საზოგადოება

რა წარმატებები ჰქონდა ეთერ ჯაყელს ევროპაში და როდის მოხდა მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00

ეთერ ჯაყელი
დაკოპირებულია

ეთერ რუხაძე-ჯაყელისა დაიბადა პარიზში, 1925 წელს. დედამისი, თამარ ჯაველიძე, წარმოშობით ბათუმიდან იყო. ის ანტიბოლშევიკური მოძრაობის მონაწილე გახლდათ და პოლიტიკური ემიგრაციის პირველ ტალღას გაჰყვა საფრანგეთში, საქმროსთან, იაკობ რუხაძესთან ერთად.

თამარ ჯაველიძემ მუსიკალური განათლება მიიღო, ჰქონდა ლამაზი ტემბრის ხმა და რუსულ ეკლესიაში გალობდა. მუსიკას ეთერიც ბავშვობიდან სწავლობდა.

1948 წელს ეთერ ჯაყელმა დაამთავრა პარიზის ეროვნული კონსერვატორია და იმავე წელს მონპელიეს კონსერვატორიის პრემია დაიმსახურა.

წარმატებული კარიერის მიუხედავად, მუსიკოსს შემოქმედებისთვის თანმდევი უკმარისობის განცდა აიძულებდა, მუდმივად ძიების პროცესში ყოფილიყო. მის შემოქმედებით ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა, როდესაც შეხვდა ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიის პროფესორს, ელისაბედ დედოფლის კონკურსის მუდმივ წევრს, ფრანკოს რეჟიმს გამოქცეულ ესპანელ მაესტრო ედუარდო დელ პუეიოს, რომელმაც მას გააცნო ლისტის მოწაფის მარი ჟაელ-ტროტმანის სწავლების მეთოდი. პროფესორის ხელმძღვანელობით, პიანისტი აღნიშნულ მეთოდს ბრიუსელის კონსერვატორიაში ეზიარა, სადაც ბრიუსელის სამეფო აკადემიის პირველი პრემია მოიპოვა.

მარი ჟაელი მე-19 საუკუნეში მოღვაწე კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი გახლდათ. მისი დაკვრის მანერას, აზროვნებასა და სტილს მაშინ მუსიკაში ნოვატორობა ერქვა. იმისთვის, რომ ამ მეთოდს ბოლომდე ჩასწვდე, მხოლოდ კარგი ტექნიკა ან მუსიკალური ნიჭი არ კმარა, სხეულისა და აზროვნების ურთიერთშერწყმისა და ურთიერთგაგების მიღწევაა საჭირო, რაც ეთერ ჯაყელმა უდავოდ შეძლო.

ეთერ რუხაძე მომავალ მეუღლეს, ახალგაზრდა არქიტექტორ ოთარ ჯაყელს, 1948 წელს ბელგიაში შეხვდა. 1954 წელს ისინი დაოჯახდნენ. მალე ოთარს უფრო მასშტაბური შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციის შანსი მიეცა ბელგიურ კონგოში, არქიტექტურულ-სამშენებლო ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. ეთერი უყოყმანოდ გაჰყვა ქმარს აფრიკაში.

ოთარ და ეთერ ჯაყელების სამივე შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა, ემიგრაციაში დაიბადა. 1960-იან წლებში ოჯახმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, არ უნდოდათ შვილებს ქართველობა დაეკარგათ და 1967 წელს საქართველოსკენ გამოეშურნენ.

ოთარ ჯაყელმა სამხატვრო აკადემიაში დაიწყო მუშაობა, არქიტექტურის კათედრაზე, ეთერ ჯაყელი 1968 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი იყო. ის სიცოცხლის ბოლომდე მარი ჟაელის პედაგოგიური მეთოდის ერთგული და პოპულარიზატორი დარჩა.

ეთერ ჯაყელი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ფრანგულ კამერულ ტრიოს Paskier-თან. მართავდა კონცერტებს, მასტერკლასებს საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში. 1996 წლის 22 ოქტომბერს მარი ჟაელის 150 წლისთავის აღსანიშნავ კონცერტზე, რომელიც პარიზის LIBAN-ის ეკლესიაში გაიმართა, მან შოპენის ნაწარმოებები და მორის რაველის „ღამის გასპარი“ შეასრულა.

1995 წელს გამოიცა კომპაქტ-დისკი, რომელზეც ჩაწერილია კლოდ დებიუსის 24 პრელუდია. დისკზე წარწერაა: „კლოდ დებიუსის 24 პრელუდიით ეთერ ჯაყელი გვეპატიჟება ბგერათა სამყაროს აღსაქმელად“.

2005 წელს ეთერ ჯაყელმა გამართა უკანასკნელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში, კამერულ ორკესტრთან – „თბილისის კონცერტინოსთან“ ერთად, დირიჟორი – გიორგი შილაკაძე. მუსიკოსებმა შეასრულეს ბახის ექვსხმიანი რიჩერკარი „მუსიკალური მიძღვნიდან“, ბეთჰოვენის სიმებიანი კვარტეტი – დო მინორი და მოცარტის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის – რე მინორი.

მუსიკოსი 2000 წლიდან, ძირითადად, საფრანგეთში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა 2014 წელს თბილისში.

გამოყენებული მასალების წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი; ნუცუბიძე ნია. სხეულის შემეცნება [მუსიკოსი ეთერ ჯაყელი] // 24 საათი; nplg.gov.ge/.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი