საზოგადოება

რა წვლილი შეიტანა ალექსანდრე აფხაზმა კინოხელოვნების განვითარებაში და რატომ მოიწონა მისი მემორანდუმი 20-მა სახელმწიფომ

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.04

ალექსანდე აფხაზი
დაკოპირებულია

ალექსანდრე აფხაზი (აბხაზი) რამდენიმე საუკუნის წინ კახეთში ჩასახლებული ანჩაბაძეების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელია. ადგილობრივები მათ მოიხსენიებდნენ, როგორც აფხაზებს და აქედან დამკვიდრდა მათი გვარი.

ალექსანდრე დაიბადა 1893 წელს თავად გიორგი დიმიტრის ძე აფხაზისა და ალექსანდრა პეტრეს ასული მურომცევას ოჯახში. ალექსანდრა რუსულ-გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო. ცხოვრობდნენ სოფელ კარდანახში, თავიანთ მამულში. აქ დაიბადა აფხაზების ხუთივე შვილი. სანამ ბავშვები მამულში იზრდებოდნენ, მათი ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდებოდა სხვა დიდგვაროვანთა შვილების ცხოვრებისაგან. სამწუხაროდ, ისინი ადრე დაობლდნენ, ორივე მშობელი დაკარგეს. რის შემდეგაც, ობლებზე მზრუნველობა ნათესავებმა იკისრეს. სამი უფროსი ძმა საქართველოში დარჩა, ხოლო ლიზა და ირაკლი დედის ახლობლებმა იშვილეს და რუსეთში წაიყვანეს.

ალექსანდრე აფხაზმა დაამთავრა თბილისის მე-5 ჰუმანიტარული გიმნაზია, იურისპრუდენცია კი მოსკოვის უნივერსიტეტში შეისწავლა. ის პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. სწავლობდა პეტერბურგში, კონსტანტინეს არტილერიის სკოლაში.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს არმიის არტილერიის ლეიტენანტობა მიენიჭა. ამავე წლიდან ჩადგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ სამსახურში.

ალექსანდრე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დაზვერვის განყოფილებას. 1920 წლის მაისში, წითელი არმიის აზერბაიჯანში შეჭრის შემდეგ, რამდენიმე თვე ბოლშევიკების ტყვეობაში გაატარა. გათავისუფლდა რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შედეგად. 1920 წლის აგვისტოში არტილერიის კაპიტნის წოდება მიენიჭა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადიუტანტად დაინიშნა. 1921 წლის მარტამდე საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო პარიზში, ხოლო მარტიდან ოქტომბრამდე რომში ცხოვრობდა, ოქტომბრიდან – ბერლინში. 1924 წლიდან წერდა ფსევდონიმით – „იაზონი“. ალექსანდრე აფხაზი ხელმძღვანელობდა კინომრეწველობის სხვადასხვა კავშირთან არსებულ სტატისტიკურ ბიუროებს.

1926 წელს ალექსანდრე, როგორც გერმანიის დელეგაციის წევრი, მონაწილეობას იღებდა პარიზში გამართულ კინოს პირველ საერთაშორისო კონგრესში. კონგრესზე მის მიერ წარდგენილი მემორანდუმი – „საერთაშორისო სტატისტიკური ბიურო, როგორც ძირეული პირობა წარმატებული თანამშრომლობისათვის“, ერთხმად მოიწონეს 20 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა.

მას შემდეგ, რაც ვერ შედგა ალექსანდრე აფხაზის თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მან დამოუკიდებლად განაგრძო კინოსტატისტიკაზე მუშაობა. მისი სტატიები გამოქვეყნებულია ოცზე მეტ ჟურნალ–გაზეთში, გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ.

ალექსანდრე აფხაზმა (იაზონმა) პირველმა მიაპყრო ყურადღება, თუ რა კავშირი არსებობდა მოსახლეობის რაოდენობასა და კინოთეატრების რაოდენობას, კინოთეატრებში ადგილების რაოდენობასა და მათში ადგილების კატეგორიებს შორის და ასე შემდეგ. მან, 1895 წლიდან მოყოლებული, დაიწყო კინობაზრის შესწავლა, განსაზღვრა კინოინდუსტრიის ადგილი და როლი საერთო ეკონომიკაში, ერთმანეთს შეადარა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები. მისმა კვლევებმა მეცნიერული საფუძველი დაუდო კინოს, როგორც მეურნეობის დარგის შესწავლას.

1925 წელს გერმანიაში გამოიცა ალექსანდრე იაზონის წიგნი „ფილმი ციფრებსა და რიცხვებში“, რომელსაც თავიდანვე სპეციალისტებისა და პრესის დიდი ყურადღება ხვდა წილად. ამ ნაშრომს კინოს მკვლევარნი დღესაც ვერ უვლიან გვერდს. პოპულარობით სარგებლობს მისი სხვა წიგნებიც: „კინომრეწველობის ცნობარი“ (3 ტომი), „კინოს ცნობარი“, რომელიც მეოთხე ტომად ითვლება და „კინოწარმოება გერმანიაში – 1935–1939“.

ალექსანდრე აფხაზი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქართული ემიგრაციისა და განსაკუთრებით გერმანიის ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში, რომელიც სახელწოდებით – „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში“ – 1922 წლის 22 ოქტომბერს გატარდა რეგისტრაციაში ბერლინ-შარლოტენბურგში. 1935–1936 წლებში საზოგადოებას ალექსანდრე აფხაზი თავმჯდომარეობდა.

1937 წლიდან ალექსანდრე აფხაზი კონიუნქტურის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაზონი ამ ინსტიტუტის, რომელსაც შემდეგში ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტი ეწოდა, კინოს განყოფილების დამაარსებელი და ხელმძღვანელი ყოფილა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ალექსანდრე აფხაზი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კინოს ჩამოსცილდა. გარდაიცვალა 1957 წელს გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში. დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.

ალექსანდრე აფხაზი ემიგრაციაში დაქორწინდა. 1924 წელს ვისბადენში მან ცოლად შეირთო ნინო ჭავჭავაძე, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. მასთან შვილი არ ჰყოლია. შემდგომში მას ჰყავდა მეგობარი ქალი ელიზავეტა კარლოს ასული ფონ ბრანტი, რომელთანაც 1943 წელს ვარშავაში შეეძინა ვაჟი. მასაც ალექსანდრე დაარქვეს. ელიზავეტა ნახევრად გერმანელი იყო და ნახევრად – ქართველი, თარხან-მოურავების საგვარეულოდან.

ალექსანდრე აფხაზმა შვილი აღიარა, გვარიც მისცა და მასთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ ელიზავეტას გათხოვების შემდეგ მამინაცვალმა ბავშვი იშვილა და თავის გვარზე დაწერა. დღეს ალექსანდრე ფონ სივერსი ბელგიაში ცხოვრობს. პროფესიით მსახიობი და ჟურნალისტია.

გამოყენებული მასალების წყარო: http://www.nplg.gov.ge/; ბაქრაძე, ლაშა. ალექსანდრე აბხაზი – კინომრეწველობის პირველი სტატისტიკოსი // ქართული ემიგრაცია. „ვიკიპედია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა