რა წვლილი შეიტანა პეტრე სურგულაძემ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმეში და როგორ ზრუნავდა ის სამშობლოზე ემიგრაციიდან
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 26.03

ჟურნალისტი, საქართველოს თავისუფლებისთვის აქტიური მებრძოლი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი პეტრე სურგულაძე დაიბადა 1877 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჩიბათში.
დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო ინსტიტუტი. პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო ქუთაისის პროგიმნაზიაში გამგე-მასწავლებლად, მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად. პირველი პუბლიცისტური წერილი გაზეთ „კვალში“ ჯერ კიდევ 1897 წელს დაბეჭდა. წერდა ფსევდონიმებით „პ.ს-ძე“ და „X“. მას შემდეგ, რაც „კვალი“ მესამე დასის ხელში გადავიდა, სურგულაძემ სათანამშრომლოდ „ივერიაში“ გადაინაცვლა. დიდი ინტერესი გამოიწვია ამ გაზეთში დაბეჭდილმა მისი წერილების სერიამ –„ვითარება გურიაში“, რომელშიც ფართოდ იყო ასახული გურიის მოსახლეობის მდგომარეობა რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში. 1905 წელს წიგნაკად გამოსცა ნარკვევი „ეროვნული ენა“. იყო „ქართველ ჟურნალისტთა კავშირის“ ბიუროს წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მინდობილი ჰქონდა საზოგადოება „კავკავის“, გომარეთისა და სხვა სკოლების რევიზორობა. გამოდიოდა მოხსენებებით საზოგადოებისა თუ მისი გამგეობის სხდომებზე. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახალხო უნივერსიტეტში. 1908 წელს სათანამშრომლოდ მიიწვიეს ჟურნალ „განათლებაში“. 1909 წელს, სურგულაძის რედაქტორობით, დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ყოველკვირეული ჟურნალი „ერი“, რომელიც თერგდალეულთა ჟურნალისტურ ტრადიციებს განაგრძობდა და მთელ ძალისხმევას ეროვნული ინტერესების დაცვას ახმარდა. ცენზურისათვის თვალის ახვევის მიზნით, გამოცემა მალ-მალე იცვლიდა რედაქტორებსა და დასახელებას (გამოდიოდა 1910 წლამდე, „ჩვენი ერის”, „ქართველი ერის“, „საქართველოს მოამბის”, „ერის“ სახელწოდებით). ჟურნალში დაბეჭდილი გვაზავას წერილების სერიისათვის – „ჩეხია”, რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა, 1910 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „არსებული წყობილების დასამხობად მზადებისათვის“ ბრალდებით, ავტორი დააპატიმრეს, რედაქტორმა პეტრე სურგულაძემ კი სასჯელს თავი საზღვარგარეთ გახიზვნით დააღწია. 1910 წელს ჟენევაში ჩამოაყალიბა „თავისუფალი საქართველოს ჯგუფი“, რომლის მიზანი იყო საქართველოს რუსეთისაგან ჩამოშორება და სუვერენულ სახელმწიფოდ ფორმირება. 1913-1914 წლებში იქვე გამოსცემდა ჟურნალს - „თავისუფალი საქართველო“. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ჯგუფის ბაზაზე, პეტრე სურგულაძის თავმჯდომარეობით, შეიქმნა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“. კომიტეტი გერმანიის სახელისუფლებო წრეებთან კავშირში მოქმედებდა და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.
1917-1918 წლებში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის სტამბაში დაიბეჭდა პეტრე სურგულაძის სამი წიგნაკი: „საქართველო თავისუფლებისაკენ“; „საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და „დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა“.
1918 წელს სურგულაძე, როგორც მრჩეველი, გერმანიის სამთავრობო დელეგაციას ბერლინიდან გამოჰყვა ბათუმის საზავო კონფერენციაზე. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული დელეგაციის გენერალ ფონ ლოსოვთან დაკავშირებაში, რამაც დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის განცხადება.
1919 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო სამხედრო კომისიის წევრი. აგრეთვე, შედიოდა დამფუძნებელი კრების დროებით კომისიაში, რომელმაც 1919 წლის მარტში ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში სერვერ-ბეგის ხელმძღვანელობით მოწყობილი აჯანყების მიზეზები, შედეგები და რეგიონში არსებული ვითარება შეისწავლა. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ედპ-ის მთავარ ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ „საქართველოში“ სახელმწიფოებრივი და სამხედრო აღმშენებლობის აქტუალურ საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: „დამფუძნებელი კრება და ჩვენი საგარეო პოლიტიკა“, „საქართველოს ჯარი“, „ჯარი და მოსწავლე ახალგაზრდობა“, „მშობლიური ენის დამკვიდრება ქართულ ჯარში“ და სხვა.
1921 წელს, საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას, ემიგრაციაში გაიხიზნა, დასახლდა თურქეთში და იქიდან განაგრძობდა ბრძოლას საბჭოური რეჟიმის წინააღმდეგ. შედიოდა სტამბოლის პოლიტკომისიის შემადგენლობაში, იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ცენტრალური ბიუროს წევრი. თანამშრომლობდა პარიზში გამომავალ ჟურნალ „თავისუფალ საქართველოსთან“, იცავდა ქართველი ერის ყველა სასიცოცხლო ძალის გაერთიანება-შეკავშირებისა და საერთო ფრონტით მოქმედების იდეას.
გამოყენებული მასალების წყარო: გ. საითიძე, პეტრე სურგულაძის საგამომცემლო-პუბლიცისტური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა; ლ. ურუშაძე, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე და პეტრე სურგულაძე, ჟურნ. „რელიგია“; ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან; https://www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან