველ ჩვენს საისტორიო წიგნებში ამ მიზეზით მეფედ იხსენიებენ და ჩვენი ახლანდელი მწერლები კი – დედოფლად. მაშ, შეგვატყობინონ მეფე ვინ იყო მაშინ?“

დიმიტრი ყიფინის კიდევ ერთი წერილი სტავროპოლიდან, დათარიღებული 1887 წლით: „უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ იყოს საფუძველი წვალებისა, მაგრამ რა გაეწყობა. კაცი არხეინად მიდიოდა ქუჩაში. უცებ ქარმა სახურავიდან ჩამოაგდო კრამიტი, რომელიც ამ კაცს თავზე დაეცა. საჭიროა სისხლის შეჩერება. ერთი სიტყვით, საზრუნავი გაჩნდა. სამწუხაროდ, ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ასეთი უაზრო შემთხვევები, მაგრამ რას ვიზამთ. ვებრძვით მათ, როგორც ძალგვიძს. განა ასე არ არს, ჩემო კოტე, ჩემო ნინუკა, ვეტუტუნა? გეხვევით ყველას ათასჯერ და ათიათასჯერ და გლოცავთ დიმიტრი ბაბუ.“

„დიმიტრი იყო ჩვენი ხუროთმოძღვარი და ჩვენ კი – იმისი კალატოზები“ – ასეთი იყო ილია ჭავჭავაძის აზრი...

ძალზე საინტერესოა დიმიტრი ყიფიანის მესამე შვილის, ელენეს ცხოვრებაც. ელენე ძმასთან ერთად ბელგიაში იყო გადახვეწილი. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. მისი ინიციატივით, ბრიუსელში მსოფლიო მუზეუმში ქართული განყოფილება გაიხსნა. იგი უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს ეხმარეობდა. დაკრძალულია ბრიუსელში...

მძიმე ბავშვობა

დიმიტრის მამა, ქოჩო ყიფიანი სააბაშიოდან გადმოსახლებული აზნაურიშვილი ყოფილა, ჩასიძებულა ქართლში მცხოვრებ ფურცელაძეების ოჯახში. დიმიტრის ბებიებიც ქვიშხეთში გადასულან. ათი წლის დიმიტრი კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს. არსებობს პატარა დიმიტრის ჩანაწერები, რომელშიც იგი იმ წლებს ძალიან სევდიანად იხსენებს. უფროსების მიერ ცემა-ტყეპა სასწავლებელში დაკანონებული იყოო. პატარა დიმიტრი, მიუხედავად მორიდებული და თავდაჭერილი ყოფა-ქცევისა, ვერ ასცდა ყურების მწარედ აწევას, ხელების დალურჯებას. ერთხელ, თურმე, ვიღაცამ ზარს ჩამოჰკრა სკოლის ეზოში და დიმიტრის დაბრალდა. სკოლის დირექტორმა უდანაშაულო ბავშვს ცემა დაუწყო. მეორეჯერ კი თათრული ენის მასწავლებელმა ჯაფარმა, ისე ჩასცხო დიმიტრის, რომ ცხვირიდან სისხლი ადინა. მერე მასწავლებელი თვითონვე შეშინებულა და დირექტორთან გაქცეულა. დიმიტრის ბედად, კაბინეტში გენერალი ბაგრატიონ-მუხრანსკი შესულა და ძალიან გაბრაზებულა, კეთილშობილთა სასწავლებელში ხომ თავად-აზნაურთა შვილებს ზრდიან. თმის გლეჯა, ცემა, ამგვარი რამ შეუწყნარებელიაო, უთქვამს მას...

მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ლიტერატურული საღამოები იმართებოდა. სალონებს მშვენიერი ქალბატონები ამშვენებდნენ. მამაკაცები მაშინ სპარსეთის ომში იყვნენ გაწვეული, ამიტომ, მეტი რა გზა იყო და საღამოებზე უფროსკლასელ შეგირდებს იწვევდნენ. ერთხელ, დიმიტრი სხვა შეგირდებთან ერთად მიიწვიეს ორბელიანთა წარმოდგენაში. ეს ამბავი სასწავლებელში გაიგეს და გადაწყვიტეს, სასტიკად დაესაჯათ ის ექვსი შეგირდი, რომლებმაც წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა. დიმიტრი მოგვითხრობს: „ყველა, ვინც ვიყავით, უნდა გავეწკეპლეთ. თითოეული კლასი – ცალ-ცალკე, რათა ყველა შეგირდისათვის დაენახვებინათ. თვითმკვლელობა სამარცხვინო დანაშაულად ითვლება ქართველებში, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით, თავები გაგვეწირა, ხოლო, მშვენიერ, იმდროინდელ რომანტიკოსთა წყალობით, რომელნიც გამოგვესარჩლნენ, სიკვდილს გადავრჩით...

დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების ბოლოს კი, ვეტა – დიმიტრის შვილიშვილი, იხსენებდა: „დიმიტრი იყო ძალიან კეთილშობილი, წყანრი მოხუცი, რომლის ხმასაც ოჯახში ზედმეტად ვერ გაიგებდით. მისი დიდი რიდი გვქონდა და უბატონოდ ხმას ვერ გასცემდი, ისეთი რაღაც ჰქონდა ამ მოხუცს შიგნიდან, სულ გვეფერებოდა და გვანებივრებდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა