რა უნდა ვიცოდეთ მაცივრის მოვლასთან დაკავშირებით?
ავტორი: „თბილისელები“ 17:45 26.12, 2023 წელი

მოგეხსენებათ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა სისტემატურ მოვლას საჭიროებს. თუ გსურთ, თქვენი დანადგარები წლების განმავლობაში ერთგულად გემსახუროთ, აუცილებელია, რეგულარული წმენდა და შემოწმება. ცხადია, ეს მაცივრებზეც ვრცელდება.
მაცივრის გამართულად ფუნქციონირებაზე პროდუქტების ვარგისიანობაა დამოკიდებული, რასაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მის დასუფთავებას, ტემპერატურის დარეგულირებას, პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მათ დროულად აღმოფხვრას, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ.
მაცივრის მოვლა, ერთი შეხედვით, არც ისე რთული საქმეა, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. დღეს სწორედ ამ ფაქტორებზე გავამახვილებთ ყურადღებას. წაიკითხეთ რჩევები მაცივრის მოვლისთვის და სამზარეულოში ნებისმიერ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს.
რით განსხვავდება მაცივრები
სანამ უშუალოდ მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებზე გადავიდოდეთ, ჯერ მაცივრის შემადგენელ ნაწილებსა და ტიპებს გავეცნოთ. სხვადასხვა მაცივარს განსხვავებული მახასიათებლები აქვს და შესაბამის მოპყრობას საჭიროებს. ამიტომ, პირველ რიგში, გავარკვიოთ, რომელ ჯგუფს ეკუთვნის თქვენი მაცივარი.
მაცივრის ძირითადი ტიპები:
- გვერდიგვერდ კარის მქონე (SBS) ტიპის მაცივარი;
- ზედა საყინულის მქონე მაცივარი;
- მინი მაცივრები;
- საყინულე მაცივრები;
- ქვედა საყინულის მქონე მაცივრები;
- ღვინის სპეციალური მაცივრები.
მაცივრის შემადგენელი ნაწილებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას კომპრესორი, თერმოსტატი და კონდენსატორი კოჭები საჭიროებს. სასურველია, დროდადრო მათი შემოწმება, რათა არაფერი გამოგეპაროთ.
რჩევები მაცივრის გასაწმენდად
როგორც უკვე ვთქვით, მაცივრის სისტემატური წმენდა აუცილებელია. პრობლემები, როგორიცაა უსიამოვნო სუნი, ზედაპირული ლაქები უმეტესად სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ და რა სიხშირით არის მაცივრის წმენდა რეკომენდებული. თუ ამაზე აქამდე არ გიფიქრიათ, არ იღელვოთ. დღეიდან უკვე ყველა ხრიკი გეცოდინებათ.
სანამ მაცივრის დასუფთავებას დაიწყებთ, აუცილებლად გამორთეთ დენის წყაროდან. გამოალაგეთ პროდუქტები, დააცარიელეთ თაროები. გამორთვიდან 5-10 წუთში სექციები სპეციალური საშუალებებითა და ღრუბლით გაწმინდეთ. არ დაგავიწყდეთ საყინულის დასუფთავებაც. დაიცადეთ, სანამ დაგროვილი ყინული არ დადნება.
რაც შეეხება ექსტერიერს, კარის ლუქები და შუასადებები, ეგრეთწოდებული რეზინის სადებები, მაცივრის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დაბინძურებადი ნაწილებია. მათ საწმენდად რბილი ტილო შეგიძლიათ გამოიყენოთ. სპეციალური საწმენდი საშუალებების გარდა, ხშირად მაცივრის დასუფთავებისთვის სოდასა და ძმარსაც იყენებენ. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, გაწმენდის შემდეგ მაცივარს მშრალი ტილო გადაუსვათ.
ტემპერატურის დარეგულირება
პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ მაცივარი რადიატორისგან ან ნებისმიერი სხვა გათბობის საშუალებისგან მოშორებით დგას. დატოვეთ ადგილი ჰაერის ცირკულაციისთვის. ოპტიმალური ტემპერატურა მაცივარში 3°C - 4°C, საყინულეში - (-18°C) - ია. რეკომენდებულზე მაღალი ტემპერატურა ბაქტერიების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს, რაც პროდუქტების შესანახად სახიფათოა.
პროდუქტების განაწილება
მაცივრის გამართულად ფუნქციონირებისთვის პროდუქტების სწორად გადანაწილებაც მნიშვნელოვანია. ხორცი და რძის პროდუქტები ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ. ასეთი, როგორც წესი, მაცივრის ქვედა სექციებია. ხილი და ბოსტნეული სათავსოებში ჩააწყვეთ. ეცადეთ, სივრცე არ გადატვირთოთ და სურსათი შეძლებისდაგვარად ერთმანეთისგან დაშორებით მოათავსოთ.
პრობლემები, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით
არის რამდენიმე ნიშანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ასეთი შეიძლება იყოს ხმაური, მაცივრის თაროებზე ან კიდეებზე არსებული წვეთები. თუ თქვენი მაცივარი უცნაურ ხმებს გამოსცემს, სავარაუდოდ კომპრესორის გადახურების ბრალია. რაც შეეხება, თაროებზე დაგროვებულ წვეთებს, ამ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მაგალითად, მაცივრის კარის გაუმართავი ლუქები, გადატვირთული თაროები, მაღალი ტემპერატურა და ა.შ. ამ პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, უმჯობესია, დროულად მიმართოთ პროფესიონალს დახმარებისთვის, რათა სერიოზული დაზიანებები აირიდოთ თავიდან.
შეჯამება
საყოფაცხოვრებო ტექნიკამ ჩვენი ცხოვრება გაცილებით მარტივი და კომფორტული გახადა. დღესდღეობით მაცივარი ყველა ჩვენგანის სამზარეულოში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გამართულად ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ტექნიკასთან სწორად მოპყრობა. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები მაცივრის მოვლაში დაგეხმარებათ. მათი გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი მაცივარი წლების განმავლობაში გამართულად იფუნქციონირებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან