რა წვლილი შეიტანა ალექსანდრე ლომთათიძემ საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში და როგორ ცდილობდა ის ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00 13.06, 2024 წელი

ალექსანდრე/სანდრო სპირიდონის ძე ლომთათიძე დაიბადა 1882 წლის 25 მაისს, ოზურგეთის მაზრის სოფელ მშვიდობაურში, ღარიბი გლეხის ოჯახში.
14 წლამდე სოფელ ბახვის ორკლასიან სასწავლებელში სწავლობდა. მისმა ნიჭმა სოფლის სკოლაშივე მიიპყრო მასწავლებლების ყურადღება და, მათი დახმარებით, ერთი თბილისელი ექიმის ოჯახში მოხვდა, სადაც მცირე დავალებებს ასრულებდა, თავისუფალ დროს კი მეცადინეობდა.
თბილისის მეორე გიმნაზიაში სანდრო ლომთათიძე საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. გიმნაზიის წლებიდან დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას.
უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სწავლობდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის” წევრი და ადგილობრივი სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერი.
1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. ამავე წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა პედაგოგად.
პირველი მსოფლიო ომის დროს ალექსანდრე ლომთათიძე თბილისის ხმოსანთა იმ მცირე ჯგუფში იყო, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობითა და დირექტივებით, დემოკრატიულ ოპოზიციას წარმოადგენდა.
1917 წლის მარტში მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
1917 წლის ნოემბრიდან ჯერ იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო შემდეგი წლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.
1919 წელს, საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე, ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები და 1919 წლის 12 მარტს გაიხსნა მისი პირველი კრება. სანდრო ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად. ის, ფაქტობრივად, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, რადგან თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე მან თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა ხელმძღვანელმა. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ალექსანდრე ლომთათიძესაც მიუძღოდა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, 1921 წლის 24-25 თებერვლის ღამეს, როდესაც თბილისის დატოვება გადაწყდა, ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა: „მთავრობაც რომ წავიდეს და თქვენც რომ მას თან გაჰყვეთ, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი”. მართლაც, ის არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა სამშობლოში და შეეწირა მეოცე საუკუნის 20-იანი წლების კომუნისტურ რეპრესიებს. დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს და მოათავსეს მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“.
1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში, სოფელ ლაპაშინოში. იქიდან – ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და დასნეულდა. შემდეგ, როგორც მძიმე ავადმყოფს, ნება დართეს, საცხოვრებლად ტაშკენტში გადასულიყო. 1924 წელს საქართველოში მომხდარი აჯანყების გამო კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ტაშკენტის ციხეში. ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.
ალექსანდრე ლომთათიძე იმავე წელს გარდაიცვალა ტაშკენტის ციხეში, 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.
ალექსანდრე ლომთათიძის მეუღლე იყო ზინაიდა ოქროპირიძე. შვილი – გიორგი ლომთათიძე, არქეოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
1925 წელს პარიზში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ „ბრძოლაში“ გამოქვეყნდა სოციალ-დემოკრატის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის – რაჟდენ არსენიძის წერილი „ალექსანდრე ლომთათიძე“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა: „...საქართველოს გათავისუფლება იყო მისი ოცნება და უკანასკნელი სიტყვა. დატანჯული და განაწამები, როგორც თვით ქართველი ერი, იგი მის დალხინებულ ხანაში, უმაღლეს თანამდებობებზე იყო მოწადინებული ერის სამსახურით, როგორც ღირსეული მოღვაწე, ხოლო, როცა მის სამშობლოს შავი დღეები დაატყდა, მან ქვეყნის ტანჯვა-ვაება გაიზიარა და მსხვერპლად შეეწირა თავის საყვარელ იდეას – საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ამიერიდან მისი სახე სამარადისოდ აღბეჭდილია ამ ბრძოლის ისტორიის ფურცლებზე. ჩვენ, მისმა ამხანაგებმა მასში წრფელი და საყვარელი მეგობარი დავკარგეთ, ერმა – დიდი მოღვაწე და თავდადებული შვილი. საქართველოს ისტორიამ კი მოიპოვა ერთი უდიდესი აკლდამათაგანი, მარად მოსაგონი და მისაბაძი“.
2023 წლის მაისის თვეში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს.
მისი საფლავი უზბეკეთში მოძიებულ იქნა საქართველოს საელჩოს მიერ. გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ალექსანდრე ლომთათიძე დაკრძალეს 2023 წლის 28 მაისს, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ვაჟის, გიორგი ლომთათიძის გვერდით.
გამოყენებული მასალების წყარო: ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“; „ვიკიპედია“; www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან