საზოგადოება

რა წარმატებები ჰქონდა ბრაზილიაში თამარ ვაჩნაძე დე ლეტეს და როგორ გახდა ის ფრანგული შემოქმედებითი ელიტის ღირსეული წარმომადგენელი

№39

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 03.10

თამარ ვაჩნაძე
დაკოპირებულია

მამით უნგრელი და დედით ქართველი თამარ ვაჩნაძე დე ლეტე (ლეტაუ) საფრანგეთში მცხოვრები ხელოვანი იყო, რომელმაც სახელი ამ ორი ქვეყნის მიღმაც გაითქვა.

თამარის დიდმა ბებიამ, ეროვნებით ფრანგმა, სუზან იოანესმა, ქართველ ვანო ჯორჯაძეზე იქორწინა. მათი ქალიშვილი ლელია გიორგი ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად. სამწუხაროდ, ის მეუღლესთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. მათი ერთადერთი ქალიშვილი – სუზი ფრანგმა ბებიამ სუზანა იოანესმა გაზარდა. სუზი ვაჩნაძე ბათუმში უნგრელ ოფიცერზე – პეტრუს ფონ ლეტე (ლეტაუ) დარანიოშ რაკოშზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავდათ – ჩანკო და თამარი.

ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ოჯახმა საქართველო დატოვა. ჯერ ირანში გაჩერდნენ, განქორწინების შემდეგ კი სიუზი ვაჩნაძე შვილებთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. დედა დიდ დროს უთმობდა თამარის აღზრდას და მას მრავალმხრივ განათლებას აძლევდა. მას თამარი ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში დაჰყავდა, ასევე, ასწავლიდა ხატვას, ჯირითსა და ფარიკაობას. მალე თამარი ქართული ფოლკლორული დასების ვარსკვლავი გახდა. მან აქ გაიცნო ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯები, რომელიც საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი იყო. თამარი და რეჯებ ჟორდანია დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.

1952 წელს თამარი დედასთან, სუზი ვაჩნაძესთან და შვილთან, ზოლტან ჟორდანიასთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა, სადაც მისი მამა აფარებდა თავს. აქ მის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყო. მხატვარი მალევე დაინიშნა სან-პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.

სან-პაულუში თამარი სხვადასხვა გამომცემლობის ათამდე წიგნის ილუსტრირებით იყო დაკავებული. მან გააფორმა მსოფლიო მითოლოგია, შარლ პეროსა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებები. სან-პაულუს თეატრში მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას, ჟან პოლ სარტრის შემოქმედების მიხედვით დადგმულ 30-ზე მეტი სპექტაკლისთვის შექმნა თეატრალურ მაკეტები, დეკორაციები და კოსტიუმები. ჟერმანო მარიუტიმ და თამარ დე ლეტემ სან-პაულუს გალერეა Ambiante-ში ერთობლივი გამოფენა გამართეს. ამ პერიოდში ქართველი მხატვრის ნიჭსა და შემოქმედებაზე სან-პაულუს ცნობილი გამოცემები ხშირად წერდნენ.

1950-იანი წლების ბოლოს დიზაინერი თანამშრომლობდა კრისტიან დიორის მოდის სახლთან. ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა – ორი მათგანი ფერადია, ერთი კი – კალკაზეა შესრულებული. როგორც ჩანს, ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რისი მიზეზიც კრისტიან დიორის ფირმაში დირექციის ცვლილება გამხდარა. ამას ადასტურებს თამარის არქივში შენახული 1961 წლის 8 თებერვალს უცნობი პირის მიერ გაგზავნილი ბარათი: „ვწუხვარ, რომ ჩემგან მიიღეთ ნეგატიური და იმედგამაცრუებელი წერილი ცუდი სიახლეებით! როგორც ხედავთ, ჩემო პატარა თამარ, ამ შემთხვევაში არ იდგა თქვენი ნიჭიერების საკითხი, უბრალოდ, Dior-ში, სადაც წინა დირექტორი ძალიან გაფასებდათ, დირექცია შეიცვალა“, – ვკითხულობთ წერილში.

1960-იანების დასაწყისში თამარი სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის არტდირექტორი იყო. საფრანგეთში საბოლოო დაბრუნების წინა დღეს მას შესთავაზეს სან-პაულუს კულტურის სასახლის ბალეტის განყოფილების მმართველის თანამდებობა, თუმცა მხატვარმა ევროპაში დაბრუნება ამჯობინა. საფრანგეთში თამარ დე ლეტე ატლანტის ოკეანის პირას, სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში დასახლდა, სადაც დღესაც ცხოვრობენ მისი შთამომავლები.

თამარ დე ლეტე ხატავდა ესკიზებს, აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, იღებდა ანიმაციურ ფილმებს. მისი ნამუშევრების ექსპოზიციები იმართებოდა პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში ევროპიდან ბრაზილიამდე. თამარი აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, მუშაობდა ლოკარნოს ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის, მონაწილეობდა სან-პაულუს ბიენალეზე.

თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ფრანგულ შემოქმედებით ელიტას განეკუთვნებოდა. მაშინდელ ფრანგულ პრესაში მასზე, როგორც უკვე ევროპაში გამორჩეულ და აღიარებულ სცენოგრაფზე, წიგნის ილუსტრატორსა და არტისტზე, საინტერესო რეცენზიები იწერებოდა.

თამარის ბიოგრაფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია 1960-იან წლებში ნიუ-იორკში ჩასვლა და უშედეგო შემოქმედებითი კავშირის ძიება ჯორჯ ბალანჩინთან. სახელოვანმა ქორეოგრაფმა და თანამემამულემ მას ერთობლივ საბალეტო პროექტზე უარი უთხრა, რამაც მისი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

თამარ დე ლეტემ შექმნა დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები ბალეტისთვის „რომეო და ჯულიეტა“, Dyade. დრამატული სპექტაკლებისთვის: „ტერფსიქორას მკვლელები“, „ნატალი და ტაქსი-ბირდი“, „გაუბედავი“, „მედეა“, „სკაპენის ოინები“, „კალიგულა“. ის თავადაც დგამდა სპექტაკლებს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს ჟან ჟიროდუს პიესა „უნდინე“. ასევე, დიდი წარმატებით მუშაობდა სცენოგრაფად ლილის ოპერაში.

1981 წელს პარიზის კულტურული კომისიის შენობამ თამარის ახალ ექსპოზიციას უმასპინძლა, 1985 წელს კი ქართველმა მხატვარმა გამოფენები მოაწყო პარიზის ისეთ ცნობილ გალერეებში, როგორებიცაა „მონპარნასი“, „შემოდგომის სალონი“, „მწიგნობარი“.

თამარ დე ლეტე თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებდა ქართულ ელემენტებს და მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ საკუთარ ქვეყანასთან სიახლოვე შეენარჩუნებინა. მან უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე და მხოლოდ საქართველოში დაბრუნების სურვილი ამოძრავებდა. შემონახულია 1983 წლის წერილი, სადაც თამარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის საქართველოდანაა, სწორედ ამიტომაც ითხოვს ბინადრობის დოკუმენტში ტერმინი „ლტოლვილი საქართველოდან“ ჩაიწეროს.

თამარ დე ტელე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა 2022 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადაეცა. ზოლტან ჟორდანიას თქმით, „დედა სიცოცხლის ბოლომდე იყო ქართველი და სურდა, ყველაფერი, რაც მან შექმნა, საქართველოში ყოფილიყო…“ მან ქართულ მხარეს დედის ყველა ნამუშევარი გადასცა.

გამოყენებული მასალების წყარო: artinfo.ge; indigo.com; 24media.ge; at.ge; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი