საზოგადოება

რა წვლილი შეიტანა კონსტანტინე კანდელაკმა ქართველი ებრაელების გადარჩენის საქმეში და სად განაგებდა ის საქართველოდან გატანილ ქონებას

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 24.05, 2023 წელი

კონსტანტინე კანდელაკი
დაკოპირებულია

სოციალ-დემოკრატი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი დაიბადა 1883 წელს, სამტრედიაში, პლატონ კანდელაკისა და ნატალია ქაჯაიას ოჯახში. ქუთაისის სემინარიის შემდეგ მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გახდა საქართველოს კოოპერატიული მოძრაობის ლიდერი. მალე კი დაიწყო წიგნების გამოცემა.

კონსტანტინე კანდელაკი ჯერ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის მოადგილე იყო, 1919 წლიდან კი უკვე მინისტრია. მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება. ეროვნული ვალუტის შექმნისთვის მზადება მისი მონაწილეობით 1918 წლიდან დაიწყო. 1918 წლის ივნისში დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“. ფულის ნიშნების შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა მხატვარ იოსებ შარლემანის ესკიზებმა. 1919 წლის ივლისში გამოშვებულ ქართულ ბონებს სწორედ ისინი დაედო საფუძვლად. ქართული ფულის ერთეულის განმტკიცებისთვის საჭირო იყო რომელიმე ევროპული ქვეყნიდან კრედიტის აღება. კონსტანტინე კანდელაკმა ამ მიზნით იმოგზაურა ევროპაში და საქართველოსთვის კრედიტი ინგლისიდან მოიპოვა.

1921 წლის მარტიდან, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, კონსტანტინე კანდელაკი ეროვნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ის სტამბოლში დარჩა, რადგან სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა და განაგებდა მთავრობის მიერ საქართველოდან გატანილ ქონებას. მოგვიანებით კი საფრანგეთში გადავიდა.

უცხოეთში კონსტანტინე კანდელაკი აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა. ემიგრაციის პერიოდულ ორგანოებში – „ბრძოლა“, „ბრძოლის ხმა“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ჩვენი დროშა“ – გამოქვეყნებულია მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის წერილები.

კონსტანტინე არ შემოფარგლულა მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით. როგორც მეცნიერსა და ეკონომიკის თეორეტიკოსს, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე გლობალურ თემებს ეძღვნება: „რას ამბობენ ფაქტები“, „ეკონომიური კრიზისი“, „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“.

ეკონომიკური ხასიათის შრომების გარდა, კონსტანტინე კანდელაკს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოლიტიკური შინაარსის ინგლისურენოვანი ფუნდამენტური გამოკვლევა: „The Georgian Question before The Free World“ - „ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“. წიგნი საქართველოს ისტორიის ისეთ უმნიშვნელოვანეს პერიოდებს ასახავს, როგორიც 1921 წელს საბჭოთა არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის დატოვება, ემიგრირებულთა შემდგომი ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობაა უცხოეთში. 2012 წელს კონსტანტინე კანდელაკის ეს ნაშრომი ქართულ ენაზე გამოიცა თბილისში.

კონსტანტინე კანდელაკი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. გახლდათ საქართველოს პირველი მთავრობის არქივის შემნახველი სამთავრობო კომისიის წევრი, რომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორიც შედიოდნენ; მონაწილეობდა „ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა ასოციაციის“ სხდომებში; კითხულობდა ლექციებს ქართველთა კოლონიებში, ეხმარებოდა დაავადებულ ემიგრანტებს და ასე შემდეგ.

კანდელაკი იყო რადიო „თავისუფლების” ერთ-ერთი პირველი დიქტორი, გრიგოლ რობაქიძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, მიხაკო წერეთელთან, ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელთან ერთად.

დიდია კონსტანტინე კანდელაკის ღვაწლი ქართველი ებრაელების გადარჩენაში საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს. ის ადგენდა შესაბამის დოკუმენტებს ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილობით, რის მეშვეობითაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაიხსნა არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ერებთან მიკედლებული ებრაელებიც.

თანამედროვეთა დახასიათებით, „კონსტანტინე კანდელაკს ჰქონდა დიდი ადამიანის საუკეთესო თვისებები: იყო მოვალეობის კაცი, განათლებული, შეგნებული, ცნობისმოყვარე, ნიჭიერი, პატრიოტი, გულწრფელი, პატიოსანი, ერთგული, მიუდგომელი, მომთმენი, თავმდაბალი, დინჯი და ამასთან – რაც ადამიანის კარგი თვისებაა – მხიარული და ხუმარაც... კოწია იყო ზედმიწევნით სასიამოვნო პიროვნება – მან არ იცოდა, თუ რა იყო შური, სიძულვილი, ადამიანის ლანძღვა ან ვინმეს დამცირება. პატივით ეპყრობოდა ყველას, მათ შორის, მის მოწინააღმდეგეებსაც. იყო საუკეთესო მეგობარი და კარგი ამხანაგი“.

მეცნიერი გარდაიცვალა 1958 წლის 11 ოქტომბერს, შვეიცარიაში, სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ნეშტი გადმოასვენეს ლევილში და 18 ოქტომბერს დაკრძალეს, როგორც ქართველი, ისე უცხოელების დიდძალი საზოგადოების თანდასწრებით.

კონსტანტინე კანდელაკის უმცროსი ძმა იყო სიმონ კანდელაკი, გამოჩენილი ტროპიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1913 წელს დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა რომში, ლონდონში, პარიზსა და ჰამბურგში. იყო ტროპიკულ სნეულებათა მუზეუმისა და ტროპიკულ ავადმყოფობათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო დაწესებულებების ორგანიზატორი თბილისში და საქართველოში, სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

გამოყენებული მასალების წყარო: diaspora.gov.ge; geonews.ge; კანდელაკი, კონსტანტინე. ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე; გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ; კანდელაკი კონსტანტინე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; მურუსიძე, შორენა. კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა // ქართული ემიგრაცია. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, wikipedia.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი