რა ტრაგედიის შემდეგ გაუჭირდა მანანა ფაცაციას ცხოვრების გაგრძელება
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 31.01, 2022 წელი
მანანა ფაცაცია (ცხაკაია) თიკა ფაცაციას დედაა, თიკას კარიერის შესახებ ყველამ კარგად იცის და ვიცით ისიც, რომ მისი ძმა წარმატებული კალათბურთელია. ორივე შვილის წარმატება დიდწილად ქალბატონი მანანას დამსახურებაა. როგორ მოახერხა მან უდიდესი ტრაგედიის შემდეგ ფეხზე წამოდგომა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, პირადად მისგან შეიტყობთ.
მანანა ფაცაცია: ძალიან აქტიური ვიყავი, მეხერხებოდა ხატვა, ვთამაშობდი ჭადრაკს, სპორტის სახეობებიც მიზიდავდა და გამომდიოდა - იქნებოდა ეს კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი თუ ფრენბურთი. ვმღეროდი კიდეც, რამდენჯერმე ქუჩაში გამაჩერეს და კინოსა და თეატრში თამაში შემომთავაზეს, მაგრამ სახლში ამას არ მიესალმებოდნენ. ექიმობა მინდოდა, მაგრამ გამოცდებზე ქულები მაკლდებოდა. მერე ბაქტერიოფაგში დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. დიდ მეცნიერობაზე ვოცნებობდი. ჩემგან მენდელეევი ნამდვილად არ დადგა, თუმცა ამ იდეას არ ვეშვებოდი. ასპირანტურის გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი, პიონერთა ბანაკს ვანდე შვილი, რაც ძალიან ტრაგიკულად დასრულდა, ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა – შვილი დავკარგე (ქალბატონი მანანას შვილი ცხრა წლის ასაკში მდინარეში დაიხრჩო – ავტორი) და ამის შემდეგ მთლიანად ოჯახს და შვილებს მივუძღვენი ჩემი ცხოვრება.
– მაშინ ორი შვილი გყავდათ?
– კი, თიკა სამი წლის იყო, უფროსი ბიჭი – ცხრის. უნიჭიერესი ბავშვი მყავდა. ბუნებრივი ტალანტი ჰქონდა სიმღერის, ცეკვის, ცხრა წლის ასაკში უამრავი წიგნი ჰქონდა წაკითხული. სანამ ეს მოხდებოდა, შემთხვევით, მკითხავთან მოვხვდი. მათი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მეგობრის თხოვნით მივედი და მითხრა, ბიჭი წყალს მოარიდეო, გოგოზე – ხელოვნების სფეროში დიდი წარმატება ელისო. რამდენიმე თვეში მოხდა ეს ტრაგედია. მაშინ თინათინი ბაღში დადიოდა. ამ ტრაგედიიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, თვალები რომ გავახილე, თიკა ოთხი წლის იყო. დავინახე, რომ ბაღში განსაკუთრებულად აქტიურობდა: მღეროდა, ცეკვავდა, სცენაზე თამამი იყო, არ იბნეოდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღმოაჩინა მისი შესაძლებლობები და ამის შემდეგ მასწავლებლებს განსაკუთრებულად ვარჩევდი. ვცდილობდი, ყველაფერში ცნობილი და ღვაწლმოსილი პედაგოგისთვის მიმებარებინა. მჯეროდა ჩემი შვილის, ვხედავდი, რომ სხვებზე მეტი შეეძლო.
– დიდი ტრაგედიის შემდეგ, ეს პროცესი თქვენთვის, ალბათ, ერთგვარი რეაბილიტაციაც იყო.
– პედაგოგი მეზობელი მყავდა, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია. მას ძმა დაღუპვია და მეუბნებოდა: ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დედა ძალიან ცუდ დღეში გვაგდებდა, სულ გვეუბნებოდა, რომ ის იყო განსაკუთრებული შვილი, ჩემს ძმას ბიუსტი დაუდგა და საათობით ვიდექით მის წინო. საკუთარი გამოცდილებიდან მაფრთხილებდა, დედაჩემის შეცდომა შენ არ გაიმეოროო და ამ ადამიანის სიტყვებმა გამომაფხიზლა. სულ მირჩევდა, მომხდარი ტრაგედიის გამო თიკა არ დამეჩაგრა.
– კიდევ ერთი შვილის გაჩენა რთული გადასაწყვეტი იქნებოდა...
– მაშინ თავი ძალიან ბებერი მეგონა, არადა, სულ 32 წლის ვიყავი. ბრძენმა ხალხმა, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ასეთ ტრაგედიასთან გამკლავებაში შვილის დაბადება გეხმარება. ამიტომ მეუბნებოდნენ, გააჩინეო. მერე მეზობელმა მითხრა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი დაესიზმრა და მისი დანაბარები გადმომცა. სიზმარში ჩემს შვილს მეზობლისთვის უთქვამს, გული მტკივა, ლიფტი კი არ მუშაობს და დედასთან ვერ ავდივარ, ამიტომ თქვენ გადაეცით, აუცილებლად გააჩინოს შვილი და ბიჭი იქნებაო. თან გულზე ხელი ეკიდა, მაწუხებსო. ესეც გასაოცარი იყო, რადგან ამბობდნენ, რომ მას წყალი არ ჰქონდა ნაყლაპი, გულმა უღალატაო. ჩემი გარდაცვლილი შვილის თხოვნა ჩემთვის უზენაესი იყო. მაშინ ჩავიფიქრე, თუ რამე არსებობს ამქვეყნად მე კიდევ მეყოლება შვილი, ის ბიჭი იქნება და მე ჩემი შვილის თხოვნას ავასრულებ-მეთქი. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, ვჭოჭმანობდი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ ღმერთმა ყველაფრის ძალა მომცა. მართლაც ბიჭი გაჩნდა და ძალიან გამიხარდა, ესე იგი, ღვთის წყალობა მივიღე, მე ღმერთის ჩემთან ყოფნას მუდმივად ვგრძნობ. ჩემი შვილიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ის ჩემი ანგელოზია. ჩვენ უგნური თაობა ვართ, ეკლესია არ ვიცოდით, მაცხოვარი არ ვიცოდით. ეკლესიას ჩემი შვილის გარდაცვალებამ დამაახლოვა. ამან გადამატანინა ეს ტკივილი. ჩემნაირი მშობლებით ივსებოდა ტაძარი და ვლოცულობდით საკუთარი და ერთმანეთის შვილებისთვის. მერე ერთმა მითხრა, აქ რას აკეთებო? მაშინ მივხვდი, რომ სააქაო ცხოვრებას უნდა დავბრუნებოდი. საეკლესიო და საერო ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება არ არის მარტივი. მე უკვე ძალიან ღრმად ვიყავი გადაშვებული იმ სამყაროში. როცა მივხვდი, რომ სასოწარკვეთილი სახით მიყურებდნენ, გარედან დავინახე ჩემი თავი და მე თვითონ შემეშინდა. ამიტომ სააქაო ცხოვრებას დავუბრუნდი.
– მეორე შვილის დაბადებამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– არაჩვეულებრივი ბიჭი დაიბადა. ბავშვები ისე გავზარდე, რომ პრობლემები არ მქონია. კარგად გამომდიოდა ჩემს შვილებთან ურთიერთობა. მათ თხოვნებს ვითვალისწინებდი. სწავლის დაძალებაც არ მჭირდებოდა, რადგან რაღაცებით ვახალისებდი. ვაკვირდებოდი, რა შესაძლებლობები ჰქონდათ, რა აინტერესებდათ და ყველაფერს ვითვალისწინებდი. ცეკვაზე ბიჭი ჩემი სურვილით მივიყვანე, მაგრამ არც თვითონ იყო წინააღმდეგი. ყოველდღე ოთხსაათიანმა წვრთნამ, თურმე, არაჩვეულებრივად მოამზადა სპორტისთვის. მოქნილი და სხარტი გახდა. მერე ფეხზე პრობლემა შეექმნა და ექიმმა გვითხრა, რომ მისთვის ცეკვა მინიმუმ ოთხი თვე არ შეიძლებოდა. ოთხი თვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდა ანსამბლის პროგრამას დაწეოდა. მისივე თხოვნით, ცურვაზე მივიყვანე, მერე კალათბურთზე მიყვანა მთხოვა და უარი არ მითქვამს. მათ ჩემს აზრს არ ვახვევდი და იმავეს ვეუბნები ახლა თავიანთ შვილებთან მიმართებაში. ამ მიდგომამ ისეთი კარგი შედეგი მოიტანა, როგორზეც ვერც ვიოცნებებდი. ვერც წარმოვიდგენდი ჩემი შვილი თუ ასეთი წარმატებული კალათბურთელი გახდებოდა, ნაკრების წევრი იქნებოდა, ამდენს იმოგზაურებდა, იცხოვრებდა კანარებზე, ამერიკის ოთხ სხვადასხვა შტატში ან ბარსელონაში ითამაშებდა და ასე შემდეგ, მან იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე მე ვოცნებობდი. მე თუ მკითხავთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის სიტყვას, ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. მე ცოტა ირონიულად მითხრა მამამ ჭადრაკში დამარცხების შემდეგ, რა ქენი, რომელი ადგილი აიღეო?! ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვხუმრობ ხოლმე, მას უნდოდა ერთ წელიწადში გავმხდარიყავი ნონა გაფრინდაშვილი-მეთქი. ეს რომ მახსოვდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ბავშვისთვის ნათქვამ თითოეულ სიტყვას. ვცდილობდი, ორივე გამემხნევებინა, დამერწმუნებინა, რომ შეეძლოთ წარმატებულები ყოფილიყვნენ იმ საქმეში, რომელსაც აკეთებდნენ. მაგალითად, თიკამ უამრავ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. პირველ კონკურსზე სრულიად შემთხვევით მოხვდა. მეზობელმა მითხრა, შენ კარგი გოგო გყავს, რუსთაველის თეატრში სიმღერის კონკურსი გვაქვს და მოიყვანეო. რა თქმა უნდა, მივიყვანე და წარმატებასაც მივაღწიეთ. მერე ერთ დღეს თიკა სკოლიდან მოვიდა და მითხრა, სკოლაში ერთი ქალბატონი იყო და მითხრა, რომ კონკურსს ატარებს და შენთან წერილი გამომატანაო. აღმოჩნდა, რომ სამეჯლისო ცეკვების ცნობილი მოცეკვავე და „თელას“ დამფუძნებელი ლარისა გაჩეჩილაძე მისულა სკოლაში. თურმე, სილამაზის კონკურსს ატარებდა, კლასიდან თიკა ამოურჩევია და წერილში მუშთაიდის ბაღში გვეპატიჟებოდა „მის ვაკეში“ მონაწილეობის მისაღებად. ასე დაიწყო სილამაზის კონკურსები. ამან კიდევ სხვა კონკურსები მოიტანა და ნელ-ნელა უფრო და უფრო შეგვამჩნიეს. სასურველ შედეგს წლობით ველოდით, ვიცოდი, რომ ეს ორ დღეში არ მოხდებოდა, მაგრამ აგურს აგურზე ვადებდით და ზევით მივიწევდით. თიკა ამბობს ხოლმე: დედა, მე ჩემს შვილს იმდენს ვერ გავუკეთებ, რამდენიც შენ გამიკეთეო. შვილებში გაგიმართლაო, მეუბნებიან ხოლმე. გამართლება არაფერ შუაშია, გამართლებამდე რომ მიხვიდე, ბევრი მცდელობა გჭირდება და მერე შეიძლება, გაგიმართლოს. წლები ველოდით თიკას ეკრანზე გამოჩენას. ამ გზაზე იმედგაცრუებებიც იყო და ვნებათაღელვაც, მაგრამ არ დავნებებულვართ.
– თიკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ბევრი ცდილობდა მისი ყურადღების დამსახურებას. სიმკაცრეს იჩენდით?
– მე ყოველთვის სიყვარულის მხარეს ვიჭერდი. მინდოდა, თიკა სიყვარულით გათხოვილიყო. ხუმრობდნენ, ყველგან დედა დაჰყვებაო. თუმცა, მე არაფერს ვუშლიდი, თიკა ჩემ თვალწინ ცეკვავდა ბიჭებთან ერთად. ერთადერთ გაფრთხილებას ვაძლევდი, როცა ბიჭები ერთმანეთის მიმართ იძაბებოდნენ და ასე მომხდარა, თიკას ვთხოვე: თავი ისე უნდა დაიჭირო, რომ შენ გამო ცუდი რამ არ მოხდეს, არცერთ ბიჭს არ უნდა დაუშავდეს არაფერი-მეთქი. გოგონების გამო ხშირად ხდება ტრაგედიები და არ მინდოდა, თიკას ბიოგრაფიაში ასეთი რამ ჩაწერილიყო. ერთი ბიჭი მე თვითონ მივიყვანე სახლამდე, რადგან ძალიან ემუქრებოდნენ. ერთხელ თიკა მოვიდა, ამერიკაში მივყავართ სამი გოგოო და გაშვებას გვთხოვდა. მამამ გაუშვა. იქ იპოვა საქმრო – დათოს სახით. ამერიკაში ერთწლიანი შემოთავაზება მიიღო სააგენტოსგან და საქართველოში ვიზის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. მაშინ სკოლა ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული და არ გავუშვი, ჯერ სკოლა დაამთავრე-მეთქი. ამ პერიოდში გამოიკვეთა დათოს განსაკუთრებული ყურადღება თიკასადმი. მეც შევატყვე ჩემს ქალიშვილს ცვლილებები. დედას რა გამოეპარება?! მივხვდი, რომ მათ შორის იმაზე მეტი ამბავი იყო, ვიდრე სპონსორსა და ქალიშვილს შორის. ახლა დიდი ამბებია, ამბობენ, გოგო 18 წელს ქვემოთ არ უნდა გათხოვდესო. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერში ძალადობა და კანონები არ შეიძლება. ჩემი აზრით, ზოგი გოგო ადრე მწიფდება და მზად არის ოჯახის შესაქმნელად. მე თუ მკითხავთ, ოჯახის შექმნა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე განათლების მიღება.
– ასაკზე არ გქონდათ გართულება, მაგრამ ცხადია, გინდოდათ, კარგი სიძე გყოლოდათ...
– ჩემმა სიძემ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. რადგან მასა და თიკას შორის ასაკობრივი სხვაობა იყო, თავიდან ამაზე არც მიფიქრია. თუმცა, არც გამოვრიცხავდი, მაინც ფხიზლად ვიყავი. ვიცოდი, რომ ასაკით დიდ მამაკაცებს პატარა გოგონები მოსწონთ. მასზე მეტი ასაკის სასიძოებიც მყავდნენ, მილიარდერებიც, არჩევანი მართლა დიდი იყო და ვფიქრობდი, ვითომ ამასაც-მეთქი? რაღაც მომენტში არ დავიჯერე, რომ სხვა ფიქრები ჰქონდა, ვიფიქრე, ცოტას ვაჭარბებ და რეალურად, უბრალოდ, სპონსორია-მეთქი. მაგრამ მერე მთელი წელი რომ ვუყურებდი საქმის მიმდინარეობას, ვხვდებოდი, რომ მათ შორის სიყვარული გაჩნდა. მსოფლიოში იყვნენ საკუთარ პროფესიაში ძალიან წარმატებული ადამიანები, რომლებმაც პირადი ცხოვრების აწყობა ვერ შეძლეს და მათმა მაგალითმა დამაფიქრა. მინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩემმა შვილმა მეტი სიმაღლეები დაიპყროს თუ ნორმალური ცხოვრებით შემოვიფარგლოთ, ბედნიერი იყოს სიყვარულში და პირად ცხოვრებაში-მეთქი? როცა შევატყვე, რომ ეს ადამიანი უყვარდა, ვარჩიე, სიყვარული არ დამეშალა და არ მეიძულებინა. ამის ნაცვლად კარიერაზე ეფიქრა და ეზრუნა. ასე მოვიქეცი და საბედნიეროდ, არ შევმცდარვარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან