რა წვლილი შეიტანა დავით ვაჩნაძემ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაში და რომელ საიდუმლო საქმეებს უწევდა ის ორგანიზებას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 05.04, 2023 წელი

დავით ვაჩნაძე დაიბადა 1884 წელს სოფელ დიდ ლილოში. მამა – რუსეთის არმიის არტილერიის პოლკოვნიკი ვლადიმერ ვაჩნაძე სოფელ ბაკურციხიდან იყო. დედა – ელენე მაჩაბელი – სოფელ დიდი ლილოდან. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. დაწყებითი განათლება დათამ ოჯახში მიიღო. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის პავლე პირველის სახელობის სამხედრო სასწავლებელი. ცოლად შეირთო თამარ ციციშვილი და შეეძინა ორი გოგონა – ირინე და ნათელა.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ დავით ვაჩნაძეს უბიძგა, აქტიურად ჩაბმულიყო ქართულ საზოგადოებრივ და ეროვნულ საქმიანობაში. დაიწყო სამწერლო-პუბლიცისტური მოღვაწეობა და რევაზ გაბაშვილთან ერთად დააარსა ყოველკვირეული ეროვნული მიმართულების ჟურნალი „კლდე“.
დათა ვაჩნაძე მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. ქართველი თავადაზნაურობის მარშლის, თავად კოტე აფხაზის მოწოდებით, მონაწილეობდა „თბილისის ქართული დრუჟინის“ შედგენაში. „დრუჟინის“ მთავარი დანიშნულება იყო რუსეთის ჯარებისგან დაეცვა ოსმალეთის ფრონტზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მუსლიმანები და მათი სოფლები. ის, ასევე, ეხმარებოდა გიორგი მაჩაბელს გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღისა და ფულის შემოტანის ორგანიზებაში.
1917 წელს დავით ვაჩნაძემ მომხრეებთან ერთად დააარსა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია და გახდა მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის 12 მარტს.
1917 წლის ნოემბერში დავით ვაჩნაძე „ქართული ეროვნული საბჭოს“ წევრი გახდა. 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ის, გენერალ კონსტანტინე აფხაზთან ერთად, საქართველოს დამფუძნებელი კრების „სამხედრო კომისიის“ წევრად აირჩიეს. 1918 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის წარდგენით, პოლკოვნიკი ვაჩნაძე „გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში“ საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად დაინიშნა. ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად, დავითი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში და იმავე წლის ოქტომბერში დაჯილდოვდა „თამარ მეფის ორდენით“ სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისა და დამსახურებისთვის.
გასაბჭოების შემდეგ დავით ვაჩნაძე ემიგრაციაში არ წასულა. მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეხმარებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს პარტიზანული ომის ორგანიზებაში, სამხედრო ცენტრს – სვანეთისა და ხევსურეთის აჯანყებების მომზადება-დაფინანსებაში.
1922 წელს, სხვა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, დავით ვაჩნაძე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს მძიმე ავადმყოფობის გამო, გადაურჩა საზღვარგარეთ იძულებით გასახლებასაც.
1923 წელს, „დამკომის“ სამხედრო ცენტრის დახვრეტისა და რეპრესიებში თანამებრძოლთა დაღუპვის შემდეგ, პოლკოვნიკი ვაჩნაძე იატაკქვეშეთში გადავიდა. 1924 წლის თებერვალში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დავალებით, ის საიდუმლოდ გაემგზავრა თურქეთში ქვეყანაში დაგეგმილი აჯანყებისთვის უცხოეთიდან დახმარების მიღების ორგანიზების მიზნით. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ მან სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ემიგრაციაში დარჩა. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.
დავით ვაჩნაძემ, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრმა, ემიგრაციაშიც განაგრძო აქტიური ანტიკომუნისტური პოლიტიკური და პუბლიცისტური საქმიანობა. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ნაციონალისტურ პრესაში, მონაწილეობდა პარიზის სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისარმა, გრაფმა შულენბურგმა საქართველოს გასათავისუფლებლად ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წევრები, მათ შორის დავით ვაჩნაძეც, ბერლინში მიიწვია და „ქართული პოლიტიკური კომიტეტის“ დაარსება შესთავაზა. თუმცა შულენბურგის გეგმა ჩაიშალა და ბატონი დავითი ავსტრიაში, ვენაში გადასახლდა. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ის მიუნხენში, ამერიკულ ზონაში გადავიდა. საბოლოოდ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასახლდა.
გარდაიცვალა 1962 წელს. დაკრძალულია გერმანიაში. ქართულმა ემიგრანტულმა პრესამ, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, ღირსეულად შეაფასა დიდი პოლიტიკოსისა და ეროვნული მოღვაწის ღვაწლი.
საქართველოში დარჩენილი დავით ვაჩნაძის ოჯახი მუდმივი თვალთვალისა და ზეწოლის ქვეშ იყო. 1924 წელს ბებიასთან ზაფხულში დასასვენებლად ჩასული 13 და 11 წლის მისი ორი გოგონა ბაკურციხიდან გამოაპარეს. წითელმა რაზმელებმა კახეთის მატარებელი გააჩერეს – დათას შვილებს ეძებდნენ, საბედნიეროდ, მათ კეთილი ადამიანების წყალობით თბილისამდე ჩამოაღწიეს. დათას ოჯახი მამიდამ, ქეთო ვაჩნაძემ შეიკედლა. 1941 წელს გარდაიცვალა დათას დედა, ელენე ვახტანგის ასული მაჩაბელი. მის გასვენებაზე კალისტრატე ცინცაძე მივიდა ამალითა და მგალობლებით. ეს აქცია პატრიარქის მხრიდან გმირობის ტოლფასი იყო.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ვაჩნაძე დავით // ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; ფირცხალავა, დევი. დავით ვაჩნაძე და მისი შთამომავლები: რუსუდან დაუშვილის საუბარი დევი ფირცხალავასთან//ომეგა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან