საზოგადოება

რა უწინასწარმეტყველეს ჯუმბერ ლეჟავას რუსებმა და როდის იყო დათვლილი მისი დღეები

№19

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 16.05, 2023 წელი

ჯუმბერ ლეჯავა
დაკოპირებულია

არავინ თქვას, რომ მე საქართველო თვალდახუჭული ვიცი. ორი და სამი სიცოცხლე არ ეყოფა კაცს საქართველოს კუთხე-კუნჭულების სანახავად, ისეთი მდიდარია ეს ქვეყანა ყოველმხრივ. ჯუმბერ ლეჟავამ კი, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო გაიცნო და ეს თავის ერთ სიცოცხლეში ჩაატია. ველოსიპედით 3 333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

წინასწარმეტყველება

„ფეხით მოვიარე მთელი საქართველო, ხელით შევხებივარ მის ყველა ისტორიულ ძეგლს. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები კი მოტოციკლეტითა და მანქანით შემოვიარე, კუთხე არ დამიტოვებია. მოგზაურობა ყოველთვის მიყვარდა. მერე მსოფლიო მოვიარე ველოსიპედით და ამ მოგზაურობის დროსაც საქართველოზე ვფიქრობდი.

არ მინდა, რომ ეს მოგზაურობა მოკვდეს, დამთავრდეს. სხვათა შორის, ეს მიწინასწარმეტყველეს რუსებმა. მითხრეს კიდეც: ჯუმბერ, შენც ხომ იცი, რომ ბრუნდები იქ, სადაც შენი მოგზაურობა ჩაკვდებაო... ხმაც კი გაავრცელეს, საქართველო ჯუმბერ ლეჟავას არ მიიღებსო. მგონი, მართლდება ეს „წინასწარმეტყველება“. მთელი მსოფლიო ელოდება ჩემგან ინფორმაციას, მოგვეცით მოგზაურობის მასალები და გამოვცემთო. აქ კი არავის აინტერესებს. ოთხთვე-ნახევრის ჩამოსული ვარ და არც სამსახური მაქვს, არც იმის პირობები, რომ წიგნებზე ვიმუშაო... ოფისიც მეგობარმა დამითმო – ერთი პატარა ოთახი და ეგ არის. ზღვა მასალაა. წუწუნი არ მიყვარს და არც იმედს ვკარგავ...

მიზანი ერთია

...46 წლისამ ორი უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე. ღვიძლი დამიზიანდა და ნაწლავებიც ამომაჭრეს. როცა ყველას ეგონა, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყო, მე მაშინ დავიწყე ფიქრი თავის გადარჩენაზე. ფეხზე წამოვდექი თუ არა, თავს შევუძახე: ჯუმბერ, შენ უნდა იცოცხლო! და დავიწყე ფიზიკური ვარჯიში, ექიმების „დანიშნული“ წოლითი რეჟიმის საწინააღმდეგოდ. ზოგჯერ ვარჯიშისას გონება დამიკარგავს, მაგრამ ჯიუტად მივიწევდი მიზნისკენ. მალე გამოვჯანმრთელდი. მეტსაც გეტყვით, 1990-1992 წლებში მსოფლიოსა და გინესის რეკორდები დავამყარე ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვაში.

ერთხელაც, ჩემი უახლოესი მეგობრის, თენგიზ კიკაჩეიშვილის შვილმა, რატიმ „ულტიმატუმი“ წამომიყენა: ძია ჯუმბერ, თქვენ ძალიან ძლიერი კაცი ხართ და დარწმუნებული ვარ, შეძლებთ მსოფლიოს ველოსიპედით შემოვლას. ატრიალეთ პედლები, თან ქვეყნებსაც ნახავთო – რატიმ იცოდა ჩემი ველოსიპედით გატაცება...ჯიხაიშში დავიბადე, ოქროსუბანში და ალბათ, იცით, იქაურები, დიდ-პატარა, ველოსიპედებით დადიოდნენ. მამაჩემმა მოსკოვიდან ჩამომიტანა პირველი ნამდვილი ველოსიპედი (იგი კარგა ხანს მოსკოვში მუშაობდა, იურისტი იყო). რატიმ მარშრუტიც განმისაზღვრა, ანტარქტიდაც კი ჩართო. სპონსორობა ჩემმა მეგობარმა, ჟიული შარტავამ შემომთავაზა, მაშინ რუსთავის მერი გახლდათ. სამწუხაროდ, ჩემი რატი აფხაზეთის ომის პირველივე დღეებში დაიღუპა და მე და ჟიულიმ მოგზაურობის პროგრამა უმისოდ შევადგინეთ. ეს მოგზაურობა სამ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს მივუძღვენი: ჩემს ადრე გარდაცვლილ მეუღლეს, ლიანა ალიბეგაშვილს, რატიკოს და ჟიულის... 1993 წლის 13 აგვისტოს დავადექი გზას. ისრაელში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჟიული სოხუმში მოკლეს, გადმოვფრინდი და შემდეგ კვლავ დავბრუნდი.

ეს ძალიან ჰგავს ჯოჯოხეთის გზას

სტარტი რუსთავიდან ავიღე, ჟურნალისტები მაცილებდნენ, ბათუმში ერთად ჩავედით, სარფამდეც გამაცილეს. ჩემი მოგზაურობა ასეთი „მასშტაბური“ არასდროს ყოფილა. მოვიარე ჩრდილოეთი თურქეთი, შავი ზღვის სანაპირო. სტამბოლში 10-12 დღეში ჩავედი… ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი და ყოველთვის შემეძლო საკუთარი თავის მართვა. ჩემი მოგზაურობის მთავარი მიზანი იყო, გამეკეთებინა ის, რაც საერთოდ არ გაკეთებულა, რომ ამით საქართველოსთვის, მისი ისტორიისთვის შემემატებინა მცირედი რამ. მოგზაურობა მარტივი არ არის, ეს თქვენც იცით. მაგრამ დიდ რისკთან, დიდ სირთულეებთან ერთად სიხარულიც ახლავს. როცა მივდიოდი, არ მიფიქრია, რომ ცოცხალი დავბრუნდებოდი. წარმოიდგინეთ, მიდიხართ უსასრულობაში, მიდიხართ უდაბნოში, ჯუნგლებში (არანაირი დაცვა, არავითარი დახმარება), მთებში, ქარია, წვიმაა, სიცივეა, სიცხეა... წყალდიდობები, ქარიშხლები, მხეცების, ადამიანების თავდასხმები... წარმოიდგინეთ, საჰარაში მიდიხართ. მხოლოდ უდაბნო და წინააღმდეგობებია, შენ კი მიდიხარ და მიდიხარ დაუსრულებლად... აი, თუნდაც გადავდივარ ბრაზილიიდან საფრანგეთის გვიანაში. არც გზაა, არც ხიდი მდინარეზე, სუნთქვა ჭირს, ისეთი ნესტია, წვიმს, თიხნარ ბილიკზე 75-კილოგრამიანი ტვირთით მიდიხარ, ველოსიპედს ხელით მიათრევ. ეს ძალიან ჰგავს ჯოჯოხეთის გზას. მე ვიცი ეს გზა... დიდი რისკია იქაური მდინარეების გადალახვა. ხშირად ხელაწეულს გადამქონდა ტვირთი ნაპირზე. თანაც ჩემი სიმაღლის კაცისთვის – 165 სანტიმეტრი უკვე „კრიტიკული ზღვარია“. იცი, გული რაზე მწყდება? არც ერთხელ არ მყოლია გვერდით ოპერატორი, რომელსაც ასეთი ეპიზოდების გადაღება შეეძლო. მაგრამ მთავარია, რომ ყველა ეს გზა ჩემს დღიურებში აღვწერე. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, ნიანგს რომ შემოუტევია (კიდევ კარგი, ხმელეთზე არ გიტევენ), და კიდევ კარგი, გველები რომ თავს უმიზეზოდ არ გესხმიან. გზებსა და ბილიკებზე უთვალავჯერ შემხვედრია, მათ შორის შხამიანიც. ყოველთვის გვერდს ვუვლიდი. ამის გამო რამდენჯერ ავარიაში კინაღამ მოვყევი. ტროპიკულ ქვეყნებში კიდევ, წვიმის დროს გზებზე (ასფალტზეც კი) უზარმაზარი ჭიები გამოდიან. 15 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძისა არ არიან. საკმაოდ უსიამოვნო სანახავია. იმათაც კი გვერდს ვუვლიდი და სლალომის სტილით მიწევდა სიარული... მართლა გამოვიარე ჯოჯოხეთის გზა ერთხელ, როცა კლინიკური სიკვდილი მქონდა. არ მოვყვები ახლა, რა და როგორ, მაგრამ იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ვინ იცის, განსაცდელი რამდენჯერ გადამიტანია. არაერთხელ გაუკრავთ „ფრთა“ ჩემთვის ინდოეთში, ფიჯიზე, აფრიკის ქვეყნებში. ყველაზე უხეშად მძღოლები იქ დადიან. მე კი არავის დავჯახებივარ, მიუხედავად იმისა, რომ ბორბალს უღალატია და ველოსიპედიდანაც გადმოვვარდნილვარ. 1998 წელს პორტუგალიაში, სახიფათო დაღმართზე მივქროდი, ქვემოდან მომავალმა მანქანამ გზა არ მომცა... საბურავიც გასკდა, სამი ნეკნი და თავი გავიტეხე. იმის შემდეგ ძველებურად სწრაფად აღარ დავდივარ, სიჩქარეს „მოვუკელი“.

29 წელი ერთად

მეუღლე ადრე გარდამეცვალა. ექიმების შეცდომას ემსხვერპლა, სამწუხაროდ, ძალიან ცნობილი ნეიროქირურგებისა. ლიკა 17 წლის იყო, როცა გავიცანი. 5 წლით უფროსი ვიყავი. მალევე ვიქორწინეთ. მაღალი, გამხდარი, ლამაზი გოგო იყო, მეც არ ვიცი, რით მოვხიბლე... ტაგანროგში შევხვდი, მშობლებთან ერთად იალტიდან ბრუნდებოდა. მე და ჩემი მეგობარი იურა კუკულაძე მოტოციკლეტით ვმოგზაურობდით ჩრდილოეთ კავკასიაში. შემდეგ ეს მოტოციკლეტები გავყიდეთ და წიგნები ვიყიდეთ. კითხვა ძალიან მიყვარდა და ეტყობა ამით საცოლესაც მოვაწონე თავი და სასიმამროსაც. 29 წელიწადი გავლიეთ ერთად. ორი ქალიშვილი გავზარდეთ, მაია და ხათუნა. მათ ბედნიერებასაც მოესწრო და თავს ამით ვიმშვიდებ ხოლმე. სიზმრების არასოდეს მჯეროდა, მაგრამ მოგზაურობამ თითქოს აზრი შემიცვალა. როცა ლიკა დამესიზმრებოდა, ეს ნიშნავდა, რომ მეორე დღეს ძალიან ადვილად გადავლახავდი ურთულეს დაბრკოლებას ან ფათერაკს დავაღწევდი თავს.

მეექვსე კონტინენტი

რატის სურვილი იყო, მეექვსე კონტინენტზე დამედგა ფეხი. ყველა კონტინენტზე ვიყავი და კაცურად შევძელი იმის გაკეთება, რაც ჯერ არ გაკეთებულა. ქართველებს უკვე ჰყავთ მოგზაური, რომელმაც მსოფლიოში პირველმა იმოგზაურა ველოსიპედით ანტარქტიდაზე, გრენლანდიაში, ისლანდიაში, ალასკაზე; გაიარა გობის უდაბნო ზაფხულში, ციმბირი – ზამთარში... მოგზაურები საუკეთესო სეზონს არჩევენ სამგზავროდ, მე კი ყველგან იმ ქვეყნისთვის ექსტრემალურ პირობებში გავიარე. მინდა, გითხრათ, რომ არ ველოდი, საზღვარგარეთ ამდენ ქართველს თუ შევხვდებოდი. ბოლო წლებში ძალიან ბევრ ქართველს დაუტოვებია ქვეყანა და გული მწყდება. იცით, რას ამბობენ? როგორც კი საქართველოში ოდნავ მაინც გაუმჯობესდება მდგომარეობა, როგორც კი შევძლებ მუშაობას და მეცოდინება, რომ არ მომშივდება, რომ სულიერი საზრდოც მექნება, მაშინვე დავბრუნდებიო. ქართველები განსაკუთრებულად გამოვხატავთ სამშობლოს სიყვარულს. ლონდონში შევხვდი ორ ახალგაზრდა მომღერალს. ერთი ბანია, მეორე – ტენორი. გასაოცარი ხმები გაქვთო, შეუქიათ ცნობილ მომღერლებს და ამით დამთავრებულა. ერთი კარგა ხანია კანდიდატად ითვლება, რომ ოპერაში ამღერებენ და სანამ დაურეკავენ, დროებითი სამუშაოთი შოულობს პურის ფულს, მეორემ კი „მიაღწია“ იმას, რომ ოპერის სიახლოვეს, კვირაში ერთხელ შეუძლია დადგეს ქუჩაში და იმღეროს. და კიდევ, ტყუილად ნუ ამბობენ, რომ ჩვენი ახალგაზრდები გვარცხვენენ. საზღვარგარეთ მყოფთა უმრავლესობა საქართველოში ოჯახებს ინახავს.

არაერთ ქვეყანაში შემოუთავაზებიათ, ჩვენთან დარჩითო. მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანაში წავალ, მხოლოდ იმისთვის, რომ რამე ახალი რეკორდი დავამყარო ან ისეთ ქვეყანაში, სადაც ჯერ არ მიმოგზაურია.

სინას უდაბნოში დამიღამდა

1994 წლის თებერვალი. უსაფრთხოების მიზნით, იემენში სამხედროებმა უკან გაბრუნება მირჩიეს. განვუმარტე, მშვიდობის დესპანი ვარ და თქვენ თუ ერთმანეთში ვერ მორიგებულხართ, რა ჩემი ბრალია-მეთქი? თეთრი პერანგი მივაბი ჯოხზე და გზა განვაგრძე. მეომრებმა მოწინააღმდეგე მხარე რაციით გააფრთხილეს, მშვიდობის დესპანი მოგზაური მოდის და გაატარეთო. მათაც „გზა დამიცალეს“, ვინ იცის, გაიფიქრეს, გიჟია, ხომ შეიძლება ბრმა ტყვია მოხვდეს და როგორ არ ეშინიაო. სიმბოლურია, რომ ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში იემენი გაერთიანდა.

ერთხელ სინას უდაბნოში დამიღამდა. დილაადრიან შაშხანიანი ბედუინი დამადგა თავს. გაგონილი მქონდა, ამ მიდამოებში ბედუინები ხალხს იტაცებენ და თუ დროულად გამოსასყიდ თანხას არ მიუტანენ, არც ტყვის სიკვდილით დასჯაზე ამბობენ უარსო. რა მექნა, ბედს დავმორჩილდი და გავყევი. ვერაფრით რომ ვერ გავაგებინე, ვინ ვიყავი და სად მივდიოდი, ბოლოს პირქვე დავემხე და მკლავებით აზიდვა დავიწყე. ჩემი მსოფლიო რეკორდია საათში 5 011 აზიდვა. ცოტა რომ დაეცლიათ, მგონი, ამ რეკორდსაც მოვხსნიდი, მაგრამ ერთ საათს ვინ დამაცადა. ერთი ათი-თხუთმეტი წუთი პირდაღებული მიყურებდნენ, ბოლოს კი ყველა ახარხარდა. არაბული ყავითაც კი გამიმასპინძლდნენ. მერე ჩემი ველოსიპედიანად აქლემზე შემსვეს და კარგა დიდ გზაზე გამომაცილეს... ამჯერად ახსნა აღარ დამიწყია, მე ველოსიპედით მოგზაური ვარ და არა აქლემით-მეთქი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა