რა წარმატებას ულოცავდნენ დავით ივანიშვილს მსოფლიოში აღიარებული მხატვრები და რისთვის გადაუხადა მას ქართულად მადლობა დედოფალმა მარია რომანოვამ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 19.06, 2023 წელი
„ფიროსმანი ერთი იყო, შენც ერთი ხარ, მე ვხედავ რაღაც განსხვავებულს შენს შემოქმედებაში და ვინც რა უნდა გითხრას, არ გადაუხვიო” – ამ სიტყვებით შეაფასა აკადემიკოსმა შოთა ციციშვილმა მხატვარ დავით ივანიშვილის შემოქმედება. ღირსების ორდენი – საქართველოსგან, მედალი – უკრაინისგან კულტურაში გაწეული ღვაწლისთვის, აღიარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და უამრავი ჯილდო – ბატონი დავითის ბიოგრაფია ძალიან მდიდარია.
დავით ივანიშვილი: თავდაპირველად ფანქრით ან საწერი კალმით აბსტრაქტულ ფიგურებს ვხატავდი, ამას შეუჩერებლად ვაკეთებდი. მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ეს რამეს ნიშნავდა. უბრალოდ, მსიამოვნებდა პროცესი და დროის შეგრძნებას ვკარგავდი. მეხუთე კლასში ვიქნებოდი, როცა სახლის პროექტებს ვაკეთებდი, თუმცა, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალურს. ვხაზავდი, სახლის მაკეტებს ვაწყობდი, ძალიან ძლიერი წარმოსახვის უნარი მქონდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ეკონომიკურზე მომიწია სწავლა. დიპლომიც მაქვს, რომელიც შემდეგ „არტად“ ვაქციე – ეკლიანი მავრთულის გვირგვინში ჩავსვი და მოლბერტის დაფაზე დავაკარი ორივე, თან, წარწერა გავუკეთე: „შეგიძლია, შენი მომავალი შენ თვითონ აირჩიო“. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი დღე არ ვყოფილვარ შემოქმედების გარეშე, რა თქმა უნდა, იყო ხელის შემშლელი ფაქტორებიც და წყვეტა ხატვის, მაგრამ არასოდეს მიმიტოვებია ფიქრი, არასოდეს მიმიტოვებია შემოქმედება. იმ პერიოდს, როცა არ ვხატავდი მაინც შემოქმედებითად ვიყენებდი, ან იდეებს ვაგროვებდი, ან ლექსებს ვწერდი, ან ჩანახატებს ვაკეთებდი, ერთი სიტყვით შემოქმედება სულსა და გულში მაქვს გამჯდარი და მის გარეშე არ არსებობს სხვა სიცოცხლე.
– არაერთ ქვეყანაში მოიპოვეთ აღიარება, როგორ?
– მე ვფიქრობ, ეს იმან განაპირობა, რომ მაქვს ინდივიდუალური ხელწერა. არ ვიშურებდი ფინანსებს, მიზნისთვის რომ მიმეღწია, არ ვერიდებოდი გამოფენების ხარჯის დაფარვას, თუნდაც, სესხის დახმარებით. ჩემი გამოფენა ყოველთვის ძალიან დიდ ემოციებს იწვევდა და უამრავი დადებითი შეფასება მომისმენია. საქართველოში რამდენიმე გამოფენის შემდეგ საფრანგეთში, მალტასა და იტალიაში მქონდა გამოფენები, დანარჩენი თვითონ მოვიდა, თვითონ დამიკავშირდა ყველა ორგანიზაცია, ვისთანაც შემდგომ გავაგრძელე თანამშრომლობა თუ შემოქმედებითი ურთიერთობა, ჯილდოებიც, სიგელებიცა და სტატუსებიც თანდათან მემატებოდა.
– როგორ აღმოჩნდით წლევანდელ „არტ ექსპო ნიუ-იორკზე”, რამდენად პრესტიჟულია ეს გამოფენა და რა წარმატება მოგიტანათ მან?
– რამდენიმე წლის წინ ლონდონში, ერთ-ერთ გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა, შემდეგ ამ გალერეამ მიშუამდგომლა და მისგან შევიტყვე „არტ ექსპო ნიუ-იორკის“ შესახებ. მან დამაკავშირა იმდროინდელ მენეჯერთან და შესაბამისად, ამ გამოფენაზე გავედი. ეს ძალიან დიდი გამოფენაა, რომელიც მანჰეტენზე წელიწადში ერთხელ იმართება, რაც თავისთავად, შესაძლებლობას აძლევს მხატვარს, რათა თავისი ნამუშევრები უფრო დიდ აუდიტორიას წარუდგინოს და აგრეთვე, ეძლევა შანსი, სხვადასხვა გალერეიდან მიიღოს შემოთავაზებები. რადგან გასულ წლებში უკვე ვიღებდი მონაწილეობას, წლევანდელ გამოფენაზეც არ გამჭირვებია რეგისტრაცია.
გამოფენა „არტ ექსპო ნიუ-იორკში” მონაწილეობა ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო, მივიღე რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა გალერეიდან, გავაფორმე ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეასთან, რომელმაც მთელი წლის პროგრამა გამაცნო, მასში შედის ბევრი ღონისძიება, ერთ-ერთია ჩემს შესახებ წლის მხატვრების წიგნში – Contemporary art 2023-ში – დაბეჭდვა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში წარმადგინეს ისეთ დიდ გამოფენებზე, როგორიცაა ჰემპტონების, მაიამის, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის. ეს გალერეა თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმთან, აქედან გამომდინარე, წინ ბევრი სამუშაო და შესაბამისად, ბევრი პერსპექტივაა.
– თქვენმა რომელმა ნამუშევრებმა გამოიწვია მნახველებში განსაკუთრებული ინტერესი და შეფასებები?
– „ძველი თბილისის“ პანორამამ, რომელსაც ალბათ, ვერასდროს შეველევი. ვფიქრობ, ეს ტილო ძალიან დიდი მუხტის მატარებელია. ეს ტილო სიგანეში სამი მეტრია და მასში ძველი თბილისის ხედი იმგვარად არის გადმოცემული, რომ ერთი მეტრიდან შეხედვის დროსაც კი ნახატში სივრცე იგრძნობა, ძალიან გულწრფელი ტილოა და იმავდროულად, სიღრმისეული თავისი ლანდშაფტის თანმიმდევრობით. ამ ტილომ ძალიან ბევრ ადამიანზე უსაზღვროდ დიდი დადებითი გავლენა მოახდინა, ორმა ადამიანმა სხვადასხვა დროს ემოციები იმდენად ვერ შეიკავა, რომ ცრემლები გადმოსცვივდათ. ეს ჩემთვის ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო, ამ ემოციამ უსაზღვრო ინსპირაცია მომცა. და კიდევ, ეს ტილო საფრანგეთში რომ გამოვფინე, მოდიოდნენ ფრანგები და მეკითხებოდნენ, ასეთი ქვეყანა მართლა არსებობს თუ ფანტაზიააო. მე ამაყად ვამბობდი, რომ ეს საქართველოს დედაქალაქი თბილისი იყო. ბევრმა გამოთქვა ამ ქვეყნის მონახულების სურვილი. შემომთავაზეს, გამეყიდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ გავიმეტე და არ დავთანხმდი.
– როგორ გახდით რომანოვების გერბის ავტორი?
– რომანოვების გერბის შექმნას ძალიან კარგი ისტორია უკავშირდება. ამ დროისთვის მე უკვე მალტაში ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ორგანიზაციის წევრი ვიყავი, ამ ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა და ორგანიზებას უწევდა ღონისძიებას, რომელიც მალტაში იმართებოდა რომანოვების პირდაპირი შთამომავლის, მარია რომანოვას საიუბილეო დღესთან დაკავშირებით. ამ ღონისძიების ნაწილი იყო რომანოვების გერბის შექმნა ზეთით ტილოზე, ზომით – 110X90. მე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ეს გერბი ზეთის საღებავებით კი არ უნდა დამეხატა, არამედ გრაფიკულად უნდა შემექმნა ახალი. როგორც ჩანს, ვინც ჩემთან კავშირზე გამოვიდა, არ იყო სრულად ინფორმირებული და გერბის შექმნა, ფაქტობრივად, შეცდომით დამიკვეთეს. მე რამდენიმე კვირა ვიმუშავე, აგრეთვე, კონსულტაციებს გავდიოდი ბრწყინვალე ადამიანთან, ჰერალდიკოსთან, პროფესორ მალხაზ აფრიდონიძესთან. ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ გადავამოწმე ამ კონკრეტულ პიროვნებასთან, ხომ არ სცდებოდა, ნამდვილად ახალი უნდა შემექმნა თუ ზეთის საღებავებით უნდა შემესრულებინა. მივიღე პასუხი, რომ ნამდვილად ახალი უნდა შემექმნა და როცა გერბის გრაფიკული ესკიზი უკვე დასრულებული მქონდა და ღონისძიებამდე მხოლოდ ორი კვირა, იყო დარჩენილი, ჩემთან რეკავს სტანისლავ დუმინი – ეს გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ჰერალდიკოსი, რუსეთის ჰერალდიკის საბჭოს ხელმძღვანელი და მეკითხება, თუ რა ეტაპზეა გერბი, რომ პროტოკოლით, მე გათვალისწინებული ვარ დედოფალთან ვიზიტზე და გერბი არის ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. როცა დამირეკა, მე ამ დროს მალხაზ აფრიდონიძესთან გახლდით სახლში და ფაქტობრივად მაშინ გავიგეთ, რომ ნახატი უნდა ყოფილიყო ტილო ზეთით შესრულებული, თან, ზომით ერთ მეტრს უნდა აღემატებოდეს. ვეღარ მოითმინა მალხაზმა, ჩაერთო საუბარში და უთხრა დუმინს, შეასრულა დავითმა ეს გერბი, მაგრამ არ უთქვამთ, რომ ტილოზე უნდა ყოფილიყო, ახლა კი ისე ცოტა დროა დარჩენილი, რომ ორი ხელით რომ ხატოს, ვერ მოასწრებსო. ამ დროს გავიაზრე ჩემი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვასწრებდი, შესაბამისად, დავპირდი დუმინს, რომ პასუხისმგებლობას ავიღებდი ამ საკითხზე და გერბი ღონისძიებაზე იქნებოდა. ორი კვირის განმავლობაში დღე და ღამე ვხატე და ორი კვირის თავზე ღამის პირველ საათზე დავამთავრე. ღამის ორ საათზე მქონდა ფრენა და აეროპორტში რეგისტრაციაზეც კი დამაგვიანდა, მაგრამ ყველაფერი შევძელი, ფაქტობრივად, სველი გერბი ჩავსვი სპეციალურად შეკრულ ხის ყუთში, ამ დროს სახლში დურგალიც კი მყავდა, რომ გერბი უსაფრთხოდ მოგვეთავსებინა და კუნძულ მალტაზე გავემგზავრე. ნახატმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც დედოფალზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებაზე. დედოფალმა, მარია რომანოვამ საჯაროდ ქართულად გადამიხადა მადლობა და მოკითხვა დამაბარა პატრიარქთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი მხატვრები, რომლებიც მსოფლიოს კორიფეებად არიან აღიარებულნი და მილოცავდნენ ამ წარმატებას. ხუთი დღის განმავლობაში დედოფალთან ერთად მალტაზე ბევრ მუზეუმსა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ვეწვიეთ. მალტის პრეზიდენტის სასახლეში ალაფურშეტით გვიმასპინძლეს. ეს იყო ძალიან ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში. მას მერე მრავალი ჯილდო მივიღე როგორც სამეფო კარიდან, ისე ორგანიზაციებიდან. სამეფო კარიდან იმპერატორის კავალრის წოდება მივიღე, ხოლო ორგანიზაციიდან – აკადემიის დეპარტამენტის უფროსის სტატუსი და სხვა კიდევ მრავალი ჯილდო.
– როგორ გაჩნდა პოლიტიკა თქვენნაირი შემოქმედის ცხოვრებაში?
– ძალიან აპოლიტიკური არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის მადარდებდა საქართველოს ბედი. მინდოდა, იქ ვყოფილიყავი, სადაც ჩემს ქვეყანას გამოვადგებოდი, ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნაც. ჩემი იმდროინდელი მოღვაწეობით არამც თუ სახელმწიფოს რესურსს, არამედ ჩემს საკუთარ რესურსსაც ხალხს ვახმარდი. კვირის განმავლობაში მოქალაქეების მიღების პროტოკოლით მიღებული კვირაში ერთი დღის ნაცვლად, ჩემთან ყველა სამუშაო დღე იყო გათვალისწინებული. არ ვიცი, ვისთვის რა არის საამაყო, მაგრამ მე რომ თანამდებობა დავტოვე, არანაირი დანაზოგი არ გამაჩნდა. ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმ მცირე ხელფასზე, ცხრაას ლარზე, ვიმუშავე და ძალიან ვწუხდი, იმ დროს რომ ვიღაცას ორასი ლარი ჰქონდა პენსია, როგორ უნდა ეცხოვრა. შემოქმედებისთვის ვეღარ ვიცლიდი და ის ფურცელი, ფაქტობრივად, მოგლეჯილია ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებიდან. ვიმედოვნებდი, რომ ეს დროებითი იყო და ასეც მოხდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11:00 30.12, 2024 წელი
10:30 23.12, 2024 წელი
10:15 23.12, 2024 წელი