საზოგადოება

რა ცვლილება შეიტანა პეტრე ბაგრატიონმა ოქროს მსოფლიო მეტალურგიაში და რომელ მინერალს უწოდეს მის პატივსაცემა დ ბაგრატიონიტი

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 01.12, 2021 წელი

პეტრე ბაგრატიონი
დაკოპირებულია

იესე ბატონიშვილის (ვახტანგ მეექვსის ძმა) შთამომავალი პეტრე რომანის ძე ბაგრატიონი დაიბადა 1818 წლის 24 სექტემბერს, ყიზლარში. მამა – რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი რომან ბაგრატიონი, ბიძა – 1812 წლის გმირი, მხედართმთავარი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი გახლდათ.

პეტრემ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1827 წელს მამამისი ქართული ლაშქრობის მეთაურად დანიშნეს, 1828 წელს კი იგი მიიღეს თბილისის მაზრის გუბერნატორთან განსაკუთრებული დავალებების შემსრულებლად. აქედან გამომდინარე, პეტრე ბაგრატიონი 9 წლის ასაკში ჩამოიყვანეს სამშობლოში და მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც ორი წლის შემდეგ „კეთილშობილთა გიმნაზიად“ გადაკეთდა.

მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: სოლომონ დოდაშვილი, ეფრემ ალექსი–მესხიშვილი და დიმიტრი ყიფიანი. ამ ადამიანთა გავლენით პეტრე ბაგრატიონი მოწინავე იდეებით განიმსჭვალა. მის კლასში სწავლობდა და მასთან მეგობრობდა პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.

რომან ბაგრატიონისა და მისი მეუღლის, ანა ივანოვნას ოჯახის კარი ღია იყო როგორც ქართველი, ისე რუსი ინტელიგენციისთვის. მათ სახლში იმართებოდა მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები.

1831 წელს პეტრე ჩაირიცხა პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და კავალერიის იუნკერთა სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1835 წლის 11 დეკემბერს, პეტერბურგის ლაიბ-გვარდიის ცხენოსანთა ესკადრონში იუნკრად გაამწესეს და აქედან დაიწყო მისი სამხედრო კარიერა.

მალევე მან დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკისა და ქიმიის დარგში. ექსპერიმენტულ გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. მან გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენტი, რომელსაც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა. ამ ნაშრომში ის განიხილავს გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს. ეს ელემენტი იმ დროს წარმოადგენდა დენის ერთადერთ წყაროს მთელ მსოფლიოში. ის სწრაფად გავრცელდა და იყენებდნენ როგორც რუსეთში, ისე ევროპასა და ამერიკაში.

პეტრე ბაგრატიონმა პირველმა დაადგინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. ეს მეთოდი დღემდე საუკეთესოდ ითვლება მეტალურგიაში. ის მადნიდან ოქროს უწვრილესი ნაწილაკების გამოყოფის საშუალებას იძლევა, რაც ამალგამირების მეშვეობით არ ხერხდება. ამ აღმოჩენამ ხელი შეუწყო თანამედროვე მეტალურგიის განვითარებას. სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის ფაბრიკებში ის ჯერ კიდევ 1880 წელს გამოიყენეს. პროფესორი დანილევსკი წერდა: „ბაგრატიონის მიერ წარმოდგენილი მეთოდი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ოქროს მსოფლიო მეტალურგიაში“.

ბაგრატიონი დაჯილდოვდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით „გალვანურ მეცადინეობაში წარმატებისათვის“. ოთხი თვის შემდეგ კი, 1844 წლის მარტის დასაწყისში, მის მიერ შემუშავებული მეთოდით, გალვანური ელექტროდენების მეშვეობით, ყინულისგან გაათავისუფლეს კრონშტადტის პორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ.

1845 წელს პეტრე ბაგრატიონი დაინიშნა ბავარიის ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. მან მიაღწია პოლკოვნიკის ჩინს და დაჯილდოვდა უმაღლესი ხარისხის ორდენებით.

ურალის ექსპედიციის დროს პეტრე ბაგრატიონმა მიაკვლია მინერალ ორთიტის სახესხვაობას, რომელსაც 1847 წელს მის პატივსაცემად „ბაგრატიონიტი“ უწოდეს.

1854 წელს პეტრე ბაგრატიონი დაინიშნა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის სასახლის კომენდანტად და მცველთა რაზმის უფროსად. 1855 წელს დროებით მიავლინეს ვორონეჟის გუბერნიაში ადგილობრივ გლეხთა მღელვარების ჩასახშობად. წარმატებული სამსახურისთვის 1856 წელს დააჯილდოვეს წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით.

1857 ის დაინიშნა ლაიბ-გვარდიელთა კავკასიის ესკადრონის ხელმძღვანელად. ერთი წლის შემდეგ მას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, დაჯილდოვდა წმიდა ანას მეორე ხარისხის ორდენით და დაინიშნა იმპერატორის ამალის უფროსად. ამ პერიოდში გაიცნო ის პეტერბურგში მყოფმა აკაკი წერეთელმა. პეტრე ბაგრატიონმა აკაკი მშობლიურ ენაზე მოიკითხა, რამაც პოეტი გააკვირვა. გენერალი მიუხვდა და ღიმილით უთხრა: „განა ქართველი აღარ გგონივარ? დიდი ხანია რუსეთში ვარ და ცოტა დამავიწყდა, თორემ შენზე უკეთ ვიცოდი ქართული! შენ, როგორც იმერელი, უეჭველად იმერული კილოთი უკიდებ და მე კი წმიდა ქართული ვიცოდი“. ქართულისა და რუსულის გარდა პეტრე რომანის ძე თავისუფლად ფლობდა ფრანგულ და იტალიურ ენებს.

პეტრე ერთნაირი ერთგულებით ასრულებდა სამხედრო, სამეცნიერო თუ სახელმწიფოებრივი ხასიათის დავალებებს.

მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული ღირსება იყო ის, რომ ყველას შეეძლო მასთან მისვლა. როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო, მთხოვნელს ყოველთვის ყურადღებით უსმენდა, განსაკუთრებული მოწყალებით გლეხების მიმართ გამოირჩეოდა.

1876 წლის 17 იანვარს სანკტ-პეტერბურგში მივლინებით ჩასული გენერალი ბაგრატიონი მოულოდნელად გარდაიცვალა, მიზეზი ასთმური შეტევა გახლდათ. ის ვოსკრესენსკის ნოვოდევიჩის მონასტერში დაკრძალეს.

მისი მეუღლე იყო ანა მარტინოვა, რომელთანაც მას ჰყავდა ქალიშვილი – ევგენია.

გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; პარკაძე. პეტრე ბაგრატიონი; ენციკლოპედია „საქართველო“; georoyal.ge; გონიკიშვილი მიხეილ. პეტრე რომანის ძე ბაგრატიონი // ისტორიული მემკვიდრეობა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი