რა წარმატებები ჰქონდა ევგენი ფანჩულიძეს სამხედრო გზაზე და როგორ გადაწყდა მისი მომავალი 4 წლის ასაკში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 46 წუთის წინ
ევგენი ფანჩულიძე 1853 წელს დაიბადა სარატოვის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის, საიდუმლო მრჩევლის, ალექსი ალექსანდრეს ძე ფანჩულიძევის ოჯახში.
ევგენი ფანჩულიძის წინაპრები წარმოშობით იმერეთიდან იყვნენ. ფანჩულიძეთა გვარის ეს შტო დავით მათეს ძე ფანჩულიძისგან იღებს სათავეს.
ევგენის ბაბუას, ალექსანდრე ალექსის ძე ფანჩულიძეს, 28 წლის განმავლობაში ეკავა ქალაქ პენზის სამოქალაქო გუბერნატორის თანამდებობა. რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ ევგენი ფანჩულიძის ბიძები – სიმონ და ივანე ფანჩულიძეები.
ევგენის ცხოვრების გზაც ბავშვობიდან განისაზღვრა. ბაბუის რეკომენდაციით, ის 1858 წელს 4 წლის ასაკში ჩაირიცხა პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1871 წლის 25 დეკემბერს, პრაპორშჩიკის წოდებით განამწესეს ნიჟეგოროდის მე-16 დრაგუნთა პოლკში; 1875 წლის 27 მარტს დააწინაურეს პორუჩიკად. პეტერბურგში, გენერალური შტაბის აკადემიაში გაიარა ოფიცერთა საკავალერიო სკოლის კურსი და სამხედრო კარიერა განაგრძო კავკასიაში – ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში.
პორუჩიკი ევგენი ფანჩულიძე მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში და ავლიარ-ალაჯის სიმაღლეების იერიშის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის, 1878 წლის 1 იანვარს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით.
საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ევგენი ფანჩულიძე დაინიშნა ოფიცერთა საკავალერიო სკოლის ადიუტანტად. 1879 წლის 1 იანვარს მიიღო შტაბს–კაპიტნის ჩინი. 1900-იანი წლების დასაწყისამდე ის ამ სკოლაში მოღვაწეობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე – იყო პედაგოგი, ინსტრუქტორი, ესკადრონის მეთაური. წარმატებით ვითარდებოდა მისი კარიერაც: 1883 წლის 30 ოქტომბერს გახდა როტმისტრი, 1894 წლის 26 თებერვალს – პოდპოლკოვნიკი, 1897 წლის 6 დეკემბერს – პოლკოვნიკი.
1900 წლის 24 ოქტომბერს ევგენი ფანჩულიძე დაინიშნა ნეჟინის 52-ე დრაგუნთა პოლკის მეთაურად. 1903 წლის 26 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ–იაპონიის ომში, მივლინებული იყო შორეულ აღმოსავლეთში მანჯურიის მე-2 არმიის ხელმძღვანელობის განკარგულებაში. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დაბრუნდა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის განკარგულებაში. 1905 წლის 6 დეკემბერს მიიღო გენერალ–მაიორის წოდება.
1906 წლის 17 აპრილს ევგენი ფანჩულიძე დაინიშნა მე-6 საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად. 1910 წლის 12 მაისს გადაიყვანეს იმავე თანამდებობაზე მე-13 საკავალერიო დივიზიის პირველ ბრიგადაში.
1912 წლის 17 სექტემბერს ევგენი ფანჩულიძე დამსახურებულ პენსიაზე გავიდა გენერალ-ლეიტენანტის ჩინითა და მუნდირის შენარჩუნებით.
პირველ მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, 1914 წლის 7 ოქტომბერს გენერალი ფანჩულიძე დაინიშნა მე-8 არმიის შტაბის სანიტარული ნაწილის უფროსად. 1916 წლის 20 იანვრიდან ჩაირიცხა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, შემდეგ კი გადაიყვანეს სამხრეთ-დასავლეთ არმიის მთავარმართებლის, ა. ბრუსილოვის განკარგულებაში.
ხანგრძლივი სამხედრო კარიერის განმავლობაში გენერალ ევგენი ფანჩულიძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. გარდაიცვალა კიევში 1917 წელს. დაკრძალულია იქვე.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია: nplg.gov.ge
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





