საზოგადოება

რა წინასწარმეტყველება აუხდა ქეთევან კიკნაძეს

№30

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 30.07, 2024 წელი

ქეთევან კიკნაძე
დაკოპირებულია

გიგა ლორთქიფანიძე 12 წლის წინ, ქეთევან კიკნაძე კი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. დღეს ლორთქიფანიძე-კიკნაძის წყვილის ერთობლივ დღიურებს წაიკითხავთ.

ქეთევან კიკნაძე: „ბორჯომში ვცხოვრობდი. მამა რომ დააპატიმრეს, მე ათი დღის ვიყავი. ამ გადასახედიდან, ბავშვობა ძალიან ცუდი მქონდა – სიღარიბე, ულუკმაპურობა, ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე. დედაჩემი წელებზე ფეხს იდგამდა, რომ გვეჭამა, გვესვა, ჩაგვეცვა. ერთხელ დედა სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან იყო წასული – იქიდან რაღაცები ჩამოჰქონდა ხოლმე. რომ ბრუნდებოდა, თურმე, ხაშურში გაქურდეს, ყველაფერი წაართვეს და მხოლოდ თავის პატარა ჩანთა დარჩა, სადაც ლაკის ტუფლები ეწყო. დილით რომ გავიღვიძე, მახსოვს, დედა საწოლთან მეჯდა. მახსოვს, ჩამაცვა ეს ლაკის ტუფლები და ამ ფეხსაცმელებით ვიწექი. ბავშვობიდან სპორტში ვიყავი ჩართული, ტანვარჯიშის ყველა ილეთს ვაკეთებდი. კარგად ვცეკვავდი, მაგის გამო სკოლიდან გამომაგდეს – ეგ ბიჭთან ცეკვავს და არაფერს სწავლობსო. ძალიან მიყვარდა კინო, თეატრი. ოცნება მქონდა, მსახიობი გამოვსულიყავი. როგორც რეპრესირებულის შვილს, არ მწყალობდნენ და კონცერტებზე არ გამოვყავდი. ერთხელ რაღაც „პარადი“ იყო და ჩავერთე, შპაგატში ჩავჯექი, დროშა მომქონდა და იცით, როგორ მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანად ჩამთვალეს?.. სანამ გავთხოვდებოდი, ბორჯომში იყო სონა მკითხავი. საიდან არ ჩამოდიოდნენ მასთან. ნათელმხილველი იყო, ხალხს მიცვალებულებიც კი აპოვნინა. აუცილებლად ღამის ხუთ საათზე უნდა მისულიყავი. კარგად რომ გათენდებოდა, აღარ მკითხაობდა. დედაჩემს ვუთხარი, ამ სონა მკითხავთან მეც უნდა მივიდე-მეთქი. ოთახში რომ შევედი, გული ძალიან მიცემდა. შემომხედა, – შვილო, რა არის, შენი გული ასე რატომ ცემს? ფული რამდენიც გინდა, იმდენი მომეცი, მაგაზე ხომ არ ღელავო. დღეს რა რიცხვიაო, – მკითხა. 28 აგვისტო-მეთქი. აი, 29 სექტემბერს შენ გათხოვილი იქნებიო. წამოვედი, ვიცინოდი მის ნათქვამზე. გიგა ჯერ გაცნობილიც არ მყავდა. მერე გავიცანი და მართლაც ასე მოხდა ყველაფერი – 29-ში უკვე გათხოვილი ვიყავი... მახსოვს, როცა დედას ვუთხარი, მსახიობი მინდა, გამოვიდე-მეთქი, საშინლად წინააღმდეგი იყო. თუკი ჩემს ცხოვრებაში რაიმე გამიკეთებია, ყველაფერს მიშა თუმანიშვილს ვუმადლი, მისი წყალობით გავხდი მსახიობი და მისი წყალობით შევქმენი ოჯახი. მსახიობმა სცენა არ უნდა დატოვოს, ვიდრე ხედავს, ის მაყურებელს როგორ უნდა და სჭირდება.“

გიგა ლორთქიფანიძემ და ქეთევან კიკნაძემ ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე გაიცნეს, ერთ თვეში დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო, ნანა და მაია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამას, მათ ცოლქმრულ ურთიერთობაში ხელი სულაც არ შეუშლია. გიგა, როგორც რეჟისორი, სცენასა თუ კინოში, მეუღლის მიერ შესრულებული მიზანსცენების მთავარი წამქეზებელი იყო. ერთ-ერთ სპექტაკლში, თურმე, ცოლს მთელი სიმკაცრით, დაჟინებით სთხოვდა, მისი პარტნიორისთვის უფრო ვნებიანად ეკოცნა, ვიდრე ამას აკეთებდა.

„სიყვარული ადრეულ ასაკში ცოტა არასერიოზულია, მაგრამ ადამიანი მაინც ამისთვისაა მოწოდებული. პატარა ბავშვებსაც კი აქვთ ეს განცდა, მაგრამ მათთვის ეს შეუცნობელი და ხელშეუხებელია. დრო რომ გადის, მაშინ ფიქრობ, რომ თურმე ის გატაცება იყო და არა სიყვარული. რომ გითხრათ, ისე გავთხოვდი, ამის არაფერი გამეგებოდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. იყვნენ ბიჭები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგებოდი, აღმომიჩენია, რომ ის არ არის, რომელთან ერთადაც ოჯახს შექმნი და მთელი ცხოვრება გაგყვება. გიგა თანდათან მომეწონა. ძალიან კარგად მღეროდა, უკრავდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო. მასში ბევრი კარგი თვისება იყო. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გავიცანი. მაშინ ასეთი ტრადიცია იყო, კურსდამთავრებულებს შეხვედრას ვუწყობდით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბანკეტით დაგვირგვინდა. დავინახე, სუფრასთან ჩემთვის უცნობი მამაკაცი ზის. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. როგორ არ იცი, ვინ არის, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეაო. ვცეკვავდი და თან, მისკენ თვალს ვაპარებდი. შევამჩნიე, რომ ისიც დაჟინებით მიყურებდა. ასე შევხვდით ერთმანეთს, ჯერ მეგობართა საერთო წრეში, შემდეგ რამდენჯერმე – განმარტოებით. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ერთი თვე ვხვდებოდით. გიგა ჩემზე 11 წლით უფროსია, ოჯახის შექმნა უნდოდა და ჩვენი ამბავიც ამან დააჩქარა. ჩემს პროფესიასთან ახლოს იყო და ვფიქრობდი, ერთმანეთს კარგად გავუგებდით. ასეც მოხდა. მე და გიგას ერთი ცხოვრება გვაქვს, რამაც ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაამყარა. პატარა ვიყავი და შეიძლება, ეს ნაბიჯი არც გადამედგა, მაგრამ იმდენად მყარი იყო გიგას გადაწყვეტილება, უკან აღარ დავიხიე. უწინდელი ტრადიციები ჩვენს დროსაც მოქმედებდა. ოჯახი აუცილებლად კითხულობდა, რა გვარის ქალია, რა ოჯახიდან არის… ეს კარგიც იყო. დედაჩემი გახლდათ ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი. არ უნდოდა, ასაკით ჩემზე ბევრად უფროსს გავყოლოდი. ჩემსა და გიგას შორის გამუდმებული ეჭვიანობა იყო. ორივე ეჭვიანები ვიყავით, მაგრამ რომელიმეს რომ გვეფიქრა ოჯახის დანგრევაზე ან რაიმე სერიოზული ყოფილიყო, არ მახსენდება. შეიძლება, გიგას ჩემთვის უღალატია, მაგრამ ეს სერიოზული არ ყოფილა. ერთხელ სახლიდან გავიქეცი, მომაკითხა და წამომიყვანა. ვინმე რომ შეყვარებოდა, იმას ვერ გააჩერებდი, აუცილებლად წავიდოდა. ძალიან ბევრჯერ მისაყვედურია, რა არის ეს ეჭვიანობა-მეთქი. 70 წლის ვიყავი და მაინც ეჭვიანობდა. ვეუბნებოდი, ხომ არ გადაირიე, სირცხვილია, უკვე ამხელა ქალი ვარ, სულ მეკითხები, სად იყავიო. მიპასუხა: როცა არ ვიეჭვიანებ და არ შეგეკითხები სად ხარ, მაშინ, ჩემთვის სულერთი იქნებიო. გიგას ინტიმური სცენები არასდროს დაუშლია, ასეთი შემთხვევა არ მახსოვს. დეკოლტეები რომ მოდაში შემოვიდა, ყოველთვის მეცვა. ბევრჯერ კარიდან მოვუბრუნებივარ: წადი, გამოიცვალე. ეს ფეხსაცმელი ამ კაბას არ უხდებაო. თვითონ რას ჩაიცვამდა, სულერთი იყო.

საუკეთესო მძღოლი

რისკიანი ვარ, როცა საჭესთან ვზივარ, ხანდახან რისკი საჭიროცაა, რომ ვიღაც არ შეგეჯახოს. ყველანაირი ტრანსპორტი მიტარებია, გარდა თვითმფრინავისა. ერთხელ, გადაღებაზე ცირკის მოცეკვავე ქალის როლში ვიყავი. ვცეკვავდი. იქ იყო მოტოციკლეტი, გავრისკე და დავჯექი. მე და ჩემი მამიდაშვილი ჩუმად ვსხდებოდით ბიძაჩემის მანქანაზე, ის ატარებდა და მე ვცდილობდი, მესწავლა. ჯერ „მოსკვიჩს“ ვატარებდი, მერე – „ვოლგას“, „მიცუბიშის“, ახლა „ჯიპი“ მყავს, ასე რომ... თავის დროზე, წინა საუკუნეში ნატო ვაჩნაძე ატარებდა მანქანას, მაგრამ მე რომ მანქანა მყავდა, თბილისში საჭესთან ქალი არ იჯდა.

ყველაფრის წამოყვირება არ არის ჩემი თვისება

ინტრიგაც ბევრი ყოფილა ჩვენს თავს, მაგრამ რამდენადაც ეცადნენ, ჩვენი ოჯახი მით უფრო შეიკრა. ერთხელ ვიღაცამ სახლში დარეკა, გიგამ უპასუხა და მე მიკითხეს. გიგამ უთხრა, სახლში არ არისო. ცოტა ხანში ისევ დარეკეს: – იცით, თქვენი ცოლი სად არისო. სად არისო? – ჰკითხა გიგამ. ჰოდა, გაარკვიეთო. გიგამ უპასუხა: გარკვეული მაქვს, გენაცვალე, წადი თეატრში და იქ ნახავთ სპექტაკლზე, ქეთინო დღეს თამაშობსო. როგორ შეიძლება, გიგას არ სცოდნოდა, მე სპექტაკლი მქონდა თუ არა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გიგა მუშაობდა ვიღაცასთან და იმის მეუღლეს ჩემთვის ცუდი რამ გაუკეთებია, მაგრამ მე ეს არ შემიმჩნევია, იმიტომ რომ იქ რომ სხვა ძაფია გაბმული, შენ ამით ხელს უშლი. ყველაფრის წამოყვირება არ არის ჩემი თვისება.

დენის მრიცხველში გაჭედილი „დათა თუთაშხია“

ახალი ცხოვრება რომ დაიწყო, აღარც შუქი, აღარც გაზი, დენი გაძვირდა, ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რეფლექტორი ჩავრთე და მრიცხველი ძალიან სწრაფად ტრიალებს, რა ვქნა, არ ვიცი-მეთქი, მან მასწავლა – შეაკვეხე ფირი, რომ გაჩერდება, ჩაჭერი და აღარ იტრიალებსო. მე გიგასი მეშინოდა, ღამით მივხურე კარი, შევდექი სკამზე და შევტენე ეს ფირი, არ გაჩერდა არაფერი, ვტენე და ვტენე – კინოსტუდიიდან მქონდა ფირები წამოღებული. ბოლოს და ბოლოს ჩავჭერი, მაგრამ ხომ ჩარჩა შიგნით. ერთხელ, ინკასატორი რომ მოვიდა, სახლში არ ვიყავი. გიგა იყო და სადილობდა. ინკასატორს უთქვამს: რა არის, ბატონო გიგა, მთელი „თუთაშხია“ შიგნით შეგიტენიათ, მრიცხველი არ ტრიალებსო. გიგას უთქვამს, არ ვიცი, ბატონო, არაფერი, ჩემი ცოლი რომ მოვა, მას ჰკითხეთო. რომ მოვედი, გიგამ მითხრა: რას კადრულობ, არ გრცხვენიაო? მოკლედ, გადავრჩი”, – ამბობდა მსახიობი.

აი, რას ამბობდა თავად რეჟისორი ამ სიყვარულზე. „ჩემი და ქეთინოს სიყვარულის ისტორია ცოტა უცნაურია. ქეთინოზე ბევრად უფროსი ვარ. როცა გავიცანი, იმ დროს უკვე ცნობილი რეჟისორი ვიყავი, ინსტიტუტშიც ვასწავლიდი, ქეთინო მესამე კურსის სტუდენტი იყო. პირველად, მიშა თუმანიშვილის სპექტაკლში ვნახე – გამხდარი, სიფრიფანა, ლირიკული, რაღაც საოცრება… გამოვედი და ვთქვი, ეს ქალი უნდა შევირთო-მეთქი. და ასეც მოხდა. მაშინ გოგოს რესტორანში წაყვანა გამორიცხული იყო. კინოში დავდიოდით, ფილმებს ვნახულობდით და სახლში ვაცილებდი. ბორჯომელია და თბილისში ნათესავთან ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს სახლამდე რომ მივაცილე, ვუთხარი: მე ავადმყოფი კაცი ვარ, ამდენი სიარული კი არ შემიძლია, ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა. ეტყობა, იფიქრა, ეს ისეთი ტიპია, მეორეჯერ არ მეტყვისო. 30 წლის ვიყავი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა