საზოგადოება

რა წარმატებებია თამარ ფეიქრიშვილის ანგარიშზე მსოფლიო მასშტაბით და რამდენჯერ ასახელა მან საქართველო

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 26.06

თამარ ფეიქრიშვილი
დაკოპირებულია

თამარ ფეიქრიშვილი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამ წარმატებას წინ ბევრი წარმატებული ნაბიჯი უძღოდა, რაზეც ის თავად მოგვიყვება.

– თამარ, უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის, MIT-ის სტუდენტი ხართ, როგორი ემოციები ახლავს ამ წარმატებას?

– მეექვსე კლასში რომ ვიყავი, „ოლიმპიანის“ დაჯილდოების ცერემონიაზე სპიკერს – MIT სტუდენტს, ალექსანდრე საათაშვილს მოვუსმინე. მისმა გამოსვლამ გადამაწყვეტინა, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ მეც ჩამებარებინა MIT-ში: კომაროვში გადასვლისთანავე დავიწყე მცდელობა და დავიჯერე, რომ ამას შევძლებდი. ექვსი წლის შემდეგ, მეთორმეტე კლასში, MIT-ში საბუთები თავდაჯერებით გავაგზავნე და პასუხის ნახვამდე ვიცოდი, რომ უარის შემთხვევაშიც კი ფარ-ხმალს არ დავყრიდი და შემდეგ წელს უკეთესი შედეგებით ახლიდან ვცდიდი. პასუხების ნახვისას გახარებაზე მეტად, შვება ვიგრძენი, და დღემდე ვერ გამიაზრებია, რომ მართლა მივდივარ MIT-ში.

– ეს უნივერსიტეტი რეიტინგებში პირველ ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით. რა საფეხურების გავლა დაგჭირდათ იქ მოსახვედრად?

– MIT-ში მოხვედრა დიდი ხანია, მიზნად მაქვს დასახული, რადგან მგონია, რომ ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად შემიწყობს ხელს, ვაკეთო ის, რაც მიყვარს. ამისთვის მზადება კი გაუცნობიერებლად კიდევ უფრო ადრე დავიწყე. მეხუთე კლასიდან საოლიმპიადო მათემატიკას და ინფორმატიკას ვსწავლობდი, და შედეგად მეათე-მეთერთმეტე კლასში მოვხვდი საქართველოს მათემატიკის ნაკრებში და საერთაშორისო ოლიმპიადებზე, საქართველოს სახელით, ექვსი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მაქვს მოპოვებული. MIT არის უნივერსიტეტი, რომელიც ეძებს სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიადებში გამარჯვებულ ბავშვებს მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში. თითქმის ყველა საერთაშორისო სტუდენტი MIT-ში თავიანთი ქვეყნის ნაკრების წევრები არიან, ამიტომაც ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური იყო. ამ მხრივ მეც გამიმართლა, რადგან უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნამდე უკვე დიდი საოლიმპიადო გამოცდილება მქონდა. MIT-ში ჩასაბარებლად, ასევე, ძალიან დამეხმარა საინჟინრო გამოცდილება. მეხუთე კლასიდან დავიწყე პროგრამირების სწავლა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“. მერვე კლასიდან კი – არდუინოს პროგრამირების შესწავლა. მალევე დავიწყე კონკურსებში მონაწილეობის მიღებაც და MIT-ის აპლიკაციაში ამ მიღწევებსაც გავუსვი ხაზი. უნივერსიტეტის აპლიკაციაში, ასევე, ვისაუბრე იმ პროექტებზე, აპლიკაციებსა და ჰარდვეარზეც, რომლებმაც საპრიზო ადგილი ვერ დაიკავეს, რადგან დამენახვებინა, რომ ჩემი აზრით, მთავარია ენთუზიაზმი და ახლის სწავლის, აღმოჩენის სურვილი, ვიდრე საპრიზო ადგილი.

ასევე, გამომადგა სამუშაო გამოცდილებებიც, რადგან სხვა უნივერისტეტებისგან განსხვავებით, MIT-ს ცალკე სექცია აქვს დათმობილი, სადაც საკუთარი გამოცდილების გამოჩენა შეგიძლია. მაგალითად, პრაქტიკა მქონდა გავლილი ფინანსების დეპარტამენტში „კოკა-კოლის“ კომპანიაში და „მაკდონალდსის“ IT დეპარტამენტში.

ბოლო ორი წელის განმავლობაში დიდი როლი შეიტანა EducationUSA Georgia-მ. მათი დახმარებით, მარტივად გავართვი თავი უნივერსიტეტის აპლიკაციის შევსების პროცესებს.

ბოლო ნაბიჯი იყო SAT და IELTS გამოცდები და MIT-ის აპლიკაციის შევსება მეთორმეტე კლასში.

– აქ სწავლის წლიური ღირებულება 300 000 დოლარია. საბედნიეროდ, თქვენ დაფინანსება მოიპოვეთ, ელოდით ამდენს?

– MIT არის need blind უნივერისტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მიღების ოფისი და დაფინანსების ოფისი ერთმანეთისგან დამოუკედებლად მუშაობს. თუ მიგიღეს, გაფინანსებენ საჭიროების შემთხვევაში – ოჯახის შემოსავლებიდან გამომდინარე, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი, რომ გადასახადი პრობლემა არ იქნებოდა. ასევე, ის ფაქტი, რომ დაფინანსება გჭირდება, MIT-ში მიღების შანსებს არ გიმცირებს, რადგან მიღების ოფისს ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

– როგორც ვხვდები, აქამდეც არაერთი საამაყო შედეგი გქონდათ. კარგი იქნება, სკოლის პერიოდში, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ თქვენ მიერ მიღწეულ წარმატებებზეც მოვყვეთ...

– წელს MIT-ის გარდა, კოლუმბიის უნივერსიტეტშიც ჩავაბარე. კოლუმბიამ მიმიღო, როგორც Egleston Scholar, რაც ნიშნავს, რომ ამირჩია მიღებულ მოსწავლეთ ტოპ 1%-ში, რაც დაახლოებით 15 მოსწავლეა 60,000 აპლიკანტიდან. გავხდი პირველი ქართველი, რომელსაც ეს სტატუსი მომანიჭეს.

რადგანაც მათემატიკა ჩემი მოწოდებაა, მეშვიდე კლასში მიზნად დავისახე საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრობა. მეცხრე კლასში მოვხვდი გოგონათა მათემატიკის ნაკრებში, მეათე კლასში კი, მოთორმეტე კლასელების ჩათვლით, გავხდი პირველი გოგო მათემატიკაში. ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადა European Girls’ Mathematical Olumpiad-ზე გავემზავრეთ უნგრეთში, სადაც ავიღე ვერცხლის მედალი. მეთერთმეტე კლასში კი მოვხვდი ყველა ნაკრებში, გოგონათა ნაკრებში (გავემგზავრეთ სლოვენიაში და ავიღე ვერცხლის მედალი), რუმინეთის მასტერსის ნაკრებში, ჟაუტიკოვის ნაკრებში (ავიღე ვერცხლის მედალი), ბალკანეთის ნაკრებში (გავემგზავრეთ თურქეთში და ავიღე ბრინჯაოს მედალი) და მსოფლიო ოლიმპიადის ნაკრებში, რომელიც იყო ყველაზე გადამწყვეტი MIT-ში ჩაბარებისთვის. ეს ოლიმპიადა იაპონიაში ჩატარდა და ბრინჯაოს მედალი ავიღე. ამ ოლიპიადაში (International Mathematical Olympiad) 110-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე ვარ მესამე გოგო, ვინც ამ ოლიმპიადაზე მედალი აიღო. კომაროვის სკოლამ წელს მე და დავითს, მათემატიკაში დადებული შედეგისთვის, ოქროს სტიპენდია გადმოგვცა.

ასევე გავიმარჯვე სხვადასხვა კონკურსში. ლეონარდოს გამომგონებელთა კონკურსში გავხდი ფინალისტი, მილენიუმის ათასწლეულის კონკურსში – მესამე ადგილოსანი, გადმოგვეცა სასწავლო ვიზიტი შვეიცარიაში, CERN-ში. შემდეგ მონაწილეობა მივიღე Hardware Startup Incubator 2.0-ზე, სადაც გუნდმა დავიკავეთ პირველი ადგილი და 15k გრანტი.

– სკოლის როლი…

– კომაროვის სკოლაში ყველა ჩემი მასწავლებელი საქმეს სიყვარულით უდგება და მათ ბევრი საგანი შემაყვარეს. ჩემი აზრით, კომაროვის სკოლის გარეშე ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა MIT-ში ჩაბარება, რადგან ვერცერთი სკოლა ვერ მასწავლიდა მათემატიკას ისე, როგორც კომაროვის წრეზე ვისწავლე. კომაროვს აქვს დამატებითი წრეები, სადაც ოლიმპიადებისთვის გაძლიერებული მათემატიკა ისწავლება. კვირაში სამჯერ ტარდება ორსაათ-ნახევრიანი წრე, სადაც მიღებული ცოდნით ვაღწევ წარმატებას. კომაროვის სკოლა, ასევე, მაქსიმალურად გვიწყობს ხელს ნაკრების წევრებს. ცოდნის გარდა, კომაროვმა მომცა ის სანაცნობო წრე, რომელთანაც ბევრი საერთო მაკავშირებს.

– პირველი კლასიდანვე კარგად სწავლობდით? როგორი ინტერესები გქონდათ ბავშვობიდან და დროსთან ერთად, როგორ ჩამოყალიბდა თქვენი მისწრაფებები?

– ბავშვობიდან მქონდა ერთ-ერთი კარგი თვისება – დისციპლინა და ამასთან, ვიყავი ბეჯითი. იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ათებზე ვამთავრებდი, არასდროს ვიყავი კლასში „საუკეთესო“ მოსწავლე. პირველივე კლასიდან მახსოვს, რომ ძალიან მაინტერესებდა მათემატიკის ლოგიკური ამოცანები და „ევერესტისა“ და „კინგსის“ ოლიმპიადებზე სულ დავდიოდი. მაშინ მიზანი კომაროვში ჩაბარება მქონდა. მეოთხე კლასში მოვიგე დემირელის სკოლის მიერ ჩატარებული მათემატიკის ოლიმპიადა eMath და დემირელის სკოლაში გადავედი (ვსწავლობდი მოპოვებული გრანტით), სადაც გაძლიერებულ მათემატიკის კლასში ჩამსვეს. მალევე დავიწყე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ სიარულიც.

– როგორ ემზადებით ცხოვრების ახალი ეტაპისთვის?

– საქართველოს მათემატიკის ნაკრების წვერობის დროს ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ დროის გატარება, სადაც ასზე მეტი ქვეყნის კულტურას გავეცანი. არ მგონია, ამერიკაში რამემ გამაკვირვოს ან კულტურული შოკის გამო გამიჭირდეს ადაპტაცია, თუმცა, ალბათ, მომენატრება ოჯახი და მეგობრები. მე MIT-ში კამპუსში ვიცხოვრებ. თუმცა, ბოსტონში ბევრია ქართველი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკაში ცხოვრების პერიოდი ერთ-ერთი სასიამოვნო გამოცდილება იქნება, გავიზრდები როგორც პიროვნება, პროფესიონალი და ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ჩემს სამშობლოს, საქართველოს, გამოვადგები.

– და ბოლოს, რას ურჩევდით თქვენს თანატოლებს თუ უფრო პატარებს?

– ამ გადმოსახედიდან ძალიან მიკვირს ის, რომ ბავშვობაში ამხელა მიზანი, როგორიც MIT-ში ჩაბარებაა, დავისახე. რადგან ამის მყარი საფუძველი არ გამაჩნდა. მინდა, ვურჩიო, რომ რაც არ უნდა წარმოუდგენლად მიგაჩნდეთ, თუ მოინდომებთ, შეძლებთ. მოძებნეთ ხალხი, რომლებიც იმავე სფეროში განვითარდნენ, დაუკავშირდით მათ ან მოიძიეთ ინფორმაცია მათ შესახებ. ეს ყველაზე მარტივი გზაა იმისთვის, რომ შეძლოთ, საკუთარი გზისა და გეგმის რეალიზება. ყველაზე მეტად მე ის დამეხმარა, რომ ჩემს ყველა ნაბიჯს წინასწარ ვგეგმავდი, მეთერთმეტე კლასში, მეშვიდე კლასშიც კი ვიცოდი, რისთვის უნდა მიმეღწია. აუცილებელია, გქონდეს მიზანი, რისთვისაც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო. არ შეუშინდეთ მარცხს, რადგან შეგიძლიათ, ნებისმიერი წარუმატებლობა გამოცდილებად და ხვალის წარმატების საფუძვლად აქციოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული