საზოგადოება

რა ტრაგედია შეემთხვა ბავშვობაში ნიკო ფიროსმანს და როგორ დაიწყო მან ცხოვრება თბილისში

№41

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 18.10, 2023 წელი

ფიროსმანი
დაკოპირებულია

„ყოველ ქართველს გვეამაყება, რომ პიკასომ გრაფიკული სივრცობრივი მზის სხივებით მჩხვლეტავ, გამჭოლი ხაზებით დახატა ფიროსმანი, მხატვრის მოლბერტთან მდგარი. ასევე საამაყოა, რომ ფიროსმანაშვილის მხატვრობას ინტერესით იხილავდა და ღრმად აფასებდა დიდი ფრანგი მოაზროვნე, მწერალი რომენ როლანი, რომელიც ნიკოს ერთ-ერთი სურათ-ტილოს უმდიდრესი მფლობელიც გახლდათ... უთუოდ დროულია, აქვე რომ გავაშუქო დიდი ქართველი მგოსნის სულისმიერი მოგონება; „ფიროსმანი ცხოვრებაში ერთხელ ვნახე. ძალიან მორცხვი იყო. მაშინ რა ვიცოდი, ახალგაზრდა ვიყავი. აი, ახლა რომ შემოვიდეს აქა, მუხლებზე დავეცემი მის წინ და თაყვანს ვცემ.“ _ ანა კალანდაძე...“

ნიკა ფიროსმანის ამ დღიურებს გთავაზობთ ცნობილ მხატვარ და მწერალ რეზო ადამიას წიგნიდან – „საქართველოა ფიროსმანი“, რომელიც მეცნიერებათა აკადემიამ სულ ახლახან გამოსცა, რისთვისაც ავტორი მადლობას უხდის აკადემიის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, როინ მეტრეველს. აქ ერთ საინტერესო ეპიზოდს გაგაცნობთ და აქვე გიამბობთ მისი ცხოვრების ამსახველ რეალურ ამბებსაც. საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ აქამდე საზოგადოებას ნიკო ფიროსმანის შესახებ მწირი, ზოგადი ინფორმაცია ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მხატვარს უამრავი საინტერესო ისტორია ჰქონია, რასაც მასთან დაახლოებული პირები იხსენებენ. „ჩვენმა მეზობელმა, ნინუცა ბარკალაია-ანთელავამ სახლ-კარი გაყიდა, ეკელებმა, შესანიშნავმა ხალხმა, გვარად კეკუებმა შეიძინეს. მითხრეს, ცოლ-ქმარი შენ ხშირად და თბილად გიხსენებენო. რა თქმა უნდა, მერე სიხარულით შევხვდი მათ. ახალმოსახლეებს ჩვენი მეზობლობა დავულოცე და უკვე ღრმად ასაკოვან ჩემს ეკელ, ყოფილ პურმარილიან მასპინძელს ვეკითხები: ბატონო სამსონ, ფრიად საინტერესო და ისტორიული თბილისელი მიკიტანი ივანე კეკუა რა იყო თქვენი-მეთქი? მკვიდრი ბიძაშვილია ჩემიო, ღიმილით რომ მითხრა, სიხარულისგან ავღელდი. ბატონი ივანეს შესახებ თუ მომიყვებით როდისმე, რომ გთხოვოთ-მეთქი. კი, შემოგევლეო – მიპასუხა. ის ხომ შენი კოლეგის, დიდი ფიროსმანის მეგობარი ბრძანდებოდა, იმ შეუდარებელი მხატვრის ათამდე სურათი ჩვენთან ინახებოდა ეკშიო. შემდეგ, ისევ განვლო გარკვეულმა დრომ... ბატონი სამსონის სახლ-კარი, ჩვენგან სამასი-ოთხასი მეტრითაა დაშორებული. კაცური მორიდებით ვთხოვე ღიმილით მდიდარ ბატონ სამსონს: ხვალ შეგიძლიათ, ოჯახში გვეწვიოთ, ეზოში კარგ ყვავილნარს დაგათვალიერებინებთ და თანაც მოგონებები ჩავიწეროთ ნიკო ფიროსმანაშვილზე და ჩვენთვის საქებარი ივანე კეკუას ურთიერთობის თაობაზე-მეთქი. კი, შურიგე (სულო), ხვალ გესტუმრებითო, – ხალისით მომიგო...

კეკუების ოჯახი სოფელ ეკში, მაშინ შეძლებულ მოსახლედ ითვლებოდა... ივანე კეკუა თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა სამოცი წლის განმავლობაში. ელიზავეტინსკაიას ქუჩაზე, ეს სახლი შემდეგში მოსაძებნია, ძველ თბილისში იდგა ხუთსართულიანი სასახლე, სადაც ბატონ ივანეს ჰქონია სამი ოთახი თავისი კორიდორით. ივანეს შვილი არ ჰყავდა და ძმისშვილი ღვიძლი შვილივით გაზარდა... (ბატონი სამსონ კეკუას მოგონებიდან ყურადღებით ვიწერ, რომ ივანეს გაზრდილის ოჯახშიც ინახებოდა თურმე ნიკალას სურათები) დიდი მოწონება გახლდათ ჩვენთან, ხალხში, ფიროსმანის ნახატებზე და ძალიან ბევრნი მოდიოდნენ სანახავად... ყოველდღე ხალხი მოდიოდა ჯგუფ-ჯგუფად, ამ დიდებული ნახატების სანახავად...“ როგორც ბატონი სამსონი გვამცნობს, ბატონი ივანეს ცხოვრების დროს სოფელში სურათების მოპარვის მცდელობები არ შენიშნულა, ივანეს სიკვდილის შემდეგ, მისი ძმის ქვრივს ვინმე ჩიქობავა, წარმოშობით უბრალო გლეხი, ჩაესიძა, რომელიც არაფრით არ აღემატებოდა კეკუების გვარს და, კიდევაც მის ხელში სახლ-კარი უღვთოდ განიავდა, მოიშალა. ყოვლად უვარგისი ჩასიძებულის უყურადღებობისა და უყაირათობაზე, საუბედუროდ, ოჯახის დაწვასა და ხანძრის გაჩენაზე დღესაც მსჯელობენ სოფელში. ბატონი სამსონი იგონებს: „..სურათები რვა, შეიძლება მეტიც ყოფილიყო. ამ დიდი, ულამაზესი მეგრული ოდის სამ ოთახში ყველა ნახატი ლამაზად ყოფილა გამოფენილი და დარაბებიანი კარ-ფანჯრებით საიმედოდ დაცული. ბატონ ივანეს ჰქონია იმ დროის ამსახველი მრავალი ფოტოკოლექციათა ალბომები და თავადაც ჩამოუტანია ფოტოაპარატი... პირადად, ივანეს ნიკალასეული კოლექციიდან ჩხეიძის პორტრეტით ძლიერ დაინტერესებული ვიყავი, ბოლოს, სახლის სახურავის უვარგისობის გამო, რომელიც დაძველებული ყავრით იყო გადახურული, აწვიმდა, ბატონ სამსონს რამდენჯერმე შეუთავაზებია, აუცილებლად ყველა სურათი ჩემს სახლში გადავიტანოთ, თუ არა, გაფუჭდებაო, მაგრამ ჩიქობავას, იმდროინდელი სახლის პატრონს, ცივად უთქვამს უარი და დაუყოლებია, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთან იქნება თუ შენთანო... ფიროსმანის შემოქმედებას უმძიმესი მზეღრუბლიანი ბედი სამეგრელოშიც გაჰყვა. ნიკალას სურათები ბატონ ივანეს სენაკის მაზრაში, მატარებლით ჩამოუტანია, ნახატები საგულდაგულოდ შეხვეულ-შეფუთული ყოფილა და საკუთარი თავივით უვლიდა, თურმე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში... პირველად, დიდ მხატვრათან შეხვედრა ასე ყოფილა: ბატონი ივანე იმჟამად თბილისში შეძლებულ ვაჭრად ითვლებოდა. ჰქონდა დიდი მოცულობის სარდაფ-სამიკიტნო და ვაჭრობდა შერეული ღვინის მასალით, იქნებოდა კახური, იმერული თუ ჭაჭის არყით. ერთ მშვენიერ დღეს, მაღალი აღნაგობის, ჩამოშვებული, სქელი, შავი ულვაშებით, ხმელ-ხმელი, სანდომიანი სახის, კეთილი მორჩილი გამომეტყველების კაცი ჩემთან დინჯად შემოვიდა და მეგობრულად მთხოვა ერთი ჩარექა ღვინო. მეც არ მიღალატა გუმანმა და პატივისცემით ალალად მივართვი კახურა და „მისაყოლებელიც“. მის მერე, ჩემთვის ცნობილი გახდა, ეს კაცი იყო მხატვარი, რომელიც თავისი ბრწყონვალე ადამიანური სიკეთით ყველას აყვარებდა თავს, როგორც ივანეს გადმოცემით მახსოვს, ფიროსმანი იყო უსწავლელი, მაგრამ უჭკვიანესი, ბრძენი კაცი და ხატვისას საოცრებებს ქმნიდა, რითაც ყველა განცვიფრებაში მოვყავდით. შემდეგ ნიკალა ხშირად შემოდიოდა ჩემთან და მეც მეგობრულად, უფრო ნათესაურ დონეზე ვუმასპინძლდებოდი. ზოგჯერ, ძმაკაცურად, ყველაფერში მეხმარებოდა კიდევაც. რომ გავიგე, ნიკო სამხატვრო მასალებით სიღარიბეს განიცდიდა, ხანდახან გარკვეულ თანხასაც ვაძლევდი, რათა შეეძინა საჭირო ფერები, მუშამბა და ჩარჩოები. მის მერე უფრო დაიწყო ჩვენი ახლო მეგობრობა. მე რით გცე პატივი, ჩემო ივანე? შემიძლია, მხოლოდ სურათები გაჩუქოო, მითხრა ნიკალამ. მაინც არ დაიშურა და თავის საუკეთესო რამდენიმე სურათი, დროთა განმავლობაში მისახსოვრა. ასე დიდხანს გრძელდებოდა ჩვენი კეთილკაცური მეგობრობა... მხატვარი ფიროსმანი ისეთი სანდო, პატიოსანი კაცი გახლდათ, რომ ზოგჯერ სავაჭრო სარდაფის გასაღებსაც ვუტოვებდი, რათა ჩემთვის საიმედო პიროვნებად ვთვლიდიო...

***

უთუოდ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი მხატვარი აღმოაჩინა ფრანგმა მხატვარმა ლე-დანტიუმ, რომელსაც უმგზავრია და თან წაუღია ნიკო ფიროსმანის რამდენიმე სურათი. დიდი შრომა მიუძღვით ნიკო ფიროსმანის სახელის აღდგენაში ძმებს – ილია და კირილე ზდანევიჩებს. მათ პირველად დაიწყეს ნიკო ფიროსმანის ნახატების შეგროვება მივიწყებული სარდაფებიდან... ამგვარად, სრულიად შემთხვევითი მასალებითა და უცხო პირთა ნაამბობით გახდა შესაძლებელი ნიკო ფიროსმანის პიროვნებისა და მისი ცხოვრების დეტალების აღდგენა.

... მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველა მომსწრე და ახლო ნაცნობი აღნიშნავს, ნიკო ფიროსმანი მარტოობას მიჩვეული და მიუკარებელიც კი ყოფილა, მაინც ზოგიერთს დარჩენიათ მეხსიერებაში ისეთი ეპიზოდები, რომლებითაც შეიძლება, დაახლოებით წარმოვიდგინოთ მისი ადამიანური სახე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკო ფიროსმანი საქართველოს არასდროს გასცილებია, ამიტომ ჩვენ გვრჩება სრულიად ლოგიკური მოსაზრება, რომ მან თვითონ, დამოუკიდებლად შეისწავლა ხატვა და თუ ჩვენ ასე გვაკვირვებს მისი ფერთა სიმდიდრე (საღებავები მაშინ სრულიად იშვიათობა იყო), ალქიმიურად საღებავების დამზადება, ეს მისი საკუთარი მიგნებაა. ამაზე იგი მხატვარ ლადო გუდიაშვილს უამბობდა... დიმიტრი შევარდნაძე 1916 წელს დაბრუნდა გერმანიიდან საქართველოში და შეუდგა ქართველ მხატვართა შეკრებას. ამ მიზნით მას განუზრახავს ქართველ მხატვართა საზოგადოების დაარსება და შეუდგენია მხატვართა სია. მათ შორის ყოფილა ნიკო ფიროსმანიც. ნიკო ფიროსმანის სურათების შეკრებას მაშინ მიეცა სახელმწიფოებრივი ხასიათი და ბევრი მათგანი ეროვნულ გალერეაში გადაიტანეს, თუმცა სარდაფების მეპატრონეები იბრძოდნენ, რომ ეს სურათები მათთვის არავის წაერთმია. შევარდნაძე, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ქართული აკადემიური მხატვრობა მას გულცივად ხვდებოდა და ტექნიკას უწუნებდაო... ერთი რამ, რაც შეიძლება, დანამდვილებით ითქვას ფიროსმანზე ის არის, რომ ნიკო დაბადებულა ქიზიყში. დაბადებულია იგი სოფელ მირზაანში. ამ სოფელში აქამდე დარჩენილა ორმოცი კომლი ფიროსმანიშვილებისა. ნიკოს მამას რქმევია ასლანი. დედამისი ყოფილა ზემო მაჩხაანიდან, ტოკლიკაშვილის ქალი, თეკლე. ფიროსმანიშვილზე და მის ნათესავებზე ცნობები შეკრიბა შალვა დადიანმა, რომელიც 1922 წელს ზაფხულში ეწვია ამ სოფელს განსაკუთრებით ფიროსმანის ვინაობის გასარკვევად... ასლან ფიროსმანიშვილს ჰყოლია ორი ქალი და ერთიც ვაჟი – ნიკალა, როგორც მას სოფელში ეძახდნენ. ასლანი უბრალო კაცი ყოფილა და ადრე გარდაცვლილა. ამავე დროს შიმშილობაც ჩამოვარდნილა და ნიკოს დედა, მისი უმცროსი ქალი ფეფე და ნიკალა წასულან ტფილისში ასლანის გათხოვილ ქალთან, რომელიც ჰყოლია ვიღაც იმერელს, რომლის გვარიც არ არის აღნიშნული, მაშინ ფიროსმანი, დაახლოებით, 7 წლისა ყოფილა. ქალაქში ნიკოს უფროსი და მოჰკვდომია და დედაც გარდაცვლილა. მისი უმცროსი და სოფელში დაბრუნებულა და ნიკო კიდევ, შერჩენია ტფილისს. ქიზიყში რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ ჩავიდოდა რამდენიმე დღით. აქვე არიან იმის მომსწრენიც, რომ ნიკო სიღნაღიდან იბარებდა საღებავებს და იქაურ შემკვეთლებისთვის ხატავდა ხოლმე „ვივესკებს“. მის დას, ფეფეს, შენახული ჰქონია ნიკოს გაგზავნილი რამდენიმე წერილი, მაგრამ ერთ დროს მათ სახლში წვიმა ჩამოსულა და ეს წერილები წვიმას დაულპია. ფეფეს ანგარიშით, ნიკო ფიროსმანი დაბადებული უნდა იყოს 1862 წელს ან 1863 წელს. ასე რომ, როცა ფიროსმანი გარდაცვლილა, იგი 56 წლის უნდა ყოფილიყო. თავისი დის გადმოცემით, ნიკოს საკუთარი ოჯახი არასდროს ჰქონია და არც შვილები გააჩნდა. ფიროსმანი ბოლოს ძალიან დაშორებია თავის ნათესაობას, ასე, რომ მათ, მისი სიკვდილიც ვერ გაუგიათ და თვითონ მის საკუთარ დასაც კი, ფეფეს, შალვა დადიანი ლამის თავის ძმად მიუღია. სხვადასხვა დროს ოცამდე კაცი მაინც გამოიკითხა, რომლებიც პირადად იცნობდნენ ფიროსმანს. თითქმის ყველა მათ ნაამბობში ერთი რამ აშკარავდება, ის, რომ ფიროსმანი მსხვერპლი გამხდარა ალკოჰოლის. მეგობრებში მას შერჩენია სახელი პატიოსანი, ამაყი კაცისა, თითქმის წმინდანის. ამბობენ, ზოგიერთნი, რომ ნიკო იმავე დუქანში ტოვებდა იმ საფასურს, რასაც აიღებდა ხოლმე შეკვეთების შესრულებაშიო. მაშ ასე ინტერვიუ ნიკალას ნათესავებთან:

სიმონ გრიგოლის ძე პოპიაშვილი:

„60 წლისა ვარ, ხელობით დურგალი. ქალაქში დიდხანს ვარ ნაცხოვრები და ნიკალასთან დახლიდრად ვიყავ, ამისთვის ვიცი მისი ამბავი. მე მაშინ დავუახლოვდი, როდესაც ჯერ კიდევ რკინის გზაზე კონდუქტორად იყო. ავად გახდა და ამისთვის დაეთხოვა სამსახურს. თვითონ აღარ ინდომა. ამასობაში ტიტიკო ალუღიშვილს გაეცნო და ქალი მოუნათლა. ორივენი შეამხანაგდნენ და იქ, საცა ეხლა მელიქ კაზარიანცის სახლია, ვერის დაღმართთან, საცა კონკა ჩაუხვევს, მაშინ ხრამი იყო, ამ ხრამის პირას გახსნეს „ბუდკა“, სარძეო „პროდუქტებით“ ვაჭრობა დაიწყეს“.

ილია ზდანევიჩს სპეციალურ რვეულში შეჰქონდა ყველა ცნობა ნიკო ფიროსამნიშვილისა და მისი სურათების შესახებ. ილიამ რვეულში ჩაზერა: „მოვძებნეთ მხატვარი. მივედით მალაკნების ქუჩაზე ერთ სახლთან. აქ გვიჩვენეს – აგერ ნიკალა ქვაფენილზე დგასო. მას ფუნჯით გამოჰყავდა წარწერა: „სარძეო“, ჩვენკენ მობრუნდა, ღირსეულად თავი დაგვიკრა და განაგრძო მუშაობა. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან დგას მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში, ახურავს რბილი ფეტრის ქუდი, მაღალი, მშვიდი, ამაყი, მაგრამ გულში ჩამარხული რაღაც მწუხარებით...

ნიკომ კარგად იცოდა ქართული წერა-კითხვა. იგი ჩიოდა საშინელ სიღარიბეზე, ცუდ ტანსაცმელზე, შემკვეთების უვიცობაზე. იგი ჩვენზე ნაკლებად როდი იყო აღელვებული... გამოვემშვდობეთ ნიკოს, მაგრამ თან მიგვქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც დიდი მოვლენის მოწმენი გავხდით...

ვანო ბუთლიაშვილი:

„ერთხელ ნიკომ ჩვენი სახლის სახურავიდან დახატა მშვენიერი სურათი: გაღმით მდებარე მეტეხის ციხე-ეკლესია. ნიკო ისეთი პატიოსანი და ერთგული იყო, რომ ჩვენ მას ვანდობდით მთელს ჩვენს ოჯახს, რომელიც მაშინ მდიდარი იყო. ნიკოს ნივთიერი სიმდიდრე არ აინტერესებდა. მისთვის არსებობდა ხატვა... ხშირად ნიკო სახლის ეზოში ერთი კუთხიდან მეორემდე დადიოდა ღრმა ფიქრებში გართული, ის ამ დროს, ალბათ, ოცნებობდა და როდესაც ასე დაინახავდა ჩემი და კეკე, შეშინებული მეტყოდა, „ხედავ ჩვენს ნიკოს, როგორ ჩაფიქრებული დადის, ჭკუაზედ კი არ შეცდესო!.. ნიკოს ჰქონდა მიჩენილი საკუთარი ოთახი საცხოვრებლად, რომელიც ახლაც იმავე სახით არის შენახული... მე მყავდა გერმანელი ნაცნობი მესტამბე მილერი, რომელსაც მიხეილის ქუჩაზედ ჰქონდა სტამბა. მივაბარეთ ნიკო სტამბის საქმის შესასწავლად. მან იქ დაჰყო წელიწადზე მეტი, ისწავლა ხელობა. მაგრამ თავისი ბუნებით ვერ შეეთვისა იქაურ პირობებს და მალე მიატოვა. როდესაც ჩვენ გამოვკითხეთ მიზეზი, თუ რად დაანება თავი სტამბას, ნიკომ განაცხადა: „მე იქ ყოფნა არ შემიძლიან, იქ ერთი მომუშავისაგან გარყვნილი სიტყვები ისმისო... როდესაც ნიკო კარგად დავაჟკაცდა, მაშინ იგი რკინისგზაზე შევიდა კონდუქტორად. კვლავ მოდიოდა ჩვენს სანახავად. ერთხელ მან შოკოლადით სავსე ყუთი მოგვიტანა, რისთვისაც მე მას შენიშვნაც მივეცი. ნიკო არც აქ დარჩა დიდხანს. როდესაც იგი ჩვენი ოჯახიდან წავიდა, იქნებოდა 26-27 წლისა...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა