საზოგადოება

რა უცნაურობებით იყო გატაცებული ტიციან ტაბიძე და სად შეესწრო ის გარღვეული საფლავებიდან წამოღებულ კუბოებს

№34

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 30.08, 2022 წელი

ტიციან ტაბიძე
დაკოპირებულია

„მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს“ – ლექსის ეს სტრიქონი ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის. მისდამი ინტერესი არც არასდროს დამცხრალა. ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები. ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის. ელიოტმა კი თქვა: ავტორი მოკვდა და აწი ტექსტებს მიეძალეთო, მაგრამ მხოლოდ თეორეტიკოსებმა თუ შეისმინეს ეს ამბავი.

მწერალი ხომ ადამიანია (პოეტიც), ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი ექოთი – ხან წამებული, ხან მწამებელი, ათას ფათერაკთა და ჭირთა გადამხდელი და დამთმენი ან ვერ დამთმენი. ჰოდა ხალხს აინტერესებს ისტორიები მასზე, მერე გზადაგზა რაღაც-რაღაცას თვითონ გამოიგონებს და მითებიც იბადება. მითი ხუმრობასავითაა, აბა იმ მითს რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ ურევია (გ. კეკელიძე). ტიციან ტაბიძეც მითების საუფლოდან მოდის, მეტი რაღა გინდათ – „ცისფერი ყანწების” მანერული სერობები, „ქიმერიონის” ჩვენებური ბოჰემა, ფრანგული ნიავი და ქართული ლექსი, სმა და გარჩევები, გნებავთ, ლიტერატურული, გნებავთ, მუშტიკრივი, უბრობა გალაკტიონ ტაბიძესთან – მურმან ლებანიძეს აქვს ლექსად – როგორ შეებნენ ერთმანეთზე გაბუტული გალაკტიონი და ტიციანი ერთად ახირებულ „რეგვენთა ჯგუფს“. მერე კი ბოლშევიკები, „თანამგზავრობა“ – როცა ტიციანის ცნობილ ფრაზაში „სამშობლო მიწავ, გიკოცნი ფესვებს“, სამშობლოს ნაცვლად საბჭოთა ჩაჯდა, როცა არც დიადი კომუნიზმის მშენებლობაზე პოემის წერამ და სხვა არაერთმა ნაძალადევმა „აღიარებითმა წერილმა“ უშველა. (ამგვარი აღიარება-შენანების კლასიკური ნიმუშია მწერალთა კავშირის ერთი იმდროინდელი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას გამოსვლაა მოტანილი – „ვინანიებ, ამხანაგებო, ვინანიებ (და ქვედა ყბა აუკანკალდა)“. „ცისფერყანწელთაგან“ ბევრი უფრო არტისტული იყო, მაგრამ ბუნებით მორცხვ ტიციანს, მგონი, ყველაზე მეტი „თეატრი გადახდა”, როგორც მაშინ იტყოდნენ საოცარ ამბებზე. მეგობრობა მას უწინამც რუს კოლეგებთან ჰქონდა (ბარემ ფრანგებთან ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ იაშვილმა მოახერხა ერთწლიანი პარიზობა და მერე კარიც მიიხურა). ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, მაგალითად, ბორის პასტერნაკის შემთხვევაში, რომელსაც ბალიშის ქვეშ, სასიკვდილო სარეცელზე ორი წერილი ედო – რილკესი და ტიციანის. ასევე, ძალიან საინტერესო ფაქტია – ტიტეს (გალაკტიონი ეძახდა) ის ცარიელი ფურცლები, საწერ მაგიდაზე რომ დარჩა 1937 წელს, პოეტის მეუღლემ, ნინო ტაბიძემ პასტერნაკს აჩუქა და ბორისმა „ექიმი ჟივაგოს” წერა სწორედ მასზე დაიწყო. ნინო ტაბიძის მოგონებებში შეხვდებით არაერთ არნახულ ამბავს. ალბათ, იცით, როგორ მიიყვანა და აჩვენა საკუთარ მეუღლეს მუზა – თამუნია და რა თავგამოდებით უქებდა მის სილამაზეს. ნინო ტაბიძე წერს მაიაკოვსკისთან შეხვედრაზეც, რომელიც თბილისს 1926 წელს ესტუმრა. იგონებს დუქან „სიმპათიას“, რომლის „კედლები ვიღაც თვითნასწავლი მხატვრისთვის მიებარებინათ. აქ შეხვდებოდით მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებს. შექსპირს მხარს მეფე სოლომონი უმშვენებდა. ორივენი პუშკინს, რუსთაველსა და ლერმონტოვს შესცქეროდნენ. შემდეგ გოგოლი, ჰომეროსი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი, სპინოზა, გოეთე, შილერი გამოეხატათ. ცნობით ვერც ერთს იცნობდით, წარწერით თუ მიხვდებოდით”. ბუნებრივია, სრული სიმართლეც რომ ყოფილიყო, ნინო ამას საკუთარ წიგნში ვერ მოჰყვებოდა, მე კი ერთმა პატიოსანმა ლექტორმა მიამბო, ძველი დროის საქმეების კარგად მცოდნე კაცმა. მერე რამდენიმემ დამიდასტურა. მოკლედ, თბილისში ჩამოსული მაიაკოვსკი დაბინავდა ერთ-ერთ სასტუმროში. ტიციანი, პაოლო და რამდენიმე ქართველი პოეტი საგანგებოდ მომზადებულან მასთან შესახვედრად, ფრაკებში გამოწყობილები მიადგნენ ნომერს. მაიაკოვსკიმ გამოსძახა, აბაზანაში ვარ, კარი ღიაა და დაბრძანდითო, შევიდნენ და დასხდნენ. ვლადიმერი საოცრად გაფანტული ადამიანი გახლდათ, ჩაცმა დავიწყებია და ღიღინ-ღიღინით სრულიად შიშველი გამოვიდა და მიესალმა ფრაკიანებს. ესენიც არაფერს იმჩნევდნენ, მაგრამ კიდევ უარეს დღეში ჩაცვივდნენ, როცა რუსმა ფუტურისტმა მათი გაცილება მოინდომა და ლამის ქუჩაში გამოჰყვა. ბოლოს ტიციანს ამოუღერღავს: „შეგცივდებათო”. მეორე დღეს მთელ თბილისს ეს ამბავი აბოდებდა. ერთხელ, თურმე, სერგეი ესენინი ესტუმრა და გახარებული ტიციანი ქართულ მასპინძლობას შეუდგა, აქეთ ბიჭებს დაუძახა, იქით გეგმა შეადგინა პურობების, მაგრამ მეორე დღეს სერგეიმ მოულოდნელად დაიწყო ჩემოდნის ჩალაგება. მერეღა უთხრა, თურმე აქ აისედორა დუნკანს ემალებოდა (რომელთანაც რომანი ჰქონდა) და სხვა მეგობრებმა უთხრეს, თბილისში შენი ყოფნის ამბავი გაიგო და ქუჩა-ქუჩა დაგეძებსო. ასე გაიპარა ესენინი და მერე ზრდილი ტიციანი აისედორას მასპინძლობდა, ოღონდ, ბუნებრივია, არაფერს იმჩნევდა. ამბობენ, სულ ტიციანის ოინებია, ერთ-ერთი პურობისას ქართველმა მწერლებმა პაოლო იაშვილის კეპი რომ მიირთვესო. არავინ იცის, ეს ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ პოეტმა ერთ-ერთ ლექსში სულ სხვა რამის სათქმელად კი დაწერა: „გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში, ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო”... როცა დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს გადარჩენილ მწერალთა რიგებში. შეიძლება, ეს ამბავი ყველაზე მართალია. რომც არ იყოს – ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ჰქმნის.

ოქროს მაძიებელნი

„... ადრეული ბავშვობიდანვე უცნაური პეიზაჟით ვიყავი გარემოცული. ტროპიკული გვიმრები, ლიანები, ჭადრებისა და ალვის ხეების ხშირი რიგები და ალაგ-ალაგ ჭაობიანი სახნავების ფართო არე ჩემს გონებაში აცოცხლებდნენ მაინ რიდისა და ალექსანდრე დიუმას რომანების გმირებს. სხვათა შორის, ალექსანდრე დიუმამ გასული საუკუნის 60-იან წლებში იმოგზაურა კიდეც ჩვენს მხარეში და ორპირისა და ფოთის ჭაობების შესანიშნავი აღწერა დატოვა… მოხუცები წელთა სიმრავლეს ანგარიშობდნენ იმ დღიდან, როცა ქვეყანას შავი ჭირი მოედო და რიონის წყალდიდობამ ყველაფერი წალეკა. ადიდებულ მდინარეს თან მიჰქონდა დანგრეული სახლები, აკვნები, გარღვეული საფლავებიდან წამოღებული კუბოები. ხალხი მთელი კვირეების განმავლობაში ელოდა, როდის ჩადგებოდა რიონი კალაპოტში და ბოლო მოეღებოდა ამ საშინელ მეწყერს. ორპირი უხსოვარი დროიდან რიონის ნავსადგური იყო. მახსოვს, სამდინარო გემები შემოდიოდნენ ორპირში და გაჰქონდათ სიმინდი და ხმელი ხილი. უფრო მოწიფულ ასაკში ორპირი და რიონის დელტა მაგონებდა მითს, მამაც ოქროსმაძიებლებზე – არგონავტებზე, რომლებიც ამ მიდამოებში გადმოსახლდნენ, დააძინეს დრაკონი და კოლხეთის მეფე აიეტს ოქროს საწმისი და მზეთუნახავი ქალი – მედეა მოსტაცეს. ჩემს თვალწინ ციებისაგან იჟლიტებოდნენ მთელი სოფლები, წყევლა-კრულვით სტოვებდა ხალხი შეჩვეულ ადგილებს. ამ ამბის ხილვა მაგონებდა ფრანგი პოეტის, ლოტრეამონის ლექსებს. გომბეშოს მონოლოგი „მალდარორის სიმღერებიდან“ – ეს იგივე ორპირის ბაყაყების ყოველდღიური ორკესტრი, იგივე გადაგვარების სიმღერა იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ეს რაიონი ახლა ციტრუსების ბაღნარად აქცია. კოლხეთის ჭაობების ამოშრობამ და შავიზღვისპირეთში სუბტროპიკული კულტურების დანერგვამ სავსებით შეცვალა ქვეყნის ელფერი და შორეულ მოგონებად აქცია მითი ოქროს საწმისზე.

ტიციანის სწვალა-განათლება და კასოს დანიშნული ცალთვალა ციკლოპი

მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა-კითხვა. ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში... 1905 წელს მამამ კლასიკური გიმნაზიის პირველი კლასისათვის მოსამზადებლად ქუთაისში წამიყვანა. მახსოვს, რევოლუციურად განწყობილი ხალხით სავსე მატარებელში მოვხვდით – ოდესიდან შავრაზმელების მიერ მოკლულ პროფესორ საბა კლდიაშვილს მოასვენებდნენ. ქუთაისის სადგურში მატარებელს დროშებითა და მარსელიოზას სიმღერით შეხვდნენ. საბა კლდიაშვილის დაკრძალვა მრავალათასიან დემონსტრაციად იქცა. ჩვენმა გიმნაზიამ რევოლუციას და უახლოეს მემარცხენე პოეზიას თავისი ხარკი გადაუხადა. ბევრმა მკითხველმა იცის ამის შესახებ ვლადიმერ მაიაკოვსკის ავტობიოგრაფიიდან, რომელიც ჩვენს გიმნაზიაში აღიზარდა და თითქმის ჩემი ტოლი იყო. ყველა მეგობარს, რომელიც შემდეგში „ცისფერი ყანწების“ ჯგუფში შევიდა, ჯერ კიდევ გიმნაზიაში ვიცნობდი. მოზარდები ვიყავით და უკვე ვოცნებობდით, ახალი სიტყვა გვეთქვა ქართულ პოეზიაში. ქუთაისის გიმნაზიაში, ისევე, როგორც ყველგან, რუსეთის ყოფილ იმპერიაში, მკაცრი რეჟიმი სუფევდა. ბევრი იყო ჩვენთან „პერედონოველები“, მაგრამ იყვნენ მასწავლებლები, რომელთა მადლიერიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დავრჩი. მაშინ ქართული ენა იდევნებოდა და კვირაში მხოლოდ ერთი გაკვეთილი გვქონდა, მაგრამ ჩვენთან ამ დროს ფართოდ გავრცელებულ იატაკქვეშა ლიტერატურულ წრეებში წარმატებით მიმდინარეობდა მშობლიური ენის სწავლება. ლექსების წერა ძალიან ადრე დავიწყე, ბეჭდვა კი – მეექვსე კლასიდან. თავდაპირველად ქუთაისის გაზეთებში ვბეჭდავდი, შემდეგ – თბილისშიც. ორიგინალური ლექსების გარდა მაშინ მთელი რიგი თარგმანებიც დავბეჭდე: ა. ბლოკისა, ვ. ბრიუსოვისა, თ. სოლოგუბისა, ი. ანენსკისა და ფრანგი პოეტებისა, აგრეთვე თ. დოსტოევსკის „ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე“. 1913 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში შევედი ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ამ დროს უნივერსიტეტის ავტონომია საბოლოოდ გააუქმა განათლების მინისტრმა – ბნელეთის მოციქულმა კასომ. მოწინავე ლიბერალმა პროფესორებმა დატოვეს ჩვენი უნივერსიტეტი. მე ვისმენდი ლაზარევის სახელობის აღმოსავლური ენების ინსტიტუტის ზოგიერთი პროფესორის ლექციებს, ვუსმენდი ნიკო მარს, რომელსაც დღემდე ვთვლი არა მარტო საუკეთესო ლინგვისტად, არამედ ქართული მეცნიერული ლიტერატურათმცოდნეობის ფუძემდებლადაც. ჩვენი პროფესორებიდან განსაკუთრებული სიყვარულით ვიგონებ აკადემიკოს მ. ნ. როზანოვს, რომელიც ლოპატინის სახელობის ინსტიტუტში კითხულობდა აღორძინებისა და განმანათლებლობის ეპოქის კურსს. მწყინდა, რომ მიწყდა ტიუტჩევის უკანასკნელი სიყვარულით გამთბარი ვ. ო. კლიუჩევსკის სიტყვები, რომელიც ვერაფრით ვერ შესცვალა რეაქციონერმა რექტორმა მ. ლიუბავსკიმ – კასოს დანიშნულმა ცალთვალა ციკლოპმა. ამასობაში მსოფლიო იმპერიალისტური ომი ახლოვდებოდა და ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა. ბეილისის სამარცხვინო საქმე განსაკუთრებულად აღაგზნებდა სტუდენტობას. ბოლოს, ავსტრიის ერც-ჰერცოგის მკვლელობა ჩვენი ცხოვრების წყალგამყოფი აღმოჩნდა... მახსენდება სკრიაბინის სიკვდილი და მისი დაკრძალვა, სკრიაბინისავე მუსიკის კულტი, იგორ სევერიანინის პოეზიის უთვალავი საღამოები, რელიგიურ-ფილოსოფიური საზოგადოების სხდომები და ფორმულა „კანტიდან პრუდონამდე“, რუსეთის ჯარის წასვლა გერმანიის ფრონტზე, მარინეტისა და ემილ ვერჰარნის ჩამოსვლა მოსკოვში, „თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოების“ სხდომა ლიტერატურულ-მხატვრულ წრეში და ვალერი ბრიუსოვის გამოსვლა, აკმეისტებისა და „ადამისტების“ შეტევა სიმბოლისტების წინააღმდეგ, ნაცნობობა ბალმონტთან, რომელიც მაშინ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა, გატაცება ბლოკითა და ინოკენტი ანენსკით, და ბოლოს, მოსკოვის ქუჩებსა და ესტრადებზე ვლადიმერ მაიაკოვსკის, ხოლო უფრო გვიან – ხლებნიკოვისა და სხვა რუსი ფუტურისტების გამოჩენა. ყოველივე ეს მაღელვებდა და მიტაცებდა, და ასე თუ ისე აისახა კიდეც ჩემს შემდგომ მუშაობაში. პოლიტიკურ ამბებში სავსებით ნათლად ვერ ვერკვეოდი...

„ქართული პოეზიის მეფის“ წოდების მოსაპოვებლად

...1915 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა – საქართველოს ახალგაზრდა პოეტებმა – ქუთაისში ჩამოვაყალიბეთ პოეტების სიმბოლისტური სკოლა უცნაური სახელწოდებით „ცისფერი ყანწები“. მე მომიხდა ორი მანიფესტის დაწერა ჟურნალისათვის, რომელსაც, აგრეთვე, „ცისფერი ყანწები“ ვუწოდე, და წლების განმავლობაში ვრედაქტორობდი გაზეთ „ბარიკადს“. მიუხედავად იმისა, რომ მოწყვეტილნი ვიყავით რეალურ სინამდვილეს და უუნარონი აღმოვჩნდით სწორად გავრკვეულიყავით სოციალ-პოლიტიკურ ამბებში, მაშინდელი გაღარიბებული ქართული ლექსის ფონზე პოეტების ახალმა სკოლამ მაინც დიდი როლი ითამაშა. პირველად ჩვენ შემოვიტანეთ ქართულ ლექსში სიტყვები, რომლებიც განდევნილი იყო ან სულ არ იხმარებოდა. პირველად დაიწერა ნამდვილი სონეტები, ტერცინები, ტრიოლეტები. რითმას ახალი გასაქანი მიეცა, ახლებურად ვიყენებდით ალიტერაციებსა და ასონანსებს. ბოდლერის, ვერლენის, რემბოს, ლაფორგისა და სხვა ფრანგი და რუსი პოეტების თარგმანებმა გააფართოვეს პოეტური თემებისა და სახეების არე. ქართულმა ლექსმა ახლებური ჟღერადობა შეიძინა, მაგრამ თუ თვალს გადავავლებ განვლილ გზას, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ჯგუფი, „ცისფერი ყანწები“, წარმოადგენდა ტიპურ ესთეტიკურ, შეზღუდულ მიმართულებას. იმ წლებში ჩვენ, ახალგაზრდა ქართველი პოეტები, მეტისმეტად დიდ ხარკს ვუხდიდით არაჯანსაღ, ბოჰემურ არტისტიზმს, ვქადაგებდით „ხელოვნებას ხელოვნებისათვის“. მხატვრულ შემოქმედებას ვაფასებდით მცდარად – როგორც რაღაც თვითსაკმარს. ძალიან ბევრი გვქონდა წინააღმდეგობანი... მაშინდელ პერიოდს ეკუთვნის ჩემი დიდი ლექსი „ცხენი ანგელოზით“, რომელიც დავწერე, როგორც ერთგვარი დისერტაცია „ქართული პოეზიის მეფის“ წოდების მოსაპოვებლად. ლექსი დადებითად მიიღო ქართული საზოგადოების ნაწილმა. ეს ლექსი არ შევიდა ჩემი რჩეული ნაწარმოებების წიგნში; იგი მოწყვეტილია სინამდვილეს და გაჟღენთილია ქართული „მესიანიზმის“ იდეებით... („ტიციან ტაბიძე, 15 აპრილი, 1936 წელი თბილისი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა