რა წვლილი შეიტანა ვახტანგ ვაჩნაძემ მთვარის შესწავლაში და რისთვის დააჯილდოვეს მრავალჯერ ქართველი გამომგონებელი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 02.03, 2022 წელი

ქართველი გამომგონებლის, ვახტანგ ვაჩნაძის ჯილდოებისა და წოდებათა ჩამონათვალი დიდია – „ლენინის“, „ოქტომბრის რევოლუციის“, „შრომის წითელი დროშის“, „საპატიო ნიშნის“ ორდენები, „რუსეთის ფედერაციის წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის“ ორდენი და უამრავი მედალი. ის ასევე დაჯილდოებულია კოსმონავტიკაში ციოლკოვსკის, კოროლიოვისა და გაგარინის ოქროს წარჩინების ნიშნებით, მინიჭებული აქვს ლენინური და სახელმწიფო პრემიები. იგი ასევე, არჩეულია ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემიის წევრად და ქალაქ კოროლიოვის საპატიო მოქალაქედ.
ვახტანგ ვაჩნაძე თავადური გვარის შთამომავალი გახლდათ. მისი პაპა – გიორგი ვაჩნაძე, მეფის არმიის პოლკოვნიკი, საქართველოში 1906 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ დაბრუნდა. ბებია, თავადის ასული ანა ჩერქეზიშვილი, კახეთის სოფელ თოხლიაურიდან იყო.
მამამ – დიმიტრი ვაჩნაძემ სამხედრო კარიერა აირჩია. მოსკოვში საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ ბელორუსიის ქალაქ ბობრუისკში გაანაწილეს. იქ შექმნა ოჯახი და შეეძინა უფროსი ვაჟი – ვახტანგი. ორი წლის შემდეგ დიმიტრი ვაჩნაძე თბილისში გადმოიყვანეს, ის მსახურობდა საფრენოსნო ქვედანაყოფებში. დიდი სამამულო ომის პირველი დღეებიდანვე ფრონტზე გახლდათ, სადაც გამარჯვებამდე ათი დღით ადრე დაიჭრა და თბილისში ინვალიდი დაბრუნდა.
დიმიტრი ვაჩნაძის ოჯახი თბილისში, სოლოლაკში ცხოვრობდა. ვახტანგი თბილისის 45-ე სკოლაში სწავლობდა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა, ეს მას გარანტიას აძლევდა, უგამოცდოდ ჩარიცხულიყო ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. ის მრავალმხრივ განვითარებული ბავშვი გახლდათ, იყო კარგი ფეხბურთელი, დამთავრებული ჰქონდა მუსიკალური სკოლა და არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე.
არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობის გამო მოსკოვში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრი ზედმეტი იყო, როცა ის გაზეთში წააწყდა ცნობას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდებოდა გამოცდები ახლად გახსნილ მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში ჩასარიცხად. მედალოსნებისთვის საკმარისი იყო გამოცდების ჩაბარება მათემატიკასა და ფიზიკაში, გამოცდებს იბარებდნენ ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ილია ვეკუა.
მოსკოვში სწავლის მსურველი 300 ახალგაზრდიდან მხოლოდ თერთმეტს გაუმართლა. საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის, კანდიდ ჩარკვიანის ინიციატივით, მოსკოვში თერთმეტივე ახალგაზრდის გამგზავრების ხარჯები მთავრობამ გადაიხადა.
თუმცა გაირკვა, რომ ინსტიტუტი ჯერ მზად არ იყო სტუდენტების მისაღებად, ამიტომ ვახტანგმა გადაწყვიტა მამის პროფესიას გაჰყოლოდა და მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში, სახელგანთქმულ ძრავმშენებლობის ფაკულტეტზე შევიდა. ამის მიუხედავად მესამე კურსამდე რჩებოდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხარჯზე და საინსტიტუტო სტიპენდიასთან ერთად, სემესტრში დამატებით, 500 მანეთს იღებდა.
მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ვაჩნაძე შრომით საქმიანობას იწყებს სახელგანთქმულ კოროლიოვის „ცალკე საკონსტრუქტორო ბიურო 1-ში“.
ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა მალე მიიპყრო თავად კოროლიოვის ყურადღება, რომელმაც იგი სახელგანთქმულ რაკეტა „რ 7-ის“ თხევადი სარაკეტო ძრავის შექმნაში ჩართო. ამ სამუშაოსთვის 27 წლის ვახტანგ ვაჩნაძემ 1956 წელს თავისი პირველი ჯილდო – „საპატიო ნიშნის ორდენი“ მიიღო. იმ წლებში სწორედ ეს რაკეტები უზრუნველყოფდნენ მოსკოვის საჰაერო თავდაცვას.
1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა დედამიწის გარე ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრი გაიყვანა, რასაც მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ვახტანგ ვაჩნაძემ კი ახალი ჯილდო – შრომის წითელი დროშის ორდენი მიიღო. კოსმოსური აპარატის „მთვარე 3-ის“ მომზადებასა და გაშვებაში მონაწილეობისთვის კი, რის შედეგადაც მსოფლიოში პირველად მიიღეს მთვარის უკანა მხარის სურათები, 1960 წელს მას ლენინური პრემია მიენიჭა.
1974 წელს ვახტანგ ვაჩნაძე გადაჰყავთ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროში. ნიშნავენ კოლეგიის წევრად და მთავარი სამმართველოს უფროსად, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა საბჭოთა კოსმოსურ პროგრამაზე, საპილოტო გაფრენებზე, დაზვერვის თანამგზავრებზე, ტელევიზიასა და ნავიგაციაზე.
განსაკუთრებულია ვახტანგ ვაჩნაძის თანამდებობრივი გზა. ჯერ კიდევ 27 წლის ასაკში ის საამქროს უფროსია, 45 წლისა კი – მთავარი სამმართველოს უფროსი, 48 წლის ასაკში დაინიშნა სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება „ენერგიის“ გენერალურ დირექტორად, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
„ენერგია“ წარმოადგენდა მსოფლიოში უდიდეს გაერთიანებას, რომელშიც შედიოდა კოსმოსური ტექნიკის 1 200-მდე საწარმო და ორგანიზაცია, სადაც 56 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება მუშაობდა ერთბაშად ორი ფართომასშტაბიანი პროგრამით: ორბიტურ სადგურ „მირზე“ და მრავალჯერად კოსმოსურ სატრანსპორტო სისტემა „ენერგია-ბურანზე“. პროგრამა „მირში“ მონაწილეობისთვის ვახტანგ ვაჩნაძეს 1989 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. საკუთარ პირმშოს, სისტემა „ენერგია-ბურანს“ ვახტანგ ვაჩნაძე თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიიჩნევდა.
1991 წელს ვახტანგ ვაჩნაძემ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ენერგიის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა სამეცნიერო კონსულტანტად მაინც დარჩა.
ვახტანგ ვაჩნაძე არაერთხელ აირჩიეს კალინინგრადის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, 1977-1991 წლებში იყო მოსკოვის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს დეპუტატი და კალინინგრადის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ასევე გახლდათ კორპორაცია „ენერგიისთვის“ კადრების მომზადების ცენტრის შექმნის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
რაც შეეხება მის ოჯახურ ცხოვრებას, ვახტანგ ვაჩნაძეს ჰყავს ორი ქალიშვილი, რომლებიც საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალისტები გახდნენ. მათ არაჩვეულებრივად იციან ქართული და კარგად იცნობენ საქართველოს.
გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან