საზოგადოება

რა წყევლა დახვდათ ექვთიმე თაყაიშვილსა და მესაფლავეებს თამარ მეფის საფლავის ძებნის დროს

№48

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 04.12

ექვთიმე თაყაიშვილი
დაკოპირებულია

ექვთიმე თაყაიშვილი რომ არა, რომელმაც თავისი აგური დადო ქვეყნის აღმშენებლობაში და სიტყვა თქვა, ჩვენამდე არცერთი უძველესი ხელნაწერი არ მოაღწევდა და არაფერი გვეცოდინებოდა ჩვენი ქვეყნის უდიდეს ადამიანებზე, მათ ღვაწლზე ქვეყნის წინაშე.

კელაპტარი

„პეტერბურგიდან თბილისში რომ დავბრუნდი და იაკობ გოგებაშვილთან ვცხოვრობდი, ერთი მოწინავე ჯგუფი კვირაობით დავით სარაჯიშვილთან, ხუთშაბათობით კი ილია ჭავჭავაძესთან იკრიბებოდა. დიმიტრი ბაქრაძე რომ გარდაიცვალა, ილიას კრებებზე ვხვდებოდი. ზოგჯერ ისტორიულ საკითხებზეც მეკითხებოდა. ერთხელ მას იაკობ გოგებაშვილისთვის ეთქვა: „ხვალ ექვთიმე თაყაიშვილი მომგვარეო’’. ეტლით წავედით. ჩემი სადღეგრძელოს ჯერი რომ მოდგა, თამადა ილიამ თქვა: „სანამ უნდა იყოს ბატონი თაყაიშვილი ბატონ გოგებაშვილის ბინაზე?! იგი შეირთავს ნინო პოლტორაცკაიას და ოჯახს შექმნისო“. ეს იყო ამ დღეს თითქმის ბოლო სადღეგრძელო. მესამე დღეს, შაბათს პოლტორაცკის ერთ-ერთმა ნათესავმა შემომითვალა: „არ გნახოთ ჩვენთან მოსული, თორემ მეორე ფეხსაც მოგტეხთო!“ ამის გამო ორშაბათს ილიასთან მივედი ბანკში და შევჩივლე: ასე და ასე შემომითვალეს, რატომ გამაბახეთ ბატონო ილია. ის დიდებული ქალი კოჭლაბუხას როგორ მოისურვებდაო! ილიამ მითხრა: „ჯერ ამიხსენით, რას ნიშნავს გაბახება და კოჭლაბუხას მაგიერ ხომ არ იტყვიან კოჭლამუხლა, მუხლით კოჭლსაო?..“ მე ავუხსენი, რომ პირველს სახელის გატეხაზე იტყვიან გურიაში და მეორეს – აი, მე რომ ვარ კოჭლი, ამაზე ამბობენ. კოჭლამუხლას კი არ იტყვიანო. ილიამ ეს სიტყვები ჩაიწერა და მოკლედ მოჭრა: „დღეს ორი სიტყვა გავიგე. ესეც საქმეა. ხუთშაბათს მობრძანდით სადილზეო!“ მივედი. ჩემს სადღეგრძელოზე, ეს იყო მეოთხე, ილიამ გაიმეორა: „ბატონი თაყაიშვილი შეირთავს ივანე პოლტორაცკის ასულ ნინოს, ჯვარს მისი ნათესავი ოლღა (ილიას მეუღლე) შეუცვლისო.“ ასეც მოხდა. შემდეგო, – გაიხსენა ექვთიმემ, გიგლა ყიფშიძემ ჰკადრა ილიას, – „რა იყო რომ ის ლამაზი და მდიდარი ქალი ინვალიდს შერთეთო!“ ილიამ უპასუხა: „სხვა ეროვნების კაცს რომ შეერთო, მიწის დიდი ნაკვეთი გვეკარგებოდაო“... მათ დაქორწინება მხოლოდ ივანე პოლტორაცკის გარდაცვალების შემდეგ შეძლეს, 1895 წელს. ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოაგზავნა. ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას, ამ კელაპტრების გარდა, თან არც არაფერი წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორის ბედი კი უცნობია.

ექვთიმე ანდერძში ითხოვდა, რომ ის მეორე კელაპტარი მისთვის ჩაეტანებინათ, მაგრამ ანდერძის შედგენისას ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში მოუწევდა დაბრუნება, ხოლო მისი ანდერძის აღმსრულებლები საფრანგეთში დარჩებოდნენ...

ახალდაქორწინებულებმა ბინა თავდაპირველად ეკატერინე გაბაშვილის სახლში დაიდეს, შემდეგ კი – ოლღას ქუჩაზე, ნინოს მზითვად მოყოლილ ახალაშენებულ სახლში გადავიდნენ და მთელი სართული დაიკავეს. ხშირად დადიოდნენ თეატრსა თუ ოპერაში. ნინოს ამის გარეშე არ შეეძლო. ექვთიმე ათას საქვეყნო საქმეში იყო გაბმული.

მალე მათ გვერდით დასახლდნენ ნინოს და, ანა პოლტორაცკაია და მისი მეუღლე, ივანე ნიჟარაძე. მეუღლე – არაერთ ღირსეულ მანდილოსანს შეეფერება ეს სიტყვა მთელი თავისი შინაარსითა და სისავსით. ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე – ნინო პოლტორაცკაია კი ერთ-ერთი უპირველესია მათ შორის. 36 წელი იგი მხარში ედგა სახელოვან მეუღლეს, ცდილობდა გაეთავისუფლებინა იგი ყოველდღიური საოჯახო საზრუნავისგან, მიეცა მისთვის საშუალება, მთელი დრო და ენერგია სამეცნიერო და საზოგადო საქმიანობისთვის დაეხარჯა.

ნინოსა და ექვთიმეს საკუთარი შვილი არ ჰყავდათ, ამიტომ პანსიონიდან უკვე მოზრდილი გოგონა, ლიდა გამოუყვანიათ და აღუზრდიათ. წლების შემდეგ ლიდა ალექსანდრე პოლტორაცკის (ნინოს ძმა) მეუღლე გახდა. საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ექვთიმეს ხელნაწერების დიდი ნაწილი სწორედ ლიდას დამსახურებით გადარჩა. ლიდა ფიცხი ქალი ყოფილა, ანტისაბჭოურად განწყობილი და ხმამაღლა, მგზნებარე ტემპერამენტით, ლაზათიანად შეუკურთხებდა ხოლმე სოციალიზმის „წითელ ნაშიერთ“. ამიტომაც იყო, რომ სიცოცხლის დიდი ნაწილი ავლაბრის ციხეში გაატარა. არც ლიდასა და ალექსანდრეს დარჩათ მემკვიდრე. მძიმე ცხოვრებამ ლიდასაც დაასვა დაღი. ბოლოს მეხსიერება დაუქვეითდა და სვავებივით დაიტაცეს პოლტორაცკების ოჯახში არსებული ანტიკვარული ნივთები.

ექთვიმე „კაგებემ“ მოკლა

ქალბატონი ცაცა ყურაშვილი (ექვთიმეს კარის მეზობელი):

„როდესაც ბატონი ექვთიმე ჩვენს მეზობლად დასახლდა, უკვე ღრმად მოხუცი გახლდათ. მე, მაშინ ახალგაზრდა ქალს, მისმა ნათესავებმა მთხოვეს, დავხმარებოდი. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და სიამოვნებით დავთანხმდი. ბატონ ექვთიმეს ფეხი სტკიოდა და ძირითადად, სახლში იყო. სახლს დიდი აივანი ჰქონდა და ჰაერზე იქ გადიოდა ხოლმე. მე ვეგზავნებოდი ბევრ საქმეზე, მაშინ ტელეფონები სახლში იშვიათობა იყო და ამიტომ წერილები მიმქონდა ხალხთან… ხშირად მეცნიერებათა აკადემიაში მიხდებოდა სიარული, ხელფასიც მე მომქონდა. ყოველდღე, საუზმის შემდეგ, უნდა შევსულიყავი და მისთვის გაზეთები წამეკითხა… დილის 10 საათზე საუზმობდა. ორი მოხარშული კვერცხი, ორცხობილა და ყავა რძით… ეს იყო მისი საუზმე. სადილი 2 საათზე ჰქონდა. სადილის შემდეგ საწერ მაგიდასთან ჯდებოდა და მუშაობდა… ცოტა გადამეტებულად მეჩვენება იმისი თქმა, თითქოს გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ცხოვრობდა. ის ოჯახი ძალიან უვლიდა და დიდ პატივს სცემდა. მოახლეც კი ჰყავდა… საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბატონ ექვთიმესთან ურთიერთობის მსურველი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ თვითონ ცოტას თუ იკარებდა. სამი ადამიანი მახსოვს ყველაზე კარგად, რომლებიც მას ხშირად სტუმრობდნენ: იროდიონ სონღულაშვილი, გოგი ლომთათიძე და სოსო მეგრელიძე. განსაკუთრებით – იროდიონ სონღულაშვილი. მასზე შეიძლება, ითქვას, რომ მისი ოჯახის წევრი იყო. ვერ გეტყვით, ურთიერთობაში ძალიან გახსნილი და თბილი იყო-მეთქი, პირიქით, მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ამბობდნენ, ასეთი სიტყვაძუნწი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გახდაო. არ უყვარდა, საქმიანის გარდა რამე შეკითხვას თუ დაუსვამდი. მის ოთახში დიდი საწერი მაგიდა, საწოლი და წიგნების კარადა იდგა… თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მშვიდად ცხოვრობდა, მუშაობდა…

1953 წლის თებერვალი იყო. ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა, რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და ბატონი ექვთიმეს ოთახისკენ გაემართნენ, ისინი „კაგებეს“ თანამშრომლები იყვნენ… რამდენიმე საათში ექვთიმე საკაცით მოიყვანეს. არავინ იცის, რა უქნეს იმ ჯოჯოხეთში, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს… ყოველ შემთხვევაში, ამის მერე ექვთიმე ლოგინად ჩავარდა, მეტყველების უნარი დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. რა მეთოდით და როგორ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ექვთიმე „კაგებემ“ მოკლა. ყველაზე მძიმე კი ის გახლავთ, რომ თუ მანამდე მისი მონახულების მსურველი ბევრი იყო, ავადმყოფობის დროს აღარავინ გამოჩენილა… ეს, რა თქმა უნდა, მის უახლოეს გარემოცვას არ ეხება… შემზარავი იყო მისი დაკრძალვაც, რას იზამ, ეშინოდა ხალხს, დრო იყო ასეთი, მაგრამ ეს უდიდესი ქართველი, რომელმაც თავის ქვეყანას მთელი ცხოვრება შესწირა, ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცდაჩვიდმეტი ადამიანის თანდასწრებით დაკრძალეს…“

თამარის საფლავი და მარგალიტდაყრილი ქოშები

ექვთიმე თაყაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა გელათის მონასტრის სიძველეთა შესწავლაზე. მან ჩაიფიქრა გელათის სიძველეებისადმი ნაშრომის მიძღვნა. შემონახულია ნაშრომის გეგმის შავი ვარიანტი... მოგვიანებით მეცნიერი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ამ შრომის დასრულება ვერ მოახერხა. გიორგი ლომთათიძის მიერ ჩაწერილ თაყაიშვილის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „გელათის სიძველეებიც გამოუცემელი დამრჩა, თუმცა ხელნაწერიც მაქვს და ფოტოსურათებიც. ერთ ამათგანზე გადაღებულია მარგალიტდაყრილი ქოშები. ისინი რომელიღაც ეპისკოპოსის ნაქონი უნდა იყოს (ეცვათ ხოლმე ასეთი ქოშები) და ჩვენებური ნაზღაპრის წყალობით კი მაინცდამაინც თამარ მეფის ქოშებადაა მიჩნეული. ასე სჩვევია ხალხს! (თამარ მეფის საფლავისა არ იყოს, ყველგან რომ ის ეგულებათ!)“. ჩვენი აზრით, სწორედ გელათში მუშაობის ჟამს უნდა შეეტყო ზედმიწევნით ექვთიმე თაყაიშვილს იმ ტრადიციის შესახებ, რომელიც თამარის საფლავთან დაკავშირებით მონასტერში არსებობდა. საარქივო მასალიდან ირკვევა, რომ მეცნიერი 1919-1920 წლებში ინტენსიურად იკვლევდა გელათის მონასტერს. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, მანამდეც ჰქონდა თუ არა მას გელათში ასეთი მასშტაბის კვლევა-ძიებითი სამუშაოები ჩატარებული. ადრეული ნაშრომებიდან ერთადერთი ჩანაწერი დათარიღებულია 1905 წლით, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ დიდი მეცნიერი ამის შემდეგაც არ ჩასულიყო გელათში ადგილობრივ სიძველეთა სანახავად და შესასწავლად.

1919 წელს ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა დაავალა. მეცნიერმა რამდენიმე პირის თანხლებით იმოგზაურა საქართველოში საეკლესიო სიძველეების შესასწავლად. 3-4 აგვისტოს ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში იყო, 6-10 აგვისტოს – გელათში, ხოლო 10 აგვისტოს – მოწამეთაში. ამ ექსპედიციის დროს დიდმა მეცნიერმა საგულდაგულოდ შეისწავლა გელათის მონასტრის ის სიძველეები, რომლებიც მანამდე არ ენახა. ამ პერიოდში ექვთიმეს დაინტერესება თამარის საფლავით არ ჩანს, თუმცა არსებობს ერთი ჩანაწერი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ 1919 წელს მეცნიერმა წინასწარი სამუშაო ჩაატარა წმიდა თამარ მეფის აკლდამის გათხრასთან დაკავშირებით. ეს მონათხრობი პეტრე ჭაბუკიანს ეკუთვნის. მისი თქმით, 1919 წლის ზაფხულში „ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში არქეოლოგიური გათხრა აწარმოვა საიდუმლოდ, სამღვდელოების საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარე ტრიფონ ჯაფარიძისა და იმერეთის ეპარქიის მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავასთან ერთად“. ჩვენ ადრეც ვფიქრობდით, რომ აქ პეტრე ჭაბუკიანს თარიღები და მოვლენები ერეოდა. მას 1919-1920 წლებში გელათში ექვთიმე თაყაიშვილის საქმიანობა ერთ ეტაპად წარმოედგინა, რაც შეცდომა იყო. როგორც ვხედავთ, მეცნიერი ორივე წელს ზაფხულში რამდენიმე დღით ეწვია მონასტერს. 1919 წელს გელათის სიძველეთა აღწერისას ტრიფონ ჯაფარიძე მართლაც იმყოფებოდა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად. ამას ადასტურებს „გელათის მონასტრის შემოწმების ცნობა“, რომელსაც ხელს აწერენ: ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, ვასილ ფალავანდიშვილი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი, მღვდელ-მონაზონი ზენონი. შესაძლებელია, წინასწარი სამუშაო თამარის საფლავის ძიებასთან ან მის გათხრასთან დაკავშირებით ამ დროს განხორციელდა, მაგრამ უშუალოდ გათხრები არ დაწყებულა და ამას ადასტურებს თავად ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერები. ერთი რამ შეიძლება, დანამდვილებით ითქვას, რომ სწორედ 1919 წელს, გელათში 4-5 დღით ყოფნის შემდეგ იწყებს ექვთიმე თაყაიშვილი თამარის საფლავის გათხრისთვის სამზადისს. რადგანაც ეს ზაფხულში ვერ მოხერხდა, ამიტომაც მეცნიერმა მომავალი წლისთვის გადადო. 1920 წელს 4 ივლისს ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში სავარაუდო გათხრების საკითხი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე განიხილა. საბჭომ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის თხოვნით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობასა და საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს. აქვე უნდა ითქვას, რომ მეცნიერებაში გავრცელებული შეხედულებით, დიდი ექვთიმე გელათში გათხრებს ფარულად წარმართავდა.

ამ აზრს ამაგრებდა მოვლენების თვითმხილველი პეტრე ჭაბუკიანი, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად აღნიშნავდა, რომ „ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში არქეოლოგიური გათხრა საიდუმლოდ აწარმოვა... ამ გათხრის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი მენშევიკურ მთავრობას არ უმხელდა. 1919 წლის ზაფხულში, ერთ საღამოს, საჭირო საქმის გამო მოვხვდი ნაზარ ლეჟავასთან, ბინაზე, სადაც მოსათათბირებლად მოვიდნენ ექვთიმე თაყაიშვილი და ტრიფონ ჯაფარიძე“.

ჩვენს ხელთ არსებული მასალა სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევა. 1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილის გადაწყვეტილების შესახებ, გაეხსნა თამარ მეფის საფლავი, იცოდა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა. 1920 წლის 14 ივლისს შეიკრიბა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორები: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, ანდრია ბენაშვილი და გიორგი ახვლედიანი. გამგეობაზე მოისმინეს ინფორმაცია: „პროფ. ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება, რომ თანახმად ქუთაისის მიტროპოლიტის წინადადებისა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ 4 ივლისის სხდომაზე დაადგინა: შემოწმებულ იქნას ამ ზაფხულში თამარის საფლავი გელათში და თხოვნა შემმოწმებელ კომისიაში უნივერსიტეტის მხრით არჩეულ იქმნეს წარმომადგენელი“. უნივერსიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა: „წარმომადგენლობა თამარის საფლავის შემამოწმებელ კომისიაში დაევალოს პროფ. კორნელი კეკელიძეს და მიეცეს სამგზავროდ და დღიურ სახარჯოდ შესაფერისი თანხა“. ამ ცნობაზე პირველად ინფორმაცია გამოაქვეყნა ი. მეგრელიძემ, ოღონდ უშუალოდ ცნობა არ უნახავს. მან უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისადმი ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნა მიიჩნია როგორც „მაშინდელი მთავრობისგან“ ნებართვის აღების ფაქტი. გამგეობის გადაწყვეტილებაში კი სხვა რამ წერია. ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსაც მიმართა გათხრების წარმოებისას თავისი წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე. საბჭოს კანცელარიის 1920 წლის 17 ივლისის ცნობით, „წმინდა თამარის საფლავის შემოწმება-გამშვენიერების“ საქმეში საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს სახელითაც კორნელი კეკელიძე მიიღებდა მონაწილეობას. ის ფაქტი, რომ მეცნიერი გათხრებს მთავრობისგან დაფარულად არ აწარმოებდა, სხვა ცნობებიდანაც დასტურდება. ჩვენამდე მოაღწია დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის მიერ 1920 წლის 15 ივლისს გაცემულმა მოწმობამ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ეს მიეცა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს, ამხანაგს ბატონ ექვთიმე თაყაიშვილს იმაში, რომ მას პრეზიდიუმის, საპროპაგანდო და ხელოვნების კომისიების მიერ დავალებული აქვს, შეისწავლოს საქართველოს საკულტურო ძეგლები და ეკლესია-მონასტრების განძეულობა და ამ მიზნით ის თანამშრომლებით დაივლის საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. სახელმწიფო საზოგადოებრივ დაწესებულებათა და თანამდებობის პირთ ევალებათ ყოველგვარი კანონიერი, ენერგიული და სწრაფი დახმარება აღმოუჩინონ დასახელებულ ექვთიმე თაყაიშვილს და მის თანამშრომელთ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის“. გამოდის, რომ გელათში გამგზავრებამდე, 1920 წლის ივლისში ექვთიმე თაყაიშვილი აღიჭურვა ოფიციალური ნებართვებით – უნივერსიტეტიდან, საკათალიკოსო საბჭოდან, დამფუძნებელი კრებიდან. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ წამოწყებული გათხრები იყო პირველი და ერთადერთი მცდელობა, გახსნილიყო თამარ მეფის გასაიდუმლოებული აკლდამა. მართალია, მანამდე დიმიტრი ბაქრაძესაც ჰქონია მასშტაბური არქეოლოგიური კვლევის იდეა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. სიმონ ღოღობერიძე, რომელმაც ფრანგულიდან თარგმნა და განმარტებები დაურთო მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიას“, სქოლიოში აღნიშნავდა: „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი საფლავი დიდის მეფის თამარისა. განსვენებული დ. ბაქრაძე იმ აზრის იყო, რომ თამარი გელათში უნდა ესვენოს და კიდეც გამოითხოვა ნებართვა იმერეთის ეპისკოპოზის გაბრიელისგან იმის სამარხის საძიებლად და გელათში იატაკის აღებას აპირებდა. მაგრამ სიკვდილმა აღარ დააცადა და ვეღარ მოასწრო თავის სურვილის აღსრულება“. ამის შემდეგ ეს იდეა თითქოს მიივიწყეს. 1920 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილმა, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსა და სამღვდელოებასთან შეთანხმებით, გელათში, თამარის ეგვტერში ერთი საფლავი გახსნა. ექვთიმე თაყაიშვილის არქივში გელათისადმი მიძღვნილ მასალათა შორის თვალში საცემია მისი შავი ჩანაწერი: „გელათი, 1920 წ. 26 ივლისი. თამარის ეკვდერი“. შემდგომ გვერდზე ავტორს მიუწერია: „გელათი, 1920 წელი. იმერეთის დედოფლის თამარის ეკვდერი. ეს საფლავი შემოწმებულია 1920 წელს“. ამას მოჰყვება გაკრული ხელით ქართულად და რუსულად წარმოებული რამდენიმეგვერდიანი ჩანაწერი, რომელშიც აღწერილია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გელათში წარმართული გათხრების დეტალები. რვეულს თან ერთვის ტექსტის სუფთად გადაწერილი პირი, შესრულებული გ. ლომთათიძის მიერ. პეტრე ჭაბუკიანის მონათხრობით, გათხრებს გელათში, აგრეთვე, ფიცის ქვეშ (რომ არ გაემხილათ), დაესწრნენ და მუშაობაში მონაწილეობდნენ დაქირავებული პირები სოფელ კურსებიდან: ვალერიან გიორგაძე, მაქსიმე და პოლიევქტ ბერეკაშვილები, გელათის ტაძრის მცველი ნიკოლოზ ჯანგავაძე და არქიმანდრიტი სერგი ნამორაძე. ამ ვარიანტის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი ექვთიმესეული მეორე ჩანაწერიც – „სამხრეთ კარისბჭე და ეკუტრები გელათისა (11 ფ.)“, სადაც ცალკე ნაწილადაა შესული ქვეთავი „წმიდა ანდრიას ეგუტერი (ეთმობა 3 გვერდი)“. მასში მოცემულია ეგვტერის ინტერიერის აღწერა და დაზუსტებულია გათხრების ზოგიერთი დეტალი. ეს მასალა პირველად გამოაქვეყნა ივ. ლოლაშვილმა.

„წმიდა ანდრიას ეგუტერი, – ვკითხულობთ ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებში, – სამხრეთ აღმოსავლეთის მხრით არის. ეს ეგუტერი მოხატული ყოფილა ორჯერ მაინც. მხატვრობა ახლა მოშლილია უმეტეს ნაწილად, შერჩენილია მხოლოდ ალაგ ალაგ... მარჯვენა მხრით კარისა, ახალ ნაგლესსქვეშ მოჩანს თავი ძველი მხატვრობისა, თავი ერისკაცისა უნდა იყოს. ამას იქით, მარჯვნივ, დასავლეთის კედელზე ემჩნევა კიდევ ფიგურა მთელის ტანით და გულზე სამლოცველოდ მიდებულის ხელებით, ვგონებ მეფისა. ამ ფიგურის ქვემოთ საფლავია, რომელსაც თამარის საფლავს უწოდებენ. ჩრდილოეთ თაღზედ ეგუტრისა დასავლეთისკენ მეფის სურათი ყოფილა მთელის ტანით, ბიზანტიური სამეფო ტანისამოსით. მოჩანს კიდევ ზემო ნაწილი თავისა გვირგვინით და შარავანდედით და წარწერა ასომთავრული მარცხნივ თავისა. ამ მეფის სურათი დაჰყურებს საფლავს, რომელსაც თამარის საფლავს უწოდებენ, რომელიც კომისიის შემოწმებით არ აღმოჩნდა თამარის საფლავად, არამედ საოჯახო საფლავად, რომელშიც ოთხი მიცვალებულის ჩონჩხი იყო, მათ შორის ერთი – კუბოთი ზემოთ და სხვები – კუბოს ქვეშ“. ამდენად, ექვთიმემ თამარის ეგვტერში ნახა ერთი აკლდამა, რომელშიც ოთხი მიცვალებულის ნაშთები აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან მუშაობა შეწყვიტა. ექვთიმეს არ გაუთხრია თამარის ეგვტერში მოთავსებული სხვა საფლავები. რამდენად მართალია ის ვერსია, რომ თითქოს სამღვდელოებამ მას ცილი დასწამა, გელათის საფლავებში ოქროს ეძებსო, ამის გადამოწმება დღეისთვის ძნელია. პირადად ჩვენ, გელათში თამარის აკლდამის შესწავლისას გვიამბეს, რომ მუშაობისას, შესვენების ჟამს იქ მყოფთ წაუკითხავთ გელათის ჩრდილოეთ მინაშენის კარიბჭეში დაკრძალული ზაქარია ქვარიანის საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერა: „ქ. ღმერთო შეიწყალე კათალიკოზი ზაქარია. ესე საფლავი ჩემი არის და ვინცა ეს ჩემს უკან გახსნას, შეჩვენებულ იყოს“. ამ წყევლა-კრულვისა მუშებს შეშინებიათ და თამარის ეგვტერში გათხრები შეუწყვეტიათ. სამწუხაროდ, ამ გადმოცემის სისწორეც ვერ გადავამოწმეთ. ფაქტი ერთია, დიდი სამზადისის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში გათხრები შეწყვიტა. თამარის საფლავის საიდუმლო კვლავ ამოუხსნელი დარჩა.

(წყარო: ჟურნალი „ისტორიანი”, 2014 წლის მაისი, # 5/41).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა