რა წვლილი შეიტანა სოლომონ ჭეიშვილმა ქართული ღვინის პოპულარიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით და როგორ ეხმარებოდა ის უამრავ ადამიანს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 19.11
მეღვინე და მეცენატი სოლომონ ალექსანდრეს ძე ჭეიშვილი დაიბადა 1851 წელს ოზურგეთის სოფელ ასკანაში, შეძლებულ ოჯახში. დაამთავრა ასკანის ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ – ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი და საკუთარ სკოლაშივე მუშაობდა მასწავლებლად. იყო ოზურგეთის ქალაქის საბჭოს წევრი. დააარსა სავაჭრო ფირმა „შხამკალა“ და კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობის საზოგადოება „ჯანმრთელობა“. ასევე, იყო სოფლის მამასახლისი, გურიის სავაჭრო-სამრეწველო ფირმის – „შუამავლის“ გამგე და მოაწესრიგა გზები.
1903 წელს, სოლომონ ჭეიშვილის თაოსნობით, ასკანის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა მაზრის უფროსს, ლაზარენკოს, რათა წარმოების ზრდისთვის ბაჟისგან გაეთავისუფლებინა არყის სახდელები. ლაზარენკომ გაითვალისწინა სოლომონ ჭეიშვილის თხოვნა, მაგრამ ბაჟისგან მხოლოდ ასკანის მაზრის სოფლები გაათავისულა.
სოლომონ ჭეიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. გასაშენებლად არჩევდა პრესტიჟულ და პერსპექტიულ ჯიშებს. ასკანაში შეიტანა ჩაის კულტურა, ამასთან, აწარმოებდა კიდეც და რუსეთის ქალაქებში გაჰქონდა. მის მიერ წარმოებულმა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა.
სოლომონ ჭეიშვილის ძირითადი საქმიანობა მაინც ვაზის გაშენება და ღვინის დაყენება-რეალიზაცია იყო. გაშენებული ჰქონდა ციცქა, ცოლიკაური, ჯანი, საფერავი. მისი გვარით ცნობილი ვაზის ჰიბრიდული ჯიში დღესაც ცნობილია გურიაში.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების შესასწავლად საფრანგეთში, შამპანისა და ბორდოს რეგიონში გაემგზავრა, სადაც ფრანგი მეღვინეების საქმიანობას გაეცნო.
პროვინციაში ორი წელი დაჰყო. სწავლის პერიოდში დაეუფლა მეღვინეობა-მევენახეობას, გაიარა პრაქტიკული მეცადინეობის კურსი, იქვე შეიძინა მუხის კასრების ტკეჩები, ყურძნის წნეხი, შეუკვეთა ბოთლი და ეტიკეტი და ეს ყველაფერი გემით, მარსელიდან ბათუმის გავლით, ასკანაში ჩაიტანა.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე ოჯახში მინიქარხანა მოაწყო და ხელი მიჰყო ღვინის დამზადებას. ერთმანეთს შეუხამა ღვინის დაყენების ქართული და ევროპული წესი და თავისი წარმოებული სასმლის გაყიდვა „ძმები ჭეიშვილების“ სახელით დაიწყო როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ – ტრაპიზონში, ვლადიკავკაზში, ოდესასა და საფრანგეთში, სადაც მას ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა.
ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის განმავლობაში აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატითა და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოებს „ასკანის ნატურალური ღვინო” ერქვა.
ჭეიშვილის ჩამოსხმული ღვინოები სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა რუსეთსა და საფრანგეთში.
სოლომონ ჭეიშვილმა თავდაპირველად საქმიანობა თხილის ვაჭრობით დაიწყო. მას სოფელ ფიჩხიჯვრიდან გლეხების მთელი შემოსავალი გაჰქონდა ტრაპიზონსა და ვლადიკავკაზში, სადაც დიდი მოთხოვნა იყო. დაგროვილი თანხით კი ღვინის წარმოებას შეუდგა, რაც მისთვის საკმაოდ სარფიანი გამოდგა. სოლომონი საკუთარ სავაჭრო სახლებს ფლობდა თბილისში, ოდესაში, მოსკოვში, ვლადიკავკაზში, სადაც საკუთარი ქართული რესტორანი გახსნა გურული კერძებით და იქვე საცხოვრებელი სახლიც იყიდა.
გარდა ვაჭრობისა, ასკანაში დააარსა შემნახველ–გამსესხებელი „ამხანაგობა“. ასევე, სოფელში შეკრიბა თეატრალური დასი, სადაც ბევრი წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი თავად იყო. წარმოდგენებს მეზობელ სოფლებშიც მართავდნენ. აღსანიშნავია, რომ 1921-1922 წლებში დასის დეკორაციები და ფარდა მამა-შვილმა მოსე და ირაკლი თოიძეებმა მოხატეს.
ჰქონდა კარგი ბიბლიოთეკა, სადაც სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო ლიტერატურასთან ერთად იყო მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ალმობომები, ჟურნალები. მისი თაოსნობით დაარსდა ასკანის ბიბლიოთეკა. სოლომონ ჭეიშვილი ასკანაში „სოფლის კულტურულ–საგანმანათლებლო საზოგადოების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
იყო მეცენატი, აფინანსებდა ნათესავებისა და თანასოფლელების განათლებას. ცოლად ჰყავდა ნანა შევარდნაძე. მისი უფროსი ვაჟი, ალექსანდრე (საშა), თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის დასრულების შემდგომ, 1926 წელს, საფრანგეთში გაემგზავრა და სწავლა გრენობლის უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდეგ გადავიდა პარიზში. მუშაობდა ქართველთა მიერ დაარსებულ რძისა და მაწვნის ქარხანაში. ნიცაში გაიცნო და ცოლად მოიყვანა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სიტყვიერების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მზია პაპავა, ემიგრანტი მწერლების, თამარ და აკაკი პაპავების უმცროსი ქალიშვილი.
სოლომონ ჭეიშვილი გარდაიცვალა 1925 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
სოლომონის ოჯახი და სახლ-კარი ასკანაში 1951 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი მეუღლე და შვილი ყაზახეთში გადაასახლეს. განადგურდა სახლი და ნივთები. ეზოს ტერიტორიაზე ააშენეს სოფლის ადმინისტრაციული შენობა და საბავშვო ბაღი.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; კალანდაძე ბონდო. საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; allwine.geკალანდაძე ბონდო. სოლომონ ჭეიშვილი // ბონდოს არაყი/ბონდო კალანდაძე; http://www.nplg.gov.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან