საზოგადოება

რა უწინასწარმეტყველა პატრიარქმა ალექსანდრე ზაზარაშვილს და რასთან გამკლავება აღმოჩნდა მისთვის ყველაზე რთული

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.05

ალექსანდრე ზაზარაშვილი
დაკოპირებულია

გულიკო ეგნატაშვილი ყველა ქართველისთვის საამაყო მომღერლის, ალექსანდრე ზაზარაშვილის დედაა. ალექსანდრემ ძალიან პატარა ასაკში მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. რამ განაპირობა ეს, როგორი იყო მისი ხასიათი და მონდომება ბავშვობიდან, ამას ქალბატონ გულიკოსგან შევიტყობთ.

გულიკო ეგნატაშვილი: ალექსანდრე ყოველთვის განსაკუთრებული ბავშვი იყო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ბავშვობა არც გაუვლია. ყოველთვის დიდივით აზროვნებდა, უფროსებთან მეგობრობდა, დიდივით საუბრობდა და იქცეოდა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი იყო და ოჯახზე ისე ზრუნავდა, როგორც დიდი ადამიანი. იცოდა, რა სჭირდებოდა ოჯახს, დედას მამას, დას. ძალიან ბევრჯერ, თუ კონცერტიდან აიღებდა თანხას ან ვინმე აჩუქებდა, მაღაზიაში წავიდოდა და ოჯახისთვის საჭირო პროდუქტები მოჰქონდა. რვა წლის უკვე ასე იქცეოდა. სათამაშოებს რომ ვყიდულობდი, ინახავდა, არასდროს არაფერი გაუტეხავს და გაუფუჭებია. დღემდე მაქვს შენახული მისი ნივთები. პატარა იყო, როცა გადაწყვიტა, რომ ოთხი და-ძმა შეგვეფარებინა. ტაძარში ნახა, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებოდათ და ალექსანდრეს ინიციატივით, უკვე 11 წელია, ამ ბავშვებს ვზრდით. დღეს ალექსანდრე ამერიკაშია, ახლაც და მანამდეც ძალიან ხშირად მაძლევდა ფულს, გარშემო გაჭირვებული ოჯახებისა და მარტოხელა ადამიანების დასახმარებლად. მისი გამოგზავნილი ფულით პროდუქტებს ვყიდულობ ხოლმე მათთვის და ამით ისეთი ბედნიერია, ვერ აღგიწერთ. ასეთ რამეს ხშირად აკეთებს და მეც ვცდილობ, გვერდით დავუდგე. ვერ გეტყვით, როგორი ყურადღებიანია. მისი და, მაიკო, 20 წლის არის და ალექსანდრე საოცრად უდგას გვერდით ყველანაირი თვალსაზრისით და, საერთოდ, ყველა ახლობელზე ზრუნავს. უყურადღებოდ არავის ტოვებს.

– არადა, არც თვითონ არის დიდი ასაკის და ამერიკაში თავადაც ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება...

– დიახ, ასეა. მასაც ძალიან უჭირს და მეც. საოცარი დედაშვილობა გვაქვს და ამ დაშორებას ძალიან განვიცდით. ალექსანდრე მეუბნება ხოლმე, დედა არ მითხრა, რომ გენატრები, თორემ მერე ძალიან ვნერვიულობო. განცდებს უმკლავდება და ყველაფერს აკეთებს, რომ გაძლიერდეს, საკუთარი წარმატებისთვის დამოუკიდებლად იბრძვის. მამა გვერდით ჰყავს, მე ბავშვების გამო ვერ შევძელი წასვლა. მათ დედა დაეღუპათ და მე მეძახიან დედას. ვერ მივატოვებ, ძალიან დაისტრესებიან, მარტო ისინი არა, მეც ძალიან გამიჭირდება მათი დატოვება. ალექსანდრემ თითქოს მიგვაჩვია განშორებას. ხშირად მიდიოდა ხოლმე და მერე გვახარებდა და გვაბედნიერებდა თავის წარმატებით. ახლა ამ პატარების მიტოვებას ვერ შევძლებ. რომ გაიზრდებიან, მერე ვნახოთ, რა იქნება.

–წარმატებებით თქვენც გახარებთ და მთელ საქართველოსაც. ცოტა ხნის წინ კი დედას საჩუქრად მანქანა გამოუგზავნა...

– ეს ძალიან მოულოდნელი სიხარული იყო. ზაფხულში ჩემი ახლობელი ჩამოვიდა და ძალიან გახარებული ვიყავი. ალექსანდრე, თურმე, მასთან ერთად გეგმავდა ამ სიურპრიზს და მე წარმოდგენა არ მქონდა.

– აქედან როგორ ცდილობთ მისთვის დედის დანაკლისის შემსუბუქებას?

– ბოლო დროს როცა მირეკავს, ვხვდები, რომ უკვე ვეღარ ძლებს, ძალიან უნდა ჩამოსვლა. მირეკავს და მეუბნება, დედა, სიზმარში გნახე, ამა და ამ საქმეს აკეთებდიო და მართლა, სულ იმ ფორმასა და მდგომარეობაში ვარ ხოლმე, როგორც მეუბნება და ვგიჟდები, ალბათ, იმ დონეზე ვენატრები, უკვე ველანდები-მეთქი და მეც ასე ვარ. სულ ვარიგებ, ბევრს ვესაუბრები. ისეთი ბავშვია, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გაუმკლავდება, სწორად მოიქცევა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ძალიან რთულია, ამ მონატრებას გაუმკლავდე და აქ ოჯახს, ბავშვებს მიაქციო შესაბამისი ყურადღება, თან მეუღლეც იქ არის და მათ გარეშე ძალიან ძნელია. ალბათ, უფალი მაძლევს ენერგიას, სხვანაირად მართლა ვერ ვხვდები, როგორ შევძლებდი ამდენს. ჩემი გოგონა, ბავშვები, ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს და ვფიქრობ ხოლმე, რომ ცუდად გახდომის უფლება არ მაქვს.

– ალექსანდრეს არაერთხელ უსაუბრია რწმენაზე, ეკლესიურ ცხოვრებაზე, ეს, ალბათ, თქვენი დამსახურებაა.

– მეც ბავშვობიდან დავდიოდი მონასტერში და ალექსანდრეც ძალიან პატარა დამყავდა. მერე სტიქარიც ეცვა, ღამეებს ათენებდა მამა შიოსთან. ამერიკაში წასვლამდე, როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, თანატოლებთან გართობის ნაცვლად, სულ მონასტერში იყო. ერთხელ, მონასტერში რომ ვიყავით, მაშინ უკრაინულ ვოისში წასასვლელად ემზადებოდა. ერთი პიროვნება მოვიდა და გვითხრა, ილია მეორემ თქვა ალექსანდრეზე, მე ვხედავ, რომ ამ ბავშვმა მთელი საქართველო უნდა ასახელოს და არამარტო საქართველო. ამ ბავშვს მსოფლიო გაიცნობს. იქნებ მომიყვანოთ, დავლოცავო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, არ ხერხდებოდა, მაგრამ არც დავფიქრებულვართ, მაშინვე წავიყვანეთ ალექსანდრე პატრიარქთან. ილია მეორემ დალოცა, ალექსანდრემ „ლალე“ უმღერა. პატრიარქმა ორჯერ ამღერა და ბავშვი ისეთი ბედნიერი იყო, სახლში რომ მოვიდა, თქვა, დედა დარწმუნებული ვარ, ჩემი ცხოვრება სასწაულებით იქნება სავსეო. და მართლა, მას შემდეგ ალექსანდრემ უამრავ წარმატებას მიაღწია.

ჩვენთან, სარკის წმიდა გიორგის ტაძარში, ძალიან ბევრჯერ, ზამთარსა და თოვლში ღამე ბატარეის შუქზე ავსულვართ ფეხით, ხან ისე შემეცოდებოდა ზამთარში თხელი სტიქარით... ღამე ეძინებოდა ხოლმე, მაინც პატარა იყო, მაგრამ ბოლომდე უძლებდა. ჩემი მეუღლე და ალექსანდრე მამათა მონასტერში კვირაობითაც რჩებოდნენ.

– მატერიალური პრობლემების ფონზე, როგორ შეძელით მისი განვითარებისთვის არაფერი დაგეკლოთ?

– ჩვენს ოჯახს, განსაკუთრებით დედაჩემს, ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ალექსანდრეს წარმატებაში. ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ და ალექსანდრე ყოველდღიურად დაგვყავდა თბილისში. ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენს ოჯახს არ ჰქონდა ამდენი საშუალება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით, მთელი ჩემი ოჯახი ჩართული იყო. ალექსანდრე რომ ხედავდა ამას, დღემდე მადლიერია ოჯახის, გაჭირვების და შრომის ფასი იცის. ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ხოლმე: დედა, მე თუ წარმატებული გავხდები და საშუალება მექნება, ყოველთვის დავეხმარები ასეთ ბავშვებსო და დღეს მართლა აკეთებს ამას – ბევრს უდგას გვერდში.

მაშინ მე ბავშვებთან ვიყავი და დედაჩემს დაჰყავდა ყველგან. ყველანაირი რესურსი რომ ამოგვეწურა, დედა იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ალექსანდრეზე მას ძალიან დიდი ამაგი აქვს.

– უკვე წლებია, ალექსანდრე ამერიკაშია. ამასობაში ძალიან გაიზარდა, არა?

– დიახ, ძალიან შეცვლილია. რომ ჩამოვა და ჩავეხუტები, ალბათ, გული გამისკდება. ისე ვნერვიულობ, სულ სხვანაირი – ბავშვი გავუშვი და უცებ დიდი ბიჭი გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი