საზოგადოება

რა წვლილი შეიტანა სერგო ტარასაშვილმა ქართული საგანძურის საქართველოში დაბრუნების საქმეში და რის შემდეგ მოუწია მას სამშობლოდან გაქცევა

№41

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00

სერგო ტარასაშვილი
დაკოპირებულია

სერგო ტარასაშვილი დაიბადა თბილისში, 1902 წელს. მისი მშობლები იყვნენ მიხეილ ტარასაშვილი და ნინო შალაშვილი. სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში.

1924 წლის აჯანყების დროს სერგო ტარასაშვილი იყო თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი, ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მას თანაპარტიელ სტუდენტებზე პასუხისმგებლობა ევალებოდა) და აგრეთვე, გახლდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეკავშირე.

ერთ-ერთი შეტაკებისას სერგო ფეხში დაიჭრა და თავის მეგობარ ლევან გოთუასთან ერთად, თბილისში იმალებოდა. შემდეგ კი, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და დახმარებით, საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა.

სერგო ტარასაშვილმა საქართველოდან ლტოლვილის ტიპური გზა გაიარა – კონსტანტინოპოლის გავლით, მარსელში ჩავიდა, მარსელიდან კი – პარიზში. აქ მას დახვდა ტარასაშვილების ოჯახის ახლობელი ლადო გუდიაშვილი, რომელიც იქ სხვა ქართველ მხატვრებთან (დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი) ერთად იმყოფებოდა. მათ პარიზში ერთად გადაიღეს ფოტო, რომელიც სერგომ მამას გამოუგზავნა საქართველოში, იმის დასტურად, რომ ყველაფერი კარგად იყო.

სერგომ სწავლა განაგრძო სტრასბურგის უნივერსიტეტში ელექტროინჟინერის სპეციალობაზე. მისი საბოლოო მიზანი იყო ესწავლა სტრასბურგში, საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტში.

სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცნობილ ამერიკულ ფირმაში, როკფელერების კუთვნილ „სტანდარტ ოილ კომპანიში“ (Standart Oil Company).ამერიკელებმა მასვე დაავალეს 1934 წელს ნორმანდიაში (ჩრდილოეთ საფრანგეთი), ქალაქ ჰავრთან, პორტ-ჟერომში, ევროპის პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ხელმძღვანელობა. 1936 წელს მშენებლობა წარმატებით დასრულდა და ქარხნის ტექნიკურ დირექტორად სერგო ტარასაშვილი დაინიშნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია Royal Dutch Shelli-ის მფლობელმა დეტერდინგების ოჯახმა სურვილი გამოთქვა, რომ სერგო ტარასაშვილს როტერდამში Shelli-ის ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი შეესრულებინა. ქართველმა ინჟინერმა ეს პროექტიც წარმატებით განახორციელა – ააშენა და გამართა ქარხანა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სერგო ტარასაშვილმა დააარსა მეტალურგიის ექსპორტ-იმპორტის ფირმა, რომელსაც გარდაცვალებამდე თავად ხელმძღვანელობდა.

1942 წელს სერგომ იქორწინა თამარ წულაძეზე – საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზინადარის – ვასო წულაძისა და მარგარიტა გორდელაძის ქალიშვილზე. 1944 წელს მათ შეეძინათ ტყუპი ქალიშვილები – ირინა და ნინო, ხოლო 1948 წელს კი – კიდევ ერთი ქალიშვილი ელისო.

სერგო ტარასაშვილი სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობდა. ის იყო ინჟინერი, მეწარმე, მეცნიერი და გარდა ამისა, გახლდათ დიდი ქველმოქმედიც. აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში ყოფნისას, ის თავის რამდენიმე მეგობართან ერთად (მათ შორის იყო კოტე ჯაყელი, აკაკი ხოშტარია და ევგენი გეგეჭკორი) ქართული საგანძურის „ბანკ დე ფრანსის“ სეიფში შენახვის ხარჯებს იხდიდა, მოგვიანებით კი სწორედ სერგო დაეხმარა ექვთიმე თაყაიშვილს საგანძურის საქართველოში ტრანსპორტირების ორგანიზებაში.

სერგო ტარასაშვილი გარდაიცვალა 1961 წელს საკუთარ სახლში, პარიზთან ახლოს, სუაზი-სუ-მონმორანსში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა